პანდემიის პერიოდში შეძენილი პროფესია და დიზაინერის მთავარი გამოწვევები - „ვიზუალური ხმაური არ მომწონს“

ოლიკო ჩორდელი - ასე იცნობენ სოციალურ ქსელში განათლებით ფსიქოლოგ ინტერიერის დიზაინერს ოლღა კიკვილაშვილს, რომელიც ინტერიერის დიზინით მუდმივად დაინტერესებული იყო, მაგრამ პანდემიის დროს მოიცალა, შეისწავლა ეს საქმე და ახლა უკვე სხვადასხვა პროექტზე მუშაობს.
ოლიკო ბავშვობიდან მღერის, ჯერ სახელმწიფო ორკესტრ „რეროში“ იყო სოლისტი, ახლა კი რესტორანშია დაკავებული საშემსრულებლო კარიერით. ბოლო პერიოდში ხატვაც დაიწყო და მათ, ვისაც, ინტერიერის დიზაინს უკეთებს, საჩუქრად შესაბამის საავტორო ნახატსაც ჩუქნის ხოლმე.

- პანდემიის დროს შევისწავლე ინტერიერის დიზაინი, ჯერ ვერთობოდი, ვუყურებდი ვიდეოებს, ძალიან მაინტერესებდა ეს სფერო, შემდეგ ონლაინ კურსები ვნახე და
გადავწყვიტე შესწავლა. ასეც მოვიქეცი და კურსის დასრულების შემდეგ დავიწყე მუშაობა. პირველი შეკვეთა განსაკუთრებულად მახსოვს, ეს იყო ამერიკაში მცხოვრები გოგონას სახლი, რომელსაც აქ, საქართველოში სურდა ინტერიერის დიზაინერის დახმარება. მართლა ძალიან ემოციური იყო ამ შეკვეთაზე მუშაობა ჩემთვის და სასიხარულო.

- როგორია თქვენი მუშაობის სტილი, ითვალისწინებთ დამკვეთის მოთხოვნებს, თუ ცდილობთ ისინი მოარგოთ თქვენს გემოვნებას?
- რასაკვირველია, ვითვალისწინებ დამკვეთის სურვილებს და გემოვნებას, რადგან მან უნდა იცხოვროს ამ სახლში. მე შეიძლება მომწონს შერეული სტილი, მაგრამ ვიღაცას მინიმალიზმი ურჩევნია, ვიღაცას ჭრელი ფერები მოსწონს, ვიღაცას - სადა, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ, მოვარგო მათი ხედვა ჩემსას. ყოველთვის ვეუბნები ხოლმე, შედით პინტერსეტში და გამომიგზავნეთ, რაც მოგწონთ, ამით ვხვდები გემოვნებას, ხედვას, რის მიხედვითაც ვიწყებ მუშაობას პროექტზე.
ზოგადად, ნეიტრალურ ფერებს ვანიჭებ უპირატესობას და აქცენტები შემაქვს დეტალებით, ან შესაძლოა ერთი კედელი გამოვყო, გარდა ამისა, ნახატებს აქვს დიდი დატვირთვა ინტერიერში და სიმწვანეს, რომელსაც თითქოს სიცოცხლე შეაქვს.

- როდესაც ფართი დიდია მუშაობა მარტივია, მაგრამ პატარა ფართის მქონე ბინაში, სადაც თითოეული კვადრატული მეტრი სწორად უნდა იქნეს დაპროექტებული საქმე რთულდება... ასეთ ვითარებაში რაზე აკეთებთ ხოლმე აქცენტებს?
- სიმართლე გითხრათ, ასეთი სამუშაო უფრო მიზიდავს, როცა ყველაფერი შემიძლია დავგეგმო ისე, რომ თითოეული მეტრი სწორად იქნას გამოყენებული. ასეთ სახლებში მნიშვნელოვანია სივრცის სწორი გადანაწილება და სათავსოების არსებობა კომფორტული რომ იყოს საცხოვრებლად.
ზოგადად, ინტერიერის დიზაინერისთვის დიდი კომფორტია, როცა მუშაობას დაგეგმარებით იწყებს, მაგრამ ხშირად არის შემთხვევა, როცა უკვე გამზადებული პროექტის გადაკეთება უნდა ადამიანს, ოღონდ ტიხრების მოშლის გარეშე, ეს შემთხვევა სამუშაოდ ძალიან რთულია, მაგრამ როცა არ აქვთ დანგრევის და გადაკეთების სურვილი, ვერაფერს ვერ ვიზამთ. ასეთ სიტუაციაში რისი დამატებაც და გაკეთებაც შესაძლებელია, მაქსიმალურად ვაკეთებთ. მაგალითად, ელ.წყაროს დამატება თითქმის ყველგან მიწევს ხოლმე, ზედმეტი სადენები და დამაგრძელებლები რომ მოვსპოთ სახლიდან და არ „გავაფუჭებინოთ“ ჩვენი ინტერიერი.

- მუდმივი განხილვის თემაა სტუდიო თუ განცალკევებული სამზარეულო, თქვენ რომელს ანიჭებთ უპირატესობას?
- ორივეს თავისი დადებითი მხარეები აქვს. სტუდიო იძლევა ოჯახის წევრებთან მეტი დროის გატარების საშუალებას, ანუ მაშინაც კი ერთად ხართ, როცა თქვენ სამზარეულოში საქმიანობთ, დანარჩენებს კი მისაღებში ურჩევნიათ ყოფნა. გარდა ამისა, სტუმრები თუ გყავთ, არ გიწევთ ცალკე ოთახში გასვლა სამზადისისთვის, ერთად ხართ, თან მათთან ამყარებთ კავშირს, თან ემზადებით გასამასპინძლებლად.

- ადრე ავეჯით გადატვირთული სახლებს ვხვდებოდით ხშირად, ახლა რა მოიაზრება იმ აუცილებელ ნივთებს შორის, რაც სახლში აუცილებლად უნდა იყოს?
- მისაღებში დივანი უნდა იყოს ცენტრალურ ადგილას, ტელევიზორის ზონა, ბუფეტიც შეიძლება, სადაც მინიმალურად იქნება წარმოდგენილი ე.წ. საჩვენებელი ჭურჭელი, დანარჩენiი კარადები დახურული უნდა იყოს, ვიზუალური ხმაური არ მომწონს ძალიან. მისაღებში მაგიდა სკამებთან ერთად საჭიროა მაშინ, როცა დიდი ოჯახი ცხოვრობს და ხშირად ჰყავთ სტუმრები.

- ფარდებს დიდი დატვირთვა აქვს ინტერიერში, თითქოს ასრულებს დიზაინს და სიმყუდროვეც შემოაქვს, შეიძლება მისით აქცენტების გაკეთება?
- დიახ, რა თქმა უნდა. ბოლო პერიოდში მომწონს ისეთი ფარდები, რომლის ზედა ნაწილი ნეიტრალურია და ქვედა, დაახლოებით ერთი მეოთხედი, სხვა ფერის და მასალისგანაა დამზადებული. ზოგადად ფარდა ბოლო აკორდია ინტერიერისა და მან უნდა დაასრულოს საერთო დიზაინი. ფარდა შეიძლება იყოს კონტრასტული, მაგრამ აუცილებლად უნდა ეხმიანებოდეს ინტერიერის რომელიმე დეტალს, შეიძლება ეს იყოს ნახატის ფერი, ბალიშის ნაქარგი ან სხვა.

- რემონტს ადამიანები ყველა 2-3 წელიწადში ვერ ცვლიან, თუმცა, გადახალისება სხვადასხვა დეტალებით ძალიან მნიშვნელოვანია, თქვენ რა რჩევა გექნებათ ამ კუთხით?
- პირადად მე მქონდა ასეთი შემთხვევა, ბინა ბათუმში გავაკეთე ხისფერსა და თეთრში, ძალიან ლამაზი გამოვიდა, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ მომბეზრდა ეს სითეთრე, ვიყიდე ფარდაგები და არა მარტო დავაგე იატაკზე, დავჭერი და ჩარჩოებში ჩავსვი, კედელზე დავკიდე, ისეთი ლამაზი გამოვიდა და ისეთი სიმყუდროვე შემოიტანა, რომ იფიქრებდი, რომ სულ სხვა სახლში მოხვდი.
ბალიშებით, ფარდებით, ნახატებით, ფოტოებით, გადასაფარებლებით შეიძლება გადახალისება და აქცენტების გაკეთება.

ბინა უნდა ერგებოდეს მასში მცხოვრებ ადამიანებს და უნდა უქმნიდეს კომფორტს, ესაა მთავარი რამ, რაც უნდა გაითვალისწინოს დიზაინერმაც და დამკვეთმაც.

ციცი ომანიძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები