"წარმოუდგენელი იყო ქმარ-შვილის ემოცია... მეგობრები არ მიჯერებდნენ, ფოტოშოპი ეგონათ..." - ახალგაზრდა ქალი, რომელმაც მარტომ ერთ კვირაში სახლი საკუთარი ხელით გააახლა

ნანა კუტიბაშვილი ძალიან აქტიური და მრავალფეროვანი ცხოვრებით ცხოვრობს. ბოლო პერიოდში, არაერთ საქმესთან ერთად, რემონტსაც მოკიდა ხელი და ერთ კვირაში, სრულიად მარტომ სახლში საოცარი ამბები დაატრიალა - იატაკი, კედლები, ჭერი, შიდა კარი საკუთარი ხელით შეღება, ამასთან, ძველი ავეჯი გააახლა და ახალი სიცოცხლე აჩუქა. მისმა პოსტმა ჯგუფ "რემონტში" დიდი მოწონება დაიმსახურა და ჩვენი ყურადღებაც მიიპყრო.

- მყავს მეუღლე, ქალიშვილი და ოთხფეხა მეგობარი მია. ვარ დიასახლისი. სამწუხაროდ, უმაღლესი განათლება ვერ მივიღე, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია ჩემს ცხოვრებაში. ძალიან მიყვარს მოგზაურობა, ხატვა, ძერწვა,
ცხოველები, ბუნება და, რა თქმა უნდა, ადამიანები. ვარ ძალიან აქტიური, სულ მეჩქარება, საქმეს რომ ვიწყებ, ძალიან სრაფად უნდა მივიყვანო ბოლომდე. პანდემიის დროს უამრავი დრო მქონდა. ძალიან მწყდებოდა გული, ამდენი დრო უაზროდ რომ მეკარგებოდა. დავიწყე ინგლისურის გაკვეთილებზე სიარული, შემდეგ - ბისერებით სამკაულების აწყობა. მერე კი მანიკიურმა დამაინტერესა, გავიარე კურსები და გავხდი მანიკურის სპეციალისტი. ეს საქმე უზომოდ მანიჭებს სიამოვნებას.

- აღსანიშნავია, რომ ამ ყველაფერთან ერთად, რემონტის საკითხშიც გარკვეული გამოცდილება გაქვთ. რატომ გადაწყვიტეთ, მარტოს გაგეკეთებინათ რემონტი?
- რამდენიმე წელია, მამის გარდაცვალების მერე დავბრუნდით მამისეულ სახლში. სიმართლე გითხრათ, მისახედი იყო და ძალიან ზედაპირულად მივხედეთ. მაშინაც - ჩვენი რესურსებით, მუშები არ აგვიყვანია, მეუღლე და მეგობრები მეხმარებოდნენ. შემდეგ მეუღლეს დრო არ ჰქონდა, ფინანსებიც კერძო სახლს მეტი უნდა და რაღაც ვერ მოვაბით თავი. პანდემიის დროს, მეუღლემ აგარაკზე პატარა სახლის აშენება წამოიწყო. მე მარტო ვიყავი, დროც უხვად მქონდა, ამიტომ გადავწყვიტე ჯერ სამზარეულოს შევჭიდებოდი და გამელამაზებინა. ისე მომეწონა პროცესი, რომ მერე ეზოში პატარა მოსასვენებელ ადგილას ფილებიც დავაგე. შემდეგ სამუშაო კაბინეტის დროც დადგა. კაბინეტის შემდეგ მივხვდი, რომ შემოსასვლელი აღარ მომწონდა და სასწრაფოდ გონებაში გეგმები დავაწყე, რა მინდოდა. მეუღლის მორიგი წასვლის დღეს, ვიცოდი, ზუსტად ერთი კვირა მქონდა დრო მის ჩამოსვლამდე, შევუდექი საქმეს...
პროცესში ბევრჯერ შევიცვალე აზრი, საბოლოოდ ამ სახით დავასრულე. მეუღლე ალერგიულია. როცა მიდის და მარტო ვრჩები, ზუსტად მაშინ ვაკეთებ მსგავს საქმეს, რათა ავარიდო ეს ქიმია.

- საერთოდ არავინ არ დაიხმარეთ?
- ამ კონკრეტულ პროცესში, ჭაღის შეცვლა მინდოდა და, რა თქმა უნდა, მარტო ვერ შევცვლიდი, ამიტომ მეგობარი დავიხმარე. სხვა ყველაფერი ჩემი ხელით გავაკეთე.

- ეტაპობრივად მოგვიყევით, რა ეტაპები გაირეთ რემონტის დროს?
- თავიდანვე დავგეგმე შემოსასვლელის მოწყობა. პირველი პრობლემა იყო იატაკი. ვერ ვხვდებოდი, რა უნდა გამეკეთებინა, თუმცა ბევრი არც მიფიქრია. ინსტაგრამზე უამრავი საინტერესო მასალაა, ერთ-ერთი მომეწონა, კონკრეტულად, ეს პრინციპი, მარმარილოს ეფექტით. აღმოჩნდა, რომ ქართულ ბაზარზე არაა ეს მასალა. ორი დღე ვიარე. მოვიარე თუკი შეიძლებოდა სადმე მისვლა და კითხვა, თუმცა არავის არ ჰქონდა და არც იცოდნენ, რა იყო. შემთხვევით ფეისბუქ გვერდზე ვნახე კომპანია, რომელსაც ზუსტად ორი დღის შემოტანილი ჰქონდა ეს მასალა. შემდეგ ზუსტად ამ იატაკზე ავაწყე მთელი შემოსასვლელის გეგმა, ამიტომაც პროცესში ბევრჯერ შევიცვალე აზრი. საბოლოოდ მიიღო ასეთი სახე შემოსასვლელმა. ყველაფერი ზუსტად ერთ კვირაში დავასრულე.

- რთული არ იყო, არ გაგიჭირდათ მარტოს?
- თავიდან არა, საინტერესო და სახალისო იყო. თუმცა, მესამე დღეს მივხვდი, რომ დავიღალე და ჯერ არაფერი არ მქონდა გაკეთებული. არადა, ასე ხომ ვერ დავტოვებდი. ვინანე ძალიან, მაგრამ არ დავნებდი, ვიბრძოლეთ მე და შემოსასვლელმა, მაგრამ მაინც მე გავიმარჯვე.

- როგორც ვიცი, ძველი ნივთებიც საკუთარი ხელით გააახლეთ, მაგალითად, შიდა კარი, სკამები. ინფორმაციას ვისგან, ან სად იღებით, რა როგორ უნდა გაკეთებინათ?
- პირველად მეუღლემ გააკეთა მაგიდა, საკერავი მანქანის ფეხებზე ააწყო. ისეთი საინტერესო მომეჩვენა, რომ მეც გადავწყვიტე, ძველი ნივთი აღმედგინა. სამზარეულოს სკამების შეცვლა მინდოდა მანამდე და ვცადე. საბოლოოდ ისეთი გამოვიდა, როგორის შეძენაც მინდოდა. რა თქმა უნდა, დღეს სამზარეულოს მიმშვენებს ჩემი ხელნაკეთი სკამები. კარს რაც შეეხება, იყო ძველი და სტანდარტული, დიდი შუშებით. კედლებზე მოლდინგები დავაწებე და მივხვდი, რომ ამ დიდ შუშებიან კარებს მოუხდებოდა ტიხრები. რაც დამრჩა ამ კედლის მოლდინგიდან, გავაკეთე ტიხრები და შევღებე. მეც არ ველოდი, ისე მომეწონა ბოლოს.

- იატაკიც თავად შეღებეთ? როგორ დაამუშავეთ ზედაპირი, სანამ შეღებადვით და მარმარილოს ეფექტი როგორ მიიღეთ?
- შემოსასვლელის შეღებვა როცა გადავწყვიტე, მივხვდი, რომ მისაღები და სამზარეულოც უნდა შემეღება. გეგმაში არ მქონია, მაგრამ პროცესში გახდა საჭირო. ძველი ხის წითელი იატაკი შევღებე თეთრი, ჩვეულებრივი ხის საღებავით. შემდეგ შავი მარმარილოს ეფექტით მოვასხურე პულივიზატორი და ბოლოს უფერო პარკეტის ლაქი წავუსვი მეტი გამძლეობისთვის. რადგან იატაკის საღებავი ძირითადად მარტო წითელი და ყავისფერია გაყიდვაში, მე მაინც ვცადე თეთრი ხის საღებავი, არ ვიცი, რამდენ ხანს გაძლებს, მთავარია ჯერჯერობით კარგად გამოიყურება.

- საოაცარი ფერის კედლებია. როგორ მიიღეთ ეს კონტრასტი?
- ჩვეულებრივი ჭერის გამათეთრებელია, უბრალოდ, კარების საღებავი რომ ავარჩიე, მივხვდი, რა ფერის კედელი მოუხდებოდა. მინდოდა, რომ კარების ფერზე ღია ყოფილიყო, შევურიე ცოტა შავი ფერის პიგმენტი და გამოვიდა საბოლოოდ ეს ფერი.

- რა გამოცდილება მოგცათ ამ სამუშაომ და მომავალში უფრო დიდ მასშტაბს თუ შეეჭიდებით?
- ამ სამუშაოების მერე უკვე დავგეგმე ჩვენი და შვილის საძინებლის შეცვლა, ასევე - აბაზანის. დიდი სიამოვნება მივიღე ამ პროცესით. წარმოუდგენელი იყო მეუღლის სახე და ემოცია, როგორ მოეწონა ასეთი გარდასახვა, ასევე შვილის ემოცია. მართალია, ჯერ ფოტოებით ნახა, რადგან დასასვენებლადაა წასული. მეგობრები არ მიჯერებდნენ და ფოტოშოპი ეგონათ. და, რაც მთავარია, ყველაზე კმაყოფილი მე… ამ ემოციების მერე მივხვდი, რომ მგონი მართლა ლამაზი გამოვიდა და მინდოდა ყველას ენახა. დამიჯერეთ, არაა აუცილებელი ხელოსნების ბრიგადები და უამრავი თანხების ხარჯვა, როცა შეიძლება ძალიან ბიუჯეტურად (450 ლარში) ასე კოხტად გავალამაზოთ ჩვენი კუთხე. მით უმეტეს ქალმა, მარტომ შევძელი ეს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რემონტის ჯგუფში განმეთავსებინა ფოტოები. თუმცა ასეთ გამოხმაურებას და ემოციას ნამდვილად არ ველოდი. ბედნიერებისგან არ მეძინა, ისეთი ემოცია იყო ეს ჩემთვის, ამდენი უცნობი ადამიანის ასეთი ლამაზი სიტყვები. მადლობა „შინს“, რომ კიდევ გამიასმაგა ეს ემოცია.

მერი ბლიაძე

კომენტარები

ელიზა 2022-07-01 10:43
ყოჩაღ,რთული სამუშაო გაიარეთ,მაგრამ ღირდა,ყოჩაღ.
ნუცა 2022-06-30 16:52
ყველამ ვიცით რავ თანხებთანაა დაკავშირებული რემონტი. არაჩვეულებრივია ყველაფერი, ძალიან ხელმარჯვეა, იოლი არაა ესა ყველაფერი, სცადეთ და მიხვდებით რა შრომასთანაა დაკავშირებული
mari 2022-06-30 07:28
ძალიან ყოჩაღია!
აქ არ აქვს მნიშვნელობა რამდენად პროფესიონალურადაა გაკეთებული, რადგან არც აქვს ამის პრეტენზია. იყოჩაღა და გამოუვიდა იმაზე გაცილებით უკეთესი, ვიდრე იყო. წარმატებები, ნანა!
დდდ 2022-06-25 17:09
დაუჯერებელია ერთ ადამიანს კოლორიც შეერჩია და თავადაც შეეღება, ბრავო...
... 2022-06-25 17:08
მეტალო-პლასტმასზე თუ იღებთ შეკვეთებს?

კომენტარის დამატება