„რკინით მხატვარი“ იმერეთიდან და მისი ლითონის კომპოზიციები ინტერიერში

ზესტაფონში დაიბადა და გაიზარდა. იმერეთი დროებით მხოლოდ მაშინ დატოვა, როცა უმაღლესი განათლების მისაღებად დედაქალაქში გაემგზავრა. სამართალმცოდნეობა შეისწავლა, წარმატებული სტუდენტი წითელი დიპლომის მფლობელი გახდა. ერთხანს თბილისში პროკურატურაშიც მუშაობდა, მაგრამ შემდეგ ზესტაფონში დაბრუნდა და ფერმერული მეურნეობა წამოიწყო. დღეს ამ საქმეს აქტიურად აღარ მისდევს, თუმცა მცენარეებთან ურთიერთობა უყვარს და ცდილობს, თავისი სახლის ეზოში სხვადასხვა მცენარე გაახაროს. მშობლიურ კუთხეში დაბრუნებულმა, მალევე აღმოაჩინა ახალი გატაცება - რკინით სხვადასხვა კომპოზიციის შექმნა დაიწყო. ამ საქმეს 2016 წლიდან დღემდე მისდევს და თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს. ფართო საზოგადოებამ, როგორც
საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, მისი შემოქმედება გამოფენების მეშვეობით გაიცნო. ზაზა წულუკიძეს ბევრი „რკინის კაცს“ ან „რკინის ჯადოქარს“ ეძახის, თუმცა, მეც მაქვს ჩემი ვერსიები და ჩემებურად ასე დავასათაურებ - „რკინით მხატვარი“ ან „რკინის ფერწერა“.



- ბატონო ზაზა, საინტერესოა, ეს იურისტი კაცი როგორ წახვედით ხელოვნების მიმართულებით და თან ისიც გასაკვირია, რომ თავიდანვე თქვენი პირველი და ამავდროულად მასშტაბური ნამუშევარი, თქვენივე სახლის ჭიშკარი იყო...



- ხანდახან ვამბობ, რომ ეს ჩემთვის ახალი ცხოვრებაა-მეთქი (იღიმის). ზესტაფონში, მამაპაპისეულ მიწაზე სახლი რომ ავაშენე, ეზოში შესასვლელი ჭიშკრის გაკეთება მინდოდა. მართალია, მანამდე რკინასთან შეხება არ მქონია, მაგრამ ვინაიდან მქონდა იარაღი და სხვადასხვა ხელსაწყო, გადავწყვიტე, ჭიშკარი თავად გამეკეთებინა. შევქმენი კომპოზიცია და მუშაობა დავიწყე. საკმაოდ დიდი ხანი მოვანდომე, პარალელურად ვუყურებდი ვიდეოებს და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ ვსწავლობდი ყველაფერს. თავიდან ვფიქრობდი, ვცდი და თუ არ გამოვიდა, გავჩერდები-მეთქი, მაგრამ როცა განვითარება და შედეგი ვნახე, ჩანაფიქრი სისრულეში მოვიყვანე. მთელი ცხოვრება ვოცნებობდი, რომელიმე მხატვართან მქონოდა ურთიერთობა, ვისგანაც ვიყიდდი რამდენიმე ტილოს და სახლში, ჩემს ინტერიერში დავკიდებდი. მერე ვიფიქრე, თავად მომესინჯა, რკინით შემექმნა ისეთი კომპოზიციები, რომელსაც კედლებზე გამოვფენდი. ვცადე და მომეწონა. ბევრს ვმუშაობდი საკუთარ თავზე, რადგან ძნელია, როცა აკადემიური განათლება არ გაქვს. მოვიძიე ლიტერატურა, ვუყურებდი ვიდეოგაკვეთილებს, ვუსმენდი აუდიოჩანაწერებს და ასე მოვედი აქამდე (იღიმის). თავიდან ყველა კედლისთვის სპეციალურად ვქმნიდი ნამუშევრებს, ანუ ყველა კომპოზიცია კონკრეტულად იმ ადგილისთვის იქმნებოდა, რომელიც ჩაფიქრებული მქონდა, მაგრამ შემდეგ იმდენი ნამუშევარი გავაკეთე, ზოგი იატაკზე აწყვია და ზოგიც ერთმანეთზეა მიწყობილი.



- როგორ აფასებენ თქვენს შემოქმედებას მნახველები?

- საერთოდ, ლითონი სამუშაოდ ძალიან საინტერესო მასალაა. ყველა ქვეყანაში ერთეულები მუშაობენ ამ მიმართულებით და მათ შორის საქართველოში. თავად მასალა - შავი ლითონი ჩვენს რეალობაში ახალია. თავიდან მხოლოდ ვიწრო წრე ნახულობდა ჩემს ნამუშევრებს, მაგრამ შემდეგ მირჩიეს, ფართო საზოგადოებისთვისაც წარმედგინა. მონაწილეობა მივიღე გამოფენებში, ბევრი ადამიანი გავიცანი, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ და ეს ძალიან მახარებს. ინტერნეტის მეშვეობითაც შევიძინე მეგობრები და როცა საქართველოში ჩამოდიან, ხშირად მსტუმრობენ. ჩემი სახლის ინტერიერში ჩემს ნამუშევრებს რომ ვუყურებ, მომწონს. ეს საქმე ჩემს შინაგან სამყაროსთან ჰარმონიაშია, მაგრამ როცა ვინმეს შენი ნამუშევარი მოსწონს, ეს ორმაგად სასიამოვნოა. სულ მინდოდა, მოცულობაში მომესინჯა ძალები და რამდენიმე ბოლო ნამუშევარი სწორედ ასე გავაკეთე. ვნახოთ, როგორ შეაფასებენ მას ხელოვნების მოყვარული ადამიანები (იღიმის).



...წინასწარ სადა, მარტივ ჩანახატს აკეთებს ფანქრით, ხელის ერთი მოსმით და შემდეგ გარკვეული დრო სჭირდება, სანამ ჩანაფიქრს სისრულეში მოიყვანს. სახელოსნოში, რომელიც ადრე ეთნოგრაფიული მუზეუმი იყო, ისე გადის საათები, ხშირად ვერც გრძნობს, რომ მთელი დღე მუშაობაში გაატარა. უყვარს, როცა მარტოა, ჩართულია მუსიკა და ხელს არავინ უშლის ფიქრსა და მუშაობაში. იღლება, მაგრამ მისთვის ეს საქმე იმდენად აზარტული და საინტერესოა, უღირს. ვინაიდან თვითნასწავლია, საკმაოდ თვითკრიტიკულია და სულ მუშაობს საკუთარ თავზე. როგორც ამბობს, ამ საქმეში, ოჯახი: მეუღლე და 2 ქალიშვილიც ძალიან ეხმარებიან და სულ მხარში უდგანან.



მისი ერთ-ერთი ბოლო პერიოდის კომპოზიციაც ასე შეიქმნა, ხანდაზმული წყვილის შეხვედრა ქოლგის ქვეშ, სათაურით „შეხვედრა წარსულთან“. დიდხანს უტრიალებდა გონებაში ეს სცენა და ბოლოს სისრულეში მოიყვანა. განვითარებისთვისა და თავის საქმეში სიახლეების დასანერგად ბევრს ფიქრობს და სამომავლოდ სურს, მის ნამუშევარებში იყოს რკინის, ხისა და ქვის კომბინაციაც.



ანა კალანდაძე

კომენტარები

ტოტო 2021-06-15 09:45
ძალიან ლამაზია.ნამდვილად ნიჭიერი ადამიანია.
გულშემატკივარი. 2021-04-10 06:39
ბატონო ზაზა უდაოდ ნიჭიერი ადამიანი ბრძანდებით. მე არ ვარ ხელოვანი და ჩემი შეხედულება თქვენს ნამუშევრებზე არაფერს წარმოადგენს. მეჩვენება, რომ ჭიშკარი გადატვირთული ხომ არ არის ფიგურებით. მართალია ეს აძლევს ნამუშევარს ფასს, მაგრამ ..........

კომენტარის დამატება