ოთახის მინიატურული ვარდი - მოვლა და გამრავლება

მინიატურული ვარდის მოვლა მარტივი საქმე არ გახლავთ, მაგრამ თუ არ დაიზარებთ და ჩვენს რჩევებსაც გაითვალისწინებთ, მისი უხვი და სურნელოვანი ყვავილობით ძალიან ისიამოვნებთ.

ოთახის მინიატურული ვარდი - მაქსიმუმ 30-40 სმ. სიმაღლის მინიატურული მცენარეა, რომელიც, სხვა ვარდების მსგავსად, ვარდისებრთა ოჯახს მიეკუთვნება და სამ პირობით ჯგუფადაა დაყოფილი: ჩაის-ჰიბრიდული, წვრილყვავილა და მინიატურული.
ჩაის-ჰიბრიდული ვარდები - ვარდის სხვადასხვა ჯიშების შეჯვარებითაა მიღებული და გამოირჩევა დიდი ზომის (10-14 სმ), საოცარი არომატის მქონე, ხავერდოვანი ყვავილებით;
წვრილყვავილა ვარდები - მცოცავი, ჩაისა
და რემოტანტული (ხელმეორედ მოყვავილე) ვარდის ჯიშების შეჯვარებითაა მიღებული და უსუნო, ხავერდისებური და წვრილი (2-4 სმ.) ყვავილები აქვს;
მინიატურული ვარდები - ეს არის ყველაზე პატარა ზომის, ხშირი და კომპაქტური ბუჩქი, რომელიც გამოყვანილია ჩინეთში და ულამაზესი ფორმის, ხავერდოვანი, ზოგჯერ ფუმფულა ყვავილები ამშვენებს.

განათება
სხვა ვარდების მსგავსად, ოთახის მინიატურული ვარდიც სინათლის მოყვარული მცენარეა, ამიტომ კარგი იქნება, თუ მას ყველაზე კარგად განათებულ ფანჯარასთან მოათავსებთ. ზაფხულში უმჯობესია, მცენარე სუფთა ჰაერზე გაიტანოთ, ხოლო თუ ამის საშუალება არ გაქვთ, მაშინ შუადღის მწველი მზე თხელი ფარდით გაუფანტეთ.

ტემპერატურა
ოთახის მინიატურულ ვარდს ზაფხულში ზომიერი ტემპერატურა (20-220C) სჭირდება, ზამთარში კი შედარებით გრილად (8-120C) გამოაზამთრეთ.
სხვა უამრავი მცენარისგან განსხვავებით, ოთახის მინიატურულ ვარდზე ტემპერატურის დღეღამური ცვლილებაც სასარგებლოდ მოქმედებს.

ჰაერის ტენიანობა
ჰაერის დაბალი ტენიანობის პირობებში, შესაძლოა, მცენარეს ფოთლები დაუჭკნეს და ზედ მავნებლებიც გაუჩნდეს. ამიტომ ტენიანობის ასამაღლებლად კარგი იქნება, თუ კვირაში ერთხელ თბილ შხაპს მოუწყობთ, ფოთლებზე კი ყოველდღიურად ოთახის ტემპერატურის წყალს შეასხურებთ.

მორწყვა
ოთახის მინიატურული ვარდი ზამთარში და გაზაფხულზე (როცა მცენარე ზრდას წყვეტს) იშვიათად მორწყეთ, ხოლო მას შემდეგ, რაც ზრდას განაახლებს და ახალი ყლორტები წამოეზრდება - მორწყვა ეტაპობრივად გაახშირეთ.
ზაფხულში მცენარე ყველაზე ხშირად და უხვად მორწყეთ.
შემოდგომის დაწყებისთანავე კი მორწყვა კვლავ ეტაპობრივად შეამცირეთ.

გადარგვა
ოთახის მინიატურული ვარდი წელიწადში ერთხელ, გაზაფხულობით უნდა გადარგოთ
გადარგვისას ეცადეთ, მცენარეს ფესვებიდან მიწა არ მოშორდეს, ან აჯობებს, თუ ძველ ქოთანს გადმოაბრუნებთ და მცენარეს ახალ ქოთანში მიწიანად გადაიტანთ.
ახალი ქოთანი ძველზე 2-3 სმ-ით ფართო და 5 სმ-ით მაღალი უნდა იყოს. სასურველია, კლასიკური ან ღრმა ფორმა ჰქონდეს.
ახალგადარგული მცენარე რამდენიმე დღით ჩრდილში მოათავსეთ და რეგულარულად მორწყეთ.

ნიადაგი
ოთახის მინიატურულ ვარდს ფხვიერი, ჰაერისა და წყლის კარგად გამტარი ნიადაგი სჭირდება.
ამიტომ კარგი იქნება, თუ ვარდებისთვის განკუთვნილ სპეციალურ ნიადაგს შეიძენთ ან ჩვეულებრივ კორდის მიწას გადამწვარ ნაკელსა და ქვიშას (4/4/1) გადაურევთ.
ნურც კარგი დრენაჟი დაგავიწყდებათ, ამისთვის მცენარეს ქოთნის ძირში კერამზიტის ნატეხები ან მსხვილი კენჭები მოუწყვეთ.

მოსვენების პერიოდი
სხვა ვარდების მსგავსად, ოთახის მინიატურულ ვარდსაც ეწყება მოსვენების პერიოდი - შუაგული შემოდგომიდან ფოთლები უყვითლდება და ყვავილობას ამთავრებს.
ამ დროს მცენარე შედარებით გრილ შენობაში უნდა გადაიტანოთ, სადაც ოპტიმალური ტემპერატურა 6-8 გრადუსი იქნება, მხოლოდ ნიადაგი რომ არ გადაცივდეს, ქოთანი აუცილებლად ნახერხით სავსე ყუთში მოათავსეთ.
მოსვენების პერიოდში მცენარე იშვიათად და მცირე რაოდენობის წყლით მორწყეთ, ფოთლებზე წყლის შესხურება და თბილი შხაპი კი გაზაფხულის დადგომამდე საერთოდ შეუწყვიტეთ.

გასხვლა
ოთახის მინიატურული ვარდის მოვლა მცენარის რეგულარულ გასხვლასაც ითვალისწინებს, რაც შემოდგომაზე ან ადრიან გაზაფხულზეა საჭირო.
გასხვლა რთული არ არის - მხოლოდ მაკრატლით ტოტები უნდა დაუმოკლოთ (1/3-ით).

გამრავლება
ოთახის მინიატურული ვარდის გასამრავლებლად საუკეთესო დრო გვიან გაზაფხულიდან ადრე შემოდგომამდე პერიოდია.
გამრავლებისთვის, ძირითადად, ტოტით დაფესვიანების მეთოდს მიმართავენ.
ოთახის მინიატურული ვარდის ტოტით გასამრავლებლად:
მოაჭერით მცენარეს 10-12 სმ-ის სიგრძის ტოტი (ისე, რომ ტოტზე 3-4 საზრდელი ყლორტი იყოს) და ოთახის ტემპერატურის წყალში ან ფხვიერ მიწაში დააფესვიანეთ.
წყალში დაფესვიანებული მცენარე მოგვიანებით მიწაში გადარგეთ და ჩვეულებრივი წესით მოუარეთ.

შეწამვლა
ვარდი ადვილად ავადდება ნაცრით, ამიტომ კარგი იქნება, თუ შესაბამისი ფუნგიციდით შეწამლავთ.
ეს იგივე პრეპარატებია, რაც ვაზს სჭირდება. ვარდის კოკრებს შეიძლება, ბუგრიც ხშირად გაუჩნდეს, მათ საწინააღმდეგოდ მიზანშეწონილია სპეციალური ინსექტიციდით შეწამვლა.

ფლორისტი მარინა ვაშაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები