რამ შეიძლება დააპატარავოს ისედაც პატარა სივრცე - შეცდომები ინტერიერის დაგეგმვისას

შთამბეჭდავი სივრცეც კი შესაძლოა დაპატარავდეს, თუ მისი მოწყობის დროს შეცდომებს დაუშვებთ. რა შეცდომებზეა საუბარი?

ხალიჩის ზომა

ეკონომიის მიზნით ადამიანები უპირატესობას ანიჭებენ პატარა ზომის ხალიჩას, რომელსაც დივნის წინ ან საწოლთან დააგებენ. პატარა ზომის ხალიჩა არათუ აუშნოებს სივრცეს, მას ვიზუალურად აპატარავებს კიდეც. რაც უფრო პატარაა ოთახი, მით დიდი ზომის უნდა იყოს ხალიჩა.

გრძელი ფარდები და დაბალი კარნიზი

გრძელი, მძიმე ფარდები რა თქმა უნდა, ეფექტურად გამოიყურება, თუმცა პრაქტიკულობის მხრივ არცთუ წარმატებული გადაწყვეტილებაა.
გარდა იმისა, რომ ოთახს ვიზუალურად აპატარავებს, ის იქცევა ცენტრალურ ელემენტად, რომელიც შთანთქავს
სივრცეს. საყურადღებოა კარნიზის ზომაც, ძალიან მაღალი კარნიზი ნახევარ კედლეს დაფარავს, პირდაპირ ფანჯრის თავზე განთავსებული კი დააპატარავებს ფანჯარას და ჭერის სიმაღლეს.

გადატვირთული კედლები

არსებობს მოსაზრება, რომ კედლის დეკორი პატარა სივრცეს არ უხდება, თუმცა, გვინდა გითხრათ, რომ ოქროს შუალედის დაცვით შესაძლებელია ლამაზი ინტერიერის მოწყობა.
დეკორი შესაძლოა იყოს არა მხოლოდ პოსტერები ან თაროები პატარა სუვენირებით, არამედ სარკეც, რომელიც სივრცეს ვიზუალურად ზრდის.

დიდი ზომის საწოლი

თუ თქვენი საძინებელი შეზღუდული გაბარიტების არის, გირჩევთ საწოლის შერჩევისას გაუძლოთ ცდუნებას და დიდი ზომის საწოლის ნაცვლად უპირატესობა კომპაქტურ, ლაკონურ მოდელს მიანიჭოთ. ყურადღება მიაქციეთ ასევე საწოლის თავს, ის არ უნდა იყოს ძალიან მაღალი.

უსარგებლო ნივთები

როდის ჩაატარეთ ბინაში რევიზია? მართლა გადაყარეთ ყველა უსარგებლო ნივთი? გახსოვდეთ, გადატვირთული სივრცის არა მხოლოდ დალაგებაა რთული, თავსაც არაკომფორტულად იგრძნობთ. მოიშორეთ თავიდან ყველა ის ნივთი, რომელსაც ფუნქცია არ აქვს და არ გჭირდებათ. ამ დროს სენტიმენტები უკანა პლანზე უნდა გადადოთ და მხოლოდ სისუფთავესა და კომფორტზე იფიქროთ.

ცუდი განათება

სახლის რემონტის დროს პირველ რიგში საგულდაგულოდ გათვალეთ განათება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ბევრჯერ გვისაუბრია იმაზე, რომ თანამედროვე ინტერიერში ერთი ცენტრალური განათება საკმარისი არ არის, მეტი კომფორტისა და პრაქტიკულობის მხრივ უნდა გამოიყენოთ განათების დამატებითი წყაროები.

კედლის გასწვრივ ჩამწკრივებული ავეჯი

ზოგჯერ გვგონია, რომ მცირეგაბარიტიან სახლში ავეჯის განთავსების სხვა ვარიანტი უბრალოდ არ არსებობს. ეს ერთი შეხედვით მოსახერხებელია, ცენტრი თავისუფალია, თუმცა ასე ოთახი კიდევ უფრო პატარა ჩანს. პროფესიონალი დიზაინერები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია ავეჯსა და კედელს შორის სივრცის დატოვება. ასეთი განლაგებით ოთახი უფრო ფართო და დიდი გამოჩნდება.

მუქი კედლები

მუქი ფერის კედლები მხოლოდ დიდი ზომის ოთახებისთვის არის მისაღები, ყველა სხვა შემთხვევაში ის უარყოფით შედეგს იძლევა. მუქი ფერის კედლები შთანთქავს სივრცეს და მას მოსაწყენსა და სევდიანს ხდის.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები