როგორ უნდა მოუაროთ ჟურნალ „შინის“ საჩუქარს - დეკორატიულ გოგრასა და მზესუმზირას?

როგორც იცით, ჟურნალის ამ ნომერს საჩუქრად დეკორატიული გოგრისა და მზესუმზირის თესლები მოჰყვება. ვისაც მცენარეები და მათი მოვლა უყვარს, შეუძლია, ბაღში ან სახლის აივანზე, ქოთანში დარგოს ეს თესლები. მოდი უფრო ახლოს გავიცნოთ ორივე მცენარე და გავიგოთ, როგორ უნდა მივხედოთ მათ?


დეკორატიული გოგრა
დეკორატიული გოგრა ერთ-ერთია იმ მცენარეებს შორის, რომლებიც კარ-მიდამოს განუმეორებელ ხიბლს და ეგზოტიკურ იერს ანიჭებენ. მას შეუძლია ერთი წლის განმავლობაში 4 მეტრამდე სიმაღლეზე ავიდეს და თავისი ხვიარით საკმაოდ დიდი სივრცე დაფაროს. ალამაზებს თაღებს, ღობეებს, ფანჩატურს და სახლის კედლებს.



დეკორატიული გოგრის

დასათესად იდეალური ადგილი ღობის ძირასაა. ასევე შეგიძლიათ, დარგოთ ქოთანში. გაითვალისწინეთ, რომ უნდა დარგოთ დაახლოებით 4-5 სანტიმეტრ სიღრმეზე და მორწყათ. უყვარს მზიანი ადგილი, ამიტომ თუ ქოთანში ჩარგავთ, ხშირად გაიტანეთ მზეზე. დათესვისთვის საუკეთესო პერიოდია აპრილის დასაწყისიდან მაისამდე.

შეგიძლიათ, ეზოში ისეთი ნაგებობის გვერდით დარგოთ, რომლის კედლების შენიღბვაც გინდათ. ყველა ადგილს მოუხდება, რომლის დეკორატიულად გაფორმებაც გინდათ. ძალიან ლამაზია ბაღის შესასვლელში, გადაჭრილ ძველ კუნძებთან, სოფლის სტილში მოწყობილ ეზოებში.

ხშირად მორწყეთ და გაუფხვიერეთ ნიადაგი.

ალბათ გაგიჩნდებათ შეკითხვა, იჭმება თუ არა? - სანამ ნაყოფი ახალმოსხმულია, მისი კანი რბილია და ჭამაც შეიძლება. მაგრამ რა საჭიროა? საგემოვნო თვისებებით ის ახლოსაც ვერ მივა ჩვეულებრივ ბაღჩის გოგრასთან. ანუ, დეკორატიული გოგრა ნამდვილად არ მოგწამლავთ, მაგრამ გემრიელიც არ არის.

დეკორატიული მზესუმზირა
დეკორატიული მზესუმზირა ძალიან პოპულარულია - ლამაზია, მრავალფეროვანი და ადვილი მოსავლელი. სხვადასხვა სახეობის არსებობს, ზოგიერთი 3 მეტრამდეც კი იზრდება. ჩვენი მკითხველისთვის ნაჩუქარი თესლის მეტსახელი „ფუმფულა დათუნიაა“, რადგან სწორედ დათვივით გაბერილი და მსუქანი ყვავილი აქვს. ერთწლიანი მცენარეა და მზიან ადგილას ითესება - ეზოში, ან აივანზე მდგარ ქოთანში. თუ ფანჯრის რაფაზე დგამთ ქოთანს, მასაც მზიანი ადგილი შეურჩიეთ. ჩათესეთ დაახლოებით 3 სმ სიღრმეზე და მორწყეთ.

კომენტარის დამატება