"ჩემს სახლს ჰქვია "მშვიდი" - ქართველი ხელოვანის ეკლექტური ბინა 37 კვ.მ ფართში

ჩვენი მკითხველი უკვე იცნობს დეკორატორსა და ფლორისტს მზიკო კალანდაძეს. ის ყვავილებით, მცენარეებით საოცარ ისტორიებს და ამბებს ქმნის. მზიკო ადამიანების დღესასწაულს უფრო ფერადს, ლამაზს და ჯადოსნურს ხდის. ამჯერად მას განსხვავებულ ამპლუაში წარმოგიდგენთ. სულ ახლახან მზიკომ თბილისის ერთ-ერთ უბანში სახლის რემონტი დაასრულა. სახლიც ისეთივე მყუდრო, დახვეწილი, მშვიდი და ფერადი გამოვიდა, როგორც თავად რესპონდენტია.

- მზიკო, რასთან ასოცირდება თქვენთვის სახლი, მყუდრო კერა?
- ხომ არსებობს გამოთქმა „ჩემი სახლი, ჩემი ციხესიმაგრეა“ - იცი, ამ გამოთქმაზე მიფიქრია. ჩემი სახლი ციხესიმაგრე არ არის, ის არის ადგილი,
თავისი ფერით, თავისი სუნით, თავისი აურით. ჩემს სახლს ჰქვია "მშვიდი“.

- მოგვიყევით სახლზე, რომელის რემონტი სულ ახლახან დაასრულეთ. არის ეს ის, რასაც დიდი ხანი ელოდით?
- სახლს არ აქვს ციხესიმაგრის კედლები. თბილისურ ეზოში დგას და კედლებიდან მეზობლების ხმა მესმის. საოცარი ადამიანები არიან, თბილი... ცხოველები ჰყავთ და უყვართ. სახლი ჩემთვის მარტო თავზე ჭერი არ არის, ეს არის ადგილი, სადაც მიხარია და ზუსტად ვიცი, ყველა კარგად გრძნობს თავს, ვინც მოდის. თან ჩემს სახლზე გიყვებით, თან ოთახში ვზივარ, ჩართული მაქვს ძალიან დაბალ ხმაზე მუსიკა. ფირსაკრავს თავისი ემოცია აქვს და ჩემმა მეგობარმა ზუსტად ის მაჩუქა, რითაც გამაბედნიერებდა. ვზივარ და ვფიქრობ - მე ეს შევძელი, მე ეს გამომივიდა.

მოკლედ, დიდი ხნის მანძილზე ვცხოვრობდი ქირით და ერთ დღესაც ისე მოხდა, რომ სახლი უნდა დამეცალა. ვიჯექი და ვტიროდი, რადგან 10 წელი ისე ვცხოვრობდი იმ სახლში, ჩემი მეგონა. მერე დავიწყე ძებნა. მეგობრების ჩართულობით ვიპოვე პატარა სახლი თბილისურ ეზოში. ეზო ცალკე ამბავი იყო. ეზო იყო ამ სახლის სავიზიტო ბარათი, ასწლოვანი ცაცხვის ხეებით. ორნამენტებიანი აივნებით, მუდამ გამოფენილი სარეცხით. მოაჯირზე, მზეზე მიფიცხებული ფისოებით და ეზოში ნარდის მოთამაშეებით, ველოსიპედიანი ბავშვებით.

სახლი, რომელიც ამ ავთენტურ და ნამდვილი კოლორიტით სავსე ეზოში იდგა და ჰქონდა - არაფერი. აი, არაფერი არ იყო. პატარა ფართი, გაუგებარი ტიხრებით, უფერო შპალერით. ის რაც ჰქონდა, იყო სხვენი.

როცა ეს სხვენი აღმოვაჩინე, მივხვდი, რომ ამ სახლის ჯადოსნური ისტორიები მე უნდა შემექმნა და ამაში ეს სხვენი დამეხმარებოდა. ზოგადად იღბლიანი ადამიანი ვარ და ჩემი იღბლიანობა გამოიხატება იმაში, რომ საოცარი ადამიანები მეგზავნებიან ცხოვრებაში. ჩემი მეგობრები, რომლებსაც ჩემი სჯერათ. ჰო, და ასე გვჯეროდა, რომ არაფრისგან ჩვენ შევქმნიდით ყველაფერს. და ესე დაიწყო... დაიწყო სიტყვა - რემონტი. მოდიოდნენ ხელოსნები, შეხედავდნენ, „არა არ გამოვა“, „ეგრე არ ივარგებს“, „აუ, ეს პატარაა და საჩალიჩოა“, „არა, არ მცალია“, აუ, აუ, და კიდევ აუ..." და მიდიოდნენ. მერე ვიპოვეთ ისინი, ვისაც ჩვენსავით ინტერესი ჰქონდათ და ასე ვაქციეთ სხვენი საძინებლად. სახურავში გავაკეთეთ ფანჯარა - ცაში.

- როგორც თქვით, არც ისე დიდი ფართია. რა აუცილებელი კრიტერიუმებია გასათვალისწინებელი პატარა ბინის მოწყობისას? თქვენ რას მიაქციეთ ყველაზე დიდი ყურადღება?
- 37 კვმ-ია. სხვენის ფართის დამატებით ვაქციეთ 60-ად.
მე არ მაქვს „რეცეპტი“, როგორი უნდა იყოს პატარა ფართი როცა აგეგმარებ. სახლები ბინადრებს გვანან. ჩემი სახლიც მე მგავს. კედლები ღია ფერია ჭერი თეთრია, არსად არ მაქ ცენტრალურ ადგილას ჭაღი, არ მაქვს დიდი და მძიმე ავეჯი, არ მაქვს საძინებლის კარადები, არ მაქვს ბევრი რამე ისე, როგორც თურმე „უნდა“ იყოს. თუმცა ყველაფერი ისე მაქვს, როგორც მოუხდა. ჩემი აზრით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი არის განათება, მზის განათება. თუ სახლი ნათელია, უკვე ძალიან კარგია. მიყვარს ფერები. ჩემი სახლი ფერადია. ნივთები ბევრია  თუმცა ყველა ნივთი, გარდა იმისა, რომ თავისი ისტორია აქ და ძვირფასია, ერთმანეთს უხდება და ყველაფერი ერთად - სახლს.

- როგორც ჩანს დიდი ყურადღებას აქცევთ გამწვანებას. რომელი მცენარეებით გაალამაზეთ სახლი და რატომ?
- მიყვარს ფოთლოვანი მწვანე მცენარეები. ბევრი მაქვს და კიდევ მეტი მინდა მქონდეს. სახლის გარეთ მიყვარს მოყვავილე მცენარეები და სახლში მარტო ფოთლოვნები.

- დიდი გამოხმაურება მოჰყვა ინტერნეტსივრცეში თქვენი სახლის ფოტოებს. ელოდით ასეთ რეაქციას?
- ჩემმა მეგობარმა მთხოვა, რემონტის ჯგუფში დამედო ჩემი სახლის ფოტოები და მეც დავდე. რამდენიმე საათში ათასობით მოწონება გვქონდა, ათასობით კომენტარი. ყველა ისე კეთილ სურვილებს მწერდა, თაობებს ეყოფა. ზოგიერთმა კი მითხრა, ეს რა ჯუნგლები მოგიწყვიაო, რამდენი ნივთია, რა სიჭრელეაო. ამას როგორ ალაგებო, წვიმის ხმა შემაწუხებდაო. და რა ვიცი. თუმცა მე მიყვარს წვიმის ხმა. ახლაც სავარძელში ვზივარ, ზაფხულის წვიმის ყველა წვეთის ხმა ფონად მომყვება. დღემდე მწერენ ადამიანები თავიანთ რემონტზე. მიგზავნიან თავიანთი სახლის ფოტოებს, მეკითხებიან რჩევებს და მეც ვუზიარებ დაუზარებლად, რაც ვიცი. პინტერესტზეც არის უკვე სახლი და სხვა გვერდებზეც. არადა, ესაა სახლი, რომელიც მეგობრებთან ერთად შევქმენით. რამდენიმე კომპანიამ მომწერა, ხომ არ გინდათ ჩვენთან მუშაობა სცადოთო. მეცინება, რა საინტერესოა ცხოვრება.
სახლში ბევრი ნივთია, ნახატები, პრინტები. ჩემი მეგობარი ფოტოგრაფების უმაგრესი შავ-თეთრი ფოტოების გალერეა მაქვს. არ მიყვარს, კედლები რომ არაფერს ამბობენ.

- თქვენს აბაზანაშიც შევნიშნეთ ფოტოები...
- აბაზანაც საინტერესო გამოვიდა... მცენარეები იქაც არიან. ვცდილობ სხვადასხვა სეზონზე რაღაცები შევცვალო, გადავაწყო, შევუფერო.
ეს ჩემი პირველი ინტერვიუა სახლზე. უცნაური შეგრძნებაა. თუმცა ცხოვრებაც ხომ სახლია და ის ისეთი გამოდის, როგორიც გჯერა და როგორსაც მოიწყობ და მერე რაზეც გთხოვენ, მოყვე ამბები... ჰოდა, აი მეც ვყვები იმაზე, რისიც ყოველთვის მჯეროდა - რომ მე მექნებოდა სახლი და იქ იქნებოდა - სიმშვიდე და მყუდროება...
დიდი სიყვარულით მზიკო , მზიკოს სახლიდან.




მერი ბლიაძე

კომენტარები

Ნატო 2023-02-22 00:28
Ფანჯარა ცაში სუპერ❤
ვიკა 2020-09-26 10:44
თვითონ ხარ საყვარელო ძალიან კარგი. სახლიც შენნაირი გაქვს.
მზიკო 2020-08-23 05:47
საყვარელო მიყვარხარ შენს გემოვნებიან სახლთან ერთად ბედნიერებას გისურვებ....
lia 2020-08-10 09:51
sikeTeSi!
თეონა ჩხაიძე 2020-08-07 12:10
არაჩვეულებრივი პიროვნება არაჩვეულებრივი, საოცრად მყუდრო ბინით !!!
ბევრი სიხარული თქვენ :)

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები