ორთუბნელი დედების საოცარი ქმნილებები

ძამას ხეობისკენ მიმავალი გზა სოფელ ორთუბანს გვაკავშირებს... ამ მადლიან სოფელში უძველესი ტაძარი გვხვდება... ტაძარში მონაზვნების ხმატკბილი გალობა ისმის.

ისტორია გვამცნობს, რომ ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერი ძამას ხეობაში, ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის საერისთავო რეზიდენციაში მდებარეობს, ამჟამად სოფელ ორთუბანში, რომელიც XIX საუკუნეში ქალაქ მზოვრეთის ნანგრევებზე გაჩნდა. XVIII-XIX ს.ს-დან მონასტრის დაარსებამდე ციხე მიტოვებული იყო. მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის იობის ლოცვა-კურთხევით, 1997 წელს ციციშვილთა რეზიდენციაში მამათა მონასტერი დაარსდა, ხოლო 2008 წლიდან მეუფე იობის მიერ წინამძღვრად იკურთხა იღუმენია მარიამი (ჩხაიძე). აქ იყო ერთი მოქმედი ტაძარი - ღვთისმშობლის შობის

სახელობის, კოშკი და დროებითი ნაგებობები.



იღუმენია მარიამი გვიამბობს:
- ჩვენი მოსვლის დღიდან გაიწმინდა და მოწესრიგდა მიწა-წყალი სამონასტრო კომპლექსისათვის. ღვთისმშობლის შობის ტაძარ-კოშკის მეორე სართულზე, რომელიც სადარაჯო იყო, ქრისტეს შობის საპატივგებოდ გაკეთდა ტაძარი - პატარა ბეთლემი.

ტაძარში შესასვლელად აიგო თაღოვანი ხიდი დედაბოძით, სიმბოლოდ დედა-საყრდენი სახლისა. ტაძრის გუმბათს დაუბრუნდა ძველი სახე, რომელშიც აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. შვიდსართულიან კოშკში ქრისტეს ვნებანის სამლოცველო იქნება, პირველი საუკუნის უბრალოებით. მეოთხე სართულზე ჯვრის თაყვანისცემის ტაძარია.

სამონასტრო კომპლექსის სამშენებლო გათხრების დროს აღმოვაჩინეთ XII საუკუნის მარანი, რომლის აღდგენაზეც ვზრუნავთ.

დროებით ნაგებობებში განვათავსეთ მისაღები-მუზეუმი, ხოლო მეორე სართულზე გაკეთდა სახელოსნო სხვადასხვა ხელსაქმისათვის.



შრომა და ლოცვა
მონაზონთა საცხოვრებელში შრომა მეორე ლოცვაა. ნამდვილი ხელნაკეთის შესაქმნელად საჭიროა მომთმენი გარჯა, რომელიც გასწავლის ნების სიმტკიცეს. გულს ვდებ, ჩვენი ხელნაკეთი იყოს უბრალოებით ლამაზი და ცოცხალი.

ღვთის სახლში მხოლოდ არსებობისთვის არაფერს უნდა ქმნიდე. პირჯვრის გამომსახველი ხელი დალოცვილია და სიყვარულით ნაკურთხია.

ჩვენს მონასტერში განსაზღვრული ხელსაქმე არ გვაქვს. ვქმნით იმას, რაც შეგვიძლია და რისი საშუალებაც გვეძლევა. შემოქმედება არაფრისგან ყველაფრის შექმნაა. ნამდვილი შემოქმედება საკუთარ თავთან ბრძოლაა. უბრძოლველი ვერაფერში იტყვის ნამდვილს.



ჩვენი ძირითადი ხელსაქმეა: ხატწერა, ტყავის ნამუშევრები, ბალახებისგან სააღდგომო ბუდეების დამზადება, სიცოცხლის ხეები, ბიბლიური ავგაროზები, ტყის ნაწარმისგან ავეჯის შექმნა და სახლისთვის საკურთხევლის დამზადება, ჯვრისწერისა და ნათლობის სანთლები, რომელიც სულიერი სიმბოლოებით ხელთ იქმნება. ფერად ქვებზე, რომლებსაც დედამიწის უჭკნობი ყვავილები დავარქვი, ძველებურ სტილში ხატებს ვასრულებთ. ლოცვის მადლით მოსილ ტაძრის კრამიტებზე სრულდება ხატები. ბალახებისგან ვკრავთ კარვებს სიმბოლოდ, როცა ჯერ კიდევ სახლი არ იდგა დედამიწაზე. ქვებისგან ვაშენებთ სხვადასხვა ხელნაკეთს. შეიძლება გაჩნდეს აზრი, ლოცვის დრო სად რჩებათო, დაუღალავი შრომის საშუალებას გვაძლევს ის, რომ ჯერ მშენებარე მონასტერი ვართ და ნაწილობრივ ჩვენი ხელებით გვიწევს შენება. მომავალში ვაპირებთ მონასტერში ხელთქმნილის ჩვენებას. ნამდვილი შემოქმედი სხვისგან არასდროს იხატავს. ხელთნათქვამის სიცოცხლე გულის სინამდვილეშია.

მონასტერში სრულდება პირადი და საზოგადო ლოცვები. ღვთისმსახურება იწყება ღამის ორ საათზე შუაღამიანით, რასაც მოებმის ცისკარი პირველი ჟამნით. იკითხება დედუფლის პარაკლისი და სხვადასხვა სავედრებელ-სამადლობელნი. მეექვსე საუკუნის ტაძრის ქვებით ღვთისმშობლის პატისაცემად კელია ავაგეთ. საღამოს მსახურება შვიდ საათზე იწყება. ჟამის წირვას აღასრულებს ხეობიდან მწირველი მღვდელ-მონაზონი.



მონასტერში ცხოვრების წესი
ჩვენი სამონაზვნო ცხოვრების წესი განმარტოებულია, რამდენადაც ეს შესაძლებელია ისტორიულ ადგილზე, რომელსაც ბევრი მნახველი და მომლოცველი ჰყავს. ვცდილობთ, უფრო მეტი დრო დავუთმოთ საკუთარ თავთან ბრძოლას, რათა წმიდა მამათა გამოცდილების მოძღვრებით და ბრძოლის ღვაწლით ვიდგეთ ღმერთთან სინანულით და სამონასტრო წესის წესრიგით. მონაზონი მარტოდ მყოფს ნიშნავს. მისი სიცოცხლის დრო უნდა იყოს დაკავშირებული ღმერთთან ურთიერთობაში, ბრძოლაში, სინანულსა და ლოცვაში. თუმცა, ჭეშმარიტი მონაზონი მტრისაგან შეჭირვებულ და განსაცდელში მყოფ ადამიანებთან ურთიერთობითაც ურთიერთობს ღმერთთან და რჩება მონო-ზონი - მარტოდ მყოფი. მიუხედავად განმარტოებული ცხოვრებისა, ვურთიერთობთ იმ ადამიანებთან, რომელთაც ჩვენი დახმარება სჭირდებათ. მომავალში, როდესაც სამონასტრო კომპლექსის მშენებლობას დავასრულებთ, შევძლებთ ნამდვილ სკიტურ ცხოვრებას, რადგან სამონასტრო კომპლექსში ცხოვრებისას საჭიროა, გქონდეს გარემო პირობებიც სულიერი წესრიგისა და განმარტოებისათვის. როგორც მონასტრის წესია, მომლოცველებთან ურთიერთობაში არის ასაკოვანი მონაზონი. წუთისოფელი გამოწვრთნილ მებრძოლს ვერ ხიბლავს. სულიერი სილამაზე მოღვაწე წლოვან გამოცდილებაშია. გამოუცდელი, ბრძოლის ველზე მყოფი მოშურნე ახალგაზრდა წინამძღვარმა უნდა მოარიდოს საცდურს. ჭეშმარიტი მონაზვნის გულში შეუძლებელია დაიმკვიდროს ნაწილობრივ ეშმაკმა და არასრულად ღმერთმა. უფლის მხედართა გზა თავგანწირული ბრძოლაა გამარჯვებისთვის და ჭიდილია იმ ბოროტთან, რომელიც ბრძოლით გამოხატავს ადამიანის ცხონებისადმი მტრობას. განმარტოებული მონაზვნობის გზა, არ ვგულისხმობ მიწად მდებარეობას, არამედ გულს, იმ ძონძისგან განთავისუფლების ბილიკია, რაც შევიმოსეთ სამოთხის მიღმა.

თეა ცაგურიშვილი

კომენტარის დამატება