„მიხარია, რომ თბილისში ფერადმა ბინებმა იმატა...“ - ინტერვიუ ინტერიერის ფოტოგრაფთან

33 წლის დავით ბილიხოძე, იგივე ბილლი, პროფესიით აიტის სპეციალისტია, უყვარს მოგზაურობა და უამრავ შთაბეჭდილებას იღებს აქედან. ეს შთაბეჭდილებები ეხმარება ფოტოგრაფიაში. ამ სფეროში სამი წელია აქტიურად არის ჩართული და უპირატესად ინტერიერ-ექსტერიერის დიზაინის ფოტოგრაფირებაზე მუშაობს. თუ როგორია მისი ხედვა, რა მოსწონს თანამედროვე ინტერიერებში და რამდენად დაიხვეწა წლებთან ერთად თბილისური სახლები - ამაზე ბილლი თავად გვიამბობს.

- მიყვარს ბუნება, დაუსახლებელი სივრცეები, ტყეები და ტბები, ველოსიპედით გრძელ მარშრუტებზე სიარული, მეგობრების გარემოცვაში ყოფნა, აქტიური ცხოვრება და დასვენება. ვცდილობ, ხშირად ვიარო საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მათი უკეთ
შეცნობის მიზნით, საიდანაც შთაბეჭდილებებით სავსე ჩამოვდივარ და ეს ძალიან მეხმარება შემოქმედებით საქმიანობაში. მესამე წელია ფოტოგრაფიამ ისე გამიტაცა, რომ რუტინულ სამუშაოს ჩამოვშორდი და ბოლომდე დავუთმე ჩემი თავისუფალი დრო და სხვადასხვა რესურსი. ახლა უკვე შეიძლება ითქვას, ძირითად საქმიანობად ფოტოგრაფია ვაქციე. ვმუშაობ ინტერიერ-ექსტერიერზე.



- როგორ მიხვედით ამ საქმიანობამდე?

- არქიტექტურა აქამდეც იყო ჩემთვის შთაგონების წყარო - მიყვარს დეტალების აღბეჭდვა, ვცდილობ, სიცოცხლის ნიშნები დავიჭირო უსულო საგნებში, უსულო ფრაგმენტებში. კონკრეტულად ეს მიმართულება ერთი წელია ავითვისე. მას შემდეგ, რაც შევიძინე სათანადო ინვენტარი, ხშირად მიწევს ისეთი სივრცეების გადაღება, რომელსაც სპეციფიკური მიდგომა სჭირდება, ეს კი საინტერესო გამოწვევაა ჩემთვის.

- ნებისმიერი ბინის თუ ოფისის გადაღების თხოვნას თანხმდებით, თუ თავადაც უნდა მოგეწონოთ?



- ყოველთვის ვცდილობ, ჩემებური ხედვა ეტყობოდეს თითოეულ ჩემს კადრს, ამ შემთხვევაში ყოველთვის ვითვალისწინებ დამკვეთის ინტერესს - მიიღოს ის, რისთვისაც მოვიდა ჩემამდე და გვერდზე გადავდო ჩემი სუბიექტური შეხედულებები ამა თუ იმ დეტალთან დაკავშირებით.

- თუ არ მოგწონთ ინტერიერი ან ექსტერიერი, მაინც იღებთ ასეთ გარემოს?



- არ ვიცი, ეს იღბალია თუ იმატა ზოგადად ისეთმა სივრცეებმა თბილისში, რომელიც ჩემს გემოვნებას თითქმის სრულებით აკმაყოფილებს... და თუ რაიმე ტექნიკურ პრობლემას ვხედავ ხოლმე, ვცდილობ, მხოლოდ რჩევის დონეზე ჩავერიო.

- თქვენი გადმოსახედიდან, ყველაზე ხშირად რა შეცდომებს უშვებენ ხოლმე ბინის მოწყობისას - ის, რაც თვალში გხვდებათ ალბათ ფოტოსესიის დროს...



- თუ ზოგადად გადაავლებთ თვალს ჩემ მიერ გადაღებულ ბინებს, ხშირად შეგხვდებათ ფერისა და სივრცის სიმრავლე, ნატურალური ხის მასალა, მცენარეები, ზომიერი განათება, რაც ვთვლი, რომ დიდი პლუსია ნებისმიერი გარემოსთვის. თუმცა, რა თქმა უნდა, არის ისეთებიც, რომლებიც ერთ ფერშია გადაწყვეტილი, აკლია განათება, ავეჯითაა გადატვირთული და ცოტა უფრო უსიცოცხლოდ გამოიყურება.

- იქნებ გვითხრათ, თუ გყავთ ფავორიტი დიზაინერები, რომელთა ინტერიერებიც ყველაზე მეტად მოგწონთ.



- ყველაზე მეტად მომწონს დიზაინერ პეპის შექმნილ ბინებზე მუშაობა, მისი კრეატიული, კონტრასტული გადაწყვეტებისა და სივრცის ათვისების პრაქტიკული მიგნებების გამო, რაც მეხმარება მე, როგორც ფოტოგრაფს, საინტერესო კადრები შევქმნა. ასევე აქტიურად ვთანამშრომლობ რამდენიმე დიზაინსტუდიასთან, რომელთა დიზაინიც საკმაოდ საინტერესო და თანამედროვეა.

- რამდენად დაიხვეწა ადამიანების გემოვნება ბოლო პერიოდში და რა ტენდენციებს ამჩნევთ - უფრო რა არის მოდური თბილისურ ბინებში?

- როგორც უკვე აღვნიშნე, უმეტესწილად ფერადი სივრცეების გადაღება მიწევს, რაც, რა თქმა უნდა, მახარებს. მრავლად მხვდება ღია მწვანე სივრცეები, დეკორატიული აუზები. ხშირად ვხვდები წამყვანი ბრენდების უახლესი მოდელების თუ ორიგინალს არა, კარგ ასლებს. აშკარად შესამჩნევია, რომ აქტიურად მუშაობენ ადამიანები დიზაინზე და ცდილობენ, აიტაცონ ტენდენციები. კომერციული მიზნებისთვის გათვლილ ობიექტებში ბიუჯეტურ, მაგრამ ძალიან თანამედროვედ გადაწყვეტილ შტრიხებსაც ვხვდები. ასევე ხშირად გამოიყენება ძველებური ან უბრალოდ ვინტაჟური ავეჯი და აქსესუარები, რაც საინტერესო სანახავია. თუმცა, როგორც ვხვდები, ზომიერების დაცვა რთულია ამ ყველაფერში.



- ალბათ ისეთი ბინების გადაღებაც გიწევთ, რომელთა ინტერიერის დიზაინზეც თავად მფლობელები ზრუნავენ. მოგწონებიათ ასეთი, დიზაინერის გარეშე გაკეთებული ბინები?

- ჩემს პრაქტიკაში ყოფილა ისეთი ბინებიც, რომლებიც დიზაინერის მიერ დაგეგმილს თამამად დაუდგებოდა გვერდით.

- თავად რომელი სტილი მოგწონთ ინტერიერის დიზაინში?



- მე მიყვარს ინდივიდუალური გარემოს შეგრძნება, კომფორტის განცდა დიზაინში, ნაკლებად დატვირთული სივრცე, მეტი ნატურალური მასალა და ტექსტურა, უფრო მინიმალისტური განლაგება, ცოტა სკანდინავიური სტილისკენ მიმავალი ფორმები, ფერები, ცოტაოდენი ეთნიკური ელემენტებით და ამ ყველაფრის ზომიერი მიქსი ლოფტის ელემენტებთან.

- თქვენი სახლი თუა მოწყობილი თქვენთვის მოსაწონი დიზაინით?



- ჩემი ბინა არ არის დასრულებული, მუდმივად იცვლება დეტალები, რაც ჩემს აქტიურ ცხოვრების წესს ბოლომდე ვერ მოვარგე. ამჟამადაც მიმდინარეობს გარკვეული ნაწილის რენოვაცია, რაც, იმედი მაქვს, უფრო კომფორტულ საცხოვრებელ და სამუშაო გარემოს შემიქმნის.

ლელა ზურებიანი

კომენტარები

nino 2018-07-03 02:13
arachveulebrivi xelovani, daxvecili gemovnebit da unkaluri xedvit.daimaxsovret misi saxeli.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები