„კორპუსში საცხოვრებლად აღარასდროს დავბრუნდები“ - ნინო ორდენიძის სახლი წყნეთში

ნინო ორდენიძე საზოგადოებამ პოდიუმიდან გაიცნო. წარმატებული სამოდელო კარიერა ჰქონდა, თუმცა ლევან გვაზავასთან დაოჯახების შემდეგ ნელ-ნელა ამ საქმეს ჩამოშორდა, შეეძინა შვილები - დოდოშკა და მაშო და მთელ დროს მათ აღზრდას უთმობდა. ბავშვები რომ წამოიზარდნენ, ნინომ კარიერისთვის მოიცალა და სამოქალაქო აქტივისტობიდან საკრებულოში გადაინაცვლა. ნინომ და ლევანმა დაქორწინების შემდეგ ვაკეში რამდენიმე ბინა გამოიცვალეს, თუმცა, საბოლოოდ დაფუძნება მაინც წყნეთში გადაწყვიტეს. გაარემონტეს სააგარაკო სახლი და ბავშვებთან ერთად სუფთა ჰაერზე დასახლდნენ.

- დავიბადე და გავიზარდე კერძო სახლში ქიაჩელის ქუჩაზე. გათხოვების შემდეგ კი ჯერ ქობულეთის ქუჩაზე ვცხოვრობდი,
მერე - ატენზე, შემდეგ - ბაგებში, მაგრამ ვერაფრით შევეგუე კორპუსში ცხოვრებას. ეს სახლი სააგარაკოდ გვქონდა, ზაფხულობით რომ ამოვდიოდით, უკან დაბრუნება აღარ მინდოდა. ძველი რემონტის მიუხედავად, აქ ყოფნა მაინც ყველაფერს მერჩივნა. არ შემიძლია ეს სადარბაზო, კორიდორული სისტემა, კორპუსი და რა ვქნა?! ჩემი მეუღლეც გიჟდება საკუთარ სახლზე, სულ უნდოდა, რომ გვქონოდა ეზო, სადაც ეყოლებოდა ბევრი ძაღლი და ეს სურვილიც აისრულა.



ნინოს ეზოში შესულებს სამი უზარმაზარი (დაბმული) ძაღლი „შემოგვეგება“, მათი ცქერით „გართულებს“ გარედან სახლის შეთვალიერება სულ დაგვავიწყდა, მაგრამ სამშვიდობოს რომ მივედით, ნინოს საგულდაგულოდ გამოვკითხეთ ყველაფერი.

სახლი ორსართულიანია. ქვედა, ე.წ. ნულ სართულზე ოჯახის უფროსის, ლევანის „რეზიდენციაა“, სადაც მარანს აკეთებს. ვინაიდან ჯერ საუშაოები დასრულებული არ იყო, გადაღებისგანაც თავი შევიკავეთ.

პირველ სართულზე დიდი ჰოლი, მისაღები, კაბინეტი, აბაზანა, სამზარეულო და ტერასებია განთავსებული.



- შარშან დავიწყეთ სახლის რემონტი. ვიფიქრეთ, ხელს შევავლებთ, რომ ზაფხულისთვის გვქონდეს-თქო, მაგრამ ისეთ აზარტში შევედით, რომ საბოლოო ჯამში, გადავწყვიტეთ, საფუძვლიანად გაგვეკეთებინა და აქ გადმოვსულიყავით საცხოვრებლად. წელიწადში თითქმის 5 თვე, მაისიდან - ოქტომბრამდე, მაინც აქ ვიყავით, და სულ ვწელავდი თბილისში დაბრუნების დროს. მაშინ ასეთი გათბობა და პირობები არ გვქონდა და ზამთარში ვერ ვრჩებოდით, ახლა, როცა უკვე ყველანაირი კომფორტია შექმნილი, ალბათ აღარასდროს დავბრუნდები კორპუსში. თან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - სუფთა ჰაერია, თბილისში ფაქტობრივად შეუძლებელია სუნთქვა. მიუხედავად იმისა, რომ ბაგები, სადაც ბოლოს ვცხოვრობდით, ეკოლოგიურად სუფთა ადგილად ითვლება, წყნეთი მაინც სულ სხვაა. მასთან განსაკუთრებული, ბავშვობის მოგონებები მაქვს. სამსახურში რომ მივდივარ, ერთი სული მაქვს, სახლში დავბრუნდე, არსად აღარ მინდა წასვლა. როცა მეგობრები რაიმეს აღვნიშნავთ ან დღესასწაულია, აღარ განიხილება სხვა ადგილი, აქ ვიკრიბებით, ჩემთან. არანაირად არ მიჭირს აქედან სამსახურში სიარული, არც ბავშვებს აქვთ პრობლემა. ჩემი მეგობარი ელენე ხოშტარია ტაბახმელაში ცხოვრობს და სულ მიკვირდა, ამხელა გზაზე როგორ დადიოდა, მაგრამ გზას საერთოდ ვერ ვგრძნობო, - მპასუხობდა, და მეც ასე ვარ, ახლა მივხვდი, რას გულისხმობდა. 7-10 წუთში ვარ თბილისში, საბურთალოდან რუსთაველზე გასვლა შეიძლება უფრო რთული იყოს, ვიდრე აქედან ჩასვლა. ბავშვები ბაგებში სწავლობენ წმინდა გიორგის სკოლაში, ამიტომ მათთვისაც ძალიან იოლია, რამდენიმე წუთში ჩადიან და ამოდიან.



სახლში თანამედროვე სტილის ინტერიერია, თუმცა რეტროსტილი ძველებური ავეჯითა და ნივთებითაა შეტანილი. შესასვლელში ძველებური სარკეებიანი კარადა მომხვდა თვალში. აღმოჩნდა, რომ ეს კარადა ვარდის ხისგან ყოფილა დამზადებული და ნინოს განსაკუთრებლად უყვარს, რადგან ბებომ აჩუქა.

მისაღები ჰოლისგან სვეტებითაა გამოყოფილი, ბუხარი და რბილი სამეული ერთ სივრცეშია განლაგებული, მეორე ნაწილში კი დიდი მაგიდა დგას სკამებთან ერთად, სადაც ოჯახი სტუმრებს მასპინძლობს ხოლმე.

- რემონტი შარშან, ოქტომბრის დასაწყისში დავიწყეთ და ცხრა თვეში გადმოვედით. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ქმარი წოდებით გენერალ-მაიორია და მთელი თავისი ცხოვრება პოლიციაში მუშაობდა, სახლის დიზაინი, გაგიკვირდებათ და, მას ეკუთვნის (იღიმის). იმ პერიოდში იყო არჩევნები, ჩართული ვიყავი ამ ამბებში და ტელეფონით გვქონდა კონსულტაციები, ვათანხმებდით, რა და როგორ უნდა გაკეთებულიყო, მას კი სისრულეში მოჰყავდა. ვინაიდან არ ვაპირებდით აქ მუდმივად ცხოვრებას და მხოლოდ საზაფხულო აგარაკად უნდა გვქონოდა, რემონტი მინიმალისტურად გავაკეთეთ, ახლა ვცდილობ, ნივთებით და ავეჯით შევიტანო ინტერიერში აქცენტები. რეალურად, ჯერ ისევ მოწყობის პროცესში ვართ, ის ავეჯი, რაც ძალიან მიყვარდა, თბილისიდან გადმოვიტანე. მაგალითად, ეს სარკე, ვიტრინა ჭურჭლითურთ ბებიაჩემმა მაჩუქა, მიყვარს და წამოვიღე. თანამედროვე ნივთები კი ძალიან მომწონს, მაგრამ სამახსოვრო ავეჯი უფრო თბილ აურას მიქმნის, მახსენდება ბავშვობა და ამიტომ მნიშვნელოვანია ჩემთვის, თან მგონია, რომ ალამაზებს აქაურობას. გარდა ბებიასეული ნივთებისა, სადაც წავაწყდები ძველებურ რაღაცებს, ვყიდულობ. აი, ის შანდალი, რომელიც მაგიდაზე დგას, ჩემი ნაყიდია, მშრალ ხიდზე ვნახე, მომეწონა და წამოვიღე.


რაც შეეხება ბუხარს, სულ ვიყენებთ, მთავარი „ამბავია“ ამ სახლში. ახალ წელს ლამაზად მქონდა მორთული, ტერასაზე საზაფხულო მაყალიც გვაქვს და როგორც კი ამინდი გამოდის, მთელ დროს იქ ვატარებთ, შინ აღარ ვჩერდებით.

კაბინეტში უძველესი და ძალიან ძვირფასი მაგიდა დგას, რომელსაც ნაპოლეონის ზარი ამშვენებს.

- ეს უძველესი, ნაპოლეონის ზარი დედაჩემმა აჩუქა ლევანს. წლების წინ ერთი გადამყიდველი ჩამოტანილ ნივთებს ყიდდა, დედაჩემმა მისგან შეიძინა და ამ სახლში რომ გადმოვედით, ლევანს უსახსოვრა.

შავ-თეთრი, კლასიკური სტილის სამზარეულო მისაღებისგან გორგოლაჭებიანი კარითაა გამოყოფილი.


- მე კლასიკა მიყვარს და სამზარეულოც ამ სტილშია გადაწყვეტილი. წინა სახლებიდან მუქი ფერის სამზარეულოს გამოცდილება მქონდა, სულ ვიძახდი, მუქ ტონალობაში აღარასდროს გავაკეთებ-თქო და ასეც მოვიქეცი. მუქი რთული მოსავლელია, თან სივრცეც იკარგება და მოკლედ, არ არის მაინცდამაინც სახარბიელო. თან სულ მინდოდა, კერძო სახლში თეთრი სამზარეულო მქონოდა და ავისრულე სურვილი. შენ წარმოიდგინე, ძალიან გემრიელ საჭმელებსაც ვაკეთებ, ვიცი ყველაფრის მომზადება, ერთადერთი ხინკალს ვერ ვახვევ, ისიც იმიტომ, რომ დიდად არ ვგიჟდები, ცომეულთან „ვერ ვარ“. რაც შეეხება კერძებს, ელემენტარული სადილებით დაწყებული ჩანახით დამთავრებული ყველაფერს ვამზადებ. სამზარეულოში დროის დიდ ნაწილ ვატარებ, რომ დავჯდები აქ ტელევიზორთან, ვეღარ მაყენებენ.

თანამედროვე ნივთები კი ძალიან მომწონს, მაგრამ სამახსოვრო ავეჯი უფრო თბილ აურას მიქმნის, მახსენდება ბავშვობა და ამიტომ მნიშვნელოვანია ჩემთვის, თან მგონია, რომ ალამაზებს აქაურობას. გარდა ბებიასეული ნივთებისა, სადაც წავაწყდები ძველებურ რაღაცებს, ვყიდულობ...



მეორე სართულზე ულამაზესი შიდა კიბით ავედით, სადაც დაგვხვდა დიდი ოთახი მანსარდული ტიპის ჭერით, 4 საძინებელი და 2 აბაზანა.

- მეორე სართულზე თავიდანვე მანსარდა იყო, ახლა უბრალოდ რესტავრაცია გავუკეთეთ, ხეა და სუნთქავს სახლი. მეორე სართული უფრო ბავშვებისთვისაა, ძირითადად იქ არიან, სამეცადინო კუთხეც იქ აქვთ, მე და ლევანი ქვევით ვართ, სტუმრებსაც ქვედა სართულზე ვიღებთ, ზემოთ დასაძინებლად ავდივართ.

მოსაწყობი გვაქვს ეზო. ივნისში გადმოვედით აქ, მაშინ აუზი ჯერ კიდევ დასამთავრებელი იყო, მუშაობა სექტემბერში დაასრულეს, მაშინ დათესვა არ შეიძლებოდა და ამიტომ აქამდე დავრჩით ასე. გაზაფხულიდან კი დავაბარინებთ და მერე დავიწყებთ გამწვანებას. დიდი გეგმები მაქვს, მინდა, ლამაზი ყვავილები დავრგო და გავაკეთო პატარა ბოსტანი. მყავს მეგობარი, რომელიც ამ საქმეში კარგად ერკვევა და მისი დახმარებით აუცილებლად მოვიყვან სისრულეში ჩანაფიქრს. აქამდეც მქონდა ბოსტანი, სადაც მომყავდა წიწაკა, ქინძი, კამა, ოხრახუში, რეჰანი, პიტნა, კარგი ნიადაგია და კარგად ხარობდა ყველაფერი. მაგრამ სარემონტო სამუშაოები რომ დაიწყო, ეზოც დაინგრა და ბოსტანი როგორ გადარჩებოდა?! ახლა ნახევარი ეზო ძაღლების სახლებს უჭირავს, მაგრამ მაინც გამოვნახავ ადგილს ბოსტნისთვის. ძაღლები ყველას გვიყვარს, მაგრამ ლევანი განსაკუთრებულად გიჟდება მათზე, მთელი რიტუალია დილით მათი გამოკვება, მათთან თამაში. მე სულ მინდოდა, პატარა, ოთახის ძაღლი მყოლოდა, მაგრამ ვინაიდან კერძო სახლში ვცხოვრობთ და ეზოში ისედაც გვყავს ძაღლები, ნაწილობრივ მაინც დავიკმაყოფილე სურვილი. კატებთან ერთად ვიზრდებოდი და ისინიც მიყვარს, ამიტომ სახლში გვყავს „მაო“, 1 წლის სპარსული კატა. უთბილესია, ადამიანივითაა, მაშინვე ხვდება, თუ რამე გაწუხებს, მოდის, გეფერება. მას შემდეგ, რაც სახლში შემოვიდა, იცის თავისი ადგილი, უსუფთავესია. ბავშვებიც გიჟდებიან მასზე, ეთამაშებიან და ესეც დააბიჯებს მთელ სახლში ამაყად (იღიმის).

ციცი ომანიძე

კომენტარები

brenda greg 2019-10-27 05:04
მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ჩემი გამოცდილება გავიზიარე, მე მქვია ბრენადა და ბედნიერად ვიყავი დაქორწინებული. სანამ ქმარმა არ თქვა, რომ მას მომატყუებდნენ, მაშინ ჩვენ ორივე წყვილი ვიყავით. ჩვენ მას ვერ ვიჯერებდით, არც ის ენდობოდა ჩემს სიტყვებს, ასე რომ, ჩვენ განქორწინება გამოვიტანეთ, მოგვიანებით დაშორდით და პირობა დადო, რომ არასდროს შევსება. დიდხანს ვცდილობდი შემეგრძელებინა ნაბიჯი, მაგრამ მის გარეშე ვერ ვრჩებოდი, ამიტომ ქმრის დაბრუნების მცდელობა დავიწყე, შემდეგ კი მიმიყვანეს Dr.IZOYA. დიდი ადამიანი, რომელსაც შევხვდი, მან სიყვარულის ჯადოქარი მიაყენა და ქმარი 24 საათის განმავლობაში დააბრუნა. ამასთან ერთად, მე აქ ვარ, რომ გავაზიარო დოქტორ IZOYA- ს კონტაქტი, მივაღწიოთ მას – ს საშუალებით. ის მართლაც ძლიერია და სპეციალიზირებულია შემდეგ საკითხებში ...
(1) ყველა სახის სიყვარულის შელოცვები. (2) შეწყვიტე განქორწინება. (3) ბოლო უნაყოფობა.
tetuuuu 2019-10-03 10:50
NIno_ეს პროფესოსრობა არ გვინდა ახლა შურით გაიხსენით შუაზე ქალბატონო...
NIno 2019-07-12 12:22
ამ სახლში ფული ჩადებულია, მაგრამ ალბათ აჯობებდა, გამოცდილი დიზაინერი დაექირავებინათ. დიდი ფართი ყოველთვის არ ნიშნავს კომფორტს... დაუსრულებლად შეიძლება განიხილო ლაფსუსები, რომლებიც სურათებიდან ჩანს. პირველი სურათი - სამეული და ვიტრინა კიბესთან, იმ სივრცეში, რომელსაც რეალურად ჰოლის და ამავე დროს სასტუმრო ოთახის დანიშნულება აქვს. ერთ-ერთი სავარძელი არკის გასწვრივაა. რა საინტერესოაა, რელაქსის ზონა როგორც რუსები იტვიან В ПРОХОДНОЙ ЗОНЕ - წარმოიდგინეთ სავარძელზე წამოგორდები და ვიღაცა კიბეზე ადის-ჩადის... სრულიად უფუნქციო დეკორი... ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ეს სახლი გასული საუკუნიდან მოვიდა. ვაიმე ეს კიბე სრული გროტესკია. ხალხო, გვყავს ქართველებს ნიჭიერი არქიტექტორები და დიზაინერები... გაითვალისწინეთ!
test 2019-07-05 09:42
ასეთი სახლიდან არც მე დავუბრუნდები კორპუსს;დ

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები