ფარდები ნებისმიერი ინტერიერისთვის - როგორ ავარჩიოთ?

ფარდას ინტერიერში ისეთივე ადგილი უკავია როგორც ტანსაცმელს ადამიანის ცხოვრებაში. თითქოს ლამაზი კაბაა, მაგრამ სხვა სტილის რომ ყოფილიყო აჯობებდა, ან ფერს თითქოს არა უშავს, მაგრამ საერთო ჯამში დიდი ვერაფერია.
ფარდებზეც შეიძლება იგივეს თქმა, წარმოიდგინეთ, უზარმაზარი ნაჭერი კიდია ფანჯარაზე და თუ ის გემოვნებით არ არის შერჩეული, როგორ შეიძლება მოგაბეზროთ თავი. მსგავსი შემთხვევები თავიდან რომ ავიცილოთ, გადავდოთ ყველაფერი გვერდზე და ძირითად, საბაზო ფარდებს მივხედოთ.

საშუალო სიმკვრივის თეთრი ფარდები
ეს მართლაც კლასიკაა. არ არსებობს ინტერიერი, თეთრი ფარდა რომ არ მოუხდეს. აქ საქმე ქსოვილშია, თეთრი ფერის
ნატურალური ქსოვილი ინტერიერს საოცარ სიმყუდროვეს ანიჭებს.

თხელი თეთრი ფარდებიც კლასიკაა, თუმცა ამ შემთხვევაში საუბარი არ არის ორგანზას, მაქმანებსა და ტულში. ორგანზას სიპრიალემ შესაძლოა სულ დაუკარგოს ხიბლი თქვენს თეთრ ფარდებს. ორგანზა და ტული თავისთავად ცუდი არ არის, შესაძლოა მათი გემოვნებიანად გამოყენება, მაგრამ ამ შემთხვევაში რამდენიმე ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ... როდესაც საუბარი ძირითად ფარდებზეა, ეს ნაჭრები გვერდით უნდა გადავდოთ და არჩევანი ნატურალურ ქსოვილზე უნდა შევაჩეროთ.

ღია ნეიტრალური ფერის ფარდები
ამ შემთხვევაში უნივერსალური ფერებია ნაცრისფერი, კრემისფერი და ცისფერი. ერთადერთი, რაც არასდროს უნდა დაგვავიწყდეს და კარგად უნდა გვახსოვდეს, ფერის ტემპერატურაა. თუ კედლები ცივი ფერისაა, ფარდები თბილი ფერის უნდა შევარჩიოთ და პირიქით. რაც უფრო თხელია ფარდა, მით რომანტიკულია, რაც უფრო სქელია, მით ელეგანტური.

მუქი ფარდები
უპირატესობა ენიჭება ნაცრისფერს, შავს, ყავისფერსა და მუქ იასამნისფერს. ასევე შეიძლება გამოიყენოთ მუქი მწვანე, მუქი ლურჯი, ერთი სიტყვით, ძვირფასი თვლების ფერები. ასეთი ფერები ძალიან უხდება კაბინეტსა და მისაღებ ოთახებს, ასევე საძინებელს.

ფარდები ორფეროვანი გეომეტრიული პრინტით
ეს ის შემთხვევაა, როდესაც კარგად დაფიქრება გვმართებს. არჩევანი მაქსიმალურად ელეგანტურ და თავშეკავებულ ფერებზე გააკეთეთ. ანუ ნუ აირჩევთ წითელ-ყვითელს, აირჩიეთ ნაცრისფერ-რძისფერი. პრინტიანი ფარდების არჩევის შემთხვევაში ეცადეთ ოთახში მეტი პრინტი აღარ ფიგურირებდეს.

კომენტარის დამატება