ცნობილი მწერლების სახლები, სადაც ბესტსელერები იწერებოდა

სად ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ მსოფლიოს ყველა დროის ცნობილი მწერლები და პოეტები, რომელი სახლები ინახავენ ამ უდიდესი ადამიანების საიდუმლოებებს - მართლა საინტერესოა.

ალექსანდრე პუშკინი
ყველასთვის კარგად ნაცნობი პოემა "ევგენი ონეგინი" შვიდ წელზე მეტ ხანს იწერებოდა პუშკინის სახლში, სადაც იგი დაიბადა და გაიზარდა.
ეს სახლი პოეტს დედისგან ერგო. მეორე მსოფლიო ომის დროს, 1944 წელს ის გერმანელებმა გაანადგურეს, თუმცა ომის შემდეგ ძველ საძირკველზე მისი აღდგენა მოხერხდა.

პოეტის კაბინეტში მისი პირადი ნივთების ნახვაა შესაძლებელი - მისი საწერი მაგიდა, სამელნე და ხელჯოხი დღესაც იქ ინახება.

ძალიან
ლამაზად გამოიყურება ასევე აღდგენილი პარკი, სადაც ხეები ჯერ კიდევ 1780 წელს არის დარგული პოეტის ბაბუის მიერ.


ედგარ ალან პო

უკანასკნელი პოეტური შედევრი, ლექსი " ანაბელ ლი" ედგარ ალან პომ ნიუ იორკში, ბრონქსში, პაწაწინა კოტეჯში დაწერა. ამ პატარა სახლში მოიყვანა ედგარ პომ ტუბერკულოზით დაავადებული მეუღლე, იმ იმედით, რომ სწორედ აქ შეძლებდა მის განკურნებას, თუმცა ფინანსურმა მდგომარეობამ არ მისცა მზრუნველ მეუღლეს ამის შესაძლებლობა და ვირჯინია პირველივე ზამთარს გარდაიცვალა 23 წლის ასაკში.

ამ ამბავმა პიეტზე ძალიან იმოქმედა, მარადიულ სიყვარულსა და უდროოდ გარდაცვალებაზე დაწერილი ლექსი მისი ბოლო ნამუშევარი აღმოჩნდა. ორი წლის შემდეგ, 1849 წელს, პოეტი ძალიან საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა.

რამდენიმე წლის წინ პატარა თეთრი სახლის კარი, რომელიც სულაც არ ჰგავს ტრაგიკული ამბების შემსწრეს, რესტავრაციის შემდეგ მნახველებისთვის გაიღო. აქ შეგიძლიათ ნახოთ პატარა საძინებელი, რომელშიც ვირჯინია პო გარდაიცვალა და პოეტის საყვარელი სავარძელი.

ალექსანდრე დიუმა

ცნობილმა რომანებმა "სამი მუშკეტერი" და "გრაფ მონტე კრისტო" ავტორს არა მარტო მსოფლიო აღიარება მოუპოვა, არამედ სოლიდური ჰონორარებიც.
1845 წელს მწერალმა აიშენა სახლი, რომელსაც, საკუთარი ნაწარმოების პერსონაჟის, მონტე კრისტოს სახელი უწოდა.
მწერალი საკუთარი ნაწარმოების ექსცენტრიული პერსონაჟის მსგავსად იქცეოდა. სახლის ასაშენებლად იმ დროისათვის ყველაზე ცნობილი ფრანგი არქიტექტორი, იპოლიტ დიურანი მიიწვია. ორ წელიწადში სახლიც მზად იყო და პარკიც.

ინტერიერს აღმოსავლური ფუფუნება ამშვენებდა. დიუმა ფულს არ ზოგავდა და სამუშაოდ საუკეთესო სპეციალისტებს იწვევდა.
სახლის ფასადზე მწერლის დევიზი იყო ამოტვიფრული "მე მიყვარს ის, ვისაც ვუყვარვარ მე".
გასაკვირი არ არის, რომ ამ სახლში დილიდან საღამომდე უამრავი ადამიანი მიდი-მოდიოდა.

თუმცა მწერლის მთავარი დანიშნულება "წერაა" და დიუმამ გასცა ბრძანება აეშენებინათ სამსართლიანი სასახლე კაბინეტი, სადაც ის განმარტოვებასა და მუშაობას შეძლებდა.
აღსანიშნავია, რომ ორი წლის განმავლობაში, როდესაც იგი ამ სასახლეში მუშაობდა, ღირებული არაფერი დაუწერია.
მალე კრედიტორებმა დაიწყეს მის სახლში ხშირი სტუმრობა, ჰონორარები შემცირდა და მისი შემოსავალი ვალებს ვეღარ უმკლავდებოდა.

1849 წელს მწერალი იძულებული იყო მამული გაეყიდა. "მონტე კრისტო" ხელიდან ხელში გადადიოდა და მხოლოდ 1969 წელს მოხერხდა მისი მუზეუმად გადაკეტება და სახლისთვის პირვანდელი სახის მინიჭება. რესტავრაცია მაროკოს მეფემ, ჰასან მეორემ დააფინანსა და ახლა "მონტე კრისტო" ვიზიტორებს ელის.


ლევ ტოლსტოი

"ომი და მშვიდობა", "ანა კარენინა" და მისი შემოქმედების უმეტესობა სწორედ აქ, ტოლსტოის საგვარეულო მამულში დაიწერა.

აქ დაიბადა პოეტი, იცხოვრა 50 წელზე მეტი და აქვეა დაკრძალული. ამჟამად აქ მწერლის სახლ-მუზეუმია და ყველაფერი ისეა, როგორც მწერალმა დატოვა. ტოლსტოის ცნობილი ბიბლიოთეკა 22 00 ათას ტომს ითვლის. სახლ-მუზეუმის დირექტორი კი მწერლის შვილთაშვილი გახლავთ.


ჯეინ ოსტინი

ქალთა ლიტერატურის სიმბოლოდ ქცეულმა მწერალმა ჯეინ ოსტინმა ცხოვრების უკანასკნელი წლები ამ სახლში გაატარა, კერძოდ ჰემპშირში, სოფელ ჩოუტენში. მწერალი ამ სახლში დედასთან და დასთან ერთად ცხოვრობდა. სწორედ და უვლიდა ჯეინს ავადმყოფობის დროს.

მუზეუმში მწერლის პირადი ნივთები ინახება - სამკაულები, წერილები, ნოტები. სამწუხაროდ, ავეჯის შენახვა ვერ მოხერხდა.
სამაგიეროდ შეინახა ფორტეპიანო, რომელზეც ჯეინი ხშირად უკრავდა ხოლმე.


აგათა კრისტი

ყველაფერს, რაც თავს გადახდებოდა, აგათა კრისტი რომანებად აქცევდა - ადგილები, მოვლენები, ნივთები, ადამიანები. მაგალითად, მისი საყვარელი ძაღლი, პიტერი, მისი ნაწარმოების მთავარ მოქმედ გმირად იქცა.

მეორე მეუღლეს გათხრებზე გაჰყვა და ამას მოჰყვა დეტექტივების სერია არქეოლოგების შესახებ. გამონაკლისი არც "გრინუეის" მამული გამხდარა, რომელიც აგათა კრისტიმ 1938 წელს შეიძინა და სიცოცხლის ბოლომდე იქ ცხოვრობდა.

გრინუეის ძირითადად აგარაკად იყენებდნენ, ოჯახი აქ დღესასწაულებზე იკრიბებოდა, აგათა და მისი მეუღლე კი ზაფხულობით ამ სახლში ცხოვრობდნენ.
სანამ ოჯახი ერთობოდა და დროს ატარებდა, აგათა კრისტი წერდა. ორი რომანი, "ხუთ გოჭი" და "ნული საათი" სწორედ აქ დაიწერა.

2000 წელს აგათა კრისტის შვილიშვილმა სახლი სახელმწიფოს გადასცა, სახლს რესტავრაცია ჩაუტარდა, გახდა სახლ-მუზეუმი და 2009 წლიდან იღებს ვიზიტორებს.

ფრენსის სკოტ ფიჯერალდი

ამერიკული კლასიკური ლიტერატურის თვალსაჩინო წარმომადგენელი ფრენსის სკოტ ფიჯერალდი არა მხოლოდ საკუთარი რომანებით არის ცნობილი, არამედ სასიყვარულო ისტორიითაც.

ზელდე სეირი 18 წლის იყო, როდესაც ქალაქის ერთ-ერთ ბარში გაიცნეს ერთმანეთი და შეუღლდნენ. მას შემდეგ დაიწყო მათი თავგადასავლებითტა და სიგიჟეებით აღსავსე ცხოვრება. მთელი ამერიკა ადევნებდა თვალს ჯაზის მეფისა და დედოფლის ცხოვრებას.
წყვილი ქალიშვილის დაბადებამაც კი ვერ დაადინჯა.

1931-32 წლებში წყვილი საცხოვრებლად ალაბამაში გადავიდა. ეს წყვილის პირველი ჩაწყნარების პერიოდი იყო მას შემდეგ, რაც ზელდეს ექიმებმა სერიოზული ფსიქიკური პრობლემები აღმოუჩინეს. მოგვიანებით მისი მდგომარეობა გამწვავდა, ექიმები იძულებულები გახდნენ ქალი ფსიქიატრიულში მოეთავსებინათ და წყვილმა სახლი ატოვა.
ახლა ეს შენობა ოთხ ნაწილად არის გაყოფილი, ქვემოთ მუზეუმია, ზემოთ კი ოროთახიანი აპარტამენტია, რომელიც ქირავდება და ნებისმიერ მსურველს შეუძლია ღამის გატარება.

კომენტარის დამატება