მარიამ ვაშაძისა და ვანო ბენიძის გემოვნებიანი ბინა თბილისურ „ცათამბჯენში“

ქართული ტელესივრცე განებივრებულია ლამაზი წამყვანებით. ერთ-ერთი ასეთი, გამორჩეული ჟურნალისტი საზოგადოებრივ მაუწყებელსაც ჰყავს. საუბარი მარიამ ვაშაძეზეა, რომლის ნაზი, ქალური გარეგნობა ყოველთვის იქცევდა ყურადღებას. გასულ წელს მარიამი ლექტორსა და ბიზნესმენ ვანო ბენიძეზე დაქორწინდა. გამორჩეულ წყვილს ქორწილიც დასამახსოვრებელი ჰქონდა.

მარიამისა და ვანიკოს სახლი ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში მდებარეობს, სადაც კორპუსები მიჯრითაა აგებული, მაგრამ მათ ბინაში შეაბიჯებ თუ არა ფეხს, სულ სხვა რეალობაში ხვდები და გავიწყდება, ორი წუთის წინ აქ საიდან მოხვდი...

ტელეწამყვანის ბინა სამ სართულზეა განთავსებული (X-XI-XII). მეათე სართულზე ლიფტით პირდაპირ ბენიძე-ვაშაძის
ოჯახში ხვდები, ზედა სართულებზე კი აივნიდანაა ასასვლელი. მეათე სართული საცხოვრებლადაა მოწყობილი, მეთერთმეტე - სტუმრებისთვისაა განკუთვნილი, მეთორმეტე კი - ღია ტერასაა, რომელიც სიმაღლით, ფაქტობრივად მამა დავითის ეკლესიას უსწორდება და მთელი თბილისი ხელის გულივით მოჩანს.

საცხოვრებელ ფართში მისაღები, სამზარეულო, კაბინეტი და საძინებლებია განთავსებული. ერთი თვალის მოვლებაც კი საკმარისია იმისათვის, რომ მიხვდე, ყველაფერი როგორი გემოვნებით და მონდომებითაა გაკეთებულ-შერჩეული. აქ არც ერთი ნივთი უმიზნოდ, „ისე უბრალოდ“ არ დევს, თითოეული წვრილმანიც კი რომელიმე დეტალს ეხამება. ყველგან და ყველაფერში სისადავე, გემოვნება და კომფორტი იგრძნობა.



- დაახლოებით ერთი წელია, აქ ვცხოვრობთ. სახლის რემონტი ჩვენს ნიშნობამდე რამდენიმე დღით ადრე დამთავრდა. თითქმის ყველაფერი ჩემი მეუღლის გაკეთებულია. რასაკვირველია, დეტალებს ჩემთან ათანხმებდა.

ინტერიერში თეთრი, ოქროსფერი და სპილოსძვლისფერი დომინირებს, მწვანე ფერი ოთახის მცენარეებითა და დეკორატიული ბალიშებითაა შეტანილი. თუ შიდა, ოთახების გამყოფ კედლებს არ ჩავთვლით, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ სახლის ძირითადი ნაწილი შემინულია, ვიტრაჟებიდან ან ვერანდა მოჩანს, ან თბილისის ხედი. შავი ფერი და გამჭვირვალე მინა გამოყენებულია ავეჯსა და დეკორატიულ ნივთებშიც.

- ყოველთვიურად სახლს რაღაც ახალს ვამატებთ, რემონტი კი დასრულდა, მაგრამ მოწყობა, როგორც ჩანს, არ სრულდება (იღიმის), დღემდე ამ პროცესში ვართ. არ მიყვარს მყვირალა ფერები, მირჩევნია, ინტერიერი იყოს სადა და დეტალებით გავამრავალფეროვნო, ვიდრე წითელი კედლები მქონდეს.



დიდი თეთრი მისაღები ორ სივრცედაა გაყოფილი, ერთ-ერთი მათგანი მოსასვენებლადაა მოწყობილი სამეულით და ტელევიზორით, მეორე ნაწილში კი დიდი მაგიდა დგას, რომელსაც გამჭვირვალე შანდლები და ყვავილები ამშვენებს.

- როდესაც სახლს ვაწყობდით, დაახლოებით ვიცოდით, რა გვინდოდა, ახლა უკვე ნივთებს იმის მიხედვით ვიძენთ, რაც ინტერიერს მოუხდება. მეც და ჩემს მეუღლესაც ძალიან გვიყვარს ნახატები, მაგრამ ამ შემთხვევაში ისინიც კი ფერების მიხედვით შევარჩიეთ, რომ ინტერიერში ჩამჯდარიყო.

აქვეა მინი როიალიც, რომელიც ამ ორი სივრცის ერთგვარ გამყოფად შეიძლება წარმოვიდგინოთ.



- ვანიკო ბავშვობაში უკრავდა, ახლაც იხსენებს და სხვათა შორის, კარგად გამოსდის, მეც ვცდილობ, მაგრამ საკმაოდ რთული ყოფილა.

მისაღები და სამზარეულო ერთმანეთისგან თეთრი, შემინული კარითაა გამიჯნული, თუმცა კარის გაღებისას ორივე ოთახი ერთ სივრცედ იქმნება. სამზარეულოს გარნიტური ისე თვალის მომჭრელად ქათქათაა, ისეთი ნაზი და ლამაზია, რომ დაგენანება იქ რამის მომზადება და გაკეთება.

- ზოგადად თეთრი ფერი ძალიან მომწონს. გარდა ამისა, აქ ისეა ოთახების განლაგება, სხვა ფერის შემოტანა არ იქნებოდა კარგი იდეა. საერთო ინტერიერისთვის თეთრი უფრო მისაღები იყო და გადავწყვიტეთ, ამ ფერის სამზარეულო გაგვეკეთებინა. მოსავლელად, რასაკვირველია, რთულია, მაგრამ ჩვენ ყოველდღიურად სერიოზულ სადილებს არ ვამზადებთ, შესაბამისად, დიდი დატვირთვაც არ აქვს და არ მაწუხებს. ისე, ვანო ძალიან კარგი მზარეულია, განსხვავებული კერძების კეთება მოსწონს, მეც ვიცი რაღაცების მომზადება. ყველა აღნიშნავს, რომ რასაც ვაკეთებ, გემრიელი გამომდის.



მისაღები, კაბინეტი და საძინებლები ერთმანეთთან ჰოლითაა დაკავშირებული, სადაც სხვადასხვა მხატვრის ნამუშევრები კიდია. მარიამისა და ვანოს საძინებელში მათი ქორწილის შავ-თეთრ ფოტოებს შეხვდებით, საწოლის გვერდით ულამაზესი ტუმბოები დგას, მეტალის ფეხებითა და სარკიანი ზედაპირით.

- ტუმბოები შეკვეთითაა ჩამოტანილი, მართლაც ძალიან ლამაზია, მაგრამ უბრალო შეხებაც ეტყობა, ტელეფონსაც რომ დადებ, უკვე გასაწმენდია.

სტუმრების საძინებელში რუხი ტონალობა შემოდის, აქაც ჭაღი, სანათები და ტუმბოები ფერებითა და სტრუქტურით ერთმანეთთანაა შეხამებული. ორივე საძინებელს თავისი სააბაზანო და გარდერობი აქვს.

საერთო ჯამში, ბინაში 4 სააბაზანოა, სამი მათგანი საცხოვრებელ ფართშია, ერთი კი ზედა სართულზეა. სტუმრებისთვის განკუთვნილი თეთრი სააბაზანო შავ-ოქროსფერშია მოწყობილი და იმდენად დახვეწილია, რომ სხვა ოთახებს არაფრით ჩამოუვარდება.



მისაღებიდან ვერანდის გავლით, კიბით ზედა სართულზე ავედით.

- ვერანდის გამწვანება გვაქვს გეგმაში, შრომატევადი საქმეა, მაგრამ ძალიან ლამაზი იქნება. ვერ ვიტყვი, რომ ყვავილების დიდი მოყვარული ვარ ან ბავშვობიდან ვუვლიდი, მაგრამ წყნეთში ჩემი მეუღლის მშობლებს ისეთი გამწვანებული ეზო აქვთ, მეც მომინდა ინტერიერში მცენარეები, ამიტომაც მოვიტანეთ და მისაღებსა და სამზარეულოში დავდგით, მართლაც ძალიან მოუხდა აქაურობას. იმდენად მზიანია ჩვენი ბინა, რომ აქ ყველაფერი სწრაფად იზრდება. ასე იყო ამ ხის შემთხვევაშიც, რაც ახლაა, ამის ნახევარი იყო როცა ვიყიდეთ, მოკლე დროში ისე გაიზარდა, რომ ჭერამდეა ასული.

ბინის ზედა ნაწილი გასართობად და სტუმრების მისაღებადაა განკუთვნილი. უზარმაზარი ოთახი რამდენიმე სივრცედაა გაყოფილი. შუა ნაწილში მაგიდა და სკამები დგას. ყველაზე დიდი ადგილი სპეციალური შეკვეთით დამზადებულ ბარს უკავია, რომელიც სხვადასხვა დროს ნაყიდი თუ ნაჩუქარი სასმელებითაა სავსე. „სასმელების სვეტი“ - შეიძლება ასე ეწოდოს ადგილს, რომელიც ბარის შუაგულში მდებარეობს და რომლის თავზეც, ჭერში სარკე ისეა ჩამონტაჟებული, რომ სვეტის „უსასრულობა“ წარმოაჩინოს. მათთვის კი, ვისაც ფილმების ყურება უყვარს, აქვე კომფორტული სამეული და დიდი ტელევიზორია. თუ ქვედა სართულის ინტერიერში ღია ფერებია დომინანტი, აქ უფრო მუქი ტონალობა ჭარბობს. ტელევიზორის კედელი შავია, თუმცა ოქროსფერი შანდლებითა და წითელი სანთლებით ფერადოვნება შემოდის, ბარი კი, რომელსაც ოთახში ყველაზი დიდი ადგილი უჭირავს, ხის მასალითაა დამზადებული და ფერიც ბუნებრივი აქვს. სააბაზანო ამ სართულზეცაა მოწყობილი, ოღონდ ამ შემთხვევაში არჩევანი ღია კრემისფერზეა შეჩერებული.


- ვინაიდან ეს სართული სტუმრებისთვის არის გათვლილი, ჩავთვალეთ, რომ მუქი უფრო პრაქტიკული იქნებოდა. ეს დიდი ნახატი ჩვენი მეგობრის მარიამ ბარდაძის ნამუშევარია. მოლბერტი კი დეკორატიულობისთვისაა წარმოდგენილი. ჩვენი ნიშნობის წვეულება აქ გავმართეთ, მაშინ ამდენი რამ არ იდგა, შიდა და გარე სივრცეში დაახლოებით 150 ადამიანს ვუმასპინძლეთ, რუფტოპ ფართი გვქონდა. ისედაც, როდესაც სტუმრები გვყავს და ზევით ვართ, ქვევით მოწესრიგებული რჩება ყველაფერი, თითქოს არც არაფერი მომხდარა.

ვერანდიდან რკინის მრგვალი კიბით, მეთორმეტე სართულზე ავედით, რუფტოპვერანდა კარგი ადგილია წვეულებისა და მეგობრების თავშეყრისათვის.

- სახლში იმდენნაირი სივრცეა, ადამიანს შინიდან გასვლა რომ არ მოგინდეს, გასაკვირიც არაა. მე და ვანიკოს ძალიან გვიყვარს შინ ყოფნა. თუ აუცილებელი საქმე არ გვაქვს, გასვლაც კი გვეზარება, უმეტესად მეგობრები ამოდიან ხოლმე ჩვენთან.

ციცი ომანიძე

კომენტარები

ტოტო 2019-07-01 23:01
ძალიან ნათელი და გემოვნებით გაწყობილი ბინაა...

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები