"სწორედ ასეთ სახლზე ვოცნებობდით მე და ჩემი მეუღლე..." - ახალგაზრდა ცოლ-ქმრის მყუდრო ბინა და საინტერესო რჩევები მათთვის, ვინც ახლა იწყებს რემონტს

38 წლის რუსო გოგაძე თბილისში ცხოვრობს და ერთ-ერთ ცნობილ და წარმატებულ სასტუმროში მუშაობს ზედამხედველად. მეუღლე და ორი შვილი ჰყავს. ჩვენი ყურადღება მისმა ახალგარემონტებულმა ბინამ მიიპყრო, რომელიც საინტერესოდ აქვს მოწყობილი, თანაც - თავისი გემოვნებით და გადაწყვეტილებებით. სწორედ ამ ბინაზე და რემონტის შესახებ საკუთარ გამოცდილებაზე გვესაუბრება:

- ჩვენი ბინა 80 კვადრატული მეტრია. ტიხრებით ისე მოვაწყვეთ, რომ გვაქვს ორი საძინებელი, ცალკე სამზარეულო და ერთი დიდი მისაღები ოთახი. იზოლირებული სამზარეულო ჩემი დიდი სურვილი იყო, რადგან მეუღლე გურმანია და ჩვენს ოჯახში ყოველთვის კეთდება ისეთი კერძები, რომ
სტუდიოს ტიპის ბინა ვერანაირად ვერ მექნებოდა... სიმართლე გითხრათ, დიდად არც მომწონს, მისაღებ ოთახში სამზარეულო კუთხეც რომ არის განთავსებული.

- რა დრო დაგჭირდათ რემონტისთვის?
- შავი კარკასის ჩაბარებიდან დაახლოებით ერთი წელი ვარემონტებდით. დიზაინმა და ინტერიერის მოწყობამ დიდად არ
წაიღო დრო, რადგან წლების განმავლობაში ვოცნებობდით საკუთარ სახლზე და ეს იმდენად და იმდენნაირად მქონდა ნაფიქრი, შავი კარკასის ეტაპზეც უკვე ვიცოდი, სად რა უნდა გამეკეთებინა.
ცოტა დროში გაიწელა სარემონტო სამუშაოები, როგორც ხდება ხოლმე, ძირითადად ნაცნობი ხელოსნები მყავდა და შეძლებისდაგვარად ეტაპობრივად ვაკეთებდით მე და ჩემი მეუღლე ყველაფერს. დაახლოებით ერთ წელიწადში დავასრულეთ რემონტი. სამზარეულო დავამონტაჟეთ თუ არა, მალევე გადავედით კიდეც.

მახსოვს, საწოლიც არ გვქონდა, მისაღებში დივანი შევიძინეთ მხოლოდ და იქ ვთავსდებოდით თავიდან, მაგრამ ესეც კი დიდი ბედნიერება იყო ჩვენთვის.

- ყველაზე რთული რა იყო?
- სირთულე მოგეხსენებათ, ამ პროცესებს ყოველთვის თან მsსდევს, მაგრამ ჩვენს შემთხვeევაში კიდევ უფრო რთულად იყო. ორივეს სამსახურებიდან გამომდინარე არანაირი დრო არ გვქონდა, რომ მაღაზიებში და მასალის საყიდლად დიდხანს გვევლო.
დასვენების დღეებში დავდიოდით ყველაფერზე, ჩამოწერილი მქონდა ხოლმე რა უნდა მეყიდა. ბავშვებიც თან დაგვყავდა, რადგან დასვენების დღეებში დამტოვებელიც არ გვყავს. პატარა 1 წლის იყო და მასთან ერთად გვიწევდა ისეთ ადგილებში სიარული, როგორიცაა მაგალითად ელიავას ბაზრობა. ამის გამო სწრაფად ვარჩევდით ყველაფერს, მალე ვიღებდით გადაწყვეტილებებს, რომ დრო არ დაგვეკარგა და შედეგად ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს მოსდევდა რთულებებიც, თუ რამე არ გამოდგებოდა, მეორე დღეს ვერ გამოსწორდებოდა ისევ სამსახურებიდან გამომდინარე და ასე იწელებოდა ხოლმე დრო, თორემ კიდევ უფრო მალე მოვრჩებოდით.

ხელოსნებმა საერთო ჯამში გაგვიმართლეს. თავიდან ბრიგადა ავიყვანეთ და გადავეცით ჩვენი სახლი, რომ ყველაფერი გაეკეთებინათ, მაგრამ რემონტის დაწყებიდან პირველი კვირის თავზე დავემშვიდობეთ, იმდენად ბევრი რამ მოგვატყუეს მცირე დროში. შემდეგ უკვე ჩვენს ახლობელ ხელოსნებს მივმართეთ დახმარებისთვის და ამჯერად გაგვიმართლა, პასუხისმგებლობით მოეკიდნენ საქმეს.

- ინტერიერის რა სტილზე შეაჩერეთ არჩევანი?
- ზემოთ ვახსენე კიდეც და განვმეორდები, რომ ყველა დეტალზე და ნივთზე ნაფიქრი მქონდა. მაქსიმალურად მინდოდა სადა ყოფილიყო და არ გადამეტვირთა არაფრით, შეძლებისდაგვარად გამომივიდა კიდეც. ბევრი საჭირო და აუცილებელი ნივთი გვაქვს ჯერ კიდევ შესაძენი, მაგრამ მთავარი გაკეთებულია. ავეჯი, დეკორის და სხვა ნივთები სხვადასხვა მაღაზიაში მაქვს ნაყიდი. 
სასურველი ნივთების პოვნა ვთვლი რომ საქართველოში რთული არ არის. ყველაფერი იყიდება, მთავარია, ფინანსები გქონდეს გათვალისწინებული ამისთვის.

არჩევანი თანამედროვე სტილზე შევაჩერე. მინდოდა, რომ სახლის ყოველ კუთხეში და ყოველ ნაბიჯზე ყოფილიყო კომფორტი და სისადავე უნდა მეგრძნო, სადაც ძირითადი ფერი თეთრი იქნებოდა, ამიტომ თანამედროვე სტილი ვარჩიეთ. დიზაინში არანაირი გამოცდილება არ მქონდა და ფაქტობრივად, მარტომ დავგეგმე, გავანაწილე სივრცე და მოვაწყვე ინტერიერი. ეს ალბათ შინაგანად აქვს ადამიანს ან არ აქვს, სივრცის აღქმა, გემოვნება და რაც მთავარია, საქმის დაწყების და ბოლომდე სრულფასოვნად მიყვანის სურვილი.

- რას ურჩევთ მათ, ვინც ახლა იწყებს რემონტს?
- ვინც ახლა აპირებს რემონტს, მათ ვურჩევ სწორად დაგეგმონ ყველაფერი წინასწარ, ყველა ელექტრო თუ სხვა გაყვანილობის წერტილი კარგად გადაწონონ და მოიფიქრონ, ასევე გათბობის, რადიატორების ადგილებიც საკმაოდ სწორად უნდა გაითვალოს. მსგავსი პატარა შეცდომები გამოუცდელობიდან გამომდინარე თავიდან ჩვენც დავუშვით და ამიტომ კარგად გათვალეთ. დახუჭეთ თვალები და რეალობაში წარმოიდგინეთ თქვენი სახლი, სამზარეულო, მოსასვენებელი ოთახი და სწორედ ამ ინტუიციას და ფიქრებს მიჰყევით. ისე გააკეთეთ, როგორც თქვენ მოგწონთ, რადგან იქ თქვენ უნდა იცხოვროთ.
და ბოლოს ყველაზე მნიშვნელოვანი: ხელოსნები შეარჩიეთ ძალიან, ძალიან დაკვირვებით და არასოდეს გადაუხადოთ წინასწარ ფული.

ჩემი სახლი ნამდვილად გულწრფელად შემიძლი ვთქვა რომ არის ის, რაც მინდოდა და ჩაფიქრებული მქონდა, ის რაზეც წლების განმავლობაში ვოცნებობდით მეც და ჩემი მეუღლეც, ყველა კუთხეში და ყველა სივრცეში იგრძნობა ჩემი ხასიათი და ყველა კუთხეს ეტყობა ჩემი ხელი და ის, რომ გულით არის ყველაფერი ნაფიქრი.

კომენტარები

katerina 2020-07-02 13:14
dzzalian visiamovne
ნინო 2020-06-26 12:52
იატაკი სიმყუდროვეს აკარგვინებს
ხის თბილი ფერის იატაკი მოუხდებოდა.
იზი იზოლდა 2020-06-20 22:27
ინტერიერში ფერები საუკეთესოდ ზის
სალი 2020-06-20 22:25
როგორ მომეწონა. საქართველოს სახლებს არ გავს
თბილისელი 2020-06-16 20:07
არ მომეწონა.ცივი სახლია ჩემთვის და ფოტოებიც ცუდად არის გადაღებული.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები