სტუმრად გვინეთ პელტროუს კერძო სახლში, სადაც ის მებაღეობითა და კულინარიითაა დაკავებული და რომელსაც პერიოდულად აქირავებს

გვინეთ პელტროუ კაშკაშა ვარსკვლავია, თუმცა რა ხანია, ძირითადად გაეცალა ჰოლივუდს და მებაღეობითა და კულინარიითაა დაკავებული. უყვარს მშვიდი სოფლის ცხოვრება და დიდ დროს ატარებს თავის სახლში მონტესიტოში. 

მსახიობი და ოსკარის მფლობელი გვინეთ პელტროუ ბოლო დროს იშვიათად ჩნდება ფილმებში. მისი ახალი გატაცება ჯანსაღი ცხოვრების წესია. ის დედაქალაქის ხმაურს გაერიდა და დროს კალიფორნიის შტატის ქალაქ მონტესიტოში მდებარე საკუთარ მამულსა და ნიუ-იორკის მახლობლად მდებარე ჰემპტონს შორის ატარებს, სადაც დაკავებულია მედიტაციით, დიეტის კურსებით და საუნაში სპა პროცედურებით.

მსახიობი შეშფოთებულია, რომ სამყარო სულ უფრო ატომიზებული ხდება და
ადამიანები სულ უფრო მეტად შორდებიან ერთმანეთს. "მარტოობა ადამიანის ბუნებაა, მაგრამ ბოლო წლებში მზარდი იზოლაცია და ადამიანური ურთიერთქმედების ნაკლებობა კიდევ უფრო გვაშორებს ერთმანეთს", - მიაჩნია მას. იმისათვის, რომ სამყარო უფრო ღია ადგილად აქციოს, მზადაა კალიფორნიაში თავისი სასტუმრო სახლი გააქირავოს.



პირველი ასეთი გამოცდილება 2023 წლის აგვისტო-სექტემბერში ჰქონდა, როდესაც შესაძლებელი გახდა ორი ადამიანისთვის ერთი ღამის დაჯავშნა. თავად საცხოვრებლის გარდა, ფასში შედიოდა გურუსთან მედიტაცია, მასპინძელთან ვახშამი და მისი ბრენდის ფირმული პროდუქტებით სავსე სასაჩუქრე კალათა. "მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ შევხვედრივართ ერთმანეთს, იმედი მაქვს, გემრიელ საჭმელთან ერთად სასაუბრო თემა გვექნება", - აღნიშნა მსახიობმა განცხადებაში.

როგორ გამოიყურება ეს სახლი? ის მართლაც მარტივი და ელეგანტურია, თეთრი სამზარეულოთი, რომელიც შთამბეჭდავი მონოგრამის ფოლადის ღუმელით არის მორთული და სააბაზანოთი, რომელიც თითქმის მთლიანად მდიდრული მარმარილოთი არის მოპირკეთებული. სასადილო მაგიდა გარშემორტყმულია ტყავის სკამებით, ხოლო მისაღებ ოთახში მყუდრო, მომრგვალებული დივანია, რომელიც შეშის ბუხრისკენ არის მიმართული. "შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი ღვინო. ჩემს მეუღლესთან და ჩემთან ერთად ოთხ ადამიანზე შესანიშნავ, ინტიმურ ვახშამს გავმართავთ", - დაწერა მსახიობმა გაქირავების განცხადებაში.


სახლს აქვს საზაფხულო სამზარეულო, ნაქსოვი შეზლონგები და საცურაო აუზი. "ჩემი სახლი მონტესიტოში საუკეთესო ადგილია დასასვენებლად, - წერს გვინეთ პელტროუ, - მე იქ დავდივარ ენერგიის აღსადგენად, ახალ პროდუქტებზე ფიქრისთვის და ოჯახის წევრებთან და ძვირფას მეგობრებთან ურთიერთობისთვის. თუ ეძებთ ადგილს დასასვენებლად და რელაქსაციისთვის, იმედი მაქვს, ეს სახლი თქვენც ისევე დიდ სიხარულს მოგანიჭებთ, როგორც მე".

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები