როგორ მოვუაროთ ბეგონიას - ფლორისტის რჩევები

ამ სახელწოდებაში მრავალი სახეობისა და ჰიბრიდული ჯიშის ულამაზესი ოთახის მცენარე მოიაზრება, რომლებიც ჩვენს ქვეყანაშიც დიდი პოპულარობით სარგებლობენ.
ბეგონია (Begonia) ერთ ან მრავალწლოვანი ყვავილ-დეკორატიული, ბალახოვანი მცენარეა, რომელიც ბუნებრივად იზრდება ტროპიკებსა და სუბტროპიკებში (ავსტრალიის გარდა). ბეგონიების დიდ ჯგუფში 800-მდე სახეობა და 2000-მდე ჰიბრიდული ჯიშია გაერთიანებული.

ბეგონიას ფოთოლი ასიმეტრიულია, ყვავილი - ერთსქესიანი, ერთსახლიანი, ნაყოფი წარმოადგენს კოლოფს, რომელშიც მრავალი წვრილი თესლია.
ბეგონია, ძირითადად, ორანჟერეებსა და ოთახის მეყვავილეობაშია კულტივირებული, მაგრამ არსებობს ზოგიერთი სახეობა, რომელიც ღია გრუნტზე მოჰყავთ.
გარდა ამისა, არსებობს ბოლქვიანი და ჩვეულებრივი
ბეგონია.
ბოლქვიანი ბეგონია მოსავლელად უფრო პრეტენზიულია, ჰაერის მეტ ტენიანობას მოითხოვს და გამრავლებითაც ძნელად მრავლდება. თუმცა, მისი მოვლა და გამრავლება ადვილად ხერხდება სასათბურე პირობებში.
ბოლქვიანი ბეგონიას მიწისზედა ნაწილი ყოველ წელიწადს კვდება, თუმცა გაზაფხულზე, როგორც წესი, ხელახლა ამოიყრის.
რაც შეეხება, ფოთლოვან-დეკორატიულ ბეგონიებს, მათ შორის ჯიშებისა და ფორმების მრავალფეროვნებით სამეფო ბეგონია გამოირჩევა. მათ მართლაც ულამაზესი ფოთლები ამშვენებს. ზოგიერთ მათგანს დიდი, დაძარღვული ან ვერცხლისფრად, მოლურჯოდ, მწვანედ თუ წითლად მოხატული ფოთლები აქვს, ზოგს კი - ფერადი, ბუსუსებიანი ღეროები. სამეფო ჯიშის ჰიბრიდებად ცნობილი ბეგონიები ფოთლების ზომითაც განსხვავებულია - ზოგ მათგანს – მცირე ზომის, ზოგს კი ძალიან დიდი - 40-50 სმ გარშემოწერილობის ფოთლები ამშვენებს. ხშირად ასეთი დიდი ზომის გამო მცენარე სწორად ვერ იზრდება და „წამოწვება“ ხოლმე, თუმცა ამ შემთხვევაშიც კი ძალიან ლამაზად გამოიყურება.
სამეფო ბეგონიებიდან ერთ-ერთი ულამაზესი ჯიში - ე.წ. ლოკოკინა ბეგონიაა, რომლის ასიმეტრიული ფოთლების დიდი ნაწილი, ლოკოკინას მსგავსად, ფოთლის პატარა ნაწილს ეხვევა და ძალიან ლამაზ ფორმას ჰქმნის.

ადგილი და განათება

ბეგონიას უყვარს სინათლე, მაგრამ არ უყვარს მცხუნვარე მზის სხივები - ფოთლები ეწვება ან უხუნდება. ამიტომ ნათელ ადგილზე დადგით, ისე რომ მზე არ უდგებოდეს, თუმცა სინათლე ყველა მხრიდან კარგად უნდა ხვდებოდეს.


მორწყვა

ბეგონია უნდა მოირწყას მაშინ, როცა ნიადაგი ზედაპირზე კარგად გაშრება, თუმცა მთლიანად ნიადაგი არ უნდა გამოშრეს.

სასურველია მცენარე ოთახის ტემპერატურის წყლით მორწყათ.
წყალი ფოთლებს არ უნდა მოხვდეს, განსაკუთრებით თუ საქმე გვაქვს ბუსუსიანი ფოთლების მქონე ბეგონიასთან, რადგან ბუსუსებიან ფოთლებზე მოხვედრილი წყალი იქ დიდხანს რჩება და თუ მზემაც დაანათა, ფოთოლი შეიძლება დაიწვას.

ნიადაგი

ბეგონიასთვის განკუთვნილი ნიადაგი რაც შეიძლება ნოყიერი უნდა იყოს, რადგან მცენარე ღარიბ ნიადაგში სუსტად იზრდება და თავის სილამაზესაც კარგავს. ამიტომ კარგი იქნება, თუ ნიადაგში სისტემატიურად ნაკელს ან სასუქს შეურევთ. გასანოყიერებლად შეიძლება რომელიმე უნივერსალური ან მიკროელემენტებიანი სასუქი გამოვიყენოთ, განსაკუთრებით კარგი იქნება - „ორგანიკა“ და „გუმატი“.

გადარგვა

ბოლქვიან ბეგონიას, როგორც წესი, გადარგვა არ სჭირდება - მხოლოდ ნიადაგი უნდა გამოუცვალოთ. მაგრამ თუ შეამჩნევთ, რომ ბოლქვი ძალიან გაიზარდა და ძველ ქოთანში თავს ვიწროდ გრძნობს, მხოლოდ ამ შემთხევაში შეიძლება, ბოლქვი გადავრგათ. ოღონდ ბოლქვის გადარგვა უნდა მოხდეს იმ პერიოდში, როცა მცენარის მიწისზედა ნაწილი მკვდარია.
რაც შეეხება ფოთლოვან ბეგონიებს, ისინი წლის ნებისმიერ დროს შეიძლება გადაირგას. ფოთლოვანი ბეგონიები, ძირითადად, ფოთლის კალმით მრავლდება.
ამისთვის საჭიროა: მოატეხოთ ბეგონიას საშუალო ზომის, ზრდასრული ფოთოლი და წყლიან ქილაში მოათავსოთ.
გარდა ამისა, ბეგონიები, რომლებსაც დიდი ზომის ფოთლები აქვთ, ძარღვზე გადაჭრითაც ფესვიანდებიან. ამ შემთხვევაში, ბეგონიას დიდ ფოთოლს უნდა გადაუჭრათ ძარღვები, დაალაგოთ ტორფიან ზედაპირზე და პოლიეთილენის პარკი ან პლასტმასის ქილა დააფაროთ. ასეთ შემთხევაში, ბეგონიას ფოთოლი პირდაპირ ძარღვებზე დაფესვიანდება. დაფესვიანებისთანავე გადარგვა სასურველი არ არის - ფესვები კარგად უნდა დაიბუჩქოს და ნიადაგში მხოლოდ მაშინ გადავრგოთ.
სამეფო ბეგონია - ახდენს ჰაერის დეზინფიცირებას, აქვს მომაჯადოებელი სუნი და გიხსნით დეპრესიისგან. რეკომენდებულია განათავსოთ ოთახში, სადაც მოხუცი ან ავადმყოფი ადამიანი წევს.
მარინა ვაშაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები