"ეს არის ის, რაზეც ბევრჯერ მიოცნებია..." - როგორ მოაწყო ცოლ-ქმარმა საოცნებო ბინა ზღვის პირას

სოფო მჟავანაძე ორი შვილის დედაა. პროფესიით - უცხო ენების სპეციალისტი, თუმცა გარდა ამისა, დიდი გატაცება და ბავშვობის სიყვარული აქვს - ხატვა. სწორედ ეს ნიჭი და სიყვარული გამოადგა საყვარელი ბინის მოწყობისას, რომელიც გონიოში მან და მისმა მეუღლემ შეიძინეს და ყველა ჩანაფიქრი თავად განახორციელეს. 

- „ჩემი სახლი ჩემი სამყაროა“ - მე ასე ვფიქრობ. მე და ჩემი ოჯახი ვცხოვრობთ თბილისში, გვაქვს ჩვენი საყვარელი, არც ისე დიდი, კომფორტული ბინა, რომელიც ექვსი წლის წინ შევიძინეთ და ასე ვთქვათ ნულიდან დავიწყეთ ცხოვრება. ეს ბინა ჩვენთვის პირველი იყო და შესაბამისად,
ვერ ვერკვეოდით ბევრ დეტალში. დიდ საფიქრალში ვიყავით ჩავარდნილი. მაგრამ ზუსტად ვიცოდით, რომ უნდა ყოფილიყო ნათელი, მოდერნისტული შტრიხებით და არ უნდა ყოფილიყო გადატვირთული ავეჯით. ბევრი ფიქრის და წვალების შემდეგ გამოვიდა, ისეთი როგორიც გვინდოდა.

ბინის სწორი დაგეგმარება და ინტერიერზე მუშაობა, როცა არ ხარ სპეციალისტი, რთული ყოფილა. თუმცა ძალიან მომეწონა ეს სფერო და ნამდვილად დამეხმარა ჩემი მხატვრული ხედვა და ხატვის სიყვარული. საკმაოდ აზარტული პროცესია. ფიქრობ, ქმნი ისეთ მნიშვნელოვანს, სადაც მთელი ცხოვრება უნდა იცხოვრო. ჩემს მეუღლეს სულ ვეუბნებოდი, ნეტავ კიდე გვქონდეს ბინა გასარემონტებელი-თქო. წლების შემდეგ ამიხდა ეს ოცნება და შევიძინეთ ბინა გონიოში. საოცარი შეგრძნება იყო ჩემთვის ბინა ზღვის პირას.

ბინა ზღვის პირველ ზოლში აშენებულ კორპუსში შევიძინეთ. ბევრი ვიარეთ, ვეძებეთ ვათვალიერეთ, რომ ყოფილიყო მშენებლობის ხარისხის დონე მაღალი და ყველა სტანდარტი გათვლილი და დაცული. ეს უმნიშვნელოვანესია, როცა ბინას ყიდულობ. შემდეგი მოთხოვნა იყო, ხედი ზღვისკენ. ბინას საოცარი ხედები აქვს - ზღვისენ და მთებისკენ, დიდი აივანი და ფაქტიურად ეს არის ის მნიშვენლოვანი დეტალი, რამაც მოგვხიბლა. შავი კარკასი იყო და დავიწყეთ გარემონტება. პირველ რიგში მოვძებნეთ ხელოსნები და დავიწყეთ ფიქრი, როგორი გავაკეთოთ. აქ უკვე იჩინა თავი გამოცდილებამ, რაზეც უკვე ვისაუბრე. მართალი გითხრათ, ბევრი არ გვიფიქრია, რადგან ბინა, რომელიც ზღვის პირას მდებარეობს უნდა იყოს მაქსიმალურად სადა, ნათელი და ზღვასთან შერწყმული ტონებით. ამის შემდეგ უკვე დავიწყეთ ინტერიერზე მუშაობა, გავახალისეთ შესაფერისი ავეჯით თუ აქსესუარებით, რომ მეტი მყუდროება შეგვექმნა.

ინტერიერის მოწყობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი არის განათება, სულ პაწაწინა ფართიც კი შეგიძლია ფერების და შუქჩრდილების თამაშით გაზარდო. მოგეხსენებათ, რთულია ისიც, რომ სახლს არემონტებ და ხშირად ვერ ნახულობ მანძილის გამო, ვერ ერთვები პროცესებში, მაგრამ ამავე დროს სინტერესოცაა - ჩადიხარ და ბევრი დეტალი დასრულებული გხვდება, მითუმეტეს ისე შესრულებული, როგორიც გინდოდა და ხელოსანს როგორიც აუხსენი, ზუსტად ისეთი გაგიკეთა. ეს მართლაც კარგი შეგრძნებაა და დასაფასებელი დღესდღეობით. ჩემი მეუღლე ტელეფონით სულ ჩართული იყო პროცესში. თბილისიდან ვაგზავნიდით მასალებს. რამდენიმე თვე დასჭირდა, მაგრამ ძალიან კარგი გამოვიდა. საბოლოოდ გამოვიდა ისეთი, როგორიც მინდოდა.

სტილი მოდერნისტულია და ასეც უნდა ყოფილიყო ზღვისპირა ბინის შემთხვევაში. რაღა თქმა უნდა, მეც მომწონს ეს სტილი. თუმცა ამ ბოლო დროს შერწყმულიც მხიბლავს, უფრო საინტერესოა და რთული, უფრო ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი. ეს უკვე გემოვნების საკითხია, ვის როგორი მოსწონს.
ძალიან მიყვარს ჩემი ზღვისპირა კუთხე - ასე დავარქმევდი. ჩემი საყვარელი კუთხეც მოვიწყვე აივანზე, ფინჯანი ყავა, მზის ამოსვლა მზის ჩასვლა და ზღვის ტალღების ხმაური. აი ეს არის ის, რაზეც ბევრჯერ მიოცნებია.


რაც შეეხება რჩევას მათთვის, ვინც ახლა აპირებს ბინის გარემონტებას, ნუ იფიქრებთ ბევრს, მთავარია შეარჩიოთ ოთახების სწორი დაგეგმარება და რაც უკვე ვახსენე - ფერები და განათება. სარკეებიც გამოიყენეთ, ვისაც გიყვართ. როცა ფართი პატარაა, სივრცეს ქმნის და ლამაზია საკმაოდ. არ დატვირთოთ ბევრი ავეჯით, მინიმალიზმი ყოველთვის მომგებიანია. დატვირთეთ ინტერიერისთვის შესაფერისი აქსესუარებით და კედლის სურათებით. ყველას გყავთ საყვარელი მხატვრები, შეარჩით ნახატები, აქაც გაითვალისწინეთ ფერები და ხასიათი. დაპრინტინეთ ტილოზე, სხვათა შორის, არის ეს მომსახურება საბედნიეროდ. შეიქმენით მეტი კომფორტი იმის მიხედვით, რისი საშუალებაც გაქვთ.

კომენტარები

lela 2020-10-24 22:32
ძალიან ლამაზი სახლი გამოგივიდათ, სადა და გემოვნებიანი. ბევრი ბედნიერი წუთი გაგეტარებინოთ ამ ჭერქვეშ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები