დაათვალიერეთ სახლი მცხეთაში, სადაც გვანცა დარასელია თბილისიდან გადასახლდა - „არც ვფიქრობთ თბილისში დაბრუნებას...“

ტელეწმაყვანმა გვანცა დარასელიამ თითქმის სამი წელია თბილისი დატოვა და ოჯახთან ერთად საცხოვრებლად მცხეთაში გადავიდა. ეს გახლავთ სამთავროს მონასტერთან ახლოს მდებარე კომპლექსი, სადაც კერძო, ლამაზი სახლები ერთმანეთის მიჯრითაა აშენებული. დაცული ეზო, აუზი და არაჩვეულებრივი ხედი ჯვრისა და სვეტიცხოვლის ტაძრებისკენ - კიდევ უფრო მეტ ხიბლს სძენს აქ ცხოვრებას.

გვანცამ ერთხელ უკვე უმასპინძლა „შინ“-ს თბილისურ ბინაში. მოგვიანებით მისმა სახლმა „შინ“-ის ღონისძიებაზე ნომინაციაში „შინის რჩეული სახლი“ გაიმარჯვა და ჯილდო გადაეცა, რომელიც ტელეწამყვანის ახალ სახლსაც ამშვენებს. ერთგულმა რესპონდენტმა, რასაკვირველია, ახლაც არ გვითხრა უარი და მცხეთის
სახლში საინტერესო ექსკურსია მოგვიწყო.



- მოხდა ისე, რომ ჩემს მეუღლეს მიეცა შესაძლებლობა, ამ კომპლექსის მშნებელობაში ჩართულიყო. კერძო სახლი ვახოს ყოველთვის უნდოდა, ამ ფაქტის შემდეგ კი არც დაფიქრებულა, ისე დაიწყო მშენებლობა. სიახლეებს მე ცოტა რთულად ვეგუები, მით უმეტეს, როცა ყოველდღიურ რეჟიმში მიწევს სამსახურში სიარული, ბავშვის ტარება, ამიტომ ჩემთვის უფრო რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, ვიდრე მისთვის, მაგრამ გადმოსვლის დღიდან ძალიან შევეჩვიეთ და უფრო მეტი კომფორტიც გვაქვს, არანაირად არ ვფიქრობთ თბილისში დაბრუნებას.

სხვათა შორის, რომ დავქორწინდით, მაშინაც ვეძებდით კერძო სახლს, რამდენიმე ვნახეთ კიდეც, მაგრამ ყველაზე უარი ვთქვი, რადგან ძალიან იზოლირებულად ყოფნა არ მიყვარს. ეს კომპლექსი იმიტომ მომწონს, რომ მარტო არ ხარ, ბევრმა ჩვენმა მეგობარმა შეიძინა აქ სახლი, თითქმის სულ ახლობლები ვცხოვრობთ, თან ყველას დაახლოებით ერთი ასაკის შვილები გვყავს და არ ვიწყენთ, ერთ სივცრეშია ჩვენი სახლები მოთავსებული, მაგრამ ამავდროულად, იზოლირებულებიც ვართ. სულ ჟრიამულია, ხან ერთთან ვიკრიბებით, ხან - მეორესთან, ასე რომ, ერთ დიდ ოჯახად ვცხოვრობთ.

ეზო დაცულია, გვყავს დაცვა, რომელიც ჩვენს უსაფრთხოებაზე ზრუნავს.



სახლი რეალურად სამსართულიანი, თუმცა ტერასული ტიპის შენობაა და სართულსა და სართულს შორის სივრცე იმდენად სწორადაა გამოყენებული, რომ იქაც საძინებლებია განთავსებული.

0 სართულზე საქეიფო - გასართობი სივრცეა მოწყობილი, პირველ სართულზე მისაღები, სამზარეულო და კაბინეტია განთავსებული, ზედა სართულზე კი - საძინებლები და ტერასა.

სახლი თბილ, სადა ფერებშია გადაწყვეტილი. მისაღებში კუთხის დიდი დივანი, კონსოლი, ტელევიზორი, დიდი მაგიდა და სკამები დგას. მაგიდაზე კი ჭადრაკია გაშლილი.

- ეს ჭადრაკი ახალსახლობაზე გვაჩუქა ჩვენმა მეგობარმა, ჩემი შვილი თამაშობს და ძალიან უყვარს. ხშირად მამა-შვილი პაექრობენ, ან ბაბუა და შვილიშვილი, მოკლედ, ჭადრაკი სულ მოქმედებაშია და ამიტომაც დევს მაგიდაზე.



რაც შეეხება სარემონტო სამუშაოებს, ამ საკითხში მე არ ჩავრეულვარ, მთლიანად ჩემი მეუღლის გაკეთებულია. მე უკვე მაშინ ჩავერთე, როცა შპალერის ფერები იყო შესარჩევი. ძალიან რთული აღმოჩნდა გადაწყვეტილების მიღება. ამ გადმოსახედიდან, ვფიქრობ, უმჯობესი იქნებოდა, მთელი სახლისთვის ერთი ფერის შპალერი გვეყიდა, რადგან მგონია, ყველა ოთახში სხვადასხვა შპალერი უკვე ცოტა მოძველებულია. ამას ჯობს ერთ ფერში შეიღებოს და შემდეგ დეკორით და ავეჯით გაკეთდეს აქცენტი. საბოლოო ჯამში, ძალიან მიყვარს ეს სახლი, იმიტომ, რომ ჩვენს კომფორტზეა მორგებული. ჩემი ქმარი კი მეუბნება, ახალ სახლს რომ ავაშენებ, იქ სულ ჩემი გემოვნებით გავაკეთებო, მაგრამ მაინც ისე გამოდის ხოლმე, რომ ერთობლივად ვიღებთ გადაწყვეტილებებს. ზოგადად, მე სისადავეს ვანიჭებ უპირატესობას, მაგრამ მეორე უარყოფითი მაქვს ის, რომ თამამ გადაწყვეტილებებს ვერ ვიღებ. მირჩევნია, სილამაზესა და პრაქტიკულობაზე გავაკეთო აქცენტი. ავეჯის შერჩევა, შეხამება, მოწყობაც არაა მარტივი ამბავი. ამ მხრივ კომფორტულია, როცა გყავს დიზაინერი, იმიტომ კი არა, რომ შენ რამეს ვერ მოიფიქრებ, ან გემოვნებას უჩივი, უბრალოდ, როცა თავიდანვე გაქვს საერთო ხედვა, როგორი იქნება ესა თუ ის ოთახი, სად უნდა გაიყვანო კომუნიკაცია, როგორი ავეჯი დააწყო ა.შ., ეს გიადვილებს პროცესს და დარწმუნებული ვარ, ბევრად ნაკლებიც გეხარჯება. ვინაიდან ეს სახლი საკმაოდ დიდია, მისი რემონტიც საკმაო ფინანსებთანაა დაკავშირებული, მით უმეტეს, რომ ყველა ოთახს თავისი სველი წერტილი აქვს. აქედან გამომდინარე, რაღაცაში მოგვიწია ფულის დაზოგვამ, რაღაცაში ვერ დავზოგავდით. მაგალითად, სანტექნიკა უნდა ყოფილიყო ხარისხიანი და ამიტომ ამაში არ დაგვიზოგავს, სამაგიეროდ, ავეჯის შესარჩევად ბევრი ვიარეთ, რომ შედარებით შეღავათიან ფასად გვეყიდა. მაგალითად, ეს კონსოლი დიდი ხნის განმავლობაში არ გვქონდა, იმიტომ, რომ ვერ ვიპოვე ისეთი, როგორიც მინდოდა. რატომღაც კონსოლები ძალიან ძვირი ღირდა და ამის ფასდაკლებას დიდი ხანი ველოდებოდი. მაგალითად, ეს მაგიდა, მისაღებში რომ დგას, შეკვეთით დავამზადებინეთ და მინდა გითხრათ, რომ 4-ჯერ იაფი დაგვიჯდა. რაც შეეხება ფარდებს, ლილოში ვიყიდეთ, მაგრამ ახლა შეცვლა მინდა, შეიძლება უფრო ფერადზე შევაჩერო არჩევანი, რომ სიმკვეთრე შემოიტანოს. ავეჯის არჩევანს მეტ-ნაკლებად მე და ვახო ერთად ვაკეთებდით. რაც დავამზადებინე - კარადები, თაროები, ძირითადად ჩემი გემოვნებითაა გაკეთებული. ცუდი რაც დაგვემართა იყო ის, რომ რემონტის დროს თანხა დავზოგეთ შიდა კარებზე, უხარისხო გამოგვადგა. სახლში, სადაც 14 კარია, ძალიან დიდი ხარჯია მათი შეცვლა, მაგრამ იმდენად აუტანელი იყო, რომ ხელახლა შევუკვეთეთ და ახლა კმაყოფილი ვარ. ხანდახან ვფიქრობ, იქნებ ჯობდა, რომ შავი სახელური გამეკეთებინა-მეთქი, მაგრამ მაგასაც გამოვცვლი.



მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით სახლის მოწყობა დასრულებულია, მაინც დამრჩა რაღაცები გასაკეთებელი, მაგალითად, ძალიან მინდა მცენარეები შევმატო, მაგრამ რეალურად რაც მაქვს, იმათაც აღარ აქვთ შერჩენილი ფოთოლი, ხან ბურთი ხვდება, ხან ეჯახებიან. ასევე მაქვს ნახატები, რომლებსაც ჩარჩოები მინდა გავუკეთო და ჩამოვკიდო. კაბინეტში ლევან ხარანაულის მიერ შესრულებული პორტრეტი მაქვს, კარგად მახსოვს ის დღე, ლევანმა რომ დამხატა, დაახლოებით 5-6 წლის ვიქნებოდი.

განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს სამზარეულოსა და მისაღების გამყოფი კედელი.

- ყველა მეკითხება ამ კარზე. სთორებს რომ ვდებ და კადრში ხვდება, მაშინაც კი მწერენ ამის შესახებ. ჩემი დაჟინებული მოთხოვნა იყო, რომ სამზარეულო ყოფილიყო იზოლირებული, მაგრამ რომ წარმოვიდგინე, აქ უნდა ყოფილიყო კედელი და შუაში ჰქონოდა კარი, ძალიან არ მომეწონა. სადღაც ინტერნეტში გადავაწყდი მსგავს კედელს და მომეწონა, მინდოდა კარკასი, ანუ ჩარჩო რკინის ყოფილიყო, მაგრამ ისეთი ძვირი გვიჯდებოდა, მართლა არ გადავიხდიდი. საბოლოოდ, მეტალოპლასტმასით გავაკეთეთ, ბევრად იაფიც დაგვიჯდა და ლამაზიც გამოვიდა, შეხედულებითაც რკინას ჰგავს, რადგან შავია. ეს ყველაზე მეტად მომწონს ამ სახლში, თან იზოლირებულია და თან ლამაზი.



პირველი სართულიდან ნული სართულისკენ დავეშვით, თუმცა სართულსა და სართულს შორის ბავშვების სათამაშო ოთახში შევჩერდით, რომელიც ლილეს და ერეკლეს სათამაშოებითაა სავსე.

- ეს იდეაში ავტოფარეხი იყო, მაგრამ იმდენი სათამაშო გვქონდა, არ ვიცოდით, სად წაგვეღო, და ბოლოს ოთახად ვაქციეთ და ბავშვების სათამაშოები მოვათავსეთ, თუმცა როგორც ვატყობ, მაინც არ ჰყოფნით (იღიმის).

ნულ სართულზე ჭეშმარიტად საქეიფო-გასართობი სივრცეა მოწყობილი. ბუხარი, სასმელებით სავსე ბარი, ძალიან გრძელი ხის მაგიდა სკამებითურთ, დიდი, კომფორტული დივნები, სავარძლები და ნარდი, არა ერთი, არამედ - ორი, იმისთვის, რომ სტუმრებმა სასიამოვნო დრო გაატარონ.



- ეს სივრცე რომ არ იყოს, რა მეშველებოდა, არ ვიცი. ზოგჯერ 50 კაცი მყავს ხოლმე სტუმრად. ამდენ ადამიანს ფიზიკურად ვერ დავტევდი მისაღებში, გარდა ამისა, იმ ოთახის კარს რომ გამოვხურავ, ზევით აღარაფერი ისმის, ბავშვსაც თავისუფლად ვაძინებ, სისუფთავესაც ვინარჩუნებ, თან ყველასთვის კომფორტულია. ყველა ჩემი მეგობარი, ნაცნობი, მეგობრის ნაცნობი არის აქ ნამყოფი, ბუხარს ვანთებთ, მწვადებს ვწვავთ და კარგ დროს ვატარებთ, ტრადიციული საქეიფო ადგილია. ხან რაგბს ვუყურებთ, ხან - ფეხბურთს, ყველაფერი მანდ ხდება, თუ რამე პატარა შეკრებაა.

სწორედ ამ სივრცეში აქვს გვანცას განლაგებული უძველესი ნივთები, ყანწები, სასმისები, ბებოს მზითევი და „შინ“-ის ჯილდო.

- ეს თუნგი სოფლიდან მაქვს წამოღებული, ძალიან ძველია, ჩემი მზითევია. ვფიქრობ, ამ სტილის ნივთები უხდება ამ გარემოს. პიანინოც უნდა მოვიტანო.



ზედა სართულები ბოლოსთვის შემოვიტოვეთ, პირველსა და მეორე სართულს შორის ბავშვების საძინებელია განთავსებული, აქ „ხასიათის მიხედვით“ იძინებენ თურმე პატარები. მეორე სართულზე ლილეს საძინებელია, რომელიც როგორც პრინცესას შეეფერება, ღია ვარდისფერ ტონებშია გადაწყვეტილი, აქვეა ლამაზი კედლის სუვენირი, რომელზეც ლილეს სახელი, დაბადების თარიღი, წონა და სიმაღლეა მითითებული. ჯერჯერობით პატარა ქალბატონი დედ-მამის საძინებელშია „შეხიზნული“ და მის ოთახს ფაქტობრივად, არ იყენებენ.

- საძინებლებში რაიმე განსაკუთრებული დიზაინი არ მომიფიქრებია, რადგან მთავარია, იყოს პრაქტიკული და გქონდეს კარგი მატრასი, ესეც ის ფაქტორი იყო, რაშიც ფული არ დავზოგეთ.

სულ ბოლო სართულზე გვანცას და ვახოს საძინებელია, საიდანაც ულამაზეს ვერანდაზე მოხვდებით. ვერანდიდან მშვენიერი ხედი და ჯვრის მონასტერი მოჩანს, სახლის მეორე მხრიდან კი - სვეტიცხოველი.

ცოლ-ქმრის საძინებელში გარდერობი-ოთახი და დიდი სააბაზანოა, სადაც ჯაკუზიცაა. კედლებზე კი ორი დიდი სარკე კიდია.


- აბაზანა ისეთი გამომივიდა, როგორიც მინდოდა, ორი დიდი სარკე გავაკეთე და ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტა იყო. რაც შეეხება გარდერობ-ოთახს, ძალიან მინდოდა, იქ ბუნებრივი შუქი მქონოდა, ამიტომაც ისეთ ადგილას გავაკეთეთ, რომ ერთი კედელი მთლიანად ვიტრაჟია. ვახოს უნდოდა, აბაზანიდან ხედი ყოფილიყო და შიგნითა მხარეს კი - გარდერობი. მე ჩემი წინა გამოცდილებიდან გამომდინარე, სულ უკმაყოფილო ვიყავი და ვიძახდი, ფერებს ვერ ვახამებ, იმიტომ, რომ არ მყოფნის განათება-თქო და ამიტომაც გავაკეთეთ ასე. ერთადერთი ამ ბუნებრივმა განათებამ რაშიც ხელი შემიშალა, არის ის, რომ ერთი კედელი მთლიანად ვიტრაჟია და ფაქტობრივად დავკარგე ადგილი სათავსოებისთვის, შედეგად ორი კედელი დამრჩა თაროებისთვის, მაგრამ, მერე სადღაც-სადღაც კიდევ გავაკეთე კარადები, მაგალითად, ქურთუკებისთვის.



ცხოვრება ქალაქგარეთ...

- ადამიანი ყველაფერს ერგები. ჩვენ იმაშიც გაგვიმართლა, რომ მეზობლებს საერთო მძღოლი გვყავს, რომელსაც სკოლაში მიჰყავს ბავშვები. ასე რომ, ადრე არ მიწევს გასვლა და მარტო საღამოს ვაკითხავ. ლილე ჯერ არ დადის ბაღში, მაგრამ როცა დაიწყებს, მაინც ერთად მოგვიწევს გასვლა. ერეკლე ფეხბურთზე დადის და ჩემი მამა­მთილი ძალიან გვეხმარება. როცა ჩვენ არ გვცალია, აკითხავს და მას მიჰყავს-მოჰყავს.

ციცი ომანიძე

კომენტარები

Bela Gvedashvili 2024-01-15 02:07
ხალხო რამ გაგაბოროტათ? ახალგაზრდა ქართული ოჯახია, უსურვოთ ბედნიერება და კიდევ უფრო გამრავლება!
გუგული 2022-10-19 10:36
რა ნახეთ ზედმეტი, ერთი ჩვეულებრივი გემოვნებით გაკეთებული სახლია, ახალგაზრდების შრომით, სყვარულით და სიხარულით გაკეთებული, გვანცა თვითონ ძალიან დადებითი პიროვნებაა, უფლისგან იყოს მისი ოჯახი დალოცვილი, შრომობენ და აქვთ კიდეც, მე დარწმუნებული ვარ დახმარებითაც ეხმარებიან საჭირო დროს, მაგრამ ყველას არ უყვარს ამის აჟიტირება, იმრავვოს ასეთმა ოჯახებმა, რომლებიც ჯანსაღ მომავალ თაობას აღზრდიან,
ნუგზარი 2022-03-12 08:13
ღმერთმა ამრავლოს თქვენისთანა ლამაზი და ბედნიერი ოჯახები.
ნესტანი 2021-01-25 22:26
ძალიან მომწონს ეს წყვილი,სასიამოვნო და პოზიტიური ადამიანები,ბედნიერება თქვენ❤️
ჩაძაღლდებიან!!!!!!!! 2020-08-29 19:44
ამდენი ფული თუ აქვთ დაეხმარონ ან მისცენ ცოტა გაუბედურებულ და 7 შვილიან ოჯახებს, მაგრამ არა თვითონ უნდა იყვნენ ღორებივით, ამიტომ არ შეერგებათ და ჩაძაღლდებიან ბინძურად ნაშოვნი ფულით.

კომენტარის დამატება