როგორ შევარჩიოთ ფარდები მისაღებისთვის - ფოტოიდეები

ყოველი ინტერიერის დასკვნითი ფაზა ფარდებია. ფარდა კი სწორად უნდა იყოს შერჩეული. ჩვენ კი ვეცდებით, ფარდების სწორად შერჩევაში დაგეხმაროთ, ამჯერად მისაღები ოთახისთვის.
მისაღები, ანუ სასტუმრო ოთახი, სახლის ცენტრალურ ნაწილად ითვლება, აქ ვიღებთ სტუმრებს და ვუმასპინძლდებით მათ, აქ ვატარებთ თავისუფალ დროს ოჯახის წევრებთან ერთად. ამ ოთახის მიხედვით შეიძლება ვიმსჯელოთ ოჯახის დიასახლისის გემოვნებაზე, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოთახი იყოს მაქსიმალურად მყუდრო და მოხერხებული. მყუდროდ კი ოთახს დეტალები აქცევს. ფარდებიც სწორედ ასეთი დეტალია.
მისაღები ანუ სასტუმრო ოთახისთვის ფარდების შერჩევის დროს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, როგორ
სტილშია მოწყობილი ოთახი. დიზაინერები გვირჩევენ, ფარდები არ იყოს კედლის ფერის. ფარდები, პირველ რიგში, მისაღები ოთახის რბილ ავეჯს უნდა ეხამებოდეს.


მისაღები ოთახის ფარდები ისეთი დეტალია, რომლის შერჩევის დროსაც აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება მის პრაქტიკულობას. შესძლოა ფარდები სხვადასხვა ფერისა და დიზაინის იყოს, მაგრამ ისინი ერთმანეთს აუცილებლად უნდა უხდებოდეს. ეცადეთ, შეარჩიოთ სადა ფარდა, შესაძლებელია მცირე გაფორმება, თუმცა არ უნდა გადააჭარბოთ, დაიმახსოვრეთ, საბოლოო ჯამში ოთახი არ უნდა გადაიტვირთოს.




ასევე არ უნდა დავივიწყოთ ფარდების მთავარი ფუნქცია, მათი უმთავრესი დანიშნულება ხომ შემომავალი სინათლის დარეგულირებაა. მისაღები ოთახის ფარდები აუცილებლად უნდა მოიცავდეს სქელ ფარდას, რომლის საშუალებითაც საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება ოთახის ჩამობნელება, თუ ამის საჭიროება არ არის, ადვილად უნდა გაიწიოს და ოთახი განათდეს.







დიზაინერები თვლიან, რომ ფარდების ხარჯზე მთლიანად არის შესაძლებელი ოთახის ეფექტის შეცვლა. ფარდებს შეუძლია ოთახის ვიზუალურად გადიდება ან დაპატარავება. მაგალითად, ჰორიზონტალურად განლაგებული ზოლები ფარდაზე ოთახს უფრო ფართოს გამოაჩენს. თუ ფარდაზე ვერტიკალური ზოლებია, მაშინ ის ოთახი უფრო მაღალი გამოჩნდება.

კომენტარის დამატება