"ხშირად წარმომიდგენია საკუთარი თავი, რომ საერთოდ სხვაგან ვარ, ზღაპრულ-სამოთხისებურ სამყაროში, სადაც ყველაზე დიდი არარეალობა შეიძლება იქცეს დიდ რეალობად..." - ახალგაზრდა ხელოვანის სამყარო

საოცრად შეხამებული ფერები და ღრმა შინაარსი ნინა კიბაიძის შემოქმედების თანმდევი დეტალებია. მის ნამუშევრებში რაღაც ამოუცნობი და არარეალურია ასახული. „ხშირად წარმომიდგენია საკუთარი თავი, რომ საერთოდ სხვაგან ვარ, ზღაპრულ-სამოთხისებურ სამყაროში, სადაც ყველაზე დიდი არარეალობა შეიძლება იქცეს დიდ რეალობად“, - ამბობს მხატვარი.

- ნინა, როგორც მხატვარი, როგორ შეაფასებდით თქვენს განვლილ გზას? ალბათ სირთულეც ბევრი შეგხვდათ და საუცხოო აბებიც...
- სირთულეები და წინააღმდეგობები ჩვეულებრივი ამბავია ჩემთვის. სულ ასე მოვდივარ, მაგრამ საკუთარი თავის თუ გჯერა, ადრე თუ გვიან ყველაფერი გამოდის. როცა შენი საყვარელი საქმის გჯერა,
სწორედ შენი შემოქმედება მოგცემს იმ დაუშრეტელი ენერგიის ძალას, რომ სულ საინტერესო ნამუშევრები შექმნა და არ გაჩერდე. ჩემს განვლილ გზაზე ბევრ სისულელეში გავფლანგე დრო, თუმცა ყველაფერი ეს გამოცდილებაა ჩემთვის, მასწავლებელია. ჯერ ისეთი არაფერი გამიკეთებია, რომ საკუთარი თავით კმაყოფილი ვიყო, მაგრამ ძალიან მინდა ამ გზით ვიარო... მაქსიმალისტი და იდეალისტი ვარ...

- თქვენთვის, როგორც მხატვრისთვის რა არის მნიშვნელოვანი და რა ფაქტორები ახდენს თქვენზე დიდ გავლენას?
- მე ადამიანებს გარეგნულად არ ვაფასებ, არც თანამდებობით, არც ჩინ-მედლებით და მატერიალური შესაძლებლობით. გულწრფელი, ნამდვილი და უანგარო ხალხი მიყვარს, როგორებიც ძალიან ცოტა შემხვედრია ცხოვრებაში. ზოგადად დროა საჭირო, რომ ადამიანმა რაღაცით გავლენა მოახდინოს შენზე. მაგრამ ჩემს პედაგოგებს და მხატვრების ორ-სამ სტყვას ისეთი გავლენა მოუხდენია ჩემზე, მთელი ცხოვრება რომ შეიძლება მახსოვდეს. ასევე გამოფენებზე ადამიანები რომ მოდიან, გჩუქნიან დიდ სიყვარულს და ძალას გმატებენ.

- სულ ახლახან გაიხსნა თქვენი მორიგი გამოფენა. რომელი ნამუშევრები გაქვთ წარმოდგენილი, სად იმართება და რა ელოდებათ დამთვალიერებლებს?
- ჩემი გამოფენა "ემოციის ხმა“ 29 ნოემბერს გაიხსნა გალერეა „იარტში“. წარმოდგენილი მაქვს დაახლოებით 50 ნამუშევარი, რაზეც ბოლო სამი წელი ვმუშაობდი. მასში დიდი ენერგია და ძალისხმევა ჩავდე. ვინახავდი და ველოდებოდი ამ დღეს, რომ საზოგადოებისთვის წარმედგინა ჩემი შემოქმედების ახალი სერია. დამთვალიერებლებს ველოდებით ყოველდღე, 8 დეკემბრის ჩათვლით. ვინც თვლის, რომ ხელოვნებას ემსახურება და აინტერესებს ჩემი შემოქმედება, მათ ყველაზე მეტად ველოდი გახსნის დღეს, თუმცა მაინც დამაკლდა რაღაც, მაგრამ მე არა, მათ დაკარგეს. ამას თან ხუმრობით და თან გულწრფელად ვამბობ.

- რატომ "ემოციების ხმა“, რისი თქმა გსურთ დამვალიერებლებისთვის?
- ნამუშევრების მთავარი გმირი არის ადამიანი, ანუ ემოციური ადამიანები. აქ არის ჩემს ქვეცნობიერში წარმოდგენილი გასვლა დედამიწიდან. შემოქმედებით პროცესში ხშირად წარმომიდგენია საკუთარი თავი, რომ საერთოდ სხვაგან ვარ, ზღაპრულ-სამოთხისებურ სამყაროში, სადაც ყველაზე დიდი არარეალობა შეიძლება იქცეს დიდ რეალობად. ჩემი ნამუშევრების ბევრ კოპოზიციაში ბუნებასთან ადამიანის სიახლოვე შემთხვევითი არაა, ამით ვაახლოვებ ორ მშვენიერებას ერთმანეთთან და ერთ მთლიანობად ვაქცევ. მინდოდა გადმომეცა ხმაური ბუნების სიმშვიდეში, მფრინავი ადამიანების განცდები და ამ ემოციური ჯაჭვით ეს ნამუშევრები ერთ სივრცეში გამეერთიანებინა.

- ხელოვანისთვის შთაგონება სხვადასხვა ფაქტორიდან შეიძლება მოდიოდეს. ალბათ, დროსთან ერთად ესეც იცვლება ხოლმე. არის რაიმე უცვლელი, რაც ყოველთვის შთაგაგონებთ?
- ბავშობიდან ადამიანების ხატვა მიყვარდა და დღემდე ამოუწურავია ეს თემა ჩემთვის. თუმცა, მე არ ვარ ერთი ხაზის და სტილის მხატვარი, მრავაფეროვნება და ექსპერიმენტები სულ არის ჩემს გონებაში და გულში, სიძნელეებთან შეჭიდება კი უდიდეს სიამოვნებას მგვრის და განვითარების საშუალებას მაძლევს. მომავალში ძალიან მინდა ვიმოგზაურო და მოგზაურობის სცენების კომპოზიციები გადმოვიტანო ტილოზე თუ ფურცელზე.

მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები