სახლი, სადაც ვახტანგ ჭაბუკიანი ცხოვრობდა - სტუმრად “ცეკვის ჯადოქრის” სამფლობელოში

თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი 83/23, მეორე სართული... აფიშებით სავსე დერეფნის კედლები იმ ტრიუმფის ამსახველია, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მოცეკვავის სხვადასხვა სცენაზე გამოჩენისას იბეჭდებოდა და მისი შექმნილი ბალეტების პრემიერები იმართებოდა. შემდეგ საექსპოზიციო დარბაზი და ორი მემორიალური ოთახია. საექსპოზიციო სივრცეში ღია ლექციები ტარდება და მიმდინარეობს საგანმანათლებლო პროგრამა, ხოლო მემორიალურ ოთახებში დაცულია როგორც ეპოქალური, ისე ბინის მფლობელის პირადი ნივთები. ინტერიერის დათვალიერებისას, მარტივად მიხვდები, რომ მფლობელი დიდი ესთეტი და გამორჩეული გემოვნების პიროვნება გახლდათ.

რას არ ეძახდნენ: “ბალეტის ბრილიანტი”, “ცეკვის დიდოსტატი”, “ცეკვის ჯადოქარი”, “ფენომენალური ნიჭის
მოცეკვავე”, “ტალანტების ღმერთი”... ალბათ უკვე ცხადია, რომ საუბარი ვახტანგ ჭაბუკიანზეა და სწორედ მის ბინას ვსტუმრობთ.



თბილისის მუნიციპალური “მუზეუმების გაერთიანებაში” მყოფ 9 მუზეუმს შორისაა ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური ბინა-მუზეუმი, სადაც ყოველთვის დიდი სიხარულით ხვდებიან დამთვალიერებელს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ “მუზეუმების გაერთიანებაში” შემავალი ცხრავე მუზეუმი სტუმრებისთვის კვირის ყველა დღეს ღიაა.

მუზეუმად ჭაბუკიანის საცხოვრებელი ბინა 2000 წელს გადაკეთდა და 2003-ში ოფიციალურად გაიხსნა. თუმცა, ბინა-მუზეუმმა ახალი სიცოცხლე 2017 წლის 27 თებერვლიდან დაიწყო, როცა ბინას რეაბილიტაცია ჩაუტარდა და განახლებულ ექსპოზიციაში პირველად გამოიფინა ბალეტმაისტერის კოსტიუმები და აქსესუარები სპექტაკლებიდან: “წითელი ყაყაჩო”, “ცეცხლის ცეკვა მაშხალებით”, “ოტელო”, “ტარას ბულბა”, “რაიმონდა”, “ლაურენსია”, “კარმენი”, “დონ-კიხოტი” და სხვა. აქ დაცულია ჭაბუკიანის პირადი ნივთები, სასცენო კოსტიუმები, მის მიერ განსახიერებული როლებისა და ცხოვრების ამსახველი მრავალფეროვანი მასალა, ფოტოკოლექცია, პირადი ბიბლიოთეკა და არქივი.

ჭაბუკიანის ბინა-მუზეუმში მასპინძლობა თბილისის მუზეუმების გართიანების დირექტორმა ნინი სანადირაძემ და ამავე მუზეუმის ფონდის მცველმა ნათია მიქიაშვილმა გაგვიწიეს. მოცეკვავე ამ სახლში 1947 წლიდან 1992 წლამდე ცხოვრობდა. 6 აპრილს წავიდა იმ ქვეყნად, ამქვეყნად კი წარუშლელი კვალი დატოვა. მოპირდაპირე სახლში ასევე ცნობილი ბალერინა და ჭაბუკიანის სასცენო პარტნიორი ვერა წიგნაძე ცხოვრობდა. ამბობენ, როცა ქალაქში ისეთი მოძრაობა არ იყო, როგორც დღეს და ცოტა მანქანა დადიოდა, დიდი ხნის კოლეგები ერთი სახლიდან მეორეში გადაძახებით ეკონტაქტებოდნენ ერთმანეთსო.



რეაბილიტირებულ ბინა-მუზეუმში ბევრი ნივთი ისევე დარჩა, როგორც მოცეკვავის სიცოცხლეში იყო. ზოგს ადგილი შეუცვალეს, უფრო თვალსაჩინო რომ გამხდარიყო. ცხადია, მდიდარი ფონდიდან ყველაფრის გამოფენა შეუძლებელი იქნებოდა, ამიტომ ოთახის თვალის მოვლებისას ყურადღება რამდენიმე ნივთზე გავამახვილე:

აქ ინახება მოცეკვავის ქუდი, ჩანთა და ერთ-ერთი ხელჯოხი, რომელსაც ასაკში შესული ჭაბუკიანი სიარულისას იშველიებდა. ამავე ოთახში დგას ძველი ტელევიზორი, რადიო, საათი და მაგნიტოფონი, რომელიც ჩვენს უახლოეს წარსულში თითქმის ყველა მეორე ოჯახში ჰქონდათ. ბიბლიოთეკა ძირითადად რუსულ ენაზეა და რასაკვირველია, წიგნების უმეტესობა ბალეტის ხელოვნების შესახებაა.

ორიგინალურ ნივთებს შორის თვალში მომხვდა პორტსიგარი. აქტიური მწეველი არ ყოფილა, ხანდახან თუ მოწევდა, მაგრამ სიგარეტს ამ პორტსიგარით დაატარებდა. აქვეა შეკვეთით დამზადებული ბალეტმაისტერის ფოტოებით სავსე ალბომი, მისივე ინიციალებით, ულამაზესი ზარდახშები და სხვა მრავალი ორიგინალური ნივთი, რომელიც ცალკე ხელოვნების ნიმუშად შეიძლება ჩაითვალოს.



ელენე ლიახი და მიხეილ ჭაბუკიანი ფიქრის გორაზე ცხოვრობდნენ. 1910 წლის 27 თებერვალს ქართულ-პოლონურ მრავალშვილიან ოჯახში დაბადებული მეექვსე შვილი _ ვახტანგი, პატარაობიდან ოცნებობდა ცეკვაზე, ნიჭსაც ავლენდა, თუმცა ოჯახი ხელმოკლედ ცხოვრობდა და რომ არა მარია პერინი, რომელმაც ის თავის სასწავლებელში უფასოდ მიიღო, შეიძლება ოცნება ოცნებად დარჩენილიყო. 14 წლის იყო, როცა სტუდიის მოსწავლემ თავად სცადა პედაგოგობა და ძალიან მალე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზეც დადგა ფეხი... მის ბიოგრაფიაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სანქტ-პეტერბურგში გატარებული პერიოდი, სადაც 7 წლის პროგრამა სამ წელიწადში დაძლია და 19 წლისამ ქორეოგრაფიული სასწავლებლის გამოსაშვებ საღამოზე თავისსავე დადგმულ სპექტაკლში იცეკვა. ამის შემდეგ ჭაბუკიანი წლების განმავლობაში კიროვის ოპერისა და ბალეტის წამყვანი სოლისტი იყო... მისაღები ოთახის კედელზე რამდენიმე ფერწერული ნამუშევარია სანქტ-პეტერბურგის ხედებით, რომლებიც ალბათ მასპინძელს ამ ქალაქში გატარებულ წლებს ახსენებდა.

თბილისისა და პეტერბურგის პერიოდს, ამერიკის ფურორი მოჰყვა, თუმცა, ის მაინც საქართველოს დაუბრუნდა და აქ გააგრძელა ცხოვრება და მუშაობა.

ხელმძღვანელობდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასსა და თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელს, რომელიც დღეს მის სახელს ატარებს. ხოლო როგორც მოცეკვავე, 1968 წლამდე იდგა სხვადასხვა სცენაზე.

30-მდე ბალეტის ავტორისა და პედაგოგის ცხოვრებაში ბევრი გულისტკენა და ცილისწამება იყო, თუმცა, ვერავინ ეხებოდა მის პროფესიონალიზმს და დღემდე ყველა აღიარებს, რომ ის საუკუნის მოვლენა იყო.



ბატონი ვახტანგის შვილობილი გახლდათ მისი დისშვილი, ასევე მოცეკვავე ეთერ ჭაბუკიანი, რომლის ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ ვახტანგს აღარ უცეკვია. უმეტეს დროს შინ ატარებდა, მოსწავლეები ჰყავდა, მისი ბინის კარი ყოველთვის ღია იყო მათთვის, კონსულტაციებს უწევდა.

წყნეთში აგარაკი ჰქონდა, ბუხართან დიდი ვერცხლისფერჩარჩოიანი სარკე ეკიდა. სახლის გაქურდვის შემდეგ გადაწყვიტა, ნივთების დიდი ნაწილი თბილისში გადმოეტანა. მათ შორის იყო ეს სარკეც, რომელიც ახლა ბინა-მუზეუმის მისაღებში კიდია, მის წინ კი პეტრე პირველის თეთრი ბიუსტი დგას. როგორც ამბობენ, ამ სარკესთან მისი მოსწავლეები გადიოდნენ რეპეტიციას. როიალი იმავე წელს შეუძენია, როცა ამ ბინაში დასახლდა. მასზე არაერთი ცნობილი ბალეტის მუსიკალური თემა დაწერილა და დამუშავებულა.



როიალის გვერდით პატარა მაგიდაა, რომელიც თურმე საწოლთან ედგა და ჩაის მიირთმევდა ხოლმე. იმ მაგიდაზე ანდრო ჭაბუკიანის მიერ შექმნილი გრავიურა დევს _ ვახტანგ ჭაბუკიანის პორტრეტი.

ცნობილია, რომ მოცეკვავეს ძალიან უყვარდა ცხოველები. რამდენიმე ძაღლი და კატა ყოველთვის ჰყავდა, მის ერთ-ერთ საყვარელ ძაღლს ლომა ერქვა. ცხოველებისადმი მისი დამოკიდებულება ფოტოებიდანაც ჩანს, კარადის ვიტრინებში კი რამდენიმე ძაღლის ფიგურაა გამოფენილი.

შესანიშნავი აღნაგობის მოცეკვავე, ანტიკური სხეულითა და დახვეწილი ტექნიკით ბევრს ახსოვს “ოტელოს” კადრებიდან _ თეთრ ქსოვილშემოხვეული მავრი, ყელზე მსხვილი მძივითა და ხელებზე სამკლავურებით. ამ ნივთებსაც ნახავთ მუზეუმში, იმ მრავალ სასცენო ატრიბუტიკიდან, რომელიც თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მომხდარ ხანძარს გადაურჩა. ხანძარს შეეწირა ჭაბუკიანის კოსტიუმების დიდი ნაწილი, გადარჩა მხოლოდ ისინი, რომელიც შინ ჰქონდა.



ვახტანგ ჭაბუკიანის სასცენო კოსტიუმები დღეს უკვე მუზეუმის ექსპონატებია, ისევე, როგორც საშუალო ზომის შავი ჩემოდანი, ფეხსაცმელები, ჰალსტუხები და აქსესაუარები.

დაბოლოს, ვახტანგ ჭაბუკიანის სახელს ატარებს ვარსკვლავი გალაქტიკაში. ვარსკვლავთა საერთაშორისო კატალოგში აღნიშნულია, რომ 1996 წლის 28 ივნისს უსახელო ვარსკვლავს გედის თანავარსკვლავედში ვახტანგ ჭაბუკიანის სახელი მიენიჭა. სერტიფიკატს ახლავს გედის თანავარსკვლავედის რუკა, მასში ჭაბუკიანის სახელობის ვარსკვლავის აღნიშვნით. სხვა ჯილდოებთან ერთად, ამ სერტიფიკატის ორიგინალიც ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური ბინა-მუზეუმის ფონდშია დაცული.

ანა კალანდაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები