მოსწონთ თუ არა თბილისში მოხატული ავეჯი და როგორ შეიძლება გარდაისახოს ძველი ნივთები

მაია ქუთათელაძე პროფესიით მხატვარია. ათი წელი ტელევიზიაში მუშაობდა, დღეს კი მეგობრებთან ერთად საოცარ დეკორაციებს ქმნის. მისი მოხატული პანოები, სკამები, ჭურჭელი, კომოდები, თაროები საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს, პოზიტიურია, გამახსოვრდება. ერთი შეხედვით მოძველებულ ავეჯზე, ცოტა ხელის შევლების შემდეგ ფერებს ერთმანეთთან ჰარმონიულად აკავშირეს და არაჩვეულებრივი შინაარსის, ფორმის ნახატები ხეზე გადააქვს. განსხვავებული დიზაინის გარემოში მოხვედრის შემდეგ შეუძლებელია ამაღლებულ განწყობაზე არ დადგე. ასე მოხდა ჩემს შემთხვევაშიც. საღებავების, წებოს, ხის სუნით გაჟღენთილ, ჭრელაჭრულა სამყაროში მოვხვდი.


- მე და ჩემს მეგობრებს დიდი ხნის ურთიერთობა გვაკავშირებს. დაიწყო იმით, რომ

ჩვენთვის ვხატავდით ქოთნებს მშვიდ და ლამაზ გარემოში. ორი წლის წინ 26 მაისს ქოთნები გავიტანეთ ყვავილების გამოფენაზე. ეზოში ეგდო ძველი ფანერის საშინელი კარადა, შევღებეთ, გავალამაზეთ და ეს კარადაც გავიტანეთ გამოფენაზე. მოვიდა ერთი კაცი, რომელსაც ძალიან მოეწონა. ერთი თვის შემდეგ მოგვაკითხა ამ კაცმა და გვითხრა, რომ ჰქონდა კაფე და ამ კაფესთვის მსგავსი კარადის გაკეთება სურდა. რა თქმა უნდა, უარი არ გვითქვამს. უმოკლეს დროში ულამაზესი და საუცხოო კარადა გავუკეთეთ. სწორედ ამის მერე აგორდა იდეა. მე, მანანა კალანდაძემ, სოფიო გეგელიშვილმა და მარინა ბაქანიძემ გადავწყვიტეთ, შეგვეკრა გუნდი და ჩვენი საყვარელი საქმე ერთად გვეკეთებინა.

 

- რა მასალაზე მუშაობთ?
- თითქმის ყველაფერზე ვმუშაობთ, რაზეც შეიძლება მოხატვა. ძირითადად ავეჯს ვუცვლით დიზაინს. ჩვენს მოხატულ ავეჯს ბევრ კაფესა თუ სასტუმროში შეხვდებით. ჩვენი ნამუშევრები გულგრილს არავის ტოვებს. ვმუშაობთ საღებავებით, ლაქით, გატეხილი ფაიფურით, თაბაშირით და თქვენ წარმოიდგინეთ, გასაბერი ბუშტით დიდი ზომის, თეთრი ჩაიდანი გავაკეთეთ. ასევე ვხატავთ თიხის ქოთნებზე ნებისმიერ ნახატს, რომელიც შემდეგ ლაქით იფარება, რათა ბზინვარება და ელფერი შეემატოს. ჩვეულებრივ ქოთანს ბევრად სჯობს ასეთი მოხატული, ორიგინალური ქოთანი.

- ყველაზე რთული ნაკეთობა რა იყო, იმათ შორის რაც შგიქმნიათ?
- ვფიქრობ ყველაზე რთული წინ არის. რასაც ვაკეთებთ ყველაფერი ფიზიკურ შრომასთან არის დაკავშირებული, მაგრამ როცა რაღაცას აკეთებ და ეს სიამოვნებას განიჭებს, დაღლასაც ვეღარ გრძნობ.


- რა ეტაპებს გადიხართ, რომ დეკორაციამ დასრულებული სახე მიიღოს?
- როცა ძველი ავეჯი მოაქვთ და მას ხელის შევლება სჭირდება, თუ მარტივი საქმეა, ჩვენ თვითონ ვაკეთებთ ყველაფერს, თუ უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვს, მიგვაქვს ხელოსანთან. ასწორებს, ამაგრებს, "შკურკავს", ამზადებს მოსახატად. ჩვენთან ხდება მისი გაპრიალება, მოხატვა, შეღებვა. რა თქმა უნდა, ყველაზე სასიამოვნო პროცესი მოხატვაა. ზოგადად ყველაფერი სერიოზულ შრომასთან არის დაკავშირებული და დიდ ენერგიას მოითხოვს.

- საქართველოში რამდენად არის მოთხოვნა მოხატულ ავეჯზე?
- თბილისში ავეჯის მოხატვაზე ცოტა მხატვარი მუშაობს. სიმართლე გითხრათ, არ მეგონა, ასეთ ინტერესს თუ გამოიწვევდა საზოგადოებაში. ძალიან განსხვავებული, ფერწერული და მხიარულია. მე პირადად მომწონს აჭრელებული ფერებით მოხატული ავეჯი. ბევრს ვერ წარმოუდგენია ჭრელა-ჭრულა კარადა ოთახში. ყველაფერი გემოვნებაზეა, ჭრელიც და სადაც შეიძლება მოიხატოს გემოვნებითაც და უგემოვნოდაც. ყველაფერი უნდა იყოს ჰარმონიულად შერწყმული. ძალიან უხდება თანამედრობე ინტერიერს, აცოცხლებს და დადებითი ენერგია შემოაქვს. მოხატული გვაქვს უამრავი საძინებელი. ევროპაში მსგავსი მეთოდით გაფორმებული ავეჯი ძალიან ძვირი სიამოვნებაა, ჩვენ ვცდილობთ, ყველასთვის ხელმისწვდომი იყოს.


26 მაისს რუსთაველზე ეწყობა ერთდღიანი კაფეები, სწორედ ჩვენი მოხატული კაფეებით დამშვენდება რუსთაველის გამზირი, სამხატვრო გალერეის მიმდებარე ტერიტორია. ყველაფერი მოკლე დროში მოვხატეთ. ერთ-ერთ მოტივად გამოვიყენეთ პლეხანოვზე ძველი სადარბაზოს ულამაზესი მოხატულობა, რომელსაც რატომღაც არავინ აქცევს ყურადღებას.

გამოვიყენეთ ქობულაძის აღდგენილი ფარდის დეტალები, რომელიც ოპერის გარე ფასადს დაამშვენებს. სამხატვრო გალერიის წინ განთავსდება თეთრი, ლურჯ ყვევილებში მოხატული კაფე...

მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები