"პერიოდულად ასეთი პრობლემები თავს იჩენს და სამწუხაროა, რომ ეს გარკვეულ დღესასწაულებს ემთხვევა" - რა ხდება დავით გარეჯის მონასტერში

გუშინ მედიაში გარვცელდა ინფორმაცია, რომ დავით გარეჯის ლავრის უდაბნოს მონასტერი აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა გადაკეტეს. საფეხმავლო ბილიკი, რომლითაც მოსახლეობა, ტურისტები და სასულიერო პირები გადაადგილდებოდნენ, სამი დღის განმავლობაში დაკეტილი იყო.
არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია მონასტრის არქიმანდრიტიმა კირიონმა (ონიანი) გავრცელა: 
„საზღვრის ჩაკეტვის მიზეზზე ჩვენი სასაზღვრო სექტორის უფროსი აზერბაიჯანის, ყარაიაზის რეგიონის, დავით გარეჯის მიმდებარე სასაზღვრო სექტორის ესაუბრა, აზერბაიჯანმელმა თქვა, რომ პრობლემა არ იქნება, თუ საქართველოს ხელისუფლება მის ზემდგომებს სიტუაციის შეცვლას მოსთხოვს, დამირეკონ და საზღვარი გაიხსნებაო?! საქმის კურსში ჩავაყენე საქართველოს სახელმწიფოს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, მეც რომ არ
დამერეკა, ჩემს გარეშეც კარგად ეცოდინებათ რაც ხდება, მაგრამ არაფერი იცვლება. არადა, რაც ახლა, დავით გარეჯის უდაბნოში, შეუთანხმებელი საზღვრის გასწვრივ ხდება, არც საერთაშორისო კანონმდებლობაში ჯდება და არც მეზობლურ – მეგობრულ ურთიერთობაში. ამასთან, გასაკვირია საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან სრული დუმილი, მეტიც, თავჩაღუნულ მდგომარეობაში ყოფნა. გადაწყდა ამ მონაკვეთში საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საკითხი და ამ ქვეყნის მოქალაქეებმა არაფერი ვიცით?“ – განაცხადა არქიმანდრიტმა კირიონმა.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, ქართულმა მხარემ მომხდარზე მყისიერი რეაგირება მოახდინა და აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან კომუნიკაცია დაამყარა. ბოლო ინფორმაციით, დავით გარეჯში უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი მონაკვეთი გახსნილია. ამ დროისთვის მომლოცველებს, ადგილობრივ მოსახლეობას და ტურისტებს მონასტრამდე გადაადგილება თავისუფლად შეუძლიათ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ:
"პერიოდულად ასეთი პრობლემები თავს იჩენს და სამწუხაროა, რომ ეს გარკვეულ დღესასწაულებს ემთხვევა. პრობლემა რამდენიმე საათში აღმოიფხვრა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საკითხი ამოწურულია. კომისიებმა, რომლებიც დელიმიტაციის საკითხზე მუშაობენ, უნდა განაგრძონ მუშაობა და შედეგი უნდა ვნახოთ. ეს არის გამოსავალი, რაც ასეთი ცუდი შემთხვევის პრევენციას მოახდენს“, - განაცხადა მდინარაძემ.

საქართველოსა და აზერბაიჯანს 446 კილომეტრის სიგრძის საერთო სახელმწიფო საზღვარი აქვთ, რომლის მესამედი ჯერჯერობით არ არის დელიმიტირებული. სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის ორმხრივი საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი კომისია 1996 წელს შეიქმნა.
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი 25 კილომეტრზეა გადაჭიმული და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, გარეჯის მთაზე ნახევრადუდაბნოში მდებარეობს. კომპლექსის ნაწილს აზერბაიჯანული მხარე აკონტროლებს.

მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები