ტრაგიკული სახლი, რომელშიც თბილისელი ქველმოქმედის ოჯახი ცხოვრობდა და რომელიც ფილმ "ქეთო და კოტეშიც" ჩანს - უცნობი ამბავი აბანოთუბნიდან

დრო გადის, თაობები მიდიან და მოდიან... ადამიანები იბადებიან, იზრდებიან, კვდებიან... ეს ჩვეულებრივი მოვლენაა... ისტორია და სიკვდილი ხარკს ერთნაირად ითხოვს და იღებენ კიდეც. ხშირად მიფიქრია, რამდე უცნობ ისტორიას, იმედგაცრუებას თუ ბედნიერებას, სიხარულს თუ დარდს ინახავს თბილისი. მინდა ერთი უცნობი ისტორია მოგიყვეთ სახლზე და მის ბინადრებზე, რომელიც აბანოთუმანში, ბააზოვის 5 ნომერში მდებარეობს. სახლი ძველებური აივნებით არის გარეშემორტყმული, საიდანაც ულამაზესი თბილისური ხედები იშლება. დანარჩენს ოჯახის დიასახლისი ნონა სოსანაშვილი მოგითხრობთ.

სახლის დიდ ისტორიას ქალბატონი ნონა აგრძელებს


- ბაბუაჩემის მამა, ჰასან რაფიოღლი საქართველოში 1915 წელს
დასახლდა. მან ეს ბინა 1917 წელს შეიძინა ვინმე კალი დავიდოვისგან, რომელსაც პირველ სართულზე ქონდა სათნოების სახლი. ამ ქალბატონს დიდი უბედურება დაატყდა თავს, გარდაეცვალა ვაჟი და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ამ სახლის გაყიდვა. საკუთრება შესაბამისი დოკუმენტით გაფორმდა, რომელიც ძველ რუსულადაა ჩაწერილი. შენობა-ნაგებობა აღრიცხულია 1910 წელს. ეს ბინა ყველაზე მაღალია და ყველაზე დიდია ამ უბანში.
თბილისში ჩამოსვლამდე ბაბუას მამა ცხოვრობდა აზერბაიჯანში, ნახჩივნის რაიონში. საქართველოში იხსენიებოდა, როგორც გლეხი, თუმცა აზერბაიჯანში ძლიერი ფეოდალი იყო. მას ბაქოში მოუკლეს ახალგაზრდა ძმა. განაწყენდა და გადაწყვიტა საქართველოში წამოსულიყო საცხოვრებლად. მანამდე აზერბაიჯანში ქველმოქმედებას ეწეოდა, რის შესახებ წიგნიც არის გამოსული. აზერბაიჯანელები მას ჰასან ხეირიაჩს უწოდებდნენ. ხეირი ჩვენ ვიცით, რომ სიკეთეს და მადლს ნიშნავს. მას ცოლად ჰყავდა დიდებული გვარიშვილის, აზიმოვას ასული.
როდესაც აქ დასახლდნენ, შეეძინათ შვილები, ორი ქალიშვილი და ერთი ვაჟი, რომელიც იყო დედაჩემის მამა. ბაბუას მამა დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა განათლებას, ამიტომ თავის სამივე შვილს სათანადო განათლება მიაღებინა.


ბინის აივნიდან საოცარი ხედები იშლება


ბაბუაჩემმა თბილისში ცოლად შეირთო ქართველი ქალი, გვარად შარაშენიძე, რომელსაც დედა ჰყავდა ქორქაშვილი-ჩიქოვანისა. როდესაც ბაბუაჩემის დედამ შეიტყო იმ ტრაგედიის შესახებ, რაც სახლის ყოფილ მეპატრონეს შეემთხვა, ქმარს სთხოვდა, სახლი გაეყიდათ და სხვაგან გადასულიყვნენ საცხოვრებლად, მაგრამ ის უარზე იყო. სულ მალე, მართლაც იგივე ტრაგედია გადახდათ თავს. ბაბუაჩემი მოულოდნელად, 25 წლის ასაკში გარდაიცვალა. საბედნიეროდ, მამამისი არ მოესწრო შვილის დაღუპვას.

ბაბუას მამა 1927 წელს გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე, რევოლუციის დრო, ამ სახლში ის თავს უყრიდა სხვადასხვა წარჩინებულ ადამიანებს. ერთ-ერთი მათგანი იყო ნარიმან ნარიმანოვი, რომლის სახლმუზეუმიც არის გრიშაშვილის ქუჩაზე. ის იყო ექიმი მკურნალი. მისი ინვენტარი, სამედიცინო იარაღები ინახებოდა ჩვენს სახლში.
ვინაიდან ბაბუას მამა შეძლებული ადამიანი იყო, ომიანობის დროს მან თავშესაფრიდან წამოიყვანა ორი ობოლი, უსახლკარო ბიჭი, რომლებსაც უპატრონა, გაზარდა და როცა ისინი სრულწლოვნები გახდნენ, თავის გზას ეწივნენ. ჩემი დიდი ბაბუა საქართველოშიც აქტიურად ეწეოდა ქველმოქმედებას.
მახსოვს ბავშვობაში, როცა გაიგებდნენ, რომ მე მისი შვილთაშვილი ვარ, დიდი პატივისცემით და მოწიწებით მექცეოდნენ.

ახლა სახლი რესტავრაციას საჭიროებს


- რას იხსენებდა თქვენი ბებია, დედა, რით იყო ეს სახლი გამორჩეული?

- ეს იყო ამ უბანში ყველაზე დიდი ბინა და ჰქონდა საოცარი ხედები. გარშემო სულ აივნები ერტყა, რომლებიც მთელს თბილისს გადაჰყურებდა და თვალწინ საოცარი ხედები იშლებოდა. მისი პირველი მეპატრონე იყო ძალიან მდიდარი ადამიანი. მას ერთდროულად ჰქონდა ბამბისა და რკინის სავაჭრო ობიექტები. საქონელი ჩამოსდიოდა ინგლისიდან და თბილისში ეწეოდა სავაჭრო საქმიანობას. პირველ სართულზე ჰქონდათ საჯინიბო და თავად ფაიტონით დადიოდა. ოჯახის წევრებს, შვილებს, შვილიშვილებს, ემსახურებოდა შინამოსამსახურე. ყავდათ მცხობელი, მრეცხავი, რომლებიც ქვედა სართულზე ცხოვრობდნენ. საცხოვრებლად გამოიყენებოდა ზედა სართულები. დიდი დარბაზის კედლებს, ჭერს გარშემო ერტყა სარკეები, რაც საოცრად მდიდრულ ელფერს მატებდა სახლს. მისაღებ ოთახში იმართებოდა მეჯლისები, სადაც ქალაქის არაერთი დიდებული იღებდა მონაწილეობას.
სარკეებიან დარბაზში ქორწილებსაც კი მართავდნენ. ასევე იკრიბებოდნენ რევოლუციონერები და იმერთებოდა მოლაპარაკებები.
გასაბჭოების შემდეგ სახლის მეპატრონე გააკულაკეს და სახლიდან წაიღეს დიდძალი განძი. ჯერ მხოლოდ 120 ცალი ხალიჩა იყო ნახჩევნიდან ჩამოტანილი. წლების შემდეგ ბაბუაჩემის დები იხსენებდნენ, როცა ბავშვები ხალიჩებზე ვისხედით, მარგალიტის მძივებს და ძვირფას ნივთებს თავის შესაქცევად და სათამაშოდ გვაძლევდნენო.
ჩვენს სახლში დღემდე შემორჩენილია განჯინა, საიდანაც მიწის ქვეშ იყო გასასვლელი. ბაბუას მამა იფარებდა და შემდეგ ამ გვირაბიდან აპარებდა კიდეც ადამიანებს, რომლებსაც იმ დროს დევნიდნენ. ცნობილია, რომ თბილისში უამრავი სარდაფებია. გადმოცემით ვიცი, რომ ამ სარდაფიდან გზა გადიოდა მტკვრის სანაპიროზე. ბებია იხსენებდა, ერთ საღამოს, როცა სახლში მსხდარან განჯინიდან უცნობ ადამიანს ამოუყვია თავი. ძალიან შეშინებიათ და იმის მერე დალუქეს განჯინა.
როგორც გადმოცემით ვიცი, ეზოში სამლოცველოც ყოფილა... გული მწყდება, მე მგონი თბილისში არცერთი ძველი შენობა არ არის ისეთი სახეშეცვლილი, როგორც ეს.

- დედათქვენი როგორ იხსენებს ხოლმე ბავშვობას?
- დედას ძალიან უყვარს თბილისი. განსხვავებული ეროვნების მიუხედავად ყველა თბილად და სიყვარულით ექცეოდა. სხვათა შორის, დედა იხსენებს ხოლმე, რომ ჩვენი სახლის აივანი მოხვედრილია ფილმში „ქეთო და კოტე“. იქ არის ხანძრის ეპიზოდი, როცა ქარვასლა იწვის და ფაეტონით მოდიან. სწორედ ამ დაღმართზე მიგორავს ფაეტონი. თურმე გადაღების პროცესს უბნის ბავშვები დიდი ინტერესით აკვირდებოდნენ, მაგრამ გადამღებ ჯგუფს ისინი შიგნით შეჰყავდათ, რომ კადრში არ გამოჩენილიყვნენ.
დედაჩემის მამიდა აზერბაიჯანში გარდაიცვალა. სიკვდილის წინ შვილებს სთხოვდა, ჩემს სახლში წამიყვანეთო. ისინი ეუბნებოდნენ, რომ თავის სახლში იყო. მას კი სიკვდილის წინ ეს სახლი ენატრებოდა და მიაჩნდა, რომ საქართველო იყო მისი სამშობლო.
დღეს ჩვენ არც ერთი ძველი ნივთი არ გაგვაჩნია. გასაბჭოების შემდეგ, იყო შანსი ამ ქონების რაღაც ნაწილი დაბრუნებულიყო, მაგრამ დედაჩემის ბაბუას გარდაცვალების შემდეგ დარჩა ორი მცირეწლოვანი ქალიშვილი, მეუღლე, როგორც გითხარით დედაჩემის მამაც გარდაიცვალა და ოჯახში კაცი აღარ იყო, ქალებმა კი ვერ შეძლეს მისი საქმიანობის გაგრძელება და ქონების დაცვა. ქართველ ბებიაზე გადავიდა მთელი ზრუნვა. დაიწყო სავაჭრო სფეროში მოღვაწეობა, თუმცა ერთი ქალის ნაშრომი ხუთ ქალს არ ჰყოფნიდა, ამიტომ დაიწყო სხვადასხვა ძვირფასი ნივთების გაყიდვა. ამხელა ბინიდან ჩვენ მხოლოდ ორი ოთახი შემოგვრჩა.
გასაბჭოების დროს შემოასახლეს ოჯახები, გადატიხრეს და ვანდალურად გადააკეთეს ყველაფერი. სახლმა სრულიად დაკარგა პირვანდელი სახე. უკვე აღარავის შეეძლო ბრძოლა, რომ სახლისთვის პირვანდელი სახე შეენარჩუნებინა.
მე დღეს არ მივტირი ქონებას, უბრალოდ გული მწყდება, რომ ჩემი წინაპრებისგან სამახსოვროდ არაფერი დაგვრჩა ისეთი, რაც მათ თავს გაგვახსენებს და რითიც ვიამაყებდით მათი შთამომავლები.

ახლანდელი სავალალო მდგომარეობა


- დღეს რა ეროვნების ხალხი ცხოვრობს ამ სახლში?
- ქართველებიც არიან, იეზიდები, აზერბაიჯანელები. თავიდან 16 ოჯახი შემოსახლდა, დღესდღეობით კი 14 ოჯახი ცხოვრობს. როგორც უკვე გითხარით, დროთა განმავლობაში მოხდა მიშენებები და სახლმა ძალიან იცვალა იერსახე.


ხედები ბინიდან




მერი ბლიაძე
ავტორის ფოტოები

სტატიის მომზადებაში დახმარებისთვის მადლობას ვუხდით ქალბატონ დალი ბერიკელაშვილს

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები