მოგზაურობით შთაგონებული ფერებით შექმნილი ფერწერა - ნიკა ჯაფარიძის სახელოსნო

ძნელია თქვა, სად ატარებს მხატვარი უფრო მეტ დროს, სახელოსნოში თუ შინ, მაგრამ, როგორც წესი, ამ პროფესიის ადამიანისთვის მაინც სამუშაო ადგილია ის გარემო, სადაც ხატვაში დღის უმეტესი ნაწილი გადის. სანამ სახელოსნოს თავის საცხოვრებელ ფართში მოათავსებს, მანამდე დედაქალაქში, დიღმის ტყე-პარკთან ახლოს, ცენტრალური ტრასიდან მოშორებით, სამუშაოდ შერჩეული პატარა სივრცე აქვს. აქ კარგი განათება და სიმშვიდეა, მუშაობისას აუცილებლად უსმენს ინსტრუმენტურ ჯაზს, ან მედიტაციურ მუსიკას.




ორი რეალობა

გამოფენისთვის ემზადება, თუმცა ის ნამუშევრები, რაც დერეფანში დამხვდა, აბსოლუტურად განსხვავდება მხატვრის იმ ტილოებისგან, რასაც აქამდე ქმნიდა. ის კი
არა, ვერც იტყვი, რომ ერთი მხატვრის შექმნილია. “სულის ნაცრისფერი ლაბირინთები” შესრულებულია ძირითადად სამ ფერში: შავ, თეთრსა და რუხში.

როგორც მიხსნის, ასეთი რადიკალური ცვლილება დღევანდელ ეპოქაში სულიერების დაკარგვამ გამოიწვია. ემოცია აქ შავ-თეთრია და სწორედ ამ სამწუხარო რეალობის ხაზგასმას ცდილობს ავტორი.

ამ საგამოფენო ექსპოზიციის პარალელურად, ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. სახელოსნოში სტუმრობისას, ცისფერ-ზურმუხტისფერ ფონზე, ოქროსფერ-ყვითელ ტონალობაში გადაწყვეტილ “ჩიტების მეფეს” ხატავდა, რომელიც დასრულდება თუ არა, აუცილებლად “გაჩნდება” დედოფალიც. იქვე იყო კიდევ ერთი ახალდასრულებული ნამუშევარიც - “ოთხი სტიქია”: ცეცხლი, წყალი, მიწა და ჰაერი. საერთოდ, ყოველთვის ასეა, 2-3 ნახატზე ერთდროულად მუშაობს.



თვლის, რომ ჩარჩო ნახატის გაგრძელებაა და ამიტომ, ხშირ შემთხვევაში, მათ ფუნჯით თავად ამუშავებს. შეკვეთითაც ხატავს, თუმცა, დამკვეთს თავიდანვე აფრთხილებს, რომ შეუძლია მხოლოდ თემატიკა უთხრას, რადგან სრულიად თავისუფალი უნდა იყოს. ხატვისას სიამოვნება თუ ვერ მიიღო, ისე ვერ იმუშავებს.

მისი ნამუშევრების დიდი ნაწილი საზღვარგარეთ არის გაყიდული. რამდენიმეზე განსაკუთრებით სწყდება გული, შეიძლება იგივე დახატოს, მაგრამ ვეღარასოდეს გაიმეორებს იმ ემოციით, რომელიც 10-15 წლის წინ ჰქონდა. ვინაიდან მისი ნამუშევრების შეძენის სურვილი ბევრს აქვს და საშუალება ცოტას, ამიტომ თბილისის რამდენიმე გალერეაში მისი სურათების პრინტების შეძენაა შესაძლებელი.




გზა მთიდან - ტილომდე

ნიკოლოზ ჯაფარიძე მონუმენტალისტია. გასული საუკუნის 90-იან წლებში ტიხრულ მინანქარზე მუშაობდა, მაგრამ პირველი პერსონალური გამოფენის შემდეგ საბოლოოდ ფერწერისკენ გადაიხარა, ახლა უმთავრესი დრო მოლბერტთან მუშაობას ეთმობა. მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ ხატვაზეა ორიენტირებული. სტუდენტობის პერიოდიდან ინტენსიურად მოგზაურობს და იღებს ფოტოებს, თუმცა პეიზაჟები მის ტილოებზე არასოდეს ხვდება, სამაგიეროდ ბუნებით შთაგონებული ფერებით პორტრეტები და ნატიურმორტები იქმნება. ცდილობს, ბუნების ენერგიით მაქსიმალურად დაიტვირთოს, შეივსოს და ვინაიდან ფიზიკურადაც რთულია, ამიტომ მოგზაურობისას არ ხატავს, ჩანახატების დონეზეც კი არაფერი იქმნება. ისედაც არ უყვარს წინასწარი მონახაზების კეთება, მოლბერტთან წყდება ყველაფერი.

დადიოდა მარტო, შემდეგ სხვადასხვა ჯგუფთან, ახლა კი მეგობარ მთამსვლელებთან ერთად ცდილობს, საქართველოს მაღალმთიანი ადგილები მოიაროს. ქალაქის დაძაბული რიტმიდან შორს, სიმშვიდეში ყოფნა, ბუნებაში აისისა და დაისის ყურება, ყინულზე არეკლილი მზის შუქი და ბუნების სხვა საოცრებანი ფერმწერი კაცისთვის შემოქმედებითად დიდი ინსპირაციის წყაროა.



ყველა კუთხეს თავის “ფერი” აქვს და ამ მხრივ მისთვის თუშეთი განუმეორებელია. თავისი მრავალფეროვნებით გარეჯის უდაბნოს ვუსახელებ და ეს ადგილი ხომ ცალკე მისტიკააო, მეუბნება: “თუშეთი ჩემთვის ნაკრძალივითაა, თავის ხელშეუხებელი ბუნებით, დავით გარეჯა კი თავის სიწმინდით, ისტორიით, ბერების ცხოვრებითა და წარსულით აბსოლუტურად სხვა სამყაროა. რამდენჯერმე ვიპოვე ადამიანის ძვლები მიწაში, წვიმისგან ახლად გადარეცხილ ადგილებთან, მოვაგროვე და კლდეში გამოკვეთილ კელიებთან მივიტანე. გარეჯის ზოლიანი მთები საოცრებაა. განსაკუთრებით შემოდგომაზე, ოქროსფერდება ყველაფერი. ჩემს ნახატებში დეტალები გადმომაქვს, მაგრამ სამწუხაროდ, პეიზაჟებს არ ვხატავ. არ მაქვს ამის სურვილი”...


ზღაპრის პერსონაჟების მსგავსი ფიგურები

- ბავშვობაში, ისევე როგორც ყველა ბავშვს, ზღაპრები მიყვარდა, მაგრამ ზღაპრებზე მეტად - ოცნება. ეს დღემდე გამომყვა (იღიმის). ხანდახან ვამბობ, ჩემი პორტრეტები დიდებისთვის დაწერილი ზღაპრის პერსონაჟები არიან. ადამიანებს ისე ვერ დავხატავ, როგორებიც რეალურად არიან, ამიტომ ჩემს სამყაროში ისინი ზღაპრის პერსონაჟებად ტრანსფორმირდებიან.

ყველა ნახატში რაღაც თავისას დებს და ამას არც მალავს. შეიძლება ყველა პერსონაჟი ფიზიკურად მხატვრის ზუსტი ასლი არ იყოს, მაგრამ როგორც ამბობს, ყველაში მე ვარო. თუმცა, ავტოპორტრეტის დახატვას არასდროს აპირებს, რადგან საკუთარი პორტრეტის ხატვა ნარცისიზმის გამოვლინებად მიაჩნია.



ცხოველები უყვარს, მაგრამ არ ხატავს. დილაობით ვარჯიშობს და თითქმის ყოველთვის ზრუნავს ქუჩის ძაღლების გამოკვებაზე. მის ტილოზე ცხოველებიდან მხოლოდ ლამაზთვალება ვირებს თუ ნახავთ, როგორც მშვიდობის სიმბოლოს. ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ უთევზავია და სრულიად არ ხიბლავს ეს პროცესი. თუმცა, თევზებსაც ხშირად ხატავს. ერთ-ერთ ნამუშევარს სახელოსნოში ვხედავ, რომელიც თითქოს იღიმის და ამის გამო მას ხალხმა “ჰეფი ფიში” უწოდა. განსაკუთრებით მოსწონს კალმახი, რომელიც დინების საწინააღმდეგოდ ცურავს და როგორც ამბობს, ცხოვრებაში თავადაც ხშირად უმოძრავია დინების საწინააღმდეგოდ. თან, ზოდიაქოს მიხედვით, თევზებია და ვინც ასტროლოგიაში ოდნავ მაინც ერკვევა, იცის ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულების განსაკუთრებული შემოქმედებითი ხასიათი, მრავალმხრივი გატაცებები, ხელოვნებისადმი სიყვარული და ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილება.

მათემატიკა, ფიზიკა, ასტროფიზიკა - აი, ეს აინტერესებდა საწყის ეტაპზე. შესაბამის განათლებას იღებდა, მაგრამ პედაგოგის გარდაცვალების გამო ჯგუფი, სადაც ტექნიკური მიმართულებით სწავლობდა, დაიშალა და ამის შემდეგ, 13 წლის ასაკში, მხატვრის სახლში არსებულ სტუდიაში ხატვის წრეზე მიიყვანეს. იქ მისი ერთ-ერთი პედაგოგი გია გუგუშვილი იყო. მხატვრის დამოკიდებულება ბავშვებთან და ზოგადად მხატვრობასთან იყო ერთ-ერთი განმსაზღვრელი იმისა, რომ ნიკა ჯაფარიძე ამ სფეროს მიეზიდა, მხატვრობით სერიოზულად დაინტერესებულიყო და საბოლოოდ სამხატვრო აკადემიაშიც ჩაებარებინა.




ნახატი ინტერიერში

- ვფიქრობ, რომ ადამიანი პატარაობიდანვე უნდა ვაზიაროთ ესთეტიკას. ჩვენდა სამწუხაროდ, დღეს გალერეებსა და მუზეუმებში რიგები არ დგას. შეიძლება სკოლის პედაგოგებს იქ მოსწავლეები დაჰყავთ, მაგრამ ძალიან იშვიათად. რატომ უნდა გვაჯობონ ამით სხვა ქვეყნებმა?! შეიძლება პატარამ ჯექსონ პოლოკი ვერ გაიგოს, მაგრამ მის ქვეცნობიერს ნანახი ამახსოვრდება და წამოზრდილი რომელიმე თანამედროვე ხელოვნების ნიმუშს რომ ნახავს, არ იტყვის, ეს რა ნაჯღაბნია, ან ამის დახატვას რა უნდაო. იგივეა მუსიკის შემთხვევაშიც, როცა ბავშვს კლასიკურ მუსიკას მოასმენინებ, მერე ის უკვე მარტივად შეძლებს მუსიკალური ჟანრებში გარკვევას და აღქმას. აქედან გამომდინარე, ვინც ფერწერას ბავშვობიდან ეზიარა, მგონია, ინტერიერისთვის ნახატის არჩევა არ გაუჭირდება. პრინტებიც სავსებით მისაღებია. საზღვარგარეთ ეს გავრცელებული ფორმაა და კარგი იქნება, თუ საქართველოშიც მიიღებს მასობრივ სახეს. ადამიანს არ აქვს მრავალათასიანი ნამუშევრის შეძენის საშუალება, არადა, ძალიან უნდა შინ ჰქონდეს, საამისოდ კარგი ხარისხის პრინტი ფინანსურად ხელმისაწვდმია. თან, თუ მოგბეზრდება, შეგიძლია გამოცვალო. ხშირად ჩვენში, ახალგარემონტებულ სახლებში ნახატები და პრინტები არ გვხვდება. ცარიელი კედლებიდან სიცივე მოდის. ჩემი აზრით, სახლისთვის შერჩეულ ნახატში კარგად ჩანს, როგორი ტიპი ხარ. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ შინ ნახატი, პრინტი, აუცილებელია. ინტერიერში “ფერადი ლაქა” დადებით ემოციას ქმნის, შეიძლება ეს არ ფიქსირდებოდეს გააზრებულად, მაგრამ ყოველდღიურობაში მას თავისი პოზიტიური მუხტი შემოაქვს. ჩემთვის ადამიანის ამოცნობის ერთ-ერთი ტესტი მის ბინაში შესვლისას კედლებზე გამოფენილი ნახატებია.

- კიდევ რა არის თქვენი კომფორტისთვის შინ, ინტერიერში აუცილებელი?



- ჩემთვის ინტერიერი უნდა იყოს სადა, იდგეს კარგი სავარძელი და გქონდეს მუსიკის მოსასმენი ხარისხიანი ტექნიკა, შეიძლება ერთი-ორი ისეთი ნივთიც, ვთქვათ სკივრი, რომელიც მხატვრის ან დიზაინერის მიერაა ხელშევლებული, არტია და მხოლოდ შენ გაქვს. ან რამე ეგზოტიკური ნივთი, ვთქვათ შუბი, ან სხვა იარაღი. აუცილებელია მცენარე, ინტერიერში მწვანე გარემო ისეთივე მეტყველია ჩემთვის, როგორც ნახატი. თუმცა, აქაც ზომიერების დაცვაა საჭირო, ინტერიერი ნივთებით არ უნდა გადატვირთო.


კაქტუსები, ანუ მხატვრის “მტაცებლები”

- ბევრი თვლის, რომ კაქტუსი საკმაოდ მარტივად მოსავლელი მცენარეა, მაგრამ ასე არ არის. თან კაქტუსის აყვავება რთულია. ერთი შეხედვით, მტაცებელს ჰგავს, ჩემს კოლექციას მტაცებლებს ვეძახი, მაგრამ როცა ყვავილით გაჯილდოებს და ამით მადლობას გეუბნება, თავის ფაქიზ სულს გიჩვენებს. ზოგიერთი შედარებით მარტივად ყვავის, მაგრამ სპეციფიკურ ჯიშებს საამისოდ შესაბამისი პირობები უნდა შეუქმნა. არა მხოლოდ წყლისა და განათების მხრივაა საყურადღებო, არამედ ჯიშების მიხედვითაც კი სხვადასხვა მიწას საჭიროებს. მაგალითად, მაქვს ერთი კაქტუსი, გრძელი თეთრი ბეწვით, რომელიც ჩილეში, ატაკამას უდაბნოში იზრდება, იქ რამდენიმე წელიწადში ერთხელ მოდის თოვლი. ეს კაქტუსი კი წყნარი ოკეანის მხრიდან დილით ამოტანილი ნისლით იკვებება, ანუ მისი წვეთებით ინამება. ბუნებრივია, როცა ასეთი მცენარე გაქვს თბილისში, მას ვერ ააყვავილებ, რადგან ეს ბოტანიკურ ბაღებშიც უჭირთ, მაგრამ ასეთი ეგზოტიკური მცენარის მოვლა საინტერესოა.

- როგორ დაიწყეთ კოლექციონერობა?

- ჩემს ბავშვობაში, დიღომში ჩიტების ბაზარი იყო, სადაც ერთი კაცი კაქტუსებს ყიდდა. მაშინ შევიძინე ერთი, მეორე და ამას სხვებიც მოჰყვა, მერე საზღვარგარეთიდანაც ჩამომქონდა. ამ წლების განმავლობაში ვისწავლე, მათ წყალი როგორ მივაწოდო, როგორი ფესვის სისტემა აქვს, რომელი რა განათებაზე დავდგა. იმდენი წელია კაქტუსებს ვაგროვებ, მეგობრებივით კარგად ვიცნობ. ერთი პერიოდი სათბურიც მქონდა, თესლიდანაც ამომიყვანია, დამყნობაც ვიცი, დაფესვიანებაც, კონსულტაციაც გამიწევია ბევრისთვის. მოკლედ, ეს მთელი ფილოსოფიაა.

3000-მდე ჯიშის კაქტუსი მქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, ახლა ამდენი აღარ მაქვს. ისე ინტენსიურად ვეღარ ვუვლი, რადგან საკმაოდ დიდი დრო მიაქვს. ფართობიც სჭირდება. ახლა 1000-მდე მცენარე მაქვს. შინ დაშენებას ვაკეთებ, სახელოსნოც მექნება და ვერანდაც, სადაც ჩემი კაქტუსების კოლექციას განვათავსებ და ბაღში შესაბამის გარემოს შევუქმნი.



- მცენარეებს უნდა ელაპარაკო და მოეფეროო, ამბობენ, და ესაუბრებით?

- კი, მაგრამ უფრო ვემუქრები (იღიმის). როგორც კი გახმობას იწყებს, ვეუბნები, თუ ასე გააგრძელა, დანის დადება და ფესვთან გადაჭრა მოუწევს. მუქარა ჭრის. როცა ყვავიან, შეიძლება შევაქო ხოლმე.

- დაასრულეთ ფრაზა: “მხატვარი რომ არ ვიყო”...

- დიდი სიამოვნებით შევისწავლიდი სამაშველო სამსახურს და გავივლიდი მთის გიდის ტრენინგს. ახალგაზრდა რომ ვიყო, ამას აუცილებლად გავაკეთებდი. ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა მხრებზე მოკიდებული ზურგჩანთით დედამიწის გარშემო მოგზაურობა, ფოტოების გადაღება და... მერე დავწერდი რამეს. ეს სიახლის ძიება მოგზაურობასავით მხატვრობასაც თან ახლავს. სამწუხაროდ, ახალგაზრდობა ვერ დაბრუნდება, მაგრამ, საბედნიეროდ, გადასარევი სპეციალობა მაქვს და ღმერთს ყოველდღე მადლობას ვეუბნები, რომ მუშაობა შემიძლია. სამწუხაროდ, ჩემმა ბევრმა მეგობარმა, რომლებიც აკადემიაში საკმაოდ კარგად მუშაობდნენ, ცხოვრებისეული პრობლემებიდან გამოდინარე, რადიკალურად შეიცვალეს პროფესია. მე დღემდე შემოვრჩი და რაც ასაკი მემატება, ვხვდები, როგორ გამიმართლა. იმ საქმის კეთება, რომელიც გიყვარს, უდიდესი სტიმულია, ყველა მწვერვალზე ასვლასა და ცხოვრების სირთულეების გადალახვაში გეხმარება.

ანა კალანდაძე

კომენტარის დამატება