"მინდა იცნობდნენ ჩემს მინას - ქართული ამბებით, ისტორიითა და კულტურით გაცოცხლებულს..."

მინა მსოფლიოში ძალიან პოპულარულია მასალაა. ბოლო პერიოდში ინტერიერში აქტიურად გამოიყენებენ მინის დეკორაციებს და სხვადასხვა დეტალს. ქეთი მექერიშვილი მხატვრული მინის დიზაინერია. მინით ხელოვნების საუცხოო ნიმუშებს ქმნის. მისი ნამუშევრები დახვეწილი ფორმებით გამოირჩევა, რის გამოც მნახველში აღფრთოვანებას და დიდ მოწონებას იწვევს.

- პროფესიით დიზაინერი ვარ, მინის მიმართულებით. დღემდე იყო გზა, რომელიც არც თუ ისე მოკლედ და მარტივად შეიძლება ჩაითვალოს. სწავლა, ძიება, ინდივიდუალური ხედვა, უამრავი ინფორმაციის მიღება, ტექნოლოგიების სიღრმისეული შესწავლა, ბევრი ექსპერიმენტი... ეს ის დარგია, რომელიც მოდუნების საშუალებას არასდროს არ გაძლევს.

- როდის გაგიჩნდათ
მინაზე მუშაობის სურვილი?

- მინაზე მუშაობის სურვილი არასდროს გამჩენია. მე ასე ვიტყოდი, რომ მომეცა საშუალება ამ დარგში გამომევლინა ის შესაძლებლობები, რომელიც მქონდა და არ შევეწინააღმდეგე ცხოვრებას თუ მოვლენებს, რომელმაც ამ რელსებზე გადმომიყვანა.

- რა ნივთებს ქმნით მინით და რამდენად რთული, შრომატევადი საქმეა?
- ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავმეორდები, მინა ძალიან საინტერესო და ტენდენციური მასალაა. ჩვენს ყოველდღიურობაში მას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ოთახი მინის გარეშე საკანია - მინა სინათლის, ფერისა და განწყობის შემომტანია ჩვენს სივრცეებში. რაც შეეხება დეკორატიულ-ფუნქციონალურ ხელნაკეთ ნივთებს, ეს ყველა დროს ძვირად ფასობდა. ჩემს შემთხვევაშიც ასეა. თითოეული დეტალი ხელით მუშავდება. მინით ვამზადებ ჭურჭელს, დეკორატიულ ნამუშევრებს. საათებს, სარკეებს, სამაგიდო თამაშებს, სამკაულებს, სანათებს და ა.შ.

- როგორ იქმნება თითოეული ნამუშევარი?
- გქონდეს იდეა ერთია, მაგრამ ჩვენი პროფესიის ადამიანებს ღმერთისგან საჩუქრად ის ზღაპრული ჯადოსნური ჯოხი გვაქვს, რომლის მეშვეობითაც იდეა თვალსაჩინო და ხელშესახები ხდება. როგორც აღვნიშნე, მინას ხელით ვამუშავებ, შემდეგ მის მხატვრული სახის სრულყოფაზე ვზრუნავ.

- თქვენ თვითონ ხატავთ ნამუშევრებს? მინა სპეციალური საღებავებით იხატება?
- ფერს ვადგენ სპეციალური მინის სხვადასხვა მასალით. ვაყალიბებ და 800 გრადუს ტემპერატურამდე ვადნობ. ამის შემდეგ იწყება მეორე ეტაპი, რომ ნამუშევარი მივიღოთ სრულყოფილი სახით. ეს ვრცელი და რთული პროცესია... წინააღმდეგობებითა და სიურპრიზებით სავსე, სადაც განწყობა ყველაზე დიდ როლს ასრულებს.

- მარტო ართმევთ ყველაფერს თავს თუ ვინმე გეხმარებათ?
- ძირითადად სამი ადამიანი ვართ. მე, ჩემი მეუღლე აკაკი კონიაშვილი, რომელიც ამ რთული გზის გავლაში ძალიან მეხმარება და ბოლომდე გვერდში მიდგას. ასევე ჩემი კოლეგა ანი აბაშმაძე. მე და ანი „ტიფანის“ ტექნოლოგიით ვმუშაობთ ერთად, რომელიც თავისი მიმართულებით ნამდვილი პროფესიონალია.

- ქალისთვის რთული არ არის მინაზე მუშაობა?
- ქალისთვის ნამდვილად რთულია მინაზე მუშაობა, თუმცა ვფიქრობ, რომ მამაკაცზე მეტად ქალს უხდება ეს პროფესია.

- რამდენად აქტუალურია ინტერიერში მინის ნამუშევრები?
- თუ ვიმსჯელებთ გასული წლების მიხედვით, 4-5 წლის წინ დიდად აქტუალური არ იყო ხელნაკეთი მინის გამოყენება ინტერიერში. დღესდღეობით მოთხოვნა ბევრად გაზრდილია. ყველაზე მეტად კი მახარებს ის ფაქტი, რომ სწორედ საზოგადოების ის ნაწილი ინტერესდება მინით, რომელიც გემოვნებითა და ხედვებით განსხვავებულნი და ბევრ პროფესიონალზე (დიზაინისა და არქიტექტურის მიმართულებით) დახვეწილები არიან. სამწუხაროდ მინის დამუშავების სხვადასხვა დანადგარებზე მომუშავე პროფესიონალების დეფიციტია ქვეყანაში, ამიტომ არის შემთხვევები, როცა გვირთულდება შედეგის მიღება. მითუმეტეს ეს თუ მაშტაბურ ნამუშევრებს ეხება. დღეს მინა საქართველოში იმ ეტაპზეა, რომ შეიძლება შევადაროთ ბავშვს, რომელიც პირველი ნაბიჯების გადადგმას ცდილობს. ეს არ არის მარტივი...

- რა სიახლეებს გეგმავთ მომავალში?
- სიახლეები მხოლოდ და მხოლოდ მინის მიმართულებით ახალი ტექნოლოგიების დანერგვას ითვალისწინებს. გამოფენებს მოგვიანებით... ეს მაშინ, როცა ყველა პირობა იქნება და საქართველო თამამად დადგება იმ ქვეყნების გვერდით, სადაც მინა ფასობს. მინის ქართულად ამეტყველება იყო ჩემი მიზანი. და ასე მინდა იცნობდნენ ჩემს მინას - ქართული ამბებით, ისტორიითა და კულტურით გაცოცხლებულს.

მერი ბლიაძე

კომენტარები

აჩიკო 2020-11-06 11:31
მინას არსებულს იყენებთ ტუ თქვენ თვითონ ადნობთ და სასურველ ფორმას აძლევთ, მაინტერებს არსებითი მნიშვნელობა ააქვს.

კომენტარის დამატება