როგორ შევცვალოთ ხედი ფანჯრიდან, როდესაც წინ ბეტონის კედელი გვაქვს


საცხოვრებლის შერჩევის დროს ხედს ფანჯრიდან ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ნამდვილად არ არის სასიამოვნო ფანჯრიდან ბეტონის კედლები ან ძველი სახლების ყურება.
თუმცა, თუ სხვა გამოსავალი არ არის და ხედი არ გახლავთ ისეთი, როგორიც წარმოგედგინათ და ეს თქვენს განწყობაზე აისახება, პრობლემის მოგვარება შიგნიდანაც არის შესაძლებელი, განსაკუთრებული ძალისხმევისა და ხარჯების გარეშეც.
ტრადიციულად ჩვენ პროფესიონალების რჩევებს შემოგთავაზებთ, რამდენად გაითვალისწინებთ მათ და რამდენად ერგება კონკრეტულად თქვენს მოთხოვნილებებს, თქვენი გადასაწყვეტია.

1. გადაიტანეთ ყურადღების ცენტრი

ტრადიციული, თეთრი ფერის ნაცვლად რომელიმე მკვეთრ ფერად გადაღებვის შემთხვევაში ფანჯარა ძალიან მარტივად
შეგიძლიათ აქციოთ ინტერიერის მთავარ აქცენტად. ამ შემთხვევაში მთელი ყურადღება გადატანილი იქნება არა ფანჯრიდან ხედზე, არამედ თავად ფანჯრის დეკორზე. აღნიშნული ჩანაფიქრის განხორციელებას კი მხოლოდ ფუნჯი და საღებავი დასჭირდება. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ თანამედროვე მეტალოპლასტმასის ფანჯრები სახლის პირობებში ღებვას არ ექვემდებარება.

2. შენიღბეთ ფანჯარა

არასასურველი ხედისგან თავის დაღწევაში დაგეხმარებათ ფერადი ვიტრაჟები, ჯადოსნური ნახატები. ამ ხრიკის ძირითადი უპირატესობა ის გახლავთ, რომ მობეზრების შემთხვევაში მისი შეცვლა ამ საერთოდ მოხსნა ძალიან მარტივია.
ვიტრაჟის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ასევე პრინტიანი ჟალუზები ან ფარდები.

3. თაროები


ამ მრავალფუნქციურ გადაწყვეტილებას ერთდროულად რამდენიმე უპირატესობა აქვს. ჯერ ერთი, რომ თაროებზე განთავსებული ნივთები თავად მიიქცევს ყურადღებას და მეორე, ასე თქვენ დამატებით შესანახი სისტემა გაგიჩნდებათ და აითვისებთ დაკარგულ თვისუფალ სივრცეს.

4. გამოიყენეთ რულონის ტიპის ფარდები

მსგავსი გადაწყვეტილება ძალიან პრაქტიკულია არა მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, ვისაც ფანჯრიდან ხედი აღიზიანებს, არამედ პირველ სართულზე მცხოვრებთათვისაც, რადგან აღკვეთთ უცხო ადამიანის თქვენს სახლში შემოხედვის შესაძლებლობას.

5. დასახმარებლად მიმართეთ მცენარეებს

ბოლო დროს ინტერნეტში ბევრ ინფორმაციას ვაწყდებით იმასთან დაკავირებით, თუ სად შეიძლება განვათავსოთ ოთახის მცენარეები ისე, რომ რაციონალური სივრცე არ დავკარგოთ - გვირჩევენ მივაშოროთ მცენარეები ფანჯრის რაფებს და განვათავსოთ სტელაჟებზე, ტუმბოებზე და ა.შ.
გთავაზობთ ვარიანტს, რომელიც გულისხმობს ყვავილების ფანჯრის უკან განთავსებას, ეს ძალიან ლამაზი და ამავე დროს ძალიან მოხერხებულია. საამისოდ სპეციალური ქოთნებიც და კაშპოები იყიდება.

6. ფანჯრის წინ რამე მასიური მოათავსეთ

ფანჯარასთან შეგიძლიათ მოათავსოთ მაგალითად როიალი ან წიგნების თარო, ერთი სიტყვით რამე მასიური ნივთი, რომელიც ყუადღებას მიიპყრობს.

7. ეფექტურად დაფარეთ ფანჯარა

ამ შემთხვევაში საუბარია არა ჩამოფარებულ ფარდებზე, არამედ ნახევრადგამჭირვალე დეკორატიულ ჟალუზებზე ან ლამაზ დარაბებზე, რომელიც საკმარის სინათლესაც შემოუშვებს ოთახში და ხედსაც გაალამაზებს.

8. შექმენით ალტერნატივა

თუ ფანჯრიდან ხედი ვერ განიჭებთ სიამოვნებას და სიხარულს, იქნებ ოთახის ხედმა ჩაანაცვლოს იგი და მან გაგაბედნიეროთ. საუბარი გვაქვს თანამედროვე ტიპის ფოტო შპალერებზე, რომელსაც საკუთარი გემოვნებით შეარჩევთ.

9. გადააადგილეთ ავეჯი

ბოლოსდაბოლოს, თუ ფანჯარასთან მისვლა და გადახედვა გაღიზიანებთ, მოიქეცით ისე, რომ ეს იშვიათად მოხდეს, გადაადგილეთ ავეჯი ისე, რომ თქვენთვის არასასურველი ზონა სასურველად იქცეს.
ნუ შეუშინდებით ზემოთ ჩამოთვლილი რჩევების თქვენს მოთხოვნილებებზე ჰარმონიულად მორგებას და მათ ცხოვრებაში გამოყენებას.






კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები