ცოლ-ქმარი, რომელმაც შვილის გაჩენის შემდეგ დაიწყო ეკოლოგიური საბავშვო ავეჯის შექმნა

ოთახი ის ადგილია, სადაც თქვენი პატარა ყველაზე მეტ დროს ატარებს, იზრდება და ვითარდება. ალბათ დამეთანხმებით, რომ ოთახში ავეჯი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია და სასიამოვნო გარემოს შექმნის პროცესში ქვაკუთხედის როლს ასრულებს. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რა მასალით არის შექმნილი ავეჯი, რომელიც ბავშვის ოთახში გვაქვს განთავსებული. ბევრმა არ იცის, რა უბედურების მომტანია ის წებო, ლაქ-საღებავები და სხვა დანამატები, რომლებიც თანამედროვე ავეჯის წარმოებისას გამოიყენება. ბევრი მათგანი დროთა განმავლობაში გამოყოფს მავნე ანაორთქლს და შხამავს გარემოს. როგორ შევარჩიოთ საბავშვო ავეჯი, რა უპირატესობა აქვს ხისგან დამზადებულ ავეჯს და
რა ზიანი შეიძლება მიაყენოს არაჯანსაღმა მასალამ ბავშვის ჯანმრთელობას, ამის შესახებ არქიტექტორ-დიზაინერი თამარ სისაური გვესაუბრა.

- რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვისთვის სწორად შერჩეული ავეჯი?
- პატარებისზრდა-განვითარებისთვის სწორად შერჩეული ავეჯი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელობანი დეტალია. მოგეხსენებათ, ბავშვისთვის საკუთარი ოთახისა და ავეჯის ქონა პირდაპირ ასოცირდება სიმყუდროვესთან, რაც დიდ როლს თამაშობს დამოუკიდებელი პიროვნების ჩამოყალიბებაში. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ გავითვალისწინოთ ყველა წვრილმანი და პატარებს შევუქმნათ კომფორტული გარემო. ამიტომ მუდმივად ძიების პროცესში ვართ. ცნობილი ექიმის და ბავშვთა ფსიქოლოგის მარია მონტესორის განმარტებით, ბავშვის სწორად განვითარების ერთ-ერთი პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ ბავშვს უნდა ჰქონდეს მისთვის შესაბამისი ზომის ავეჯი, რადგან დამოუკიდებლად შეძლოსმისით სარგებლობა. გარემომ უნდა უპასუხოს ბავშვის განვითარების თითოეული საფეხურის სენსიტიურ პერიოდებს.

- თავად როდის და რატომ გადაწყვიტეთ ეკო ავეჯის შექმნა?
- ამ იდეის მთავარი „ავტორი“ რეალურად ჩვენი შვილია. ყველაფერი ჯერ კიდევ მისი მუცლადყოფნის დროს დაიწყო. დადგა დრო, როცა მისთვის საჭირო ყველა ნივთი უნდა შეგვეძინა. წვრილმანების შემდეგ ჯერი ყველაზე აუცილებელზე, საწოლზე მიდგა. მე და ჩემი მეუღლე საგულდაგულოდ ვეძებდით იმას, რაც იდეაში გვქონდა წარმოდგენილი. დიდი ხნის ძებნის მიუხედავად ჩვენთვის სასურველი დიზაინის და ხარისხის მოდელი ვერ აღმოვაჩინეთ. რეალურად მთავარი სერიოზული პრობლემის წინაშე დავდექით და ეს იყო მასალა, რომლითაც მზადდებოდა საბავშვო საწოლები. აღმოჩნდა, რომ საქართველოს ბაზარზე არსებული შედარებით ხელმისაწვდომი მხოლოდ ე.წმდფ-ის მასალით დამზადებული საწოლები იყო, რომელსაც დროთა განმავლობაში სერიოზული ზიანის მიყენება შეუძლია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. როდესაც ხის საწოლების განხილვა დავიწყეთ აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი საწოლის მასალა იმდენად უხარისხო დაუმუშავებელი იყო, რომ კონსულტანტები პირდაპირ გვაფრთხილებდნენ, რომ იყო ხის ჭიის გაჩენის შანსი. მაგრამ იყო ამაზე მნიშვნელოვანი საკითხი, ის თუ რა საღებავით და ლაქით იყო დაფარული ეს საწოლები. ახლა მეცინება, რადგან როცა დაჟინებით ვითხოვდით საღებავის ან ლაქის უსაფრთხოების სერთიფიკატებს, რომლებიც ფიზიკურად არ გააჩნდათ, ძალიან გაოცებულები გვიყურებდნენ. პასუხად კი ვიღებდით ერთიდაიგივეს, რომ იყო წყლის ბაზაზე დამზადებული საღებავი. მაგრამ მინდა რჩევის სახით ყველამ გაითვალისწინოს, რომ მხოლოდ წყლის ბაზაზე დამზადება არ ნიშნავს, რომ უსაფრთხოება გარანტირებულია. ამ ყველაფრის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ საკუთარი ხელებით შეგვექმნა ჩვენი შვილის საწოლი. ჩემი მეუღლე, ნიკა გელაშვილი ხეზე კვეთის ოსტატია და ყოფილა მომენტებიც, რომ სახლისთვის ხის ნივთები დაუმზადებია, შესაბამისად ბაზა ქონდა. მე მხატვარ-არქიტექტორ-დიზაინერი ვარ და შესაბამისად მოდელის და ფერების შექმნა ძალიან გამიმარტივდა. მოვიძიეთ საუკეთესო ეკო, საბავშვო საღებავი საქართველოს ბაზარზე და შევუდექით საქმეს. საწოლი მართლაც იდეალური გამოვიდა. ამან მოგვცა სტიმული დავფიქრებულიყავით და მივყოლოდით ამ საქმეს. შედეგმა გაამართლა!

- რამდენად ინტერესდება ქართველი მომხმარებლის ხის ავეჯით, როცა ბაზარზე ბევრად იაფიანი მასალით შექმნილი ავეჯი მოიპოვება?
- დაინტერესება იმაზე დიდია, ვიდრე წარმოგვედგინა. არის კატეგორია, რომელსაც ურჩევნია გადაიხადოს ცოტა მეტი და ყველა თვალსაზრისით მშვიდად იყოს. ზოგი უბრალოდ ვერ აფასებს ამ ყველაფერს. რატომღაც ვერ წარმოუდგენიათ, რომ ხის მასალითაც შეიძლება შეიქმნას ძალიან თანამედროვე დიზაინის ნივთები, ეს ალბათ იმის ბრალია, რომ საქართველოში ჩვენს გამოჩენამდე ფიზიკურად არ იყო ის, რაც ხალხს უნდოდა.

- რა უპირატესობა აქვს ხის ავეჯს?
- ხის ავეჯს საკმაოდ ბევრი უპირატესობა აქვს. პირველ რიგში აღსანიშნავია ეკოლოგიური სიჯანსაღე. ამ საკითხს პირველი ადგილი უჭირავს ყველა თვალსაზრისით, რადგან დღესდღეობით ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც პირდაპირ ჯანმრთელობაზე აისახება, ეკოლოგიას უკავშირდება. ჩვენი იდეა და მიზანიც ეს იყო. მეორე ადგილზე ვიზუალური ეფექტია. ხის ბუნებრივ სახეს ვერანაირი პრინტი ვერ ჩაანაცვლებს. ასევე გამძლეობა, სიმკვრივე, ხარისხი და უნდა აღვნიშნო სუნი, რომელიც საოცარ სიმყუდროვესა და გარემოს ქმნის ოთახში.

- თვითონ ხის მასალებშიც არის განსხვავება?
- ხის ფიზიკური, მექანიკური და სხვა თვისებები განისაზღვრება მისი კომპოზიციისა და სტრუქტურის მახასიათებლებით. ხე არის ბოჭკოვანი, ანისოტროპული მასალა, რომლის თვისებები დამოკიდებულია ბოჭკოს მიმართულებით. ჩვენ ვიყენებთ, როგორც წიწვოვან ასევე ფოთლოვან ხის მასალებს. სხვადასხვა მასალა პირველ რიგში გამოირჩევა სიმკვრივით, ფერით და ა.შ. რაც შეეხება სარგებელს, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველანაირი ხის მასალა მიზანშეწონილია ჯანმრთელობისთვის.

- როგორ ხდება ხის ავეჯის წმენდა-გასუფთავება? რა რეკომენდაციას აძლევთ ხოლმე მშობლებს?
- ხის ავეჯის მოსავლელად მით უმეტეს საბავშვო ინვენტარისთვის არ არის აუცილებელი ძვირად ღირებული ხსნარების ყიდვა. საკმარისია წყლით დასველებული ზამშეს ნაჭრით წმენდა და თუ ავეჯი არ არის დაფარული საღებავით, ჩვენს მომხმარებლებს ვურჩევთ, რომ ავეჯი გაწმინდონ ნახატის ანუ ზოლების მიმართულებით. ასე უფრო მეტი ეფექტი ექნება და თან ხის ფორებიდანაც მოახერხებენ ზედმეტი მტვრის მოცილებას.

- რა ზიანი შეიძლება მიაყენოს არაჯანსაღმა მასალამ ბავშვის ჯანმრთელობას?
- ეს საკმაოდ დიდი განხილვის თემაა, რომელიც ერთ დიდ პრობლემად აღიქმება და რომლის აღმოფხვრა ჯერაც ვერ მოხერხდა. მე, როგორც მშობელს ბევრჯერ მომისმენია სხვა მშობლების წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვს გაურკვეველი მიზეზებით ინტოქსიკაციის დაუსრულებელი სიმპტომები ქონია და ბოლოს აღმოუჩენიათ, რომ ეს იმ მასალის ბრალი ყოფილა, რომლისგან აწყობილ საწოლშიც სძინებია პატარას... თავიდან თითქოს წარმოუდგენელი იყო ჩემთვისაც, მაგრამ ფაქტებით დავრწმუნდი, რომ თურმე სრულიად შესაძლებელი ყოფილა. ალბათ წარმოგიდგენიათ რა ხდება ამ დროს ბავშვის ორგანიზმში და გამოვლენილი სიმპტომების გარდა, კიდევ რა სავალალო შედეგი შეიძლება დადგეს. დღეს, როცა ონკოლოგიური დაავადებების ბუმია, რატომ უნდა გაატარებინო საკუთარ შვილს დროის ყველაზე დიდი მონაკვეთი, იმ ტოქსიკური და კანცეროგენული წებოთი გაჟღენთილ ავეჯთან, როცა არსებობს ალტერნატივა, თან რაც მთავარია ხელმისაწვდომ ფასად. თითქოს უპირატესობას ანიჭებენ დიზაინს, რადგან საქართველოს ბაზარზე ხის მასალით დამზადებული ავეჯი არ გამოირჩევა ტრენდულობით, თუმცა ჩვენი არსებობის დღიდან ეს შეუძლებელი ნამდვილად აღარ არის. მდფ, დსპ და ე.წ ხის შპონი, ვერასოდეს ვერ ჩაანაცვლებს ხის ბუნებრივ მასალას.

მერი ბლიაძე

კომენტარები

ნინო 2018-10-14 10:14
მივესალმები ამ შესანიშნავი იდეის ავტორებს. წარმატებები!

კომენტარის დამატება