დევიდ და ვიქტორია ბექჰემების პენტჰაუსი მაიამიში - თანამედროვე და კოსმიური

საოცარ აპარტამენტებს ზაჰა ჰადიდის პროექტის მიხედვით აშენებული ახალი ცათამბჯენის მთელი ერთი სართული უკავია
გლამურული, თანამედროვე, კოსმიური, ფუტურისტული - ამ სიტყვებით აღწერენ ვიქტორია და დევიდ ბექჰემების ახალ სახლს.


აპარტამენტები, როგორც უკვე გითხარით, მაიამიში მდებარეობს. ეს ზაჰა ჰადიდის ბოლო პროექტი გახლავთ, რომელზეც არქიტექტორი 2016 წელს, უეცარ გარდაცვალებამდე მუშაობდა.

ზაჰა ჰადიდის სტილისთვის დამახასიათებელი 62- სართულიანი კოშკი 2014 წლიდან შენდებოდა და მხოლოდ 2020 წლის აპრილში დასრულდა. შენობას აქვს საკუთარი აეროდრომი, ფიტნეს ცენტრი, საუნა
და კოსმეტიკური კაბინეტები, ასევე აუზი და სპა ცენტრი. პანორამული ფანჯრებიდან კი ქალაქსა და ოკეანეზე საოცარი ხედი იშლება.

რეზიდენცია ფეშენებელურ სასტუმროს უფრო ჰგავს, ვიდრე მრავალსართულიან საცხოვრებელ კომპლექსს.
ამ საოცარ შეთავაზებას ბექჰემების ვარსკვლავურმა წყვილმაც კი ვერ აუარა გვერდი. ისინი ხომ დიდი ხანი ეძებდნენ მაიამიში სახლს.
რამდენად იყიდა ვარსკვლავმა აღნიშნული აპარტამენტები, ზუსტად ჯერ არავინ იცის, თუმცა ცნობილია, რომ საწყისი ფასი 20 მილიონი დოლარი გახლდათ.

აპარტამენტს კოშკის მთელი ზედა სართული უკავია. აქვს 5 საძინებელი, 6 აბაზანა, საერთო ფართი კი დაახლოებით 975 კვადრატული მეტრია.

საფეხბურთო კლუბ "მაიამის" ინტერის თანამფლობელს მაიამიში დიდი დროის გატარება უწევს. ვარსკვლავური წყვილი ძირითადად ლონდონში ცხოვრობს, თუმცა სახლები აქვს ლოს ანჯელესში და კოტსუოლდესში, ინგლისში. სახლი ბევერლი ჰილზშიც ჰქონდათ, რომელიც 2018 წელს 33 მილიონ დოლარად გაყიდეს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები