რა არღვევს სახლში სიმყუდროვეს და რა უნდა შეცვალოთ სასწრაფოდ


ხშირად ხდება, რომ თითქოს სახლი კარგი გარემონტებულია, სავსეა ავეჯითა და ტექნიკით, ყველა საჭირო ნივთით, თუმცა ადამიანი თავს კომფორტულად და მყუდროდ მაინც ვერ გრძნობს. რა შეიძლება იყოს მიზეზი?

ზედმეტი ავეჯი



ზედმეტი ავეჯი ვიზუალურად ტვირთავს სივრცეს და სივიწროვისა და სიმძიმის შეგრძნებას ტოვებს. გარდა ამისა, ზედმეტი ავეჯის გამო უბრალოდ გაგიჭირდებათ სახლში გადაადგილება. გახსოვდეთ, იმისათვის, რომ თავი იგრძნოთ კომფორტულად და მყუდროდ, უნდა გაითვალისწინოთ ერთი მნიშვნელოვანი წესი - აბსოლუტურად ყველა ნივთს ოჯახში უნდა ჰქონდეს გარკვეული ფუნქცია, ის რაღაცაში უნდა გჭირდებოდეთ, უფუნქციო ნივთები უმჯობესია თავიდან მოიშოროთ. აქცენტი
ნივთის ხარისხზე და ფუნქციაზე გააკეთეთ და არა ვიზუალზე.

ზედმეტად მკვეთრი ფერები


მკვეთრი ფერების სიუხვემ ინტერიერში შესაძლოა გამოიწვიოს არა მხოლოდ ადამიანის დისკომფორტი და გაღიზიანება, არამედ სივიწროვე. ეს განსაკუთრებით კედლებსა და ფართო ზედაპირებს ეხება. ინტერიერის მოწყობის დროს უმჯობესია შეარჩიოთ დამჯდარი, ჩამქრალი და მშვიდი ფერები, რომელიც ვიზუალურად არ გადატვირთავს და დაავიწროებს სივრცეს. თუ მკვეთრი ფერებიც გნებავთ, ის შეგიძლიათ აქცენტების სახით გამოიყენოთ.

არასწორი განათება



განათება ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს სწორი ინტერიერის შექმნის დროს. ზედმეტად დაბალმა განათებამ შესაძლოა სივრცე აბსოლუტურად უსიცოცხლო გახადოს, ზედმეტად ძლიერი განათება არაკომფორტულია, ნეონის განათება კი გადაღლასა და გაღიზიანებას იწვევს.
სიმყუდროვისთვის თავი აარიდეთ ზედმეტად მკვეთრ და ჩამქრალ, ასევე ნეონის განათებას, დაიცავით ზომიერება.

გადატვირთული კედლები



გადამეტებული დეკორი, ნახატები, პრინტები და აქსესუარები ნამდვილად არ არის ის, რაც თანამედროვე ინტერიერს უხდება, სისადავე, მინიმალიზმი ბოლო დროის წამყვანი ფაქტორებია.

სივრცის არასწორად დაგეგმვა


არასწორად დაგეგმილი სივრცე ინტერიერის ყველა დეტალს დაუკარგავს ფუნქციას და მას არაკომფორტულად აქცევს. ეცადეთ, სივრცეს, ისევე როგორც ავეჯს, ჰქონდეს თავისი ფუნქცია, ზუსტად იცოდეთ, რისთვის არის სახლის ესა თუ ის ნაწილი.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები