მეორადი მასალები რომ ყველაზე პრაქტიკულად გამოიყენოთ

მეორადი მასალების ლანდშაფტში გამოყენება მსოფლიოში წამყვანი ტენდენციაა. საღი გონებითა და აზრით უნდა მივუდგეთ ყველაფერს - მაგალითად, სარემონტო თუ სამშენებლო სამუშაოების ნარჩენები კი არ უნდა გადავყაროთ, ეზო-ბაღებში გამოვიყენოთ, სხვადასხვა ელემენტი შევქმნათ და იქაურობა განუმეორებელ ზონად ვაქციოთ. ამ თემაზე ლანდშაფტის არქიტექტორი ნინო შენგელია გვესაუბრება:

- როდესაც ნივთს შემოქმედებითად მიუდგები, აუცილებლად საინტერესო შთაგონებას მოგცემს. შეიძლება მისგან განუმეორებელი ელემენტი შექმნა და შენი ნახელავი მეზობლის ბაღს აღარ დაემსგავსება. ასე რომ, ძალიან საინტერესოა ასეთი მიდგომა - საკუთარ პრიზმაში

დანახული ნივთის ახალი სიცოცხლე, რომელიც უკვე სხვა მნიშვნელობასა და დატვირთვას იძენს.

- ე.ი. განვითარებული მსოფლიო ამ სფეროშიც ეკონომიკური ცხოვრებისკენ ისწრაფვის...
- დიახ, ამ დარგის სპეციალისტების ნებისმიერი რჩევა ლანდშაფტში, პეიზაჟიზმში, რაც ბუნებასთან თანხვედრაშია, გასათვალისწინებელია. სხვათა შორის, ლანდშაფტის არქიტექტორებმა შევქმენით ფედერაცია - "კრეატოპია" ("კრეა" - შექმნას ნიშნავს, "ტოპია" - პეიზაჟს, ანუ შექმენი პეიზაჟი) და ამ მიმართულებით აქტიურად ვსაქმიანობთ.



- და ამის კეთება სულაც არ არის უტოპია, ხომ?
- დიახ, თუმცა ზოგჯერ ჩვენს პირობებში ამის კეთება მართლაც უტოპია ხდება, რადგანაც ეკოლოგიური ლანდშაფტის შექმნა აქ ჯერჯერობით წარმოუდგენელია, თუმცა შესაძლებელია. მთავარი მაინც მონდომებაა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ახალი ლანდშაფტი, პეიზაჟი შეიქმნას, რათა ბუნებასთან, ეკოლოგიასთან სრული თანხვედრა მოხდეს და ხელი შეეწყოს ეკოლოგიური ბალანსის ჩამოყალიბება-შენარჩუნებას. რაც მთავარია, ეს ყველაფერი ეკონომიურიც უნდა იყოს. მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ბუნების ძალა - ქარი, მზის შუქი, წვიმის წყალი თუნდაც იმისთვის, რომ ეკონომია გავაკეთოთ სარწყავ წყალზე, ელექტროენერგიაზე, ღამის განათებაზე და ა.შ. მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში ქარის გენერატორების გარეშე ვერ ნახავთ პეიზაჟს, ის ერთგვარი სიმბოლო გახდა ადამიანის მიერ ამგვარად მიღებული ენერგიის გამოყენებისა.

- კონკრეტულად?
- ქარის ენერგიის გამოყენება ბუნების ძალების გამოყენების ერთ-ერთი კომპონენტია. მაგალითად, წვიმის წყალს დიდ რეზერვუარებში აგროვებენ და მერე სარწყავ სისტემაში მიედინება. ხდება ლანდშაფტის მელიორაცია, დეკორატიული მცენარეების მორწყვა მაშინ, როცა წვიმების სეზონი არ არის. ასევე იყენებენ გამჭოლი ზედაპირის მქონე ქვაფენილებს. ესეც მდგრადი ლანდშაფტის ერთ-ერთი პირობაა, ანუ წვიმის დროს წყალი უნდა ჩადიოდეს ნიადაგში, რათა გრუნტის წყლებს უკვე გაფილტრული შეუერთდეს. ქვაფენილი, ბილიკი, მანქანის სადგომი უნდა იყოს გამჭოლი. ეს ფილა სპეციალური მასალით კეთდება, - მყარი, მაგრამ ფორებიანია. სასურველი იქნება, თუ ასეთი ქვაფენილების პოპულარიზაცია ჩვენთანაც მოხდება, ქალაქის პირობებში ფილების გამოყენება რომ შევძლოთ.

- რაც შეეხება სამშენებლო ნარჩენებს, შეგვიძლია ახალშექმნილ ლანდშაფტში წარმატებით გამოვიყენოთ და შემოქმედებითად მივუდგეთ.
- ნარჩენებით მართლაც ელეგანტური ნამუშევრები გამოდის. ბაღი, საერთოდ, რამდენიმე კომპონენტისგან შედგება: ეს არის წყალი, მცენარეები, ქვაფენილი, ღობე, პატიო (შიდა ეზო - ადგილი, სადაც ოჯახი სტუმრებს მასპინძლობს), ცეცხლის ადგილი. თითოეული კომპონენტი შეიძლება შექმნილი იყოს თუნდაც იმ ნარჩენებისგან, რომელიც სახლის მშენებლობისგან მოგვრჩა.



- მაგალითად, ბლოკისგან რისი გაკეთება შეგვიძლია?
- ბლოკით ბევრი საინტერესო რამე კეთდება: ბლოკს, მოგეხსენებთ, აქვს ღრმულები (მასიურ ბლოკზეა ლაპარაკი), ჰოდა, ის ყვავილნარის მოსაწყობად საუკეთესო საშუალებაა. ბავშვის სათამაშო კუბების მსგავსად, ბლოკითაც შეგვიძლია რაიმე კონსტრუქციის აწყობა. იმ ღრმულებში შეიძლება მიწის ჩაყრა და შიგ მცენარეების ჩარგვა. მცენარეები რომ გაიზრდება, მთლიანად დაფარავს ბლოკს და არაჩვეულებრივი სანახავი იქნება. ბლოკითვე შეგვიძლია გავაკეთოთ მოსასვენებელი იქ, სადაც ცეცხლის, კოცონის დასანთები ადგილის მოწყობას გადავწყვეტთ. წრეზე ისე განვალაგოთ ბლოკი, რომ კოცონი თავისუფლად დაინთოს. ასევე შეგვიძლია ავაშენოთ საზაფხულო "სამზარეულო" - მოვაწყოთ ზედაპირი, პატარა თაროები, მერე ეს ყველაფერი მოვაპირკეთოთ და მივიღოთ გადასარევი ბარის მაგიდა. ბლოკით მშვენიერი ღუმლისა და ეზოს ბუხრის გაკეთებაც შეიძლება. მოკლედ, ეს მასალა დიდ ასპარეზს გვაძლევს.
ხშირად იყენებენ ასევე მშენებლობიდან მორჩენილ ხრეშსაც. ნაცრისფერი სამშენებლო ხრეში ბაღში ზედაპირების დასაფარავად ძალიან სიმპათიურად გამოიყურება. შეიძლება იაპონურ სტილში პატარა ბაღიც გავაკეთოთ, სადაც ეს ნაცრისფერი ხრეში მშვენივრად ჩაჯდება და რაღაც სიტუაციაში წყალს შეგვიცვლის. შეგვიძლია რამდენიმე ფერის ხრეში გამოვიყენოთ, პატარა ტიხრებით და ასე რაღაც ნახატიც მივიღოთ.

- ცნობილია, რომ ხრეში დრენაჟის როლსაც ასრულებს...
- დიახ, როდესაც მცენარეებს ვრგავთ, მას ყოველთვის ვიყენებთ, - ორმოს ფსკერზე ვყრით იმისთვის, რომ მცენარე დრენაჟით უზრუნველვყოთ. ასე რომ, თავისუფლად შეგვიძლია, მისი როგორც ტექნიკურად და ასევე მხატვრულად გამოყენებაც, მაგალითად, ბილიკებად გავუშვათ.



- მგონი, თეთრი ხრეში უფრო დეკორატიულია.
- კი, მაგრამ მე ნაცრისფერიც მომწონს და ამ ორი ფერის შეხამება თავისუფლად შეიძლება. თეთრი ხრეში
მოზაიკური იატაკების გაკეთების შემდეგ რჩებათ ხოლმე, როდესაც რამდენიმე ფერს ურევენ, მერე ასხამენ და ზემოდან ხვეწენ. დეკორატიული თვალსაზრისით, თეთრ ხრეშს ლანდშაფტში აქტიურად ვიყენებთ. მოკლედ, ბაღში ჩვენი მიზნებისთვის წარმატებით შეგვიძლია ნებისმიერი მორჩენილი ხრეშის გამოყენება: საინტერესო ბილიკები გავაკეთოთ, ბლოკის პირებით კი ბორდიურები მოვაწყოთ. ისე, ბორდიურად ყველანაირი მორჩენილი მყარი მასალა გამოგვადგება, მაგალითად, ძველი კრამიტი ხრეშის ბილიკს თავისუფლად დაიჭერს. ახლა ამ ძველ, თიხის კრამიტებზე დიდი მოთხოვნილებაა. ბილიკის შუაში კი ნებისმიერი (კაფელი, მეტალის ფირფიტა) არაერთგვაროვანი მასალის მოზაიკურად არევა შეგვიძლია... ასეთი ორიგინალური ბილიკი, დამიჯერეთ, არავის ექნება - ლამაზიცაა და პრაქტიკულიც, წვიმაში ისე გაივლი მასზე, რომ ფეხს არ დაისვრი...
თუმცა, თუ ეზოს არქიტექტურა თანამედროვე და მინიმალისტურია, რა თქმა უნდა, ბაღს ასეთი მიდგომა არ მოუხდება, რადგან ამ შემთხვევაში ცოტა სხვა ესთეტიკაა, მაგრამ თუ სახლი შემოქმედებითია და არ არის მინიმალისტური, ბაღში შესაბამისად შეიძლება გაკეთდეს საინტერესო ნამუშევრები.

- თუ რკინის ფერადი კრამიტიც მოგვრჩა, სად და როგორ გამოვიყენოთ?
- მაგალითად, პატარა ჩანჩქერისთვის ფერადი კრამიტის ნაჭრებით წყლის გადმოსასვლელები შეგვიძლია გავაკეთოთ, საინტერესო წყარო გამოვა. წყაროს შემთხვევაში არა მარტო ნარჩენი მასალით, არამედ უკვე გამოყენებული სიდით, ანუ კომპაქტდისკებით ბრჭყვიალა ზედაპირი გამოდის.

- როგორ?
- რაიმე სიბრტყეზე ბევრი სიდი ავკინძოთ და მივიღოთ სარკისებური ზედაპირი, ან რაღაც კონსტრუქცია მათი ერთმანეთზე დადებით შევქმნათ. შემდეგ კი წყალთან დავკიდოთ, როგორც ლამაზი ელემენტი, რომელზეც მზის სხივი ითამაშებს. სხვათა შორის, ის ბოსტანში მშვენიერი საფრთხობელაა, ბრჭყვიალა კონსტრუქციის შიშით ჩიტები ბოსტნეულს არ ეკარებიან, სამაგიეროდ, ბაღის დეკორატიული ელემენტია.

- რას გვეტყვით შეკიდული ჭერის ასაკრავი მასალის ნარჩენებზე?
- ჭერზე ასაკრავ მასალას კარგად ვიყენებთ იმ შემთხვევაში, თუ არ გვაქვს ბორდიური და მის გასაკეთებლად საჭირო მასალა. ასეთ დროს გრძელი პლასტმასის "ლენტები" ხრეშისა და ბალახის გასამიჯნად შესანიშნავია, ან ერთმანეთისგან რომ გამოიყოს ერთი ფერის ხრეში მეორე ფერის ხრეშისგან. ის მიწაში ვერტიკალურად უნდა ჩავსვათ, თანაც დრეკადია და ნებისმიერ ფორმას იღებს. ასევე შეიძლება ბაღში ბეტონით რაღაც კონსტრუქციაც შევქმნათ და ის ყალიბად გამოვიყენოთ.
კიდევ ერთ ხერხს გეტყვით: როდესაც ვრგავთ ბამბუკს, უნდა ვიცოდეთ, რომ მას ინვაზიური ფესვი აქვს, ანუ სარეველასავით მრავლდება. ფესვი მთელ ეზოში რომ არ გავრცელდეს, ბამბუკს გარშემო 50-60 სანტიმეტრზე ორმოს ვუკეთებთ და ორ ფენად ამ პლასტმასის "ლენტებით" ტიხრებს ვაკეთებთ. ის მიწაში ჩადის და ბამბუკის ფესვს გარშემო ბარიერს უკეთებს.



- კაფელ-მეტლახის მონაჭრებით რისი გაკეთება შეიძლება?
- თუ მას კიდევ სხვადასხვა ფორმად დავჭრით, ან დავტეხავთ, მისგან იატაკზე საუცხოო მოზაიკა გამოვა. ან თუ წყარო გვაქვს ეზოში, მის მოსაპირკეთებლად გამოდგება. სხვათა შორის, სივრცის გარდატეხით საინტერესო ილუზიებს ქმნის ეზოს რომელიმე კედელზე დამაგრებული სარკე. კარგი იქნება თუ სარკეს ჩარჩოს გავუკეთებთ, თუნდაც მოზაიკურს, სხვადასხვა ფერის კაფელ-მეტლახით. ამით ინდივიდუალურ და ექსკლუზიურ სახეს მიიღებს.

- ძველი აბაზანა რისთვის გამოვიყენოთ?
- გარშემო რაღაცით მოვაპირკეთოთ, ვთქვათ, მიწით დავფაროთ და თუ ეზოში პატარა ბაღი მოვაწყვეთ, იმ აბაზანაში ალპინარიუმიც გავაკეთოთ, ან მიწით დავფაროთ და ზედ ბალახი გავუშვათ, პატარა რელიეფი მივცეთ. ასევე შეგვიძლია აბაზანა ხელოვნურ გუბურად ვაქციოთ და იქ წყლის მცენარეები გავუშვათ.
ძალიან საინტერესოა ბაღში ღობის თემა. კეთდება გამჭვირვალე ღობეები, რომლებსაც ტიხრებად იყენებენ. ამ შემთხვევაში სხვადასხვა ფრად შეღებილი ძველი, გადაგდებული ველოსიპედების ჩარჩოების გამოყენება შეიძლება. ასევე კარგია მათი თვლებიც, რომლებიც სხვადასხვა ფერის უცნაურ და ორიგინალურ ტიხარს მოგვცემენ. ასეთი კონსტრუქცია შეგვიძლია რამდენიმე ველოსიპედით შევქმნათ. დეკორაციებად ბაღის ძველ იარაღებსაც იყენებენ - კედელზე მივაკრათ და რაღაც კომპოზიცია შევქმნათ. ასეთი მიდგომით, ბაღის პერსონიფიცირება ხდება. მგონი, ძალიან საინტერესოა, ისეთი ბაღი შექმნა, რომელიც შენი ფანტაზიის შედეგია და მხოლოდ შენია.



კარგია, მაგალითად, სხვადასხვა ფრად შეღებილი საბურავების ყვავილნარად გამოყენებაც. საყვავილედ საუკეთესო მასალაა თუნუქის შიფერიც. კარგია ასევე დატეხილი ბაზალტი - ეზოში მოსასვენებელი ადგილის ზედაპირის მოსაპირკეთებლად გამოდგება. პრაქტიკულია წყლის საკომუნიკაციო მილებიც, რომლებიც შუაზე იჭრება და მშვენიერი საყვავილეები კეთდება. ასე რომ, მთავარია მონდომება და ყველაფრის მიმართ შემოქმედებითი დამოკიდებულება.

ლალი ფაცია

კომენტარის დამატება