როგორ გარდაქმნა ორი შვილის დედამ ერთოთახიანი "ხრუშჩოვკა" - "რემონტი სრულიად მარტომ გავაკეთე"

ე.წ. ხრუშოვკის მეპატრონეები დაგვეთანხმებიან, რომ ასეთ პატარა სახლში ცხოვრება არც ისე პრაქტიკული და მოსახერხებელია. თუმცა სიტუაციიდან გამოსავალი ნამდვილად არსებობს და ეს გამოსავალი ლინდა კვერნაძემ იპოვა კიდეც. დიდი ძალისხმევის, მონდომების, შრომის შემდეგ შეძლო და ერთოთახიანი ე.წ. ხრუშჩოვკის ბინა ლამაზ აპარტამენტად აქცია, რომელმაც ინტერნეტსივრცეში დიდი მოწონება დაიმსახურა. თუ როგორ შეძლო ეს, ლინდა თავად მოგვიყვება.

- პროფესიით ექიმ-სტომატოლოგი ვარ. ინტერიერის დიზაინთან დიდი შეხება არ მქონია, მაგრამ სოციალურ ქსელში ატვირთულმა ჩემი ერთოთახიანი ბინის ტრანსფორმაციამ მართლაც დიდი გამოხმაურება გამოიწვია. არ მეგონა, ამდენ დადებით კომენტარს და შეფასებას
თუ მივიღებდი.
სახლი, რომელიც ახლახან გავარემონტე მდებარეობს ქავთარაძის ქუჩაზე, არის ერთოთახიანი ე.წ. ხრუშოვკა, რომელიც დაახლოებით 14 წლის წინ შევიძინეთ. ეს ბინა ძალიან მიყვარდა, სტუდენტობა, მეგობრები, შეკრებები, მასთან ძალიან ბევრი დადებითი ემოცია მაკავშირებდა. მიყვარდა, მაგრამ ცოტა არაპრაქტიკულად მეჩვენებოდა, გაურკვეველი დერეფნისა და საძინებლის ცალკე არქონის გამო. აქედან წამოვიდა იდეა, რატომაც არა, ჩემთვის ასეთი ძვირფასი და საყვარელი ბინა ამავე დროს პრაქტიკულიც გამხდარიყო, ჰოდა, დავიწყე რემონტი.

- პირველი სახლია, რომლის რემონტიც ითავეთ?
- რემონტის გამოცდილება ნაწილობრივ მქონდა, დაახლოებით სამი თვის დამთავრებული მაქვს სხვა სახლის გარემონტება. ჩავთვალე, რომ ამასაც წარმატებით გავართმევდი თავს და მგონი გამომივიდა კიდეც.
რემონტი რომ დავიწყე, ზუსტად ვიცოდი რაც მინდოდა, ამიტომ დიზაინზე ბევრი არ მიფიქრია, ღია ფერები, მაქსიმალურად ფართის ათვისება, კომფორტული და თანამედროვე სტილი. მთავარი მიზანი სწორედ ეს იყო...

- დიზაინერის მომსახურებით ისარგებლეთ თუ თქვენ თავად დაგეგმეთ სახლის დიზაინი?
- დიზაინერის აყვანა არ მიფიქრია, ჩავთვალე, რომ თავადაც გავართმევდი თავს.

- არ არსებობს რემონტი სირთულის გარეშე. ყველაზე მეტად რა პრობლემებს აწყდებოდით რემონტის დროს?
- დიახ, რემონტის მსვლელობისას სირთულეებიც იყო, თუმცა ძირითადად არაკვალიფიციური ხელოსნები, რომლებმაც თავდაყირა დააყენეს ჩემი გეგმები და ჩემი რემონტი ერთი თვით დააგვიანეს.

- რაც შეეხება მასალებს, გქონდათ არჩევანის საშუალება? ყიდულობდით იმას, რაც მოგწონდათ?
- ვფიქრობ, ქართული ბაზარი გაჯერებულია სამშენებლო პროდუქციით. აქ ყველაფერს მაინც ფინანსები წყვეტს, თუმცაღა არის რამდენიმე ადგილი, სადაც არის შესაძლებლობა შეიძინო სასურველი პროდუქცქია ხელმისაწვდომ ფასად.

- რემონტის დროს ვინ გედგათ გვერდით, ვინ იზიარებდა საქმეს და ვინ გეხმარებოდათ?
- რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, რემონტი სრულიად მარტომ გავაკეთე. სასიამოვნო იყო ოჯახის წევრების გაოგნებული სახის ყურება, როცა ბინის კარი გააღეს.

- როგორც აღნიშნეთ, დიზაინერის მომსახურებით არ გისარგებლიათ. ინტერნეტი დაგეხმარათ იდეების მოძიებაში?
- რა თქმა უნდა. არ მგონია, ვინმე რემონტს იწყებდეს და თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს სასურველი ინტერიერის დიზაინის ძიებაში არ ატარებდეს.

- დღეს მეტი გამოცდილება გაქვთ, ვიდრე მაშინ გქონდათ, როცა რემონტს იწყებდით. ამ გადმოსახედიდან შეცვლიდით რამეს?
- ეს ის შემთხვევაა, როცა შედეგით აბსოლუტურად კმაყოფილი ვარ. ეს არ არის ჩემი ოცნების სახლი, ეს არის სახლი, რომელიც მიყვარს. ზოგადად არ ვარ მეოცნებე და არც რამე კონკრეტულ სახლზე ვოცნებობ. თუ რამეს ვაკეთებ, მასში მთელ ჩემს ენერგიას ვდებ. ვფიქრობ, რომ მთავარია მოგწონდეს ის, რასაც აკეთებ. არ აქვს მნიშვნელობა, ეს 30 კვადრატი იქნება თუ 150, მთავარი მიზანია.



მერი ბლიაძე

კომენტარები

ვითომ? 2020-12-25 17:06
ყველაფერი მე თვითონ გავაკეთე” რას ნიშნავს, - სანტექნიკა თვითონ გააკეთეთ? მილები თვითონ გაიყვანეთ და მიადუღეთ? კერამიკული ფილები თვითონ დაჭერით და მიაკარით?..არ მჯერა!

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები