ვინ არის ქართველი დიზაინერი პეპილოტა, რომლის შექმნილი ფერადი ინტერიერები ყველას ახალისებს

სოფიო ტუსიშვილი ერთ-ერთ კერძო სკოლაში ხატვის მასწავლებელია. თუმცა მისი მთავარი შემოქმედებითი საქმიანობა უკავშირდება ინტერიერის და ექსტერიერის დიზაინის პროექტირებას და შემდგომ სამუშაოებს, რაც მისი პედანტური მიდგომების გამო ხშირ შემთხვევაში ფიზიკურად მუშაობასაც გულისხმობს. სოფიო არტ-სივრცეებში პეპილოტას სახელითაა ცნობილი. მის მიერ შექმნილი ინტერიერის და ექსტერიერის დიზაინი ნათელი და მხიარული ფერებით, ამავე დროს განსხვავებული დეტალებით გამოირჩევა.

- როდის და როგორ დაინტერესდით ამ საქმიანობით და რატომ გადაწყვიტეთ, ყველა საკითხი თქვენს თავზე გეტვირთათ?
- ჯერ კიდევ აკადემიაში სწავლის დროს (2006-2010) მქონდა პატარ-პატარა პროექტები, რომელსაც რჩევა-შესრულების სახე
ჰქონდა მიცემული. მას შემდეგ წლები გავიდა და პრაქტიკამ მოიტანა უფრო მეტი დეტალის ათვისება, დამუშავება. ასე გაჩნდა კიდევ ერთი ახალი საინტერესო სფერო ჩემს გატაცებებში, რომელსაც სერიოზული სახე 2015 წლიდან მიეცა.
მომიწია დიდ პროექტებთან შეჭიდება, რაც ბევრ წვრილ დეტალს და სკურპულოზურ მიდგომებს მოითხოვს. ხშირად მიწევდა არაპროფესიონალი, არაკეთილსინდისიერი ან უბრალოდ ზარმაცი ხელოსნების გამო სხვადასხვა დეტალის საკუთარი ხელით შესრულება. ამის შემდეგ უფრო საფუძვლიანად მივუდექი საკითხს, გავიარე საჭირო კურსებიც და თამამად შემიძლია ვთქვა, მალე არ დარჩება დეტალი მშენებლობაში, კონსტრუირება, პროექტირება, დეკორირება, რომელიც არ მეცოდინება სრულყოფილად.

- გოგოსთვის რთული არ არის ასეთი სამუშაოების შესრულება?
- ამ შემთხვევაში მომხრე ვარ სქესზე აქცენტი არ კეთდებოდეს. ჩემი ფიზიკური მონაცემების მიუხედავად ხშირად ისეთი საქმე მიტვირთია, ბევრ კაცსაც რომ გაუჭირდებოდა. ვთვლი, რომ ეს ადამიანის ტიპაჟზე, მის მონდომებაზე, მოხერხებაზე უფროა დამოკიდებული და დაფუძნებული, ვიდრე სქესზე.
ჩვენს ირგვლივ მრავლად არიან მამაკაცები, რომლებსაც ცხოვრებაში შეხება არ ქონიათ „დრელთან“, „ლობზიკთან“, „ტესტერთან“, „სალაშინთან“, „ნაჟოვკასთან“ და ა.შ.

- თქვენი საქმიანობიდან გამომდინარე კურიოზულ სიტუაციაში თუ ჩავარდნილხართ?
- კურიოზები მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც უცხო მოხელეს ვაკვირდები, ვუსმენ მის „ძალიან რთული სიტუაციიდან ერთადერთი მხსნელის" პოზიციას და მერე უთქმელად თავად ვასრულებ ხოლმე.
„სუსტ სქესს“ აი მაშინ ჩაგრავენ მამაკაცები, როდესაც ჰგონიათ, რომ ქალს არ ესმის ესა თუ ის საქმე საფუძვლიანად. სხვამხრივ ყოფითი კურიოზები მხოლოდ არასტანდარტულ ადგილას, არასტანდარტული მასალის არჩევისას ხდება ხოლმე. თუმცა უკვე ისეთი ხშირი სტუმარი ვარ ყველა სავაჭრო თუ სამშენებლო ობიექტის, რომ შემცირდა გაკვირვებები და განცვიფრებები.

- თუ დამკვეთის და თქვენი გემოვნება არ ემთხვევა ერთმანეთს, მაინც ასრულებთ მის დაკვეთას?
- ვფიქრობ, ყველა დამკვეთი წინასწარ ხვდება, რის გამკეთებელი ვარ და რისი არა. თუ ერთფეროვან, მოსაწყენ, ჩვეულებრივ, არაფრით საინტერესო პროექტის შექმნას მთხოვენ, აუცილებლად ვეტყვი, რომ ჩემთვის უინტერესო იქნება ამაზე მუშაობა. მატერიალური მიზნებისთვის არ ვიყენებ ჩემს ფერადი და პოზიტიური ინტერიერის დიზაინერის კარიერას.

- დამხმარეები გყავთ, თუ ყველაფერს მარტო ართმევთ თავს??
- მუშაობის პროცესში დამხმარეები ძირითადად თავად დამკვეთები ხდებიან ხოლმე. უთქვამთ, იმდენად მარტივად აკეთებ ყველაფერს, გვგონია, რომ ჩვენც შევძლებთ ამ ყველაფერსო.
ძირითად სამუშაოებს ნამდვილ გამოცდილ პროფესიონალებს ვამუშავებინებ და მე პარალელურ რეჟიმში ჩემს ზონებს ვამუშავებ, რასაც ვერ ვანდობ ვერავის... მოხატვა, ჭაღების, მაგიდების, სავარძლების დამზადება, დეკორის განაწილება, მასალის არჩევა, ავეჯის აწყობის პროცესზე დაკვირვება და ასე შემდეგ.

- ყველაზე აქტუალური და მოდური რა არის დღეს თბილისში?
- დღეს მოდური დეტალებია თეთრი აგურის კედელი, ექვსკუთხა კერამიკა, დიაგონალზე ლამინატის დაგება, კერამოგრანიტი, განათება კარნიზში, ნაცრისფერი რბილი ავეჯი, ჩარლზ და რეი ეამების სკამის ანალოგები, იკეას პროდუქციით ინტერიერის გადაწყვეტა, სარკეები სამზარეულოში, კლასიკური ჭრის კარი, ხის ელემენტები, ასევე ფერადი აზიური ტიპის კერამიკა, ფერადი აბაზანები, „მეზობელს როგორიც აქვს“, „სადღაც ვნახე ესეთი მინდა“ და ა.შ. ძირითადი დეტალები ესენია.
და რაც მთავარია, აღარაა მოდური დონეებიანი ჭერი, პარკეტის და ხის იატაკის აყრა და დიდი მარმარილოს ეფექტის მქონე კაფელის დაგება, მომრგვალებული თაღები, შავ-წითელის კომბინაცია სამზარეულო-აბაზანაში, იარუსიანი ფარდები, ფანჯარასთან კარნიზები, პლასტმასის პლინტუსები, უმეტეს შემთხვევაში შპალერიც, უაზრო წყობის ცივგანათებიანი ჭაღები, სამეულები, შუშის მაგიდის და ტყავის სკამების კომბინაციები სასადილო კუთხეში, ჩუქურთმებიანი კარები, დიდი და ერთფეროვანი გალავნები, მოუვლელი ბაღები.

- რას ურჩევთ მკითხველს, როგორ უნდა მოაწყონ პატარა ბინა ისე, რომ მყუდროც იყოს, ორიგინალურიც და ფუნქციურიც?
- ჩემს ბინებს ძირითადად ახასიათებს მრავალფუნქციურობა, დიდი ტევადობა და ამავდროულად დიდი სივრცის შეგრძნება, ამისთვის საჭიროა პირველ რიგში სწორი დაგეგმარება, სივრცის სწორი აღქმა. ისე უნდა განაწილდეს კარადები, სათავსოები, რომ ფუნქციურადაც იყოს გადანაწილებული და სხვადასხვაგვარად დატვირთულიც. ეს სივრცის გადატვირთვისგან გიხსნით. სამზარეულო უნდა იყოს მაღალი და შედარებით ვიწრო. აბაზანა უნდა იყოს აუცილებლად ყველაზე ფერადი მთელი სახლის ფონზე. ორიგინალურ დეტალებს კი უბრალოდ თქვენი შინაგანი სითამამით გადაწყვეტა უნდა გახსოვდეთ, თქვენი სახლი თქვენი ყოველდღიურობაა. ეცადეთ მეტი პოზიტივი მიიღოთ გარემოსგან ყოველთვის. გისურვებთ ფერად დღეებს. სიყვარულით პეპილოტა.



მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები