ექიმი-დერმატოლოგის ხელით შექმნილი უნიკალური კოლექცია - საქონლის ძვლით შექმნილი საოცარი ფიგურები

სამუშაო მასალა - საქონლის ძვალი; მასზე კვეთის პერიოდი - პაციენტებისგან თავისუფალ დროს; ყოველთვის, როცა კი ამის საშუალებას გამონახავს. ფიგურების რაოდენობა თითქმის ორი ასეულია და ეს რიცხვი ეტაპობრივად იზრდება. პირველად გამოყენებულ იარაღს, ანუ ლანცეტს ნელ-ნელა ბორმანქანა ჩაენაცვლა, მას შემდეგ წლებია ადამიანსა და მის დამხმარე ხელსაწყოს შორის, სრული ურთიერთგაგებაა...

ძვლის კვეთაზე საქართველოში სულ რამდენიმე, თითზე ჩამოსათვლელი ადამიანი მუშაობდა და მუშაობს. მათ შორისაა ექიმი-დერმატოლოგი თამაზ შოთაშვილი. მისი ეს გატაცება, ანუ ძვალზე მხატვრული ჭრა, XX საუკუნის 70-იან წლებში
დაიწყო და დღემდე 200-მდე სხვადასხვა ზომისა და თემატურად მრავალფეროვან ნამუშევარს მოუყარა თავი. პირველი პერსონალური გამოფენა 2018 წლის ზაფხულში, ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმში ჰქონდა. ახლა მეორე გამოფენისთვის ემზადება, რომელიც დიდი ალბათობით, ისევ იმავე შენობაში, 2024 წელს გაიმართება. მანამდე კი ექიმი, პაციენტების მიღებისა და მისი ძირითადი საქმის პარალელურად, შინ, სპეციალურად მოწყობილ კუთხეში ჯდება, ნამუშევრებს თემატურად ახარისხებს, ხავერდის ქსოვილით გადაკრულ ზედაპირზე "სვამს", მინით დაფარულ, ხის ჩარჩოებში აქცევს და ამავდროულად ახალ-ახალ მინიატიურულ ფიგურებსაც ჭრის.

***

ერთ დღეს, შინ მყოფი სამედიცინო ინსტიტუტის მეორე კურსის სტუდენტი, თვალს ადევნებდა დედას, რომელიც სადილს ამზადებდა. ბიჭის ყურადღება ძვლის ნატეხმა მიიქცია, რომელიც თითქოს თეთრ დათვს ჰგავდა. ცხოველი შუშის ნატეხზე "დასვა" და სპონტანურად შექმნილი კომპოზიცია ჩრდილოეთ პოლუსის ყინულებზე მოსეირნე ფუმფულა ძუძუმწოვარს დაემსგავსა. მეორედ საქონლის ძვალზე ადამიანის სახე "დაინახა", ხელში ლანცეტი აიღო და ამ იარაღის დახმარებით კიდევ უფრო დეტალურად გამოკვეთა მამაკაცის პორტრეტი.

1976 წლიდან დღემდე, ძვლის კვეთის შედეგად შექმნილია სხვადასხვა ფიგურა: ადამიანები, ცხოველები, ანგელოზები, მხედრები, ჯამბაზები, ექიმები, აქვეა შეყვარებული წყვილები თუ ეროტიკული თემატიკა. თუმცა, თვალის ერთი გადავლებითაც ჩანს და თავადაც ამბობს, რომ მისი ხელით შექმნილ მინიატიურებს შორის ქალის ფიგურა ჭარბობს; თითქმის 90 პროცენტი მდედრობითი სქესია: ქალბატონები შლაპებით, ქოლგებით, ძაღლით, აივანზე თუ ცეკვის დროს. ყველა ეპოქისა და ეროვნების, სხვადასხვა ასაკისა თუ ფიზიკური მონაცემის.

ახლა რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს: ძვალი ჯერ იხარშება და შემდეგ სასურველ ზომაზე იჭრება. ფიგურას რომ გამოჭრის, მერე უკვე ძვლის გათეთრებაზე ზრუნავს. უწინ სარეცხ ფხვნილში ხარშავდა, ახლა მის ფერს მაღალი კონცენტრაციის წყალბადის ზეჟანგით ათანაბრებს. დასასრულ, ფიგურის ზედაპირს ცვილით აპრიალებს, რომელიც ბზინვარების მინიჭებასთან ერთად, ნამუშევარს ერთგვარი დაცვის ფუნქციასაც ანიჭებს. თითქოს სათქმელად და მოსაყოლად მარტივი ამბავია, თუმცა, ნამუშევრებს თუ დეტალურად დააკვირდებით, ყველა მიხვდება, რაოდენ სკრუპულოზურია ეს საქმე.


***

40 წელზე მეტია, დერმატო-ვენეროლოგ თამაზ შოთაშვილისთვის პაციენტებზე ზრუნვა მისი ყოველდღიურობის შემადგენელი ნაწილია. თუმცა, სანამ მათ შეხვდება ან სატელეფონო ზარებს უპასუხებს, დრო ვარჯიშს ეთმობა. 66 წლის ექიმი, ყოველ დილას 40-45 წუთს დარბის და ტრენაჟორებზე ვარჯიშობს. 2012 წელს, მეგობრის რჩევით, ველოსიპედი შეიძინა. ორბორბლიანი ტრანსპორტით ჯერ კუს ტბა დაიპყრო და თავი გმირად მიიჩნია, მაგრამ მერე ამ მიღწევას აღარ დასჯერდა და ველოსიპედით თბილისის შემოგარენის მოვლა დაიწყო. წელიწადის ნებისმიერ დროს, სიცხესა თუ სიცივეში, არაერთხელ აქვს შემოვლილი წავკისი, კოჯორი, წყნეთი, ბევრეთი, მსხალდიდი და სხვა ადგილები. პერიოდულად ხაშურის რაიონში, სოფელ სავანისუბანში ჩადის. ეს მისი დედულეთი და ბავშვობის საუკეთესო მოგონებების ადგილია. ეზოში ჩადგმულია ხის სახლი, მის გარშემო კი ეზო, სადაც დღეს მის მეუღლეს ულამაზესი ვარდების ბაღი აქვს გაშენებული.

თამაზ შოთაშვილი და მანანა შეყილაძე ერთ ბაღში დადიოდნენ, შემდეგ ერთ სკოლაში სწავლობდნენ, თუმცა ერთმანეთს არ იცნობდნენ. მოგვიანებით ისინი უცხო ენათა ინსტიტუტში შეხვდნენ ერთმანეთს, სადაც სხვადასხვა პროფესიის უმაღლესდამთავრებულთათვის ინგლისურის სასწავლო კურსები იყო გახსნილი. ბაღისა და სკოლის პერიოდის გახსენება, სწორედ აქ მოხდა. მერე მალევე დაახლოვდნენ, გრძნობაც გაჩნდა და რამდენიმე თვეში დაქორწინდნენ. წყვილს 4 შვილი ჰყავს: ლევანი, ნათია და ტყუპი: რატი და ირინე.

***

პირადად მე, ექიმობას ყველაზე რთულ პროფესიად ვთვლი და მასპინძელს ამ აზრს ვუზიარებ. მეთანხმება და ამბობს, რომ მოზარდი სკოლას რომ ამთავრებს, ძალიან ცოტას აქვს პროფესიული არჩევანი ზუსტად გადაწყვეტილი და გააზრებული. ამ დროს დიდ როლს თამაშობენ მშობლები, ოჯახი და სოციალური გარემო. მისი შემთხვევაც არ იყო გამონაკლისი, ბებიამისი შვილიშვილის ფანატი იყო და როგორც "მე, ბებია, ილიკო და ილარიონში", ისიც ხშირად ამბობდა, "ჩემი შვილიშვილი დოხტური უნდა გამოვიდესო". ასეც მოხდა... სამედიცინო ინსტიტუტში კარგი პედაგოგების წყალობით, პროფესიისადმი ინტერესი გაღვივდა. შემდეგ დერმატო-ვენეროლოგიაში ორწლიანი კლინიკური ორდინატურის კურსი გაიარა, პედაგოგ კოტე ტაბატაძის ხელმძღვანელობით. ხუთი წელი დაეთმო ასპირანტურას ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში, 18 წელი თბილისის მე-7 ვენ-დისპანსერში მუშაობდა და 2003 წლიდან კერძო პრაქტიკას ეწევა დერმატო-ვენეროლოგიაში. განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები