მეგობრების მიერ წამოწყებული გემრიელი და ლამაზი საქმიანობა, რომელსაც წარმატება მოჰყვა - ხელნაკეთი და ხელით მოხატული შოკოლადები

ამჯერად ორ სტარტაპერ მეგობარს ვმასპინძლობთ, რომლებმაც ძალიან საინტერესო, ლამაზი და გემრიელი საქმე წამოიწყეს ერთად და საკმაოდ ბევრი გულშემატკივარიც დაუგროვდათ ამასობაში. 
ირინე ხუნძაყიშვილი პროფესიით ფილოლოგია და ჟურნალისტად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, გარდა ამისა, მოყვარული კულინარია, განსაკუთრებით კი კონდიტერია იტაცებს. ლილა სარკიაშვილს კი სამხატვრო აკადემია აქვს დამთავრებული, თუმცა ამ ეტაპზე საჯარო სამსახურში მუშაობს და პარალელურად, ამბობს, რომ ერთადერთია თბილისში, ვინც შოკოლადებზე ხატავს. უფრო ახლოს გავიცნოთ ორი მეგობარი და მათი საერთო საქმე:


ირინე ხუნძაყიშვილი:
- სხვადასხვა პერიოდულ გამოცემაში ვმუშაობდი ჟურნალისტად, შემდეგ - პრესსამსახურებში. 2005 წლიდან
აქტურად დავიწყე სიარული საბერძნეთში, სადაც დედა ცხოვრობდა და მას ვსტუმრობდი ხოლმე. დაგემოვნებისთანავე მოვიხიბლე იქაური სამზარეულოთი, განსაკუთრებით კი - ტკბილეულობით. ვისაც ერთხელ მაინც შეხება ჰქონია საბერძნეთთან, აუცილებლად ექნება გასინჯული იქაური დესერტი "კარიოკესი“, ფერად ქაღალდებში გახვეული სხვადასხვა გემოს მქონე შოკოლადის ნუგბარი. უკან, თბილისში რომ ვბრუნდებოდი, საჩუქრად მხოლოდ ეს შკოლადები ჩამომქონდა ხოლმე მეგობრებისთვის.
დაახლოებით 2 წლის წინ, ჩემი მეგობრის, აწ უკვე ჩემი პარტნიორის, ლილას დაჟინებული თხოვნის შედეგად, გადავწყვიტე საკონდიტრო კურსების გავლა. დავამთავრე აკადემია შეფ მაია მსხილაძის ხელმძღვანელობით. ერთხელაც საბერძნეთიდან მორიგი ჩამოსვლის წინა დღეს დედაჩემთან სტუმრად მოვიდა მეზობელი ჩემთან გამოსამშვიდობებლად, ფოლგაში გახვეული შოკოლადი მომაწოდა და მთხოვა გამესინჯა, თან დააყოლა, ჩემი გაკეთებულია და აბა, როგორ მოგეწონებაო. გავხსენი ფოლგა და რას ვხედავ, ჩემი საოცნებო კარიოკე! ბევრი ხვეწნის შემდეგ, ქალბატონმა ალექსანდრამ ალალად დამიწერა ამ დესერტის რეცეპტი. ვერ აღგიწერთ, იმ დროს როგორი ბედნიერი ვიყავი. როგორც კი ჩამოვედი თილისში, დავიწყე შოკოლადის კეთებაზე ფიქრი. ჯერ საცდელად გავაკეთე და ოჯახის წევრებსა და მეგობრებს დავაგემოვნებინე. ისე მოეწონათ, სიხარულისგან ცაში დავფრინავდი. შემდეგ დავიწყე სხვადასხვა გემოს შექმნაზე ფიქრი. არ მინდოდა მთლად ბერძნული გემოს კოპირება. ბევრი ექსპერიმენტის შედეგად შეიქმნა დარიჩინიანი ფორთოხლის, ფინიკის, ალუბლის, რომიანი წაბლის დესერტი, ასევე - კარამელიზებული ნუშის დესერტი, რომელიც ლიდერია „ირინეულის“ გაყიდვებში.


როდესაც სულ პირველად გავაკეთე შოკოლადი, ლილა მესტუმრა, ჯერ შოკოლადები დააგემოვნა, მოიწონა, შემდეგ შოკლადებს გადახედა და ფუნჯი მომთხოვა, ფუნჯს შემდეგ საღებავი მოჰყვა, და შოკოლადზე ნელ-ნელა, თავიდან ჯერ წერტილები, შემდეგ ხაზები და ბოლოს უკვე ფიგურები გაჩნდნენ. ისე თავისთავად მოვიდა ეს ყველაფერი, აი სპონტანურად, ყოველგვარი დაგეგმვის გარეშე. მას შემდეგ ირინეულის ყველა შოკოლადი უკლებლივ სათითაოდ ხელით დეკორირდება და ლამაზდება ლილას ფუნჯით.


ლილა სარკიაშვილი:
- 3 წლის ასაკიდან ვხატავ. სკოლაში დაგეგმილი ღონისძიებებისთვის დეკორაციების გაკეთება-მორთვის პროცესში მუდმივად ვიყავი ჩართული. რაც თავი მახსოვს, ჩემი სკოლის შესასვლელში ჩემი ნახატები მუდმივად იყო ხოლმე გამოფენილი. სამხატვრო აკადემიაში მოდის დიზაინის განხრით დავამთავრე და სტუდენტობისას, სტიპენდიის გარდა, სხვა შემოსავლის მიღების მიზნით, სამკაულებს ვქმნიდი და მათ რეალიზებას ვეწეოდი. სულ რაღაცის შექმნასა და გადაკეთებაში ვიყავი. ჩანთებსა და ტანსაცმელს ჩემით ვიკერავდი. ვაფორმებდი ქამრებს და მომწონდა, როცა ჩემი ნივთები განსხვავებული ელემენტებით იწონებდნენ თავს. როგორც დიზაინერი, მონაწილეობას ვიღებდი მოდის ჩვენებებზე. საქორწინო სალონშიც ვმუშაობდი დიზაინერად. ამ ეტაპზე, ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული სამსახური მაქვს - გახლავართ საჯარო მოხელე და თბილისში, თამამად შემიძლია ვთქვა, ერთადერთი ვარ, რომელიც შოკოლადებზე ხატავს.



- რით არის განსხვავებული თქვენი ნუგბარი, რა მასალებია ძირითადად გამოყენებული და რა არის ის, რითაც უნდა დაიმახსოვროს მან, ვინც გასინჯავს?

ირინე:
- ჩვენს ნუგბარში ძირითადად საბერძნეთიდან იმპორტირებულ მასალას ვიყენებ, იქნება ეს შოკოლადი, ვაფლი, შოკოლადის კრემი, ნუშის კრემი თუ სხვა რამ. ქართული მხოლოდ თხილეულობა აქვს შიგთავსში. აქვე მინდა ისიც ვთქვა, რომ გვაქვს უგლუტენო შოკოლადისც, რომლის შიგთავსიც უგლუტენო პროდუქტებისგან შედგება. ამას ისიც ემატება, რომ შოკოლადები, როგორც ლილამ თქვა, ხელით არის მოხატული და მართლაც ხელოვნების ნიმუშებია.


- როგორია სამუშაო პროცესი და როგორ გაქვთ საქმე გადანაწილებული? 
- საკმაოდ რთული, დამღლელი, მაგრამ სასიამოვნო. მუშაობისას დროის შეგრძნებას სრულიად ვკარგავ. სანამ ფანჯარაში არ გავიხედავ, იქამდე ვერ ვხვდები, რომ მოსაღამოვდა. არ მიყვარს, როცა ვინმე სამუშაო პროცესიდან მწყვეტს, მთელი თავით ვარ ხოლმე გადართული. ამ პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანია შოკოლადის სწორად ტემპერირება და შემდეგ გემოს დასმა.
რაც ძალიან რთული პროცესია. ვინც არ ქმნის ხელნაკეთ პროდუქტს, შეიძლება ვერ აღიქვას, რამდენად შრომატევადი საქმეა. შემდეგ, როგორც გითხარით, ხელით მოხატვის პროცესია, ასევე ურთულესი. ამიტომ არის ირინეული უნიკალური, რომ მისი არც ერთი ბოქსი ერთმანეთს არ ჰგავს... აი, ასე გავხდით ერთ დღეს საუეთესო მეგობრები გემრიელ ბიზნეს-პარტნიორებად.
ორივეს ჩვენ-ჩვენი საქმე გვაქვს გადანაწილებული. მაქსიმალურად ვცდილობთ, ერთმანეთს ხელი შევუწყოთ სამუშაო პროცესში. ეს საქმე კონვეიერივით გვაქვს აწყობილი. მე ვქმნი პროდუქტს, ლილა ადეკორებს, მერე ერთად ვარჩევთ შოკოლადის შესაფერის ყუთს, ვფუთავთ და ადრესატს ვუგზავნით. შეკვეთები ინდივიდუალურია და საკმაოდ საინტერესოც.

ლილა:
- ჩვენი ამ სფეროში თანამშრომლობის დღიდან, პროდუქტის დიზაინის საქმე მე ჩავიბარე. თუმცა, ჩემს იდეას ყოველთვის ვამცნობ ირინას, ყოველთვის შეთანხმებულად ვმოქმედებთ და საბოლოო შედეგის მიღებაში ორივეს თანაბარი წვლილი შეგვაქვს. ჩვენ ყოველთვის ვითვალისწინებთ ერთმანეთს, რათა მუშაობის პროცესი ყოველთვის სასურველი იყოს და დადებითი ემოციით მიმდინარეობდეს. ყველა შოკოლადს თავისი ხასიათი გააჩნია. როცა ირინა ქმნის გემოს და მას შეურჩევს შოკოლადს, მერე ვურჩევთ ზომასა და ფორმას ზუსტად შოკოლადის ხასიათის გათვალისწინებით. ამის შემდეგ მე უკვე ვგრძნობ, რა სახის დიზაინს ითხოვს თითოეული შოკოლადი. თითოეულ მათგანს ვხატავ ხელით. თავიდან მომხმარებლებს უჭირდათ იმის დაჯერება, რომ მათთვის შექმნილი შოკოლადი ხელით იხატებოდა, შოკოლადზე დატანებული პრინტი ეგონათ. ზოგადად, შეკვეთების ხარისხისა და ოპერატიულობის გამო ხანდახან ზოგს არც კი სჯერა, რომ ამ საქმიანობის უკან მხოლოდ ორი ადამიანი ვდგავართ: მე და ირინა. ირინას კარგი მენეჯმენტის უნარი აქვს და მისი წყალობით, დროის გადანაწილებისა და ყველა სამუშაო დეტალის თავის დროზე შესრულების ამბავი საათივით გვაქვს აწყობილი.

- როგორია ტკბილეულზე ხატვა, რა სირთულეები ახლავს?
- ბავშვობიდან მიყვარს შემოქმედებითი პროცესი და ექსპერიმენტები. ვქმნიდი ნივთებს სხვადასხვა მასალისგან და სხვადასხვა მასალაზე ვცდილობდი ხატვას. ნახატებით ვაფორმებდი ჩანთებს, სამკაულებს, ჭურჭელს. გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ თბილისში ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც ტანსაცმლის მოხატვა დაიწყო. აქედან გამომდინარე, როდესაც ჩამოვყალიბდით, რომ ჩვენი ბრენდი ყველასგან გამორჩეული იქნებოდა იმით, რომ თითოეული დესერტი ხელით იქნებოდა მოხატული, ამ ფაქტს არ შევუშინებივარ. არასდროს მახასიათებს საქმის დაწყება და იმის ფიქრი, რომ შეიძლება ეს საქმე არ გამომივიდეს, ვთვლი, ყველა საქმეში ყველაფერი ყოველთვის ისე გამოდის ხოლმე, როგორც არის თავიდან ჩაფიქრებული, რომ ასეთი შედეგი უნდა მოჰყვეს. როდესაც პირველად ავიღე ხელში ფუნჯი და ცხოვრებაში პირველად დავაპირე შოკოლადის მოხატვა, საიდანღაც მომაკითხა მუზამ და მაშინვე შეიძინა და მოირგო ხელნაკეთმა შოკოლადმა საკუთარი დიზაინი. თუმცა, შოკოლადებზე ხატვა ტილოზე ან ქაღალდზე ხატვისგან განსხვავებულ მიდგომებს საჭიროებს. პირველ რიგში, განსხვავება სახატავ მასალასა და სამუშაო ზედაპირშია.

მოსახატად ვიყენებ ევროკავშირის მიერ აღიარებულ საკვებ პიგმენტებს და მათ კონსისტენციას ვაყენებ ისეთს, მუშაობაში ფუნჯს ისე მოჰყვეს, საბოლოოდ, საღებავის ფენა და ფერი ერთგვაროვანი სტრუქტურის გამოვიდეს. ჩვენთვის ნაცნობი ხატვის პროცესისგან განსხვავებით, შოკოლადზე მუშაობისას გამოყოფილია განსაზღვრული წუთები და გაწაფული ხელის გარდა, უნდა გაგაჩნდეს კარგი კონცენტრირებისა და მობილიზების უნარი. ეს ტილო არ არის, რამე შეგეშალოს და გადააკეთო. მუშაობის პროცესში ფუნჯი ჩემი მტევნის დაბოლოება მგონია ხოლმე, რომელიც არ მეურჩება და თვითონაც მოწადინებულია, ხარისხიანად შესრულდეს სამუშაო, რომ ადრესატამდე, ლამაზად გაფორმებული მივიდეს შოკოლადი.


- რა არის მთავარი მოტივაცია თქვენთვის და რა მიზნები, გეგმები გაქვთ?

ირინე:
- ჩვენი მთავარია მოტივაცია მაინც ჩვენი კმაყოფილი კლიენტები არიან. ისინი რომ არა, ბუნებრივია, ჩვენს საქმიანობას აზრი არ ექნებოდა. ვცდილობთ ყველა მომხმარებელი კმაყოფლი დარჩეს ჩვენი პროდუქტითა და მომსახურებით. სულ პირველ ნაბიჯებს როცა ვდგამდით ამ სფეროში, თითოეული ახალი კლიენტისგან შეკვეთის აღება უდიდესი სტიმული იყო ჩვენთვის. ქართულ ბაზარზე არსებული პროდუქციიდან რომ ირჩევდნენ ჩვენს, ახალბედა, ხელნაკეთი შოკოლადის კომპანიას, ენით აუწერელი შეგრძნება იყო და მადლობა ირინეულის თითოეულ მომხმარებელს ნდობისთვის. საქართველოს გარდა, ჩვენი შოკოლადი ხშირად მოგზაურობს, ხან იტალიაში მიაქვთ, ხან - კვიპროსზე, იაპონიაში, ბელგიაში. ხშირია შეთხვევა, როცა მომხმარებელს გაოცება არ დაუმალავს და უთქვამთ, რომ ვიზუალი ზუსტად ისეთივეა, როგორც ფოტოზე ან რეკლამის დროს ჰქონდათ ნანახი. მე მირჩევნია ხანდახან ჩემი ნამუშევარი კურიერის ნაცვლად პირადად მივაწოდო მომხმარებელს, რადგან, მაინტერესებს მათი ემოციების დანახვა, სიხარული, გაოცება, მადლიერება... ესაა ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდო.

წელს 22 ნოემბერს ზუსტად 1 წელი გახდა ირინეულის დაარსებიდან. სირთულეები, ცხადია, არის, მაგრამ ნელ-ნელა ვუმკლავდებით. ძალიან გვინდა, ჩვენი პატარა კაფე გვქონდეს. აი, ევროპაში რომ არის, 10 კვადრატული ფართის პატარა კაფეები, ისეთი, 2-3 მაგიდით, კარგი ყავის აპარატითა და უშველებელი ვიტრინით, შიგნით ლამაზად დაწყობილი შოკოლადებით. ფერიც და დიზაინიც კი შერჩეული გვაქვს ამ კაფესთვის. იმედია, ოდესმე ამ ოცნებას ავისრულებთ და შემდეგ ინტერვიუს უკვე ჩვენს ლამაზ კაფეში მოგცემთ.






კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები