სამყაროს ყველაზე ლამაზი ფერები და დედისთვის მიძღვნილი კოლექცია - "როცა სადმე წავიდოდა, აუცილებლად ხელში ყვავილით დაბრუნდებოდა..."

დიზაინერი ნანუკა ჩხეიძე ბოლო დროს არა მხოლოდ ჩანთებითა და აქსესუარებით, არამედ უჩვეულოდ ფერადი შარფებითაც გვანებივრებს და ბოლო დროს გადაწყვიტა, ბავშვებიც გაახაროს, მათში ფერადი ემოციები გააცოცხლოს, ეს იდეა კი ნანუკას დედასაც უკავშირდება და სწორედ ამიტომაც მიუძღვნა მშობელს კოლექცია, რომელსაც "მიმი" უწოდა.

დედა...

- ძალიან რთულია დედაზე საუბარი... მისი მხარდაჭერა, გამხნევება, შეფასება და გვერდით დგომა ძალიან მაკლია. ზოგჯერ მგონია, სადღაც არის წასული და მალე დაბრუნდება, მე კი ველოდები... როცა სადმე წავიდოდა, აუცილებლად ხელში ყვავილით დაბრუნდებოდა: ეს შენ მოგიტანე, ნახე, რა ლამაზიაო. ხშირად
ფოთოლი ან პატარა ტოტი მოჰქონდა. იცოდა, რომ მიყვარდა მაგიდაზე ყვავილები, რომლებიც ფოტოს გადასაღებადაც გამომადგებოდა... ცაზე ლამაზ ღრუბელს რომ დაინახავდა, აუცილებლად დამიძახებდა: მოდი, გადაუღე ფოტოო; ლამაზ მთებს ან ლამაზ პეიზაჟს თუ მოჰკრავდა თვალს, მაშინაც მეძახდა... ხატვა არ იცოდა, მაგრამ სილამაზის აღქმის განსაკუთრებული უნარი ჰქონდა... სწორედ მაშინ, როცა დედა ავად იყო და ჩვენ ერთად ვათენებდით ღამეებს, არც ფილმებს ვუყურებდი, არც მუსიკას ვუსმენდი. ამ დროს ჩემთვის ერთადერთი ნათელი წერტილი იყო საბავშვო ილუსტრაციების თვალიერება და სულ ვფიქრობდი, ნეტავ ოდესმე მეც თუ შევძლებ, რომ ასეთი თბილი ნახატები შევქმნა ბავშვებისთვის-მეთქი?!. ბევრი ძიების და რამდენიმე ცდის შემდეგ, მე ეს შევძელი. ჰოდა, ამ კოლექციას ვუძღვნი დედას. ვიცი, ძალიან მოეწონებოდა...

ამ ფერადი და ვფიქრობ, თბილი ნახატებით ბავშვებს სხვა ემოციებს გავუღვივებ. მინდა მათ ის სილამაზე და გემოვნება დავუბრუნო, რაც ვფიქრობ, დღევანდელმა უსახურმა, უფორმო მულტფილმებმა და თითქოსდა საბავშვო ზღაპრების გმირებმა ჩაანაცვლეს... ასე და ამგვარად, ახალი შვილობილი ბრენდი შეიქმნა, სახელად "მიმი".


შემოდგომა, როგორც შთაგონების წყარო...

- წელიწადის ეს დრო არის ზღაპარი... ეს არის ფერთა სიმფონია, ფერთა თამაში, ფერთა დიდებული შერწყმა, რომელსაც ასე უხვად აზავებს და აფერადებს თავად ბუნება... წარმოუდგენელია ამ სეზონის გარეშე საქართველო, მთებში და ბარში, ასე ჭრელად და ასე გემოვნებით აფერადებული ჩვენი ულამაზესი სამშობლო... ამ დროს დავდივარ ქუჩაში და ხან ვარდისფრად ალეწილ ღრუბლებს ვუმზერ, ხან ჭადრებში ნებიერად გაწოლილ მზეს... ხან ფოთლებს ვაკვირდები და ვფიქრობ, რა დიდებულია ეს ყველაფერი... ჩემი შთაგონების წყაროა შემოდგომა - ეს არის წელიწადის ყველაზე ლამაზი დრო!


სამყაროს ფერები...

- ჩემთვის სამყაროში ყველაზე ლამაზი სამი ფერია: მწვანე, ცისფერი და თეთრი... არის ფერები, რომელიც არ მიყვარს, თუმცა მათ გარეშე არ იქნებოდა ის სიმკვეთრე, გრადაცია თუ შეზავება, რაც უკვე არსებობს... სამყარო მე მაინც უფრო ხასხასა მწვანე მგონია და ამ მწვანეში ჩაფლული უამრავი ფერი. სამყაროში ხომ მხოლოდ დედამიწა არ არსებობს, არის სხვა გალაქტიკები და მგონია, გარშემო ბევრად მეტი ფერია, ვიდრე ჩვენ ვხედავთ და აღვიქვამთ. განაგრძეთ კითხვა


დეკორის ულამაზესი ნივთები ქართველი ხელოვანისგან, რომელსაც დიდი მოწონება ხვდა წილად

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები