"ამ ნივთების დამზადება ისე შრომატევადია, გასაყიდად ვერ ვიმეტებ" - ცივი ფაიფურის ტექნოლოგია


"მთაწმინდაზე ვცხოვრობ და ბაღიც მაქვს. ზაფხულში ნამდვილ ყვავილებთან ვმუშაობ, ზამთარში კი ხელოვნურ ყვავილებთან. ფინჯნებიდან რომ ყვავილებია გადმოფრქვეული, ეს ჩემი პირველი ნამუშევარია ცივ ფაუფურზე"... - გვეუბნება – ქეთევან ბარბაქაძე, რომელმაც თავის მიერ შექმნილი ულამაზესი ხელნაკეთები  გაგვაცნო...










- ბავშვობიდან ვხატავდი, ვძერწავდი... ხელოვნება ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ ვთვლი, რომ არ მქონდა განსაკუთრებული ნიჭი. უბრალოდ, მოყვარული ვარ! ხშირად ვქსოვდი, ვქარგავდი, ვკერავდი, კედლის პეიზაჟები მაქვს თაბაშირისგან გაკეთებული... 
სპეციალობით ქიმიკოსი გახლავართ, მინისა და სიტალების ქიმიური ტექნოლოგია დავამთავრე. იმის შემდეგ ჩვენი სპეციალობა საერთოდ ჩაკვდა. ძალიან ვნანობ, სამხატვრო აკადემიაში
რომ არ ჩავაბარე და სწავლა იქ არ გავაგრძელე. არც ვიცოდი, აკადემიაში თუ – სილიკატური კათედრა არსებობდა...
ცივ ფაიფუურზე მუშაობა ორი წლის წინ დავიწყე. ინტერნეტში ვნახე და მომხიბლა იმან, რომ გამოწვა და ბევრი წვალება არ ჭირდებოდა. როგორც კი წავიკითხე, იმ დღესვე ვცადე მე თვითონ მომემზადებინა ცივი ფაიფურის მასალა... პლასტილინის ზომაზე უნდა მოიზილოს ცოტა რაოდენობით და მალევე უნდა დაიხარჯოს. მოსამზადებლად საჭიროა – ვაზელინი, სოდა, ლიმონმჟავა, წებო და სიმინდის  სახამებელი. გამზადებულ მასალას ერთჯერად ცელოფანში ვხვევ, მალე რომ არ გამაგრდეს. მუშაობის დროსაც კი დახურულში უნდა იყოს და ცოტა-ცოტა მოაკლო. ამ მასალისგან პატარა ყვავილებს და მინიატურულ ნამუშევრებს ვამზადებ, დიდ სკულპტურას ვერ გააკეთებ. სააღდგომო კვერცხები ამ მასალით მხოლოდ შეფუთულია, თორემ მთლიანად ცივი ფაიფურით არ არის გაკეთებული. ცივ ფაიფურს ადვილად აძლევ სასურველ ფერს.











- რამდენი დროა საჭიროა თითეული ხელნაკეთის შესაქმნელად?
- ძალიან ბევრი... ერთი პატარა კვერცხი რომ გაკეთდეს, ორი კვირა მაინც ჭირდება... იმდენად შრომატევადია, გასაყიდად ვერაფრით შეველევი და მხოლოდ საჩუქრად თუ ვაძლევ ჩემთვის ძვირფას ადამიანებს. მსურს, ახლო მომავალში მოვაწყო გამოფენა-გაჩუქება... ბედნიერ თვალებს რომ ვხედავ, როდესაც ჩემს ნამუშევარს ვჩუქნი, სულ მავიწყდება ჩემს მიერ გაწეული მძიმე შრომა. ეს ნამუშევრები შვილებივით არიან და ახლობლებთან და მეგობრებთან ნებისმიერ დროს შემიძლია მივიდე და ვნახო.

თქვენი ხელმარჯვეობა ნამდვილად ეტყობა თქვენს სახლს...
- კედელზე აბსტრაქციული ნახატები მაქვს თაბაშირით გაკეთებული. ეს თაბაშირი შემდეგ ხეზე გადავიტანე. ვცდილობ, სახლი ჩემი ნამუშევრებით გავალამაზო, მაგრამ არ მსურს ყველაფერი გამოვფინო. იმის მიხედვით ვალაგებ, სადაც რა უხდება. მთაწმინდაზე ვცხოვრობ და ბაღიც მაქვს. ზაფხულის პერიოდში არ მცალია ამ ნამუშევრებისთვის... მოკლედ ზაფხულში ნამდვილ ყვავილებთან ვმუშაობ და ზამთარში ხელოვნურ ყვავილებთან. ფინჯნებიდან რომ ყვავილებია გადმოფრქვეული, ეს ჩემი პირველი ნამუშევარია და მას ვერავის ვჩუქნი. ქოთნებიც გავაკეთე, მაგრამ არ გაამართლა. ზაფხულში გამაქვს, ზამთარში შემომაქვს და იმტვრევა, იმდენად ნაზი მასალაა... მზის სათვალე გავაფორმე და ჩემს რძალს და მაზლიშვილს ვაჩუქე.

მანანა გაბრიჭიძე


კომენტარის დამატება