რა ღირს სტუდენტებისთვის ბინის დაქირავება თბილისში


თბილისი ყოველი სასწავლო წლის დაწყებამდე ბინების დაქირავების თუ გაქირავების საკითხი აქტიურდება.
იმის გამო, რომ აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების დიდი ნაწილი სწორედ თბილისში მდებარეობს, ამიტომაც სტუდენტების უმეტესობა განათლების მისაღებად საცხოვრებლად მინიმუმ 4 წლით თბილისში გადადის.

რეგიონებიდან ჩამოსული სტუდენტებს სწავლის გადასახადის გარდა დამატებით საცხოვრებელ ადგილის პოვნა და მისთვის შესაბამისი ფინანსების მოძიება უწევს.

SS.GE-ის ინფორმაციის მიხედვით, თბილისში მხოლოდ ერთი ოთახის დაქირავება კერძო სახლში ან ბინაში 150-250 ლარის
ფარგლებშია შესაძლებელი და მისი ფართობი 15-20 კვადრატულ მეტრს შეადგენს.


რაც შეეხება ზოგადად ფასებს, ერთოთახიანი ბინის დაქირავება 250-400
ლარის ფარგლებშია შესაძლებელი.

400-550 ლარამდე ქირავდება შედარებით კეთილმოწყობილი 1 და 2 ოთახინი ბინები. 

გთავაზობთ ინტერვიუს იმის შესახებ, თუ რას ითვალისწინებენ სტუდენტები საცხოვრებლის შერჩევისას და რა პრობლემებთან არის დაკავშირებული შესაფერისი ბინის პოვნა. სწორედ  ამიტომ რამდენიმე რეგიონიდან ჩამოსული სტუდენტი გამოვკითხეთ, რომელიც თბილისში ქირით ცხოვრობს.

ლანა ხაჭაპურიძე მე-3 კურსის სტუდენტი: „რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე, მას შემდეგ ქირით ვცხოვრობ. მოგეხსენებათ, სტუდენტისთვის ქირის საფასურის გადახდა მარტივი არ არის და რა თქმა უნდა, ამაში მშობლები მეხმარებიან. თუმცა ბინის დაქირავება ყოველთვიურად იმდენად ძვირია, ძნელია 300-400 ლარიც გიხადონ, დამატებით ყოველდღიური საჭმლის ფულიც გქონდეს და ა.შ. ამიტომ თავიდანვე გადავწყვიტე ბინა სხვა სტუდენტებთან ერთად მექირავა. მეორე კურსიდან ჯგუფებელებმა ბინა ერთად ვიქირავეთ, რაშიც 500 ლარს ვიხდით. 2 პატარა ოთახი გვაქვს ერთი საძინებელი და მისაღები“.

მარიამ ბუსხრიკიძე მე-2 კურსის სტუდენტი: მე ვარკეთილში ვცხოვრობ და ბინაში 300 ლარს ვიხდი. ჩემი ძმაც სტუდენტია და ერთად ვცხოვრობთ. რაც შეეხება ადგილს, შესაძლოა, ქალაქის ცენტრში არაა, მაგრამ წყნარი ადგილია, მეტროსთან ახლოს და ჩემთვის მოსახერხებელია“.

გვანცა ავაზაშვილი მაგისტრატუსი პირველ კურსზე: „კახეთიდან ვარ, თელავში ვცხოვრობ, თბილისში მას შემდეგ გადმოვედი, რაც უნივერსიტეტში დავიწყე სწავლა. ალბათ, „ჩამოსული" სტუდენტების ცხოვრება გაცილებით რთულია, ვიდრე მათი, ვინც თბილისში ცხოვრობს, თუმცა გაცილებით საინტერესოცაა. აქ საკუთარ თავზე ხარ დამოკიდებული, სხვისი იმედი არ გაქვს. გამაოცა იმან, რომ ყველა ქალაქის ცენტრალურ უბნებში ეძებს ბინას, სადაც ძალიან მაღალი ფასებია. ბევრი ვიცი ჩემს ირგვლივ, ვინც 300-200 ლარს იხდიან და სახლსაც კი ვერ დაარქმევ, ისეთ ადგილას ცხოვრობენ.

მე პირიქით, მირჩევნია გარეუბანში ვიყო. ნორმალურ პირობებში ვიცხოვრო და ფასიც ადამიანური გადავიხადო, ვიდრე ის ვიძახო, რომ ვაკეში და საბურთალოზე ვცხოვრობ. ახლა სანზონაში ვცხოვრობ, ბინაში 250 ლარს ვიხდი, ერთოთახიანი ბინაა, თავისი მისაღებით, საძინებლით სამზარეულოთი, მოკლედ მშვენიერი ადგილია საცხოვრებლად“.

კომენტარის დამატება