სახლის მოწყობის დროს დაშვებული შეცდომები, რომლებიც შემდეგ უხერხულობას გვიქმნის

ამჯერად გვინდა ვისაუბროთ იმაზე, თუ რას უნდა მივაქციოთ ყველაზე დიდი ყურადღება მრავალსულიანი ოჯახისთვის სახლის მოწყობის დროს, რომ შედეგი მაქსიმალურად მისაღები და სასიამოვნო იყოს.
დავიწყოთ იმით, რომ განსაკუთრებული ყურადღებით უნდა დაიგეგმოს ფუნქციური ზონები და შესანახი სისტემები.

მრავალსულიანი სახლის მოწყობის დროს დაშვებული ყველაზე უხეში შეცდომა ფუნქციური ზონების არარსებობაა. ოჯახის ყველა წევრს სჭირდება განმარტოება და საკუთარი პირადი სივრცე, საკუთარი სამუშაო ადგილი. თუ სახლში იმის საშუალება არ არის, რომ ოჯახის ყველა წევრს საკუთარი ოთახი ჰქონდეს, მაქსიმალურად უნდა აითვისეთ ყველა კუთხე, ფანჯრის რაფა, რომ თითოეულ
წევრს საკუთარი ზონა მაინც ჰქონდეს.

დისკომფორტს ქმნის ხოლმე ასევე დიდ ოჯახებში ერთი სველი წერტილი. თუ სახლში სამ ადამიანზე მეტი ცხოვრობს, აბაზანა და საპირფარეშო უმჯობესია ცალკე იყოს. თუ არც ამის საშუალება არის, მაშინ ეცადეთ აბაზანა ან შირმა მაინც გამოიყენოთ, რომ ექსტრემალურ შემთხვევაში ორმა ადამიანმა ერთდროულად შეძლოს სარგებლობა.
ძალიან მნიშვნელოვანია ასევე შესანახი სისტემების რაოდენობა. საკმარისი რაოდენობის შესანახი სისტემა მშვიდი და მოწესრიგებული ცხოვრების ერთგვარი საწინდარია. საცხოვრებელი ფართი მაქსიმალურად უნდა იყოს ადაპტირებული ბევრ ნივთსა და შესანახ სისტემაზე.

არც საერთო ზონა უნდა დაივიწყოთ სახლის მოწყობის დროს. პრივატული ზონის გარდა ოჯახს აუცილებლად სჭირდება ერთი საერთო ზონა, სადაც ყველა ერთად მოიყრის თავს და სადაც ყველა იგრძნობს, რომ ერთი ოჯახი არიან.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ხმის იზოლაციის თემა. ხშირად ისე ხდება, რომ ოჯახის ზოგიერთ წვერს ადრე უწევს ადგომა, ზოგს - გვიანობამდე მუშაობა, მაქსიმალურად უნდა შეეცადოთ ეს ფაქტორები გათვალისწინოთ და ისე მოაწყოთ სახლი, რომ ოჯახის წევრებმა ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ.

ერთი სიტყვით, სახლი უნდა იყოს ლამაზი და ამავდროულად მყუდრო. შესაძლოა ერთი შეხედვით ინტერიერი ისე გამოიყურებოდეს, როგორც ჟურნალის ყდაზე, მაგრამ მთავარია, ის კომფორტული იყოს ოჯახის წევრებისთვის. სიმყუდროვეს ოჯახში ხომ ბედნიერი ადამიანები ქმნიან.

კომენტარის დამატება