"ისე გამოვიდა, რომ კოვიდს აქ „ვემალებით“ - ლალი ტოტიკაშვილის აგარაკი ლისზე

მოდელი ლალი ტოტიკაშვილი ოჯახთან ერთად თბილისში, საბურთალოზე ცხოვრობს. თუმცა წელს აგარაკი ზედა ლისზე აიშენეს და პირველი ზაფხული გაატარეს იქ. „შინ“ ლალის ეწვია, რათა მისი საზაფხულო „რეზიდენცია“ მკითხველისთვისაც ეჩვენებინა.

- თბილისთან ახლოს გვინდოდა აგარაკი და ზედა ლისი შევარჩიეთ, კარგი ჰაერია, კარგი დასახლებაა და ქალაქთანაც ახლოსაა, საჭიროების შემთხვევაში მარტივად შეიძლება აქედან სამსახურში სიარული. ჯერ ბევრი დეტალი ისევ დასასრულებელია, მოწყობის პროცესში ვართ, ძირითადი და აუცილებელი რაც იყო, გავაკეთეთ, რომ ზაფხულში შეგვძლებოდა ამოსვლა, ნელ-ნელა დანარჩენ წვრილმანებსაც მივხედავთ.
ისე გამოვიდა, რომ კოვიდს აქ „ვემალებით“, იზოლირებული
ვართ მთელი ზაფხული, ძალიან გვიყვარს სტუმრები, მაგრამ ჯერ მეგობრებიც კი ვერ მივიღეთ არსებული სიტუაციის გამო.

სახლი ორსართულიანია და მოიცავს მისაღებისა და საძინებლების სართულს.





- მიწის ნაკვეთის შეძენის შემდეგ, სახლი პროფესიონალებს დავაპროექტებინეთ და აშენდა კიდეც. მე უკვე მაშინ ჩავერიე, როცა ინტერიერზე მიდგა საქმე. დიზაინერი არ მყოლია, ჩემი გემოვნებით გავაკეთე.

ისევე, როგორც თბილისის სახლში, ლალის აგარაკზეც სადა ფერებისთვის მიუნიჭებია უპირატესობა. პირველ სართულზე გამოყენებულია თეთრი, ნაცრისფერი და ბუნებრივი ხისფერი.

- ღია ფერები მომწონს, ყოველთვის კომფორტული და მისაღებია, თან იძლევა საშუალებას, აქცენტი მკვეთრი დეტალებით გაკეთდეს.

მისაღებში დგას რბილი დივანი, დიდი მაგიდა სტუმრებისათვის და ტელევიზორი. საპატიო ადგილს იკავებს ბუხარიც.




- მისაღები ოჯახის თავშეყრის მთავარი ადგილია. მე და ჩემმა მეუღლემ ერთად შევარჩიეთ ავეჯი და ერთად ვიღებდით გადაწყვეტილებებს ინტერიერის მოწყობაზე. ბუხარს უკვე აქვს ფუნქციური დატვირთვა და შემოდგომის გრილ დღეებში ალბათ უფრო სასიამოვნო იქნება მისი გამოყენება.

პირველ სართულზე სამზარეულო და მისაღებია განთავსებული. მისაღები სტუდიოს ტიპისაა, თუმცა ეს ორი „ოთახი“, რომელსაც არც ტიხარი აქვს და არც გამყოფი კარი, ერთმანეთისგან მაინც განცალკევებულია.
სამზარეულოში მუქი ნაცრისფერი და ბუნებრივი ხისფერია გამოყენებული და ისე ეხამება ეს ტონები იატაკს, რომ ერთიანობაში ეფექტურ სივრცეს ქმნის.

- სამზარეულო ცალკე არ არის გამოყოფილი, მაგრამ მისსავე ნაწილში გვაქვს მოწყობილი სასადილო კუთხე - მრგვალი მაგიდა სავარძლებით. კომფორტულია სამზარეულო საფუსფუსოდ. ამ სახლის არც ერთ დეტალზე ჯერ არ მითქვამს, რომ ამას შევცვლიდი, რაც გავაკეთეთ, მომწონს და კარგად ვიყენებ.

მინიმალისტური სტილის კიბით, რომელსაც ხის საფეხურები და მეტალის მოაჯირი აქვს, მეორე სართულზე მოხვდებით. მეორე სართულზე საძინებელია განთავსებული, დიასახლისმა „შინ“ ორ მათგანში მიიპატიჟა.



ვარდისფერში გადაწყვეტილი საძინებელი ლალის გოგონას ეკუთვნის. თავად ლალის საძინებელი კი ბუნებრივი ხის მასალისაა და ყვითელი ფერი აქცენტის სახით აქვს შეტანილი.

- ყვითელი მინდოდა შემეტანა, მომწონდა და ხედავთ, რომ საძინებელს აქვს ამ ფერის დეტალები, თუმცა კედელი, რომელთანაც დგას საწოლი, უნდა ყოფილიყო სრულიად სხვა ფერი, მუქ ტონს ვფიქრობდი, რადგან ყვითელს ძალიან უხდება, მაგრამ მერე ისე მოხდა, გადმოვედით და დარჩა თეთრი. ასე რომ, ეს ყვითელი საწოლი სხვა ფერის კედელზე იყო გათვლილი.

ეზო ნაწილობრივ გამწვანებულია, თუმცა ლალის დიდი გეგმები აქვს მის მოწყობასთან დაკავშირებით.

- მომწონს ეზოში ფუსფუსი, მორწყვა, მოვლა, ბალახის გაკრეჭა, შეიძლება ითქვას, ჩემი საყვარელი საქმეა. უზარმაზარი ხეებით ზედმეტად გადატვირთული ეზოები არ მომწონს, უფრო მარადმწვანე მცენარეებს ვანიჭებ უპირატესობას, ნელ-ნელა გამწვანებაზეც დავიწყებთ ზრუნვას და ეზოში ყოფნა კიდევ უფრო სასიამოვნო გახდება.

დავინტერესდით, ლალისთვის ეს სახლი აგარაკის ფუნქციას ითავსებს, თუ აქ აპირებს ოჯახი გადასვლას.

- ამ სახლს აგარაკის ფუნქცია აქვს. რადგან სწავლა დისტანციურად იქნება, შესაძლოა ცოტა მეტხანს გავჩერდეთ, თუმცა მთელი წლის აქ გატარებას არ ვაპირებთ, დავბრუნდებით თბილისში.

ციცი ომანიძე


ლალი ტოტიკაშვილის თეთრი სახლი

კომენტარები

მაგარია! 2022-01-07 22:17
მშვიდობაში!.. მაგრამ კოვიდის არ შეგეშინდეს: ლისისკენ ისეთი საშინელი საცობებია მუდმივად, კოვიდი ფეხს არ ამოდგამს!
ere 2022-01-01 18:18
sadaa stalini gadacemda sabavshvo bags

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები