ის ზამთრები მაინც სხვა იყო


ისევ დაგვიზამთრდა; "შორს, მთების შუბლზე ღვივის ზამთარი"... ბოლო წლებში ისეთი ზამთრები აღარ დგება, ჩვენს თაობას ბევრი თოვლი, სიხარული და აღმაფრენა რომ დაუტოვა... თუმცა, ეს ხომ ძალზე პირობითია. რაც უნდა გასაკვირი იყოს, ქალაქში იმ სიხშირით აღარ მოფარფატებენ ბრტყელ-ბრტყელი ფანტელები, ვეღარც გადაბამბულ სკვერის ბილიკებს ვხედავთ, რადგან სულ რამდენიმე დღე გრძელდება ეს ფორიაქი, მერე ისევ თბება და მხოლოდ სინოპტიკოსების პროგნოზით ვიგებთ, რომ სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმში, ომალოსა და ბარისახოში, ბორჯომსა და ბაკურიანში ჯერ ისევ თოვლია; თოვს გუდაურსა და ფასანაურში... თბილისში კი, თოვლის ნარჩენები შიგადაშიგ თუ

გამოანათებენ, ნაღვლიანი მზერით შეგვახსენებენ, რომ ჯერ ისევ ზამთარია, რომ მთაწმინდის ფერდობებს თოვლი მკვიდრად შეხიზვნია.

...ისევ ჩემი ბავშვობის დღეებს ვიხსენებ, დეკემბერ-იანვრით სავსეს, ისევ მიგახედებთ თბილისური ეზოსკენ, ბელინსკის ქუჩისკენ, იმ ადგილებისკენ, რომლებიც დღესაც, ჩემს ცნობიერებაში, ჩემს სახლად რჩება.

ნოემბრის შუა რიცხვებიდან ვერაზე, ჩვენს ეზოში, სადაც ოცზე მეტი ოჯახი ცხოვრობდა, დგებოდა წიფლისა და რცხილის შეშის ნახერხის სპეციფიკური სუნი, რომელიც ჩემში ყოველთვის ტყისა და სოფლის ასოციაციას იწვევდა; "ვერის ბაზრიდან" ამოყვანილი მხერხავების საქმიანობა თვის ბოლომდე გრძელდებოდა, ვინც ნახშირით სარგებლობდა, ისინი ნახშირს იმარაგებდნენ... სხვათა შორის, ნახერხსაც დიდი გასავალი ჰქონდა. დახერხილ შეშის ნაჭრებსა და ნახშირს ეზოში მდგარ სპეციალურ დამხმარე სათავსოებში ინახავდნენ, რომელთაც დიდი ბოქლომები ეკიდათ; იქვე ინახავდნენ ნავთის ბიდონებს, მაშინ ხომ გაზი თითქმის არავის ჰქონდა, ყველას რამდენიმე ნავთქურა ედგა - მასზე კეთდებოდა სადილები, იხარშებოდა დასარეცხი თეთრეული... გათბობის მასიური საშუალება რკინის ღუმელი (ფეჩი) იყო, იშვიათად ბუხარი ან "პლიტა", რომელიც დენზე მუშაობდა; რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ ნავთს მოვიხმარდით; სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ პურის მაღაზიის გვერდით, ნავთის წერტთან, სარდაფში, მუდმივად ადამიანთა რიგი იდგა. მეოთხე-მეხუთე კლასელი (ბევრი ჩემი თანატოლი) ხშირად ვმდგარვარ ამ რიგში, სადაც იმდენ რამეს მოისმენდი, რომ რიგში დგომა გართობად გვეჩვენებოდა; ბედნიერები ვიყავით, რომ ასეთ საპასუხისმგებლო საქმეს გვანდობდნენ, რომ შეგვეძლო ჩვენი მიტანილი სამი-ოთხი ლიტრი ნავთით ცოტათი მაინც გამოვდგომოდით ოჯახს... ჩვენი სიპატარავის გამო, ურიგოდ არავინ გვიშვებდა, ამით გარკვეულ წესრიგს გვაჩვევდნენ; აქვე შევნიშნავ, ძალიან მეზარებოდა ნავთის ბიდონით ბელინსკზე ჩასვლა, ეს ციდა გოგო, უკვე მაშინ, საშინლად ვიპრანჭებოდი...



თოვლი ფეხაკრეფით შემოიპარებოდა, იმ დროს, სულ რომ არ ელოდებოდი... დაიძინებდი, ქუჩებში იდუმალი სიჩუმე დაისადგურებდა, გათენდებოდა ბურუსიანი დილა, ფარდას გადასწევდი და... სპეტაკი თოვლით განათებული ეზო, ხეები, სახლების სახურავები თვალებს აგიბრჭყვიალებდნენ... სწრაფად მომავალი ცივი ფანტელები ფანჯრის მინებს ეცემოდნენ, ყინვაც თავისას უმატებდა და მინები აჟურულ მაქმანებს ემსგავსებოდნენ; მერე აღარაფერი ჩანდა, ზღაპრულ ოცნებებად ქცეულ ბრწყინვალების გარდა...

რა თქმა უნდა, უფროსებს საზრუნავი ემატებოდათ, ბავშვები კი ზამთრის არდადეგებამდე დღეებს ვითვლიდით - ეს ხომ მთელი ორი კვირა იყო!.. ისინიც კი, დილის ძილი რომ უყვარდათ, ადრიანად დგებოდნენ; ისაუზმებდნენ თუ არა, უკვე ეზოში იყვნენ. ზოგი ბილიკს კვალავდა, ზოგს სარდაფებში მოყუჩებული შეშა შეჰქონდა ბინებში... ბევრი სამსახურში მიიჩქაროდა - რეზინის ბოტებსა და კალოშებს სულ პრიალი გაჰქონდა...

ეზოს ცხოვრების რიტმში თოვლს სხვა სიმყუდროვე შემოჰქონდა; მეზობლები, მეტწილად, ბინებში იყვნენ შეკეტილები, თადარიგიანი დიასახლისები საახალწლო სამზადისით იყვნენ გართულნი: ამაში აუცილებელი ატრიბუტი - ბინის ე.წ. "უბორკა" ანუ საფუძვლიანი დალაგება-დაწკრიალება შედიოდა, რის შემდეგაც მორჩენილი დრო საჭმელებისა და ტკბილეულის დამზადებას ეთმობოდა; ამას ყველა თავისი მატერიალური შესაძლებლობების მიხედვით ახერხებდა - საბანს იქამდე იწვდენდნენ, სადამდეც გაწვდებოდათ... ახლანდელი სიდუხჭირის ფონზე (რომელსაც ვერასოდეს წარმოვიდგენდი...), მიუხედავად იმისა, რომ მეორე მსოფლიო ომი რაღაც ექვსი წლის დამთავრებული იყო, ყველა წელგამართული ხვდებოდა ახალ წელს; ეს იმიტომ, რომ შრომისუნარიანი მოსახლეობა მუშაობდა (უმუშევარს სახლში ვინ გაგაჩერებდა?!), ჰქონდა შემოსავალი და ზეიმის განწყობა...

ახლა კი გავიდეთ გარეთ და მძიმე-მძიმედ ჩავუყვეთ ბელინსკის გასიპულ თავდაღმართს... ბიჭები დილაადრიან იწყებდნენ შინ დამზადებული ციგებითა და ფიცრის ნაჭრებით სრიალს - ზედა ქუჩებიდან მოქროდნენ და თითქმის "ვერის ბაზრამდე" ჩადიოდნენ; ჩემს საბავშვო ბაღთან (რომელსაც ზინა ერისთავის ბაღს ეძახდნენ; მასში მეტწილად უბნელი გოგო-ბიჭები დავდიოდით, რომელთა დიდი ნაწილი ჩემი სკოლელი და კლასელი გახდა), ყოფილ გამომცემლობის შენობასთან, დღეს სასტუმროსთან, რომელიც მის ადგილზე აშენდა, ერთგვარი მოსაბრუნებელი ჰქონდათ, გარკვეული დროით გაჩერდებოდნენ, უკან ფეხით ამოდიოდნენ - არ ეზარებოდათ, მერე ისევ სრიალით "იღებდნენ" ახალ-ახალ "სიმაღლეებს"... აქ რომ მოიწყენდნენ, ბარნოვის ქუჩას გაუყვებოდნენ და იქიდან ახლა ყაზბეგისა და კობის ქუჩებზე დაეშვებოდნენ... კობის ქუჩა ჩემთვის ძალზე მშობლიურია, რადგან აქ იდგა აგურით ნაშენი, მკვიდრი შენობა, ცნობილი "სამშობიარო", სადაც ალბათ ჩვენი დიდი უბნის მოზარდების უმრავლესობა ვიყავით დაბადებულნი; შემდგომში - ჩვენი შვილები და შვილიშვილებიც... ამით ძალიან მოგვწონდა თავი... ახლა კი, მესამე წელია, რაც ეს შენობა დაანგრიეს, გაუშვეს მედპერსონალი და ასე უაპელაციოდ მოგონებად დაგვიტოვეს, როცა შენობას საამისო არაფერი სჭირდა... რატომ? იმიტომ, რომ აქაც სასტუმრო აეშენებინათ. არა მგონია, ასეთი აზარტით, დაუნანებლად სადმე სხვაგან ხდებოდეს შენობა-ნაგებობების ნგრევა-განადგურება... სამაგიეროდ, მთელი ქალაქის სასტუმროებად, ბანკებად, რესტორნებად, აფთიაქებად ქცევა...



...ის ცოტა "მანქანაც" კი (რომლებზეც ჟურნალის "ზაფხულის" ნომერში ვწერდი), რომელთა დაქოქვა-ამუშავებას კარგა ხანი სჭირდებოდა, ქვევითკენ საცოდავად მიღოღავდნენ... მამაკაცებისთვის, თუნდაც ახალგაზრდა ვაჟებისთვის დიდი პატივი იყო, შეშველებოდნენ მოხუცებს, ქალბატონებს, გოგონებს, რათა დაცემა-ტრავმების გარეშე ჩაეყვანათ "სამშვიდობოს" - ცენტრალურ გზამდე, სადაც მარილი უკვე დაყრილი იყო და შესაბამისად, მოძრაობაც უსაფრთხო... თუმცა, სადღაც-სადღაც ჩასაფრებული ბიჭები რჩეული გოგონებისთვის გუნდებსა და სტვენა-მაიმუნობას არ "იშურებდნენ"...

ისმოდა ბავშვების ჟრიამული, ყიჟინი, რომლებიც თოვლში დარბოდნენ, აბუქებდნენ, სახეს უშვერდნენ ციდან მომავალ ულამაზეს ფანტელებს; ქუჩისა და ეზოს ძაღლები კუდის ქიცინითა და ყეფა-ყეფით დასდევდნენ მოთამაშე-მოსრიალე პატარებს... საკვამურებიდან ამოსული ბოლქვები ჩამოქუფრულ ცას სალამს აძლევდნენ, მზე სადღაც შორეულ აფრიკაში გადაკარგულიყო... ხეები სავსე იყო სიცივისგან აბუზული ფრინველებით; იმ დროს ქალაქში ბევრი ბეღურა ცხოვრობდა. აქა-იქ ყვავებიც ყრანტალებდნენ... ადამიანები თავს მოვალედ თვლიდნენ, მათთვის საკენკი თუ არა პურის ნამცეცები მაინც დაეყარათ, რათა ყინვიანი ზამთარი მშვიდობიანად გადაეტანათ...

უფროსების დახმარებით შევარჩევდით ხოლმე მისალოც ღია ბარათებს, საახალწლოდ გაფორმებულ კონვერტებს და ჩვენივე შედგენილი ტექსტებით – მეგობრებს, ნათესავებსა და ნაცნობებს ახალი წლის დადგომას ვულოცავდით. წინასწარ ვადგენდით სიებს, თუ ვისთვის უნდა მიგველოცა, რომ არავინ გამოგვრჩენოდა, ამით უფროს-უმცროსები სერიოზულად ვიყავით დაკავებულნი. მაშინ ხომ მობილური და კომპიუტერი არ არსებობდა...

მშობლებს სამსახურში ურიგდებოდათ საზეიმო ნაძვის ხის კონცერტებზე დასასწრები ბილეთები, რომლებსაც ძირითადად პროფკავშირები უზრუნველყოფდა. კონცერტები დაგეგმილი იყო: ცირკში, რკინიგზელთა სახლში, პიონერთა და ოქტომბრელთა რესპუბლიკურ სასახლეში, მედმუშაკთა და პროფკავშირთა სახლებში, ფაბრიკა-ქარხნების კლუბებში... ყველა იმ სამსახურებში, სადაც მოქალაქეები მსახურობდნენ. რა თქმა უნდა, ამ ზეიმებს ტკბილეულით სავსე სასაჩუქრე კოლოფებიც ახლდა; ნათესავებთან რაიონიდან სტუმრად ჩამოსული ბავშვები, ასეთი საღამოების ყველაზე სასურველი მონაწილენი ხდებოდნენ, ვისაც რა შეეძლო იმას აკეთებდა, ზოგი ცეკვავდა, ზოგი მღეროდა, თოვლის პაპასთან ერთად ნაძვის ხეს გარშემო უვლიდნენ, ცალ თვალს მშობლებისკენ აპარებდნენ, აბა, ჩვენით თუ არიან კმაყოფილებიო?! მტირალები, მორიდებულები, მორცხვებიც იყვნენ, და იყო ერთი ხვეწნა-მუდარა და ფერება, ენის მოჩლექით: "შენ გენაცვალე, ხო იტყვი ლექსს? თქვი რაა, გეხვეწები" და ასე შემდეგ; დღესაც მახსოვს იმ ლექსის სტრიქონები, რომლებსაც პატარები დიდი გრძნობითა და ემოციით ვამბობდით:



"ნაძვის ხეო,
ნატვრის ხეო,
გული ლხენით აგვივსეო.
ნუ დაგვღალე
თოვლის ბაბუ,
საჩუქრებიც გვაღირსეო!"

"მოფრენილა, მოფრენილა, -
მეგობრებო, აბა ტაში,
ახალი წლის ლურჯი დილა
ჩვენს ბედნიერ ქვეყანაში!"...

მაშინ ხელოვნური ნაძვის ხეები ჯერ არ იყო; ამის გამო მკაცრად კონტროლდებოდა ტყის ის მასივები, სადაც შეიძლებოდა ნაძვის ხეების მოჭრა-რეალიზაცია. ყველა ოჯახში იდგა ნამდვილი, საშუალო ზომის ნაძვის ხე, რომელსაც ძირითადად შინ ნაკეთი სათამაშოებით ვრთავდით, რაგან ბრჭყვიალა სათამაშოების დეფიციტი იყო, თუმცა ეს ნაკლებად გვაღელვებდა; დღესაც, წლების შემდეგ, შემონახული მაქვს დედაჩემის დახატულ-გაფორმებული სათამაშოები, რომლებსაც ძალიან ვესათუთები.

დეკემბრის შუა რიცხვებიდან ქალაქის ცენტრალური ქუჩები გირლანდებით ირთვებოდა, შენობებზე ფერადი ნათურები ანათებდნენ. კინოთეატრები შუადღის სეანსებს ამატებდნენ, რომ მოზარდებს დასწრების შესაძლებლობა ჰქონოდათ; ბილეთების ფასიც შესაბამისად ნახევრდებოდა. ძირითადად ქართული ფილმები გადიოდა, მაგალითად: "ქაჯანა", "აკაკის აკვანი", "ჯურღაის ფარი", "მაგდანას ლურჯა", "ცისკარა", "ჩვენი ეზო", "სხვისი შვილები, "აბეზარა"... ამათ აუცილებლად ემატებოდა "საკარნავალო ღამე", "მზიური ველის სერენადა"... ოპერაში კი - "ქეთო და კოტე", "დაუპატიჟებელი სტუმრები", "გორდა", "გედების ტბა", "მაკნატუნა” და სხვა.

დიასახლისების უმრავლესობა 29 დეკემბრისთვის მოიმთავრებდა გოზინაყის გაკეთებას; მერე ნამცხვრები ცხვებოდა - ბისკვიტი ლიმონით, ქიშმიშით, ნიგვზიანი რულეტი; ტორტს, მეტწილად, დამზადებულს ვყიდულობდით. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ნაზუქებსა და ქადებს აცხობდნენ... მაშინაც სუფრის მთავარი ატრიბუტი ინდაურის საცივი იყო... სად იყო მაშინ "ბლენდერი", არც ხორცის საკეპ მანქანაში გაატარებდნენ ნიგოზს, ის აუცილებლად როდინში უნდა დანაყულიყო; ჩვენს ეზოში არაჩვეულებრივი მოხუცები, სამეგრელოს წარმომადგენლები, გედე ბიძია და ცუცა დეიდა ცხოვრობდნენ (სხვათა შორის, როგორც დიდობაში გავარკვიე, გედე ბიძიას ულამაზესი, ფითქინა, ცისფერთვალება ცუცა დეიდა მოტაცებული ჰყავდა...). მათ ისეთი ქვასანაყი ჰქონდათ, რომლის მსგავსი არც მაშინ და არც მერე არსად მინახავს - მასიური, მყარი, არ ვიცი, ხის რომელი ჯიშისგან იყო დამზადებული. ეზოში რიგი იდგა მის გამოსართმევად... ამ ქვასანაყის შიგთავსის სუნი დღესაც მცემს: დანაყილი ნივრის, ქინძისა და ნიგვზის არომატით შეზავებული.

ყოველ მესამე, მეოთხე ოჯახში რაიონიდან ჩამოსული ნათესავები, ძირითადად სტუდენტები იყვნენ, ასე ვთქვათ, გამწესებულები; მნიშვნელობა არ ჰქონდა ბინის ფართს, ადამიანები იჭირვებდნენ და ახლობლებს ხელს უმართავდნენ - ყოველგვარი ფულადი გადასახადის გარეშე! იშვიათობა იყო, თუ თბილისში ნათესავი ჰყავდათ, რომ ბინა ექირავებინათ (არც იყო გასაქირავებელი ბინები) ანდა ბავშვი სტუდქალაქში გაეშვათ საცხოვრებლად, ეს დიდ შეურაცხყოფად ითვლებოდა... ჩვენი "სტუმრებიც" საახალწლოდ თავ-თავიანთ სოფლებში მიემგზავრებოდნენ; სამაგიეროდ მათი მშობლები ჩამოდიოდნენ, რათა "ნატურით" ეცათ პატივი მათი შვილების მასპინძლებისთვის. მაშინ სოფელი ძლიერი იყო, ვის მოუვიდოდა აზრად, სტუმრისთვის წყალწყალა ყავის შეთავაზება, ან კი ვინ იჭყიპებოდა ამდენი ყავით?! ქათამს დაგიკლავდნენ, ხელდახელ ხაჭაპურებს დააცხობდნენ, სუფრას გაგიწყობდნენ და იქამდე არ გამოგიშვებდნენ, ვიდრე არ დარწმუნდებოდნენ, რომ მართლა მოილხინე... შინ გამოსატანებელი კიდევ სხვა იყო... "სტუდენტების" მშობლები ან უფროსი და-ძმები, 29-30 დეკემბრისთვის ჩამოდიოდნენ და მალევე უკან ბრუნდებოდნენ, რადგან თავადაც საახალწლოდ ემზადებოდნენ. მახსოვს, როგორ ჩამოდიოდნენ მამას დეიდაშვილი მიშა ძია, ან კიდევ ალექსი ძია - მძიმე ხურჯინით დატვირთულნი; ჩვენს სუფრას შემატებდნენ დაკლულ ინდაურს, ქათამს, ბურვაკისა და ძროხის ხორცს; ტიკჭორით ღვინოს, ჭაჭის არაყს, გუდის ყველს, დედას პურებს და ლავაშებს, დაჯაგნულ ყურძენს, ლეღვისა და შავი ქლიავის ჩირის ასხმებს, კაკალსა და თხილს, კომშსა და ბროწეულს, ხომარდულის ვაშლსა და სამლიტრიანით ყურძნის ბადაგს; 40-50 ცალ ჩურჩხელას, რომლის მსგავსი წლებია აღარ გამისინჯავს. მაშინ ჩურჩხელას ვინ გაყიდდა, სირცხვილი იყო... მისი ფასი მხოლოდ მეორე მსოფლიო ომში ნამყოფებმა იცოდნენ. სწორედ მათი თქმით, დღეები, კვირები ისე გადიოდა, საჭმელად ვის ეცალა, სეტყვასავით მოდიოდა ტონიანი ბომბები. ჩვენი გადამრჩენი ჩურჩხელა იყო, რომლის ტარებაც მოსახერხებელი გახლდათ, საკვებად კი მეტად კალორიულიო... ფრონტის ხაზზე, განსაკუთრებით ყირიმის ფრონტზე, სპეცრეისით ჩადიოდა ჩურჩხელითა და შინ ნაქსოვი შალის წინდებით დატვირთული ტომრები...



ახლანდელი ჩურჩხელა იმის ჩრდილიც არ არის და თანაც კატასტროფულად ძვირია (ფასები 90-იანებში - 50 თეთრიდან დაიწყო და დღეს სამ ლარამდეა ასული), ყურძნის წვენშია ამოვლებული თუ ხილის წვენში, ვერ გაიგებ...

...ჩვენი მეკვლე ყოველთვის მამა იყო, თუმცა გარეშე მოსულ პირველ სტუმარს მაინც მეტი სიხარულით ვხვდებოდით, რადგან ნამდვილი მეკვლე სწორედაც ის გახლდათ. თორმეტი საათი რომ შესრულდებოდა, ატყდებოდა თოფების ბათქაბუთქი, თუმცა ზომიერად; მაშინ არც ფეიერვერკები იყო და არც ერთი თვით ადრე "ასაფეთქებლებით" თავის მობეზრება ისე, რომ მერე აღარც ახალი წელი გიხარია და აღარც მისი აღნიშვნა გინდა თავატკივებულს...

ახალი წლის მომდევნო დღეებში იყო დიდი სტუმრიანობა, გადაპატიჟება-გადმოპატიჟება მეზობლების, ნათესავ-მეგობრების; საჭმელების გადაწოდება-გადმოწოდება, დაგემოვნება და მერე აზრის გაზიარება... თავშეყრილები დიდი ამბით ვმღეროდით გიტარისა და პიანინოს აკომპანემენტით: "ციცინათელას", "სულიკოს", "რეროს", "მოაცურე ჩემსკენ ნავი", "ერთმა დადიანის ქალმა", "მრავალჟამიერის" ჩვენებურ ვარიანტს... "რადიოდან" გვილოცავდნენ ცნობილი ადამიანები: მეცნიერები, მწერლები, მსახიობები, ოპერისა და ესტრადის მომღერლები, მუშა-მოსამსახურეები, მოწინავე კოლმეურნეები, ჯარისკაცები, ას წელს მიღწეული და გადაცილებული მოხუცებიც კი!...

ზამთრის არდადეგებს ბავშვების მცირე ნაწილი ბორჯომ-ბაკურიანში ატარებდა, ნაწილი - სოფელში... დიდი ნაწილი თბილისში რჩებოდა, რადგან მაშინ საოცრად უხვთოვლიანი ზამთრები იცოდა; ყინვა მშვენივრად ასუფთავებდა ჰაერს; გარდა ამისა, ქალაქი მწვანეში იყო ჩაფლული, სად იყო ამდენი უგემოვნო მრავალსართულიანი შენობა, რის გამოც 40-50 წლის განმავლობაში წამოზრდილი ხეები გაჩეხეს... არც ამდენი მანქანა ანაგვიანებდა ჰაერს, მალე ალბათ ფეხით მოსიარულეები სახლის სახურავებზე ვივლით... იყო წყნარად მოსრიალე ხუთკაპიკიანი ტროლეიბუსები და წკარუნ-წკარუნით მოძრავი სამკაპიკიანი ტრამვაის ვაგონები, თავიანთი ვატმანებით...

...ზამთრის არდადეგები სწრაფად გაირბენდა ხოლმე, იწყებოდა სწავლა... გარეთ კი ისევ თოვდა, სახლის სახურავებზე მყარად ეკიდა თებერვლის მომლოდინე ყინულის ლოლუები... გაკვეთილების მსვლელობისას ყურადღება გვეფანტებოდა; ერთი სული გვქონდა, გარეთ როდის გავცვივდებოდით... მოვედებოდით ქუჩებს - ჩავიდოდით "კიროვის ბაღში" (ვერის ბაღში), გულს ვიჯერებდით გუნდაობით, სრიალით... მერე ნახევრად სველები, თუმცა ბედნიერები, ვბრუნდეოდით შინ, სადაც აგუგუნებულ ღუმელთან ისეთი სიმყუდროვე, სითბო და სიყვარული გველოდა, რომელსაც ვერაფერში გავცვლიდით!... - და, არდადეგებზე დაწყებული წასაკითხი წიგნი, მაგალითად, დიუმას "გრაფი მონტე-კრისტო"...

წერას ისევ პოეტის სიტყვებით დავასრულებ:

"თენდება თეთრად,
თენდება თეთრად,
თენდება თეთრად
გასატანია,
ერო ჩემო, ათასჯერ ლელო...
მშვიდობით შენდა!
მშვიდობით შენდა!
მშვიდობით შენდა!...
მშვიდობით გევლოს
სამშობლოში ახალო წელო!..."

- გილოცავთ დამდეგ ახალ წელს!

ლეილა ქიტოშვილი-სახლთხუციშვილი

კომენტარები

კაი 2017-08-03 05:19
კაი იყო

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები