ჟურნალისტი, რომელიც მოზაიკით დაინტერესდა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა

მოზაიკური ხელოვნების ფესვები ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის მე-4 საუკუნიდან იღებს სათავეს. დღეს კი დიზაინერები ერთხმად აღიარებენ, რომ მოზაიკური დეკორი კვლავ აქტუალურია. ჟურნალისტი ნინი აბრამიშვილი მოზაიკის ხელოვნებით სულ ახლახან დაინტერესდა. მისმა ნამუშევრებმა სოციალურ ქსელში დიდი მოწონება დაიმსახურა. 

- სრულიად განსხვავებული პროფესიის ხართ, მოზაიკით როდის დაინტერესდით?
- კი, აბსოლუტურად განსხვავებული პროფესიის ხართ, თუმცა ბავშვობაში ძალიან მიყვარდა სხვადასხვა ნივთების კეთება, ასე თუ ისე ხატვაც გამომდიოდა, მაგრამ მალე მივატოვე. მოზაიკით ზაფხულში დავინტერესდი, როცა სახლში რემონტი გვქონდა და კაფელის ფილები შემოგვრჩა. სწორედ ამ ფილებისგან გადავწყვიტე
ნამუშევრის შექმნა.

- რა შეფასებები მოჰყვა თქვენს პირველ ნამუშევარს?
- პირველი იყო ყაყაჩოები, რომელიც დედას ვაჩუქე. მისი დაბადების დღე ახლოვდებოდა და სწორედ ამიტომ გავაკეთე. სრულიად შემთხვევით ავტვირთე სოციალურ ქსელში და გაოცებული დავრჩი შეფასებებით და მომერიდა კიდეც, ამდენი ნიჭიერი ადამიანის ფონზე ასეთ კარგ შეფასებებს რომ ვიღებდი.

- რამდენად რთულია მოზაიკაზე მუშაობა? რაში მდგომარეობს მისი სირთულე?
- უპირველესად, დიდ ნებისყოფას მოითხოვს. შესაბამისად, როცა კარგ ხასიათზე ვარ, ეს ნებისყოფა არ მყოფნის. ნამუშევრები ყველაზე კარგად მაშინ გამომდის, როდესაც არც ისე კარგი განწყობა მაქვს. სირთულეები ისეთი არაფერი. წარმოიდგინეთ, სულაც არ არის რთული, მთავარია მონდომება.

- რა მასალას იყენებთ ნამუშევრების შესაქმნელად?
- როგორც გითხარით, თავიდან კაფელით დავიწყე, მთლიანი კაფელი დავამტვრიე და ნატეხებისგან ავაწყვე. იმდენად კარგი გამოვიდა, რომ ასე გავაგრძელე, ვამტვრევ კაფელს და ნატეხებისგან ვაწყობ სხვადასხვა გამოსახულებებს. ძალიან იშვიათად ვყიდულობ სპეციალურ ქვებს ასაწყობად.

- რა ეტაპებს გადიხართ, სანამ ნივთი დასრულებულ სახეს მიიღებს? როგორ იქმნება თითოეული ნამუშევარი?
- განსაკუთრებული არაფერი. თუ ჩარჩოში კეთდება ნამუშევარი, სხვადასხვა ნახატს ვიშველიებ და იმის მიხედვით ვაკეთებ, თუ მაგიდის ზედაპირია, აქაც იგივე ხდება. იშვიათია ნამუშევარი, რომელიც ჩემი მოფიქრებულია, ძირითადად კოპირებაა ნახატის ან რაიმე სურათის. ამისთვის საჭიროა წებო, ფანქარი, ხელსაწყოები და კაფელი, სულ ეს არის. ნამუშევრის შექმნას ხან ერთი დღე უნდა, ხან რამდენიმე საათი, გააჩნია რამდენად მოწადინებული ვარ.

- ქალისთვის რთული არ არის ეს სამუშაო?
- მეტ-ნაკლებად რთული. კაფელის ნატეხებად ქცევა რა თქმა უნდა ძალას მოითხოვს, თუმცა ამაში წარსულში განვლილი სპორტული ცხოვრება მეხმარება და ძალას არ ვუჩივი.

- ძალიან დატვირთული სამუშაო გრაფიკი გაქვთ. ორ სრულიად განსხვავებულ საქმეს ერთმანეთს როგორ უთავსებთ? ხელს არ უშლის ერთმანეთს?
- ნამდვილად დატვირთული გრაფიკი მაქვს, მაგრამ თუ არ მაქვს ბევრი საქმე, ისე ვერ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება. რაც უფრო ნაკლები საქმე მაქვს, მით უფრო ვერ ვაკეთებ ვერაფერს. მიყვარს როდესაც ყველგან ვარ, ყველაფერში, შესაბამისად, როდესაც ფლობ დროის მენეჯმენტს, ყველაფერი კარგადაა და ერთი საქმე მეორეს ხელსაც არ უშლის.

- მოზაიკური დეკორი აქტუალურია საქართველოში? რამდენად არის მასზე მოთხოვნა?
- იცით, აქამდე მეგონა რომ არ იყო აქტუალური. ალბათ, შეხებაც არ მქონდა და ამიტომ. მაგრამ ახლა მივხვდი, რომ მოთხოვნა დიდია. ერთ დღესაც, წლების შემდეგ, ვფიქრობ თავს დავანებებ ყველა საქმიანობას და მხოლოდ მოზაიკით ვიქნები დაკავებული.

- რის გაფორმება შეიძლება მოზაიკით?
- აბსოლუტურად ყველაფრის. მაგიდის, სარკის, კედლის, თეფშის, ჭიქის. ყველაფერს უხდება მოზაიკა და ძალიან ეფექტურს ხდის ამა თუ იმ ნივთს.

- ყველაზე ხშირად რა ნივთის დამზადებას გთხოვენ?
- რატომღაც მაგიდაზეა მოთხოვნა, რაც საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს. რამდენიმე კვირის წინ მითხრეს, კედელი მოგვიპირკეთეო, თუმცა კედელი არასდროს მიცდია და პასუხისმგებლობას ვერ ავიღებდი, ალბათ, დადგება დრო, რომ ამასაც შევეჭიდები.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ? გააგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას?
- სამომავლო გეგმებს არასდროს ვაწყობ, არ ვიცი ხვალ რა იქნება. რა თქმა უნდა, ძალიან მინდა ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელებაც, ჩემი კონკრეტული მიმართულებითაც, რაც პიარს, ივენთებს, წერას უკავშირდება. ვნახოთ, ყველაფერი წინ არის. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება.
მერი ბლიაძე

კომენტარები

ქეთი 2019-02-09 10:44
მიხარია ძალიან, წარმატებები...

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები