ქართველი ცოლ-ქმრის წარმატებული საქმიანობა - ეგზოტიკური სანათები და მაგიდები ინტერიერისთვის

მოგეხსენებათ, ხელით შექმნილი, დახვეწილი ავეჯი, ასევე სანათი ოთახში სიმყუდროვის და სიმშვიდის შეგრძნებას ბადებს. ალბათ ამან განაპირობა, რომ ბოლო პერიოდში საკმაოდ გაზრდილია მოთხოვნა ამ ნამუშევრებზე. ცოლ ქმარი ირაკლი კობაური დ მადონა სურმანიძე უკვე ერთი წელია უჩვეულო სანათებს ეგზოტიკური ხილისგან, ქოქოსისგან ქმნიან. ხოლო რამდენიმე თვეა, ხის მაგიდების და თაროების დამზადება დაიწყეს. საქმეში წყვილს პოზიციები თანაბრად აქვს გადანაწილებული. საკუთარი საქმიანობის შესახებ მადონა გვესაუბრა და წარმატების საიდუმლოც გაგვანდო.

– ზოგადად ბავშობიდან ხელოვნების სფეროში ვარ. დავამთავრე მუსიკალური შვიდწლედი, ჭაბუკიანის საბალეტო სასწავლებელი და მთელი ბავშვობა ბათუმის
დრამატული თეატრის სცენაზე გავატარე. შემდეგ გავხდი სტუდენტი, დავამთავრე შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი (თეატრალური) ბიზნესის და მართვის ფაკულტეტი. ჩემმა პროფესიამ სტუდენტობაშივე შემძინა საკმაოდ კარგი თეორიული და ნაწილობრივ პრაქტიკული გამოცდილება. ვისწავლე თუ როგორ შეიძლება იყო ერთდროულად პროექტის იდეის ავტორი, იზრუნო მის მარკეტინგულ და პიარ აქტივობებზე და ასევე გაყიდო, ანუ დააინტერესო სპონსორები.

– გაქვთ საოჯახო ბიზნესი, აწარმოებთ ხის ავეჯს და ქოქოსის სანათებს. ვისი იდეა იყო და როგორ დაიწყეთ საქმიანობა?
– იდეა მოვიდა ძალიან მოულოდნელად. სახლისთვის შეძენილი ქოქოსი, რომელიც მე გადასაგდებად გავამზადე, ირაკლიმ წაიღო სოფელში, გამიკეთა სასანთლე და მიგზავნის რომანტიული ნათების ფოტოს. ჯერ ვერ გავიგე რა იყო, შემდეგ ამოვიცანი ჩვენი ქოქოსი. ძალიან მომეწონა და აქედან გამიჩნდა სანათების იდეაც. შემდეგ დავსხედით და მოვიფიქრეთ, როგორი უნდა ყოფილიყო. ირაკლიმ სახლის სამზარეულოში დაამზადა რამდენიმე ცალი. როცა ვაჩვენეთ მეგობრებს, იმხელა აღფრთოვანება წამოვიდა მათგან, ამან უფრო დაგვარწმუნა, რომ რაღაც საინტერესოს ვაკეთებდით. გავაკეთე ფეისბუქ გვერდი, დავდე ნამუშევრები და წამოვიდა გამოხმაურებაც. შემდეგ სახლთან ახლოს ვიქირავეთ ძალიან პატარა ფართი სახელოსნოსთვის. ეს იყო სიურპრიზი, რომელიც გავუკეთე ირაკლის. შემდეგ მოვიდა იდეა, რომ მინიმალისტური, განსხვავებული სტილის ავეჯის გაკეთება დაგვეწყო. ამისთვის კი დაგვჭირდა შედარებით დიდი სახელოსნო და გადავედით კიდეც. იქედან გამომდინარე, რომ ირაკლის აქვს ძირითადი საქმიანობა, უკვე 10 წელია პირველ არხზე "მოამბის" თანამშრომელია, ჩვენს საქმეს საკმაოდ მცირე დროს უთმობს, ამიტომ ავიყვანეთ კადრი, რომელსაც შევასწავლეთ ქოქოსებზე მუშაობა და ის ამზადებს ახლა ძირითად ნაწილს, ხოლო მინიმალისტურ ავეჯზე ირაკლი მუშაობს თვეში ორი კვირა. ამ ეტაპზეც ვეძებთ კადრს, რომელიც უკვე ჩვეულებრივ იმუშავებს სახელოსნოში ირაკლისთან ერთად და მის გარეშე.

– თქვენ და ირაკლი როგორ ინაწილებთ ფუქციებს?
– მე ვზრუნავ მარკეტინგულ აქტივობებზე, სოციალურ მედიაზე, გაყიდვებზე, პარტნიორებთან მოლაპარაკებებზე, საახალწლოდ კურიერის ფუნქციაც კი შევითავსე. ირაკლის თემაა ის, რაშიც იდეალურად ერკვევა: რა დანადგარები, ხელსაწყოები გვჭირდება, ხის მასალები, პროდუქციის დამზადების ტექნიკა, რა როგორ გააკეთოს, რომ ხარისხი და ვიზუალი არ დაირღვეს და ა.შ.

– ფიზიკურად თუ ეხმარები მეუღლეს?
– კი, როცა ერთად ვართ სახელოსნოში და მონახაზებზე და დიზაინზე ვმუშაობთ, მაგ დროს ვეხმარები ძირითადად მასალის და მზა ნივთების გადაადგილებაში. იგივე ხდება ფოტოსესიის დროსაც.

– თქვენს წარმატებაში რა წვლილი შეიტანა იმან, რომ ყველაფერს ერთად, შეთანხმებით, ერთობლივი ძალებით უძღვებით?
– ორივე ვაკეთებთ საყვარელ საქმეს. ირაკლი ქმნის ნამუშევრებს, მე ვქმნი კომპანიას, სტარტაპს, მომავალ ბიზნესს. ეს ჩვენთვის, ორივესთვის სასიამოვნო გამოწვევა და პროცესია, რომელიც განხორციელდება, ან უბრალოდ დარჩება კარგ გამოცდილებად. მირჩევნია ვთქვა, ვცადე და არ გამოვიდა, ვიდრე მთელი ცხოვრება ვიფიქრო, ნეტა გამეკეთებინა, მეცადა! როცა იმ საქმეს იწყებ და ავითარებ, რაც შენია, აქ არ არსებობს მარცხი, იძენ წარმატებას და იმარჯვებ, ან იძენ გამოცდილებას, რომელსაც სამომავლოდ გამოიყენებ და გაუზიარებ სხვებსაც.
წარმატებამდე ჯერ დიდი დროა, მაგრამ თანადგომა უმნიშვნელოვანესია. თავდაპირველად ჩემი ძირითადი მოტივაცია ამ იდეის სერიოზულ საქმიანობად ქცევისა იყო ის, რომ ირაკლის შეძლებოდა თავის საყვარელ საქმეში რეალიზება, რადგან იშვიათია ადამიანს ჰქონდეს ასეთი ნიჭი, ქმნიდეს იდეალური ნამუშევრებს პროფესიონალურ დონეზე, უბრალოდ მოყვარული, ყოველგვარი ტრენინგების, სპეციალური კურსების გავლის გარეშე. როცა აკეთებ იმ საქმეს, რაც გსიამოვნებს და ის უკვე მხოლოდ ჰობი აღარ არის, მეტი მოტივაციისთვის მას კომერციულ დანიშნულებასაც აძლევს (იღიმის). ეს არის იდეალური ვარიანტი. ჩვენ ერთმანეთს ძალიან კარგად ვაბალანსებთ როგორც ცხოვრებაში, ასევე ამ საქმიანობაში. მას აქვს ის რესურსი, რაც მე არ მაქვს, და პირიქით. ამიტომაც ერთად, შეთანხმებით ვუძღვებით საქმეს, ბევრს ვსაუბრობთ განვიხილავთ, ვადარებთ, ვსწავლობთ მუდმივი განვითარების პროცესში ვართ და რაც მთავარია ვითვალისწინებთ ერთმანეთის აზრს.

– გყავთ პატარა ერეკლე, რომელსაც მარტო ზრდით? ამდენი საქმის ფონზე, როგორ ახერხებთ?
– პირველი შვიდი თვე დეკრეტი ავიღე და სრულიად მარტომ გავზარდე, ირაკლი მაშინ მეხმარებოდა, როცა სახლში იყო. ახლა გვყავს ძიძა, ძირითადად სახლიდან ვმუშაობ, მაგრამ მიწევს ხშირი გასვლა შეხვედრებზე, საკმაოდ აქტიური რეჟიმი მაქვს, მაგრამ როცა დროის მენეჯმენტს თავად განაგებ და ანგარიშვალდებული არავისთან არ ხარ საკუთარი თავის გარდა, ეს არის იდეალური მდგომარეობა. ისე მუშაობ და მსუბუქად აკეთებ საქმეებს, ვერც კი გრძნობ დაღლას, თან ბავშვთან საკმაო დროს ვატარებ, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია. არ მინდოდა ეს ყველაზე ლამაზი პერიოდი გამომეტოვებინა მხოლოდ იმიტომ, რომ დილის ცხრა საათზე გავსულიყავი და საღამოს რვაზე შემოვსულიყავი სახლში. ვცდილობ დედობა და საქმიანობა ერთმანეთს ისე შევუთავსო, რომ არც ერთში ჩავიჭრა და ჯერჯერობით მგონი გამომდის.

მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები