რითი ჩავანაცვლოთ დივანი მისაღებში? - დიზაინერული რჩევები

ბევრი ადამინისთვის მისაღებში დივანი აუცილებელი ატრიბუტია, რომელსაც ნებისმიერ დროს დაეყრდნობი. მაგრამ მოდით, დავფიქრდეთ, მისი შეცვლა მართლა შეუძლებელია? რამდენიმე ათეული წლის წინ მისაღების წარმოდგენა ე.წ. კედლის და სერვანტის გარეშეც წარმოუდგენელი იყო, თუმცა დღეს ეს ნივთები აბსოლუტურად უსარგებლოა. ამიტომ არ ღირს დიდი აქცენტის გაკეთება იმაზე, რაც დღესდღეობით ითვლება ნორმად და მისაღებად.

დიდი დივნები, განიერი სახელურებით, ძალიან დიდ ადგილს იკავებს და სივრცეს ვიზუალურად აპატარავებს. ვეცდებით მოგცეთ რჩევები, როგორ შეიძლება ჩვენი მისაღები დივნის გარეშეც იყოს დახვეწილი და ფუნქციონალური.

1. მოდური ტენდენცია

დივანი მისაღებში ნამდვილად
კლასიკაა, მაგრამ დიზაინერები გვირჩევენ, არჩევანი მაინც რამე მცირეგაბარიტიანს მივანიჭოთ. ასე შესაძლებელია ადგილის ეკონომიაც და ორიგინალური ინტერიერის შექმნაც.
დივნის გარეშე სივრცე უფრო დიდი და თავისუფალია. არაფერი მოხდება, თუ დივანს რამდენიმე სავარძელი ან თუნდაც ლამაზი პუფი ჩაანაცვლებს.
გეთანხმებით, ეს საკმაოდ არასტანდარტული გადაწყვეტილება იქნება, თუმცა საკმაოდ ორიგინალური.
თუ დივნის გარეშე მაინც ვერ წარმოგიდგენიათ ცხოვრება და ადგილიც პატარა გაქვთ, გირჩევთ შეარჩიოთ კომპაქტური მოდელი, რომელიც წინ იშლება მთელი მატრასით და არ ექნება განიერი სახელურები.

2. აღმოსავლური სტილი

აღმოსავლური სტილის ავეჯი უბრალო და ძალიან ლაკონურია. სავარძელზე მეტად უპირატესობას ფუმფულა იატაკის ბალიშებს ანიჭებენ, კვადრატულ ან ცილინდრის ფორმის. მოსასვენებელ ადგილად კი ხალიჩიანი და ბალიშიანი კუთხეებია გამოყოფილი. იქვეა ხოლმე, როგორც წესი, დაბალი დეკორატიულო მაგიდები.

3. პუფები

პუფები ძალიან კარგად ანაცვლებენ დივანს და ბევრი სასარგებლო თვისებაც გააჩნიათ. პუფი არ არის დიდი ზომის, მისი გადაადგილება ძალიან მარტივია, არის სხვადასხვა ფერის, ზომის და ფორმის. პუფის მეშვეობით შესაძლებელია ადგილის ეკონომია და ის ნებისმიერ ინტერიერს უხდება.
დღესდღეობით გვთავაზობენ გასაშლელ პუფებსაც, რომელიც საჭიროების შემთხვევაში მარტივად გადაიქცევა დასაწოლ ადგილად.


4. სავარძელი
პუფი თუ ორიგინალური გადაწყვეტილებაა, დახვეწილი სტილის მიმდევრებს სავარძლებს ვურჩევთ. სავარძელი ნამდვილი მისწრებაა იმ ადამიანებისთვის, ვისაც ინტერიერის ხშირი ცვლა უყვარს. მათი გადაადგილება ხომ ბევრად მარტივია. კლასიკური ვარიანტია ორი ერთი ფერის და დიზაინის სავარძელი.

5. ე.წ. ფეხიანი პუფი

ეს თურქული წარმოშობის ნივთი გახლავთ, საზურგის გარეშე, რომელსაც ფეხების დასასვენებლად იყენებდნენ ძველ ოსმალეთში. მისი გამოყენება ძალიან პრაქტიკულია არასატანდარტული სტილის მისაღებში ან სტუდიოს ტიპის ბინაში. ეს ნივთი არ არის მაგიდა, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, ჟურნალის მაგიდის ფუნქციას თავისუფლად იტვირთავს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები