სამთავროს წმინდა ნინოს დედათა მონასტრის მშვენიერი ბაღი და უნიკალური მუზეუმი

ვისაც ერთხელ მაინც მოულოცავს მცხეთის სამთავროს წმინდა ნინოს დედათა მონასტერი, მას კიდევ მრავალჯერ უჩნდება სურვილი, მიეახლოს და თაყვანი სცეს ამ მადლმოსილ წმინდანთა ნატერფალის სავანეს... მონასტრის კარიბჭის იქით, უკვე სხვა სამყაროში გრძნობ თავს, სულსა და გულში სიმშვიდე ისადგურებს... ცად აწვდილი კვიპაროსი გტაცებს თვალს - ეს ხე თურმე უწმინდესს დაურგავს და მისთვის დარაჯი დაურქმევია. წმინდა მამა გაბრიელის კოშკის წინ სამი კვიპაროსია, მათთვის კი სამი გენერალი უწოდებია... ირგვლივ დედების მიერ წალკოტად ქცეული ნაირფერი მცენარეების ბაღი იპყრობს ყურადღებას... ვარდობისთვეში, ვარდის სურნელიც განსაკუთრებულად იგრძნობა...

სამთავროს
წმინდა ნინოს დედათა მონასტრის წინამძღვრის, იღუმენია ქეთევანის (კოპალიანი) სულიერი და ფიზიკური მზრუნველობა ყველაფერზე აისახება. მონასტრის სულიერი მოძღვარია არქიმანდრიტი ლაზარე (გაგნიძე). მონასტრის დედებმა დიდი სითბოთი და სიყვარულით მიგვიღეს და „შინს“ გულის კარი გაუღეს.


მონასტრის წარსული
სამთავროს წმინდა ნინოს დედათა მონასტერი ერთ-ერთი უმთავრესი სავანეა, სადაც საქართველოში მენელსაცხებლე დედათა ცხოვრების დასაბამია. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ნაკურთხი ჯვარი ვაზისა აქ, „მაყვლოვანში“ აღმართა წმინდა ნინომ (IV ს.) და სამოციქულო ღვაწლს მისცა დასაბამი. მცხეთის სამთავრო V საუკუნიდან ქართლის მთავარეპისკოპოსთა კათედრა იყო, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებამდე (1811 წლამდე). სამთავროში დაკრძალულია ერისმთავრები და ეპისკოპოსები. ცნობილია, რომ ქართლის მთავარეპისკოპოსს კათალიკოსთან ერთად აჰყავდა მეფე ამბიონზე, ვარაუდით, ტაძრის სახელწოდება „სამთავროც“ აქედან წარმოდგება. მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი საუკუნეების განმავლობაში ბევრჯერ განახლდა და გადაკეთდა. სამთავროს სამონასტრო კომპლექსიდან დღეს შემორჩენილია მთავარი, ფერისცვალების ტაძარი, ტაძრის კანკელი, ფრესკები. მიქაელ მთავარანგელოზის ეგვტერი (ეკვდერი) - ტაძრის ერთ მხარეს ორი სამლოცველოა: წმინდა იოანე ნათლისმცემლის და წმინდა იოანე ოქროპირის სახელობის, ასევე წმიდა მეფე-დედოფლის მირიანისა და ნანას სამლოცველო. სამთავროს კომპლექსის მნიშვნელოვანი ნაწილია წმინდა ნინოს მცირე ეკლესია (IV ს.); კომპლექსში შემავალი კოშკი აგებულია XIII საუკუნეში, ხოლო სამრეკლო - XV საუკუნეშია განახლებული; შემორჩენილია, „მირიანის ბუხრის“ კედლის ნანგრევი (IV ს.).

მონასტერში მრავალი სიწმინდეა, მათ შორის: სვეტიცხოვლის მირონმდინარე სვეტის წმინდა ნაწილი, სამთავროს ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, რომელიც 1912 წელს, ათონის ივერთა მონასტერში დაიწერა მღვდელ-მონაზონ პავლე ჯაფარიძის თხოვნით. აქვეა დაბრძანებული წმინდა ნინოს სასწაულთმოქმედი ხატი, 21 წმინდა ნაწილით შემკული. ეს ხატი შემოსწირეს საქართველოს უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ის შვილიშვილებმა (1870 წელს). მონასტერში განისვენებენ პირველი ქრისტიანი გვირგვინოსნები, წმინდა მოციქულთასწორი მეფე მირიანი და დედოფალი ნანა. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, გამშვენდა მათი საფლავები ქვის ოსტატის გიორგი ლალიაშვილის ხელით. საკურთხევლის ტრაპეზის ქვეშ დაკრძალულია წმინდა მღვდელმოწამე აბიბოს ნეკრესელი. ფერისცვალების ტაძარში ღირსი მამა გაბრიელის სულიერი შვილის, არქიმანდრიტ კირიონის მიერ გაკეთდა წმინდა მამის ლუსკუმა, ჩასაბრძანებელი. ძალიან ბევრი მომლოცველი მოდის ღირსი მამა გაბრიელის წმინდა ნაწილებთან, სადაც უამრავი სასწაული და კურნებები აღესრულება. მაყვლოვანში განისვენებენ ახლადკანონიზირებული წმინდანები: მონასტრის განმაახლებელი ღირსი ნინო (ამილახვარი) და ღირსი იღუმენია ნინო (ამილახვარი).



უწმინდესის ცხოვრება და მოღვაწეობა დაკავშირებულია სამთავროს წმინდა ნინოს დედათა მონასტერთან. ბავშვობისა და ყრმობის წლებში მას ხშირად უწევდა მონასტერში ყოფნა. უწმინდესმა ერთ-ერთი ქადაგებისას აღნიშნა, რომ მომავალი ცხოვრებისა და მოღვაწეობის დალოცვა ღვთისაგან გამოცხადებით მიიღო სამთავროში მსახურებისას და რომ არსად ისეთი მადლი არ მიუღია, როგორც სამთავროში.

იღუმენია ქეთევანის ლოცვა-კურთხევით, მონასტრის წევრები ლოცვასთან ერთად სხვადასხვა მორჩილებას აღასრულებენ - ტაძარში, მუზეუმში, სატრაპეზოში. დედები სხვადასხვა ხელსაქმესთან ერთად აკეთებენ სკვნილებს, ქარგავენ. ლიტანიობის დროს ძველი და თანამედროვე დედების მოქარგულ ბაირაღებს გამოაბრძანებენ. მონასტერი საგამომცემლო საქმიანობითაც არის დაკავებული. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, 2010 წლიდან პერიოდულად გამოსცემენ ჟურნალს „სამთავროს მაყვლოვანი“. ასევე გამოსცემენ ბუკლეტებსა და წიგნებს. მონასტერში ლოცვა და შრომა ერთმანეთშია შეზავებული.

სამთავრო ძალიან დიდი მონასტერია, აქ 60-მდე მონასტრის წევრი ცხოვრობს. ოდითგანვე დედა-მონასტრად ითვლებოდა. უწმინდესს სამთავროში სტუმრობისას დედებისთვის უთქვამს, - წმინდა ნინოს ნატერფალზე ფეხაკრეფით უნდა დადიოდეთ და ჩურჩულებდეთო... ყური დაუგდეთ, რა დიადია სიჩუმეო...


სამეფო ბაღი...
სამთავროს მონასტერი წინათ სამეფო ბაღი ყოფილა... შესაბამისად, დედები ცდილობენ, მოწესრიგებული ჰქონდეთ მონასტრის ეზო და ამით შექმნან მყუდრო გარემო. დედა იღუმენია ყველაზე მეტს შრომობს.

- საერთო მორჩილების დროს სუფთა თაფლისგან სანთლებსაც ვაკეთებთ, სეფისკვერებსაც და პურსაც ვაცხობთ. წიწამურში მეურნეობა გვაქვს - მარწყვიც მოგვყავს, ბოსტნეულიც, სიმინდს ვთესავთ. რამდენიმე სკაც გვაქვს, - მიამბობენ დედები.

სამთავროს ბაღი დღეს ასეთი გამშვენებული რომ არის, ამაში უდიდესი წვლილი ბატონ თამაზ შარიქაძეს მიუძღვის. მონასტერს თავისი პროფესიონალი მებაღე ჰყავს - ვასიკო ალიბეგაშვილი, იგი ყოველდღიურად ზრუნავს თითოეულ მცენარეზე და მნახველებს ესთეტიკურ სილამაზეს ანიჭებს. მებაღის რჩევებს საერთო მორჩილების დროს დედები ზედმიწევნით ასრულებენ. სხვადასხვა სახეობის ხე-ბუჩქთან ერთად ბაღს უცხოური სოჭის ხეები ამშვენებს. გარემოს განსაკუთრებულ სილამაზეს ანიჭებენ: ნეკერჩხლები, ბრაზილიური შინდები, უთხოვრები, კოწახურები, კანადური ნაძვები. ვარდების ხეივნის სურნელს მოჩითული ფოტინიები ენაცვლება.



იღუმენია ქეთევანის ლოცვა-კურთხევითა და ძალისხმევით მონასტერი დღითი დღე მშვენდება და ძლიერდება. მონასტრის წევრები ერთობლივად ალაგებენ ტერიტორიას, უვლიან ეზოს, საცხოვრებელ ნაგებობებს.

- მიწასთან რომ მუშაობ, უარყოფითი ენერგია გააქვს და მადლი და ხალისი გვეძლევა... მონასტერში მთავარია ლოცვა და შრომა, სულიერი და ფიზიკური მორჩილება. შეიძლება ფიზიკურად საქმე აღასრულო, მაგრამ მთავარი უდრტვინველი მორჩილებაა წინამძღვრისა და სულიერი მოძღვრისადმი. კურთხევის გარეშე რაც უნდა გააკეთო, მადლი არ აქვს და უფლის წინაშე არც შეიწირება.




მუზეუმი
სამთავროს ტერიტორიაზე მდებარე მუზეუმი მოიცავს სახვითი ხელოვნების, ისტორიულ, არქეოლოგიურ, ეთნოგრაფიულ ნიმუშებს - III-დან XIX საუკუნის ჩათვლით.

სავანის კუთვნილი ნივთების გარდა, მუზეუმის ექსპონატები კოლექციაში სხვადასხვა საშუალებით აღმოჩნდა. ზოგიერთი მათგანი მონასტერმა საჩუქრად მიიღო კერძო პირის არქივიდან, მაგალითად, ლევან გოთუას სახარება და მისი გადასახლებისდროინდელი მაღაროს ქუდი, რომელიც მისმა ძმისშვილმა მაია გოთუამ სავანეს გადასცა. აქვეა მაია გოცირიძის მიერ შემოწირული ვარდის ხის ძველებური კარადაც. ზოგიერთი ისტორიული ღირებულების ექსპონატი მონასტერმა საგანგებოდ შეიძინა. მაგალითად, ხევსური ქალის ორსაუკუნოვანი სრული შესამოსელი (სადიაცო, მანდილი, სათაურა, პაჭიჭები, ტყავძირგამოკრული წინდა-თათები, წინდები და გარეთა სამოსი-ქოქლო). განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ სავანეს დაუბრუნა საპატრიარქოში დაცული სამთავროს XI საუკუნის კანკელის უნიკალური ფრაგმენტები. მონასტერს ასევე გარკვეული შეთანხმების საფუძველზე გადმოეცა სავანის ტერიტორიაზე არქეოლოგთა მიერ სხვადასხვა დროს აღმოჩენილი ექსპონატები, რომლებიც წლების განმავლობაში მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმის კუთვნილებას წარმოადგენდა.

მუზეუმში ორი კუთხე საგანგებოდაა შექმნილი: ღირსი მამა გაბრიელისა და იღუმენია ნინო ამილახვრის (უმცროსი), სადაც მათი პირადი ნივთებია დაბრძანებული. წმინდა ბერის კუთხეში ინახება მისი ხელით დაწერილი ანდერძი, შესამოსელი, ჯვარი, დიადემა, ჩაიდანი, ნავთქურა, საათი, სკამი, ქუდი და ნარის ნაწილი, რომელზეც მამა გაბრიელი ესვენა. იღუმენია ნინო ამილახვრის კუთხეს ამშვენებს საიღუმენიო ჯვარი და წმინდა მთავრინა ელიზავეტას მიერ გამოგზავნილი სამკერდე ნიშნები. აქვეა მნიშვნელოვანი დოკუმენტი მონასტრის დაარსების ოფიციალური ცნობის შესახებ. სავანის მომდევნო იღუმენიათა პირადი ნივთებიდან მუზეუმის კოლექციაში ინახება იღუმენია ნინო ციციშვილის სკამი და იღუმენია ანა აჭაიძის მიერ მოთელილი დეკორატიული თექა, სკვნილი და საყოფაცხოვრებო ნივთები.



ბეჭდური გამომცემლობიდან აღსანიშნავია XVIII-XIX სს-ის საღვთისმსახურო წიგნები - ბიბლია, ახალი აღთქმა და ჟამნი.

სამუზეუმო კოლექციაში ორი მნიშვნელოვანი ხელნაწერი ინახება: პირველი წარმოადგენს საღვთისმსახურო ტიპიკონურ ლოცვათა ჩანაცვლების წესს შესაბამისი რაოდენობის "იესოს ლოცვით", რომელიც შესრულებულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ხელით; ხოლო მეორე ხელნაწერი წმიდა ექვთიმე აღმსარებლის (კერესელიძე - მონასტრის მოძღვარი 1919-1945 წლებში) მიერ გადაწერილი სანოტო კრებულია, რომელშიც 13 ცალხმიანი საგალობელია შეტანილი.

თეა ცაგურიშვილი

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები