ნინო ზამბახიძის კომფორტის ზონა, რომელიც საოცნებო სახლში მოიწყო

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე ახალ ბინაში სულ რამდენიმე თვის წინ გადავიდა. რემონტის პროცესი ვერავის ანდო, ამიტომ ყველაფერს თავად უძღვებოდა და ხელმძღვანელობდა.

ინტერიერის დიზაინიც საკუთარი გემოვნებითა და ხედვების გათვალისწინებით შექმნა, პროფესიონალი დიზაინერის დახმარებით არ უსარგებლია. დანარჩენს კი თავად გვიამბობს:

- სახლი ჩემთვის ასოცირდება სითბოსთან და ჩემს პირად კომფორტთან. განსაკუთრებით კი ეს სახლი, სადაც ახლა ვცხოვრობ, რადგან ჩემი საკუთარი სახსრებით არის ნაყიდი, ჩემი გაკეთებულია და ის გარემოა შექმნილი, რომელიც ძალიან მინდოდა მქონოდა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ჩემთვის ძალიან
დიდი კომფორტის ზონა.

- როდის შეიძინეთ ეს ბინა და შერჩევის დროს რას მიანიჭეთ უპირატესობა?
- როცა მეუღლეს დავშორდი, მე, ჩემი შვილები და დედაჩემი ერთად ვცხოვრობდით. არ გვქონდა იმის ფუფუნება, რომ ყველას საკუთარი ოთახი გვქონოდა. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, მეყიდა ბინა. ის აუცილებლად უნდა ყოფილიყო იმ უბანთან ახლოს, სადაც ჩემი შვილები დაიბადნენ და გაიზარდნენ. მანამდე ჭავჭავაძეზე ვცხოვრობდით და ამიტომ სახლი ატენის ქუჩაზე შევიძინე. ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის დამფუძნებელი ჩემი მეგობარი იყო და საკმაოდ კარგი პირობებით, შიდა განვადებით ვიყიდე ეს ბინა. 2021 წელს დასრულდა მშენებლობა და ჩამაბარეს. დავიწყე ნელ-ნელა გარემონტება. ყველას თავისი ოთახი მივუჩინე. რაც მთავარია, ბინის ყიდვის შესახებ ჩემი ოჯახის წევრებმა არ იცოდნენ. 31 დეკემბერს ყველა ერთად მოვიყვანე და ვუთხარი, რომ ეს იყო მათი სახლი. ძალიან ემოციური მომენტი იყო, განსაკუთრებით - დედაჩემისთვის. ისე გაუხარდა, რომ ცუდად გახდა სიხარულისგან. ლამის სასწრაფოს გამოძახება დაგვჭირდა. შემდეგ ძალიან ვინერვიულე ამის გამო, მინდოდა, მათთვის სიხარული მიმენიჭებინა და რას ვიფიქრებდი, თუ ემოციებისგან ცუდად გახდებოდა.




- არც ისე მარტივია რემონტის პროცესი. როგორ დაძლიეთ ეს პერიოდი, ვინმეს ხომ არ მიანდეთ რემონტი?

- რემონტს ნამდვილად ვერავის ვანდობ. ჩემი კარგი მეგობარია არქიტექტორი და დიზაინერი სანდრო წივწივაძე, მან გამიკეთა მონახაზი. ასევე, მყავს ძალიან ახლო მეგობარი ნიკა ნინუა, რომელიც მეხმარებოდა რემონტის პროცესში. ეს არის ყველაზე რთული ეტაპი. თუ გინდა, ადამიანი დაწყევლო, უნდა უთხრა, რომ მთელი ცხოვრება რემონტი აკეთოს (იღიმის). მათი დახმარების გარეშე რემონტი წარმოუდგენელი იყო. ჩემი გადატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, მხოლოდ შაბათ-კვირას ვიცლიდი, რომ მაღაზიებში მასალების შესაძენად წავსულიყავი. ძალიან დამეხმარა სოციალური ქსელები. ონლაინაც ვარჩევდით სხვადასხვა მასალას, ნივთებს.



- ყველაზე რთული რა იყო თქვენთვის რემონტის დროს?

- ძალიან გამიჭირდა ხარისხიანი მასალის არჩევა. სახლში უნდა გაატარო მთელი ცხოვრება, ამიტომ მიმაჩნია, რომ ჯანსაღი გარემო უნდა შეიქმნა. თავიდან გამიჭირდა ეკოლოგიურად სუფთა საღებავის მოძებნა, რომელიც ტყვიას არ შეიცავდა. ბევრი ძებნის შემდეგ მივაგენი ამერიკულ კომპანიას, რომელსაც ჰქონდა მსგავსი საღებავები, თუმცა 30 პროცენტით ძვირი გადავიხადე.
ვცდილობდი, არ დამეზოგა თანხა ეკოლოგიურად სუფთა მასალებში. აქ უნდა გაიზარდონ ჩემი შვილები და მათი ჯანმრთელობა ჩემთვის უპირატესია. სწორედ ამ ეკოლოგიურად სუფთა მასალების ძიება იყო რთული პროცესი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასალების დიდი არჩევანია, ხარისხი ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა.



- ავეჯი თქვენი გემოვნებით დაამზადებინეთ?

- ავეჯის უმეტესობა, თითქმის 90 პროცენტი ქართულ საწარმოებში დავამზადებინე. ადგილობრივ წარმოებას უნდა შევუწყოთ ხელი. ჩვენს ქვეყანაში ბევრი კარგი კომპანიაა, რომლებიც ხარისხიან პროდუქტს ქმნიან. ჩემი სახლის ავეჯი მათ ვანდე და ძალიან კმაყოფილი დავრჩი.

- როცა ე.წ. შავი სამუშაო დაასრულეთ და ჯერი ინტერიერის დიზაინზე მიდგა, ესეც თქვენს თავზე აიღეთ თუ ინტერიერის დიზაინერს ანდეთ?

- ესეც ჩემს თავზე ავიღე. ძალიან მიყვარს თეთრი ფერი, სინათლე, ამიტომ სახლი ნათელ ფერებში გადავწყვიტე. ინტერიერში თეთრთან ერთად დომინირებს შავი ფერი და ხე. მიყვარს აქსესუარები, ნახატები, რომლებიც ასევე ქართველ ხელოვანებს ეკუთვნით. ჩემს სახლში ინახება სხვადასხვა უნიკალური ნივთი. მაქვს საუცხოო ხელნაკეთი ნივთები, რომლებიც ჩემმა მეგობარმა იკა ახვლედიანმა გააკეთა. ინტერიერში დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ სადგამებს, სანათებს და ყველა მათგანი ასევე ქართველი ხელოვანების მიერ არის შექმნილი. არ მიყვარს გადატვირთული სახლები და მაქსიმალურად ვეცადე, ასე არ მომხდარიყო. ძალიან მიყვარს მცენარეები და ყვავილები, რაც აშკარად იგრძნობა ჩემს სახლში. ვფიქრობ, მარტივი და სადა ინტერიერი გამოვიდა.



- სახლი სივრცეებად გაქვთ დაყოფილი. რომელ სივრცეში გრძნობთ თავს ყველაზე კომფორტულად?

- ცალკე არის გამოყოფილი მოსასვენებელი სივრცე, სადაც დგას კომფორტული სამეული. სამსახურის მერე აქ ვჯდები და აქედან ვაგრძელებ მუშაობას. იქვეა ტელევიზორიც, თუმცა იშვიათად ვუყურებ. ასევე, ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს სამზარეულოში.



- ძალიან დატვირთული გრაფიკი გაქვთ. გრჩებათ დრო, რომ სამზარეულოში იფუსფუსოთ?

- მიყვარს სამზარეულოში ყოფნა, თუმცა მზარეულობა ჩემი ძლიერი მხარე არ არის. დედას ძალიან უყვარს სამზარეულოში ფუსფუსი და ძირითადად იქ ტრიალებს, ამიტომ მეც იქ ვარ, მიხარია მასთან ერთად ყოფნა. როცა თავისუფალი დრო მაქვს, ბავშვებს აუცილებლად მე ვუმზადებ სადილს. თუმცა დედაჩემს გემრიელი ხელი აქვს და უფრო ის ფუსფუსებს სამზარეულოში.

სამზარეულოში მაქვს ღვინის უნიკალური კოლექცია. თითოეული ღვინო ჩვენი ასოციაციის წევრი ფერმერების მიერ არის ნაჩუქარი და ხელს არავინ ჰკიდებს. მიყვარს ეს გარემო, თოთოეული მათგანის თავს მახსენებს, იმ საქმეს მახსენებს, რასაც მე ვაკეთებ ფერმერთა ასოციაციაში.





- თქვენს სახლში მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ მეცნარეებს. თავად უვლით?

- ძალიან მიყვარს მცენარეები და სულ ველაპარაკები მათ. ხანდახან რეგიონში მივდივარ საქმეზე და მოწყენილები მხვდებიან. აი, მაშინ ვიწყებ ლაპარაკს (იღიმის). ვუვლი, ვეფერები და ისევ იფურჩქნებიან. საოცარი ენერგეტიკა აქვთ, ავსებენ და ალამაზებენ გარემოს, ბუნებასთან გაახლოებენ. მე მიყვარს ბუნებაში ყოფნა და როცა ამის საშუალება არ მაქვს, ჩემი ყვავილები მივსებენ ამ დანაკლისს. მყავს კარგი მრჩეველი და მეგობარი, რომელიც მებაღეობის სფეროშია და ყოველთვის ვითვალისწინებ მის სასარგებლო რჩევებს.



- დღევანდელი გადმოსახედიდან, არის ის სახლი, რომელიც გინდოდათ?

- დიახ, ეს ნამდვილად ის არის, რაც წლების განმავლობაში მინდოდა, რომ მქონოდა. დედა მეუბნებოდა, როდესაც პატარა ვყოფილვარ, თურმე სულ ვამბობდი, რომ ერთ დღესაც მექნებოდა დიდი და ნათელი ბინა, ძალიან დიდი ტანსაცმლის კარადით და ამ სახლში ყველას თავისი კუთხე ექნებოდა. ჩემი ბავშვური ჩანაფიქრი ამდენი წლის შემდეგ მართლაც ახდა.

მერი ბლიაძე

კომენტარები

.... 2022-06-21 09:22
კარგი სახლია
ტოტო 2022-05-28 20:48
ნინოს და ზაზას თქვენ ემიგრანტები ხართ ?
ნინო 2022-05-28 16:57
სახლიც კარგია და ქალიც, რაც მან ადრე გააკეთა ყოველთვის პატივს ვცემდი, ფერმა რომ გააკეთა. ნეტა ასეთი მოწადინებული ბევრი იყოს. ბევრს სოფელი და ძროხა რა ვიცი რა გონია, არადა სოფლის მეურნეობა გადაგვარჩენს. ფული ბევრს აქვს მაგრამ ათას სისულელეში ხარჯავენ. მშვიდობით იცხოვრეთ ახალ სახლში.

კომენტარის დამატება