საოცარი ნამუშევრები ბოთლის საცობებისგან - ქართველი რეჟისორის უჩვეულო გატაცება

ბევრი თქვენგანი იცნობს რეჟისორსა და სცენარისტს ირაკლი მახარაძეს. ის არაერთი ფილმის რეჟისორი და წიგნის ავტორია. თითოეული მათგანი გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით, საუცხოო და საინტერესო ისტორიებით. ამჯერად ბატონ ირაკლის განსხვავებულ ამპლუაში წარმოგიდნეთ და მისი ფარული ნიჭის შესახებ მოგითხრობთ.

- ძალიან ბევრი ადამიანი იცნობს თქვენს შემოქმედებას. ამჯერად მინდა თქვენს გასხვავებულ ნიჭზე ვისაუბროთ, საოცარ ნამუშევრებს ქმნით...
- ბავშვობიდან ვძერწავდი, დავდიოდი პიონერთა სასახლის ქანდაკების წრეზე, შემდეგ სამწუხაროდ, არ გავყევი ამ გზას, რასაც ძალიან ვნანობ, მაგრამ უკვე გვიანია, მატარებელმა ჩაიარა. თუმცა ქანდაკება დღემდე ჩემი ჰობია. ამ
ორი-სამი წლის წინ პირველად ვსინჯე ბოთლის საცობებისგან ქანდაკების გაკეთება. საცობებისგან ნაკეთობების კეთება არახალია, მაგრამ ქანდაკებები მე პირადად არ შემხვედრია, თითო-ოროლა მხოლოდ.

- თქვენი პირველი ნამუშევარი გაიხსენეთ...
- გურულის პორტრეტი, რასაკვირველია. გურულის, რომელიც ბაფალო ბილის „ველური“ დასავლეთის შოუში, როგორც რუსი კაზაკი გამოდიოდა. დავამატებ, რომ ბევრი „ვიჩალიჩე“ და რამდენიმე ამერიკულ მუზეუმში მივაღწიე იმას, რომ ახლა მათ უკვე გურულ-ქართველ მხედრებს უწოდებენ, ანუ სამართალმა, გვიან, მაგრამ პური მაინც ჭამა.

- რა მასალას იყენებთ მათ შესაქმნელად და რამდენად საინტერესოა ეს პროცესი თქვენთვის?
- ძალიან საინტერესოა, ერთგვარი რელაქსაციაა ჩემთვის, თან ცოტა კარგ ღვინოსაც რომ შეაშველებ, მთლად უკეთესი. ვიყენებ საცობებს, ახლობლებში ვაგროვებ, ან ვყიდულობ. ვხარშავ, რათა დაჭრის დროს არ დაიფშვნას და სილიკონის წებოთი, ე.წ. პისტოლეტის მეშვეობით ერთმანეთს ვაწებებ.

- აღსანიშნავია თქვენი ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი - ჟან გაბენის სკულპტურა. ასეთი სიზუსტით როგორ შეასრულეთ?
- ჟან გაბენი - ეს ფრანგული კინოა. ბავშვობიდან მიყვარდა ეს გიგანტი ხელოვანი, განსაკუთრებით ფილმი „ფერმა მესეს საიდუმლოება“. ესეც საცობებისაგან შევქმენი, ხოლო სიზუსტეს რაც შეეხება, ზოგადად გურულები ნამეტანი ნიჭიერი ხალხი ვართ (იღიმის).

- რა შეიძლება გახდეს თქვენი შთაგონების წყარო?
- ნებისმიერი რამ, წაკითხული წიგნი, ფილმი, საგაზეთო სტატია ან კიდო კარგი ფოტო.

- საშუალოდ რა დრო სჭირდება ერთი ნამუშევრის შექმნას?
- ერთი კვირა, 10 დღე, თუმცა ჟან გაბენის გაკეთებას უფრო მეტი დრო დასჭირდა.

- რომელიმე თქვენს ნამუშევარს თუ გამოარჩევდით და რატომ?
- ბაფალო ბილი, ჟან გაბენი, გაბრაზებული გურული ციცა, მე თავად მომწონს ეს ნამუშევრები, რასაც ყველაზე ვერ ვიტყვი.

- ვინ არიან თქვენი ნამუშევრების ყველაზე დიდი შემფასებლები?
- ჩემი შვილები.


- ძალიან საინტერესო და მარავლფეროვანი შემოქმედებითი ცხოვრება გაქვთ, შეგიძლიათ თქვათ, რომ ბედნიერი ხართ?
- დროის მანქანა რომ მქონდეს სხვანაირად წავიყვანდი ჩემს ცხოვრებას, მარა სადაა...






მერი ბლიაძე

კომენტარები

ბრავოო!.. 2022-02-12 08:11
ნიჭიერი კაცი, თანაც გურული - უნიკალური მოვლენაა! :) გაოცებულ-აღფრთოვანებული ვათვალიერებ ამ ნამუშევრებს!.. როგორი ფანტაზია, როგორი იუმორი და მახვილგონიერება!.. ბრავო!..

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები