ლიტოპსი, ანუ „ცოცხალი ქვები“ - როგორ გავახაროთ ეს უცნაური მცენარე?!

ლიტოპსი, იგივე „ცოცხალი ქვები“, უცნაური ფორმისა და შეფერილობის მცენარეა, რომელიც შეგიძლიათ, ოთახის პირობებშიც გაახაროთ. თუმცა, ეს მარტივი საქმე არ გახლავთ და მოვლისა და გამრავლების წესების ზედმიწევნით დაცვაა საჭირო.

ლიტოპსი (ლათ. Lithops) - მარადმწვანე სუკულენტი მცენარე, რომელიც ამ დროისთვის 37-მდე სახეობას აერთიანებს და, ძირითადად, აფრიკის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილის ქვიან უდაბნოებშია გავრცელებული.
ლიტოპსის მიწისზედა ნაწილი ორად გაყოფილი ხორცოვანი „ფოთოლია“, რომლის შეფერილობა ნიადაგის ფერზეა დამოკიდებული - შესაძლოა, იყოს მწვანე, ნაცრისფერი ან ყავისფერი. ზოგჯერ „ფოთოლზე“ სხვადასხვა ფერის ლაქები, ხაზები და წინწკლებიცაა გამოსახული. სწორედ
ასეთი ფორმისა და შეფერილობის გამო მცენარე უდაბნოში გაფანტულ ქვებს ჩამოჰგავს, ამიტომ მას მეორენაირად „ცოცხალი ქვები“ შეარქვეს.
ლიტოპსი წელიწადში 2-ჯერ ყვავის - აგვისტოსა და ნოემბერში, თუმცა ყვავილობა ხანმოკლე აქვს და მხოლოდ 10 დღე გრძელდება. ყვავილები „ფოთლის“ გაყოფილი ნაწილიდან ამოდის და, როგორც წესი, თეთრი, ყვითელი, იშვიათად კი - ფორთოხლისფერია.

განათება
იქიდან გამომდინარე, რომ უდაბნოში „ბევრი“ მზეა, ჩრდილი კი - არანაირი, ლიტოპსი ოთახის პირობებშიც მთელი წლის განმავლობაში მკვეთრ განათებას საჭიროებს.
ამიტომ მცენარე ოთახის ყველაზე განათებულ ფანჯარასთან მოათავსეთ, ქოთანი კი დროდადრო შემოატრიალეთ, რათა მზის სხივები ყველა მხრიდან თანაბრად მოხვდეს

ტემპერატურა
ლიტოპსი სითბოს მოყვარული მცენარეა, ამიტომ ზაფხულში ოთახის ოპტიმალური ტემპერატურა 22-250C-ია, მოსვენების პერიოდში კი - 15-180C.

ჰაერის ტენიანობა
ჰაერის მაღალი ტენიანობა ლიტოპსისთვის აუცილებელ პირობას არ წარმოადგენს, მაგრამ აქტიური ზრდის პერიოდში, კარგი იქნება, თუ დროდადრო მცენარის ირგვლივ ოთახის ტემპერატურის წყალს მოასხურებთ, მხოლოდ ისე, რომ თავად მცენარეს წყალი არ მოხვდეს.

მორწყვა
ლიტოპსი ძალიან აკურატულ მორწყვას საჭიროებს - ეცადეთ, მცენარე ყოველთვის ფესვებიდან მორწყოთ, ისე, რომ წყალი ფოთლებზე არ მოხვდეს.
მორწყვის შემდეგ სადგამზე გამოჟონილი წყალი დაუყოვნებლივ გადაღვარეთ.
კარგი დრენაჟისთვის კი ქოთნის ძირში მსხვილი კენჭების, ან კერამზიტის ნატეხების საკმაოდ სქელი (2-3 სმ) ფენა მოაყარეთ.
მოსვენების პერიოდში (ზამთარში) მორწყვა საერთოდ შეწყვიტეთ და მხოლოდ გაზაფხულიდან (აპრილიდან) განაახლეთ.
მოსარწყავად აუცილებლად სუფთა და რბილი, ოთახის ტემპერატურაზე ოდნავ თბილი წყალი გამოიყენეთ.

განოყიერება
აქტიური ზრდის პერიოდში (ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით), ლიტოპსი თვეში 1-ხელ, კაქტუსებისთვის ან სუკულენტებისთვის განკუთვნილი სპეციალური კომპლექსური სასუქის სუსტი ხსნარით გაანოყიერეთ.

ნიადაგი და გადარგვა
ლიტოპსი მხოლოდ მაშინ გადარგეთ, როცა ძველ ქოთანში თავს ვიწროდ იგრძნობს.
ეს პროცესი აუცილებლად გაზაფხულობით უნდა ჩატარდეს.
ნიადაგი ჰაერსა და წყალს ადვილად უნდა ატარებდეს, ამიტომ კარგი იქნება, თუ მას გადამწვარი ნაკელის, ტორფისა და ფოთლოვანი მიწისგან მოამზადებთ, მეტი ფხვიერებისთვის კი ცოტაოდენ დაფხვნილ აგურს (წითელს), ქვიშას ან სუპერფოსფატსაც გადაურევთ (1 ს.კ. 5 კგ სუბსტრატზე).

გამრავლება
ლიტოპსი თესლით მრავლდება.
თესლი შეგიძლიათ, ინტერნეტით გამოიწეროთ ან მცენარის ნაყოფიდან თავად მოიპოვოთ (ლიტოპსის ნაყოფი ყვავილისგან წარმოიქმნება).
შეგროვებული თესლი ჯერ ბნელ და მშრალ ადგილას უნდა მოათავსოთ (4-6 თვით), შემდეგ წყალში დაალბოთ (3-6 საათით) და მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ, ტენიან ნიადაგში დათესოთ.
ნათესს ზემოდან შუშის ქილა უნდა დააფაროთ, დროდადრო კი მორწყათ და გაანიავოთ.
ნათესი პირველივე წელს არ გადარგოთ - აცადეთ, ჯერ გამოიზამთროს, გაზაფხულზე კი შეგიძლიათ, უკვე ცალკე ქოთანშიც გადაიტანოთ.

ფლორისტი მარინა ვაშაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები