"ჩემი ფილმები თბილისისთვის ერთგვარი სიყვარულის ახსნაა" - ხოსე მაჯინერე

ბევრ ხელოვანს ზედმეტი სახელი აქვს და ასე გრძნობს თავს კომფორტულად. ხოსე მაჯინერე - მეც ასე მოვიხსენებ გია ალავიძეს, რომელიც ამბობს, რომ საკუთარ სახელსა და გვარს გადაეჩვია კიდეც. თბილისზე და განსაკუთრებით სოლოლაკზე შეყვარებულმა, არაერთი დოკუმენტური ფილმი გადაიღო, საიდანაც მაყურებელი ბევრ საინტერესო ამბავს ეცნობა. იგი გახლავთ სერიის - თბილისური სახლების ავტორიც. მისი ფილმების გმირები ყველასთვის ნაცნობი და შინაური ადამიანები ხდებიან. ხოსესთვის კინორეჟისორობა თავიდან ჰობი იყო, შემდეგ კი მის მთავარ პროფესიად იქცა.

- ხოსე მაჯინერე ვინ დაგარქვათ?
- სახელი ხოსე ბავშვობიდან მომყვება, რაიმე
კონკრეტული ფაქტის გამო არა, უბრალოდ ასე მოხდა. მაჯინერე კი ერთმა მეგრელმა ოპერატორმა ბიჭმა მოიფიქრა. ხოსეს გვარად მაჯინერე მოუხდებაო, მითხრა და ამიხსნა, რომ ეს სიტყვა მაყურებელს ნიშნავდა. თან ლამაზად ჟღერს - იტალიურად. ასე შემრჩა მაჯინერე და მეც ხომ, ფაქტობრივად მაყურებელი ვარ. კინო ბავშვობიდან მიყვარდა, მაგრამ როცა მოზრდილ ასაკში თბილისის სიყვარული განსაკუთრებულად ჩაისახა, მივხვდი, რომ ამ ქალაქისთვის რაღაც უნდა გამეკეთებინა. ჩემი ფილმები თბილისისთვის ერთგვარი სიყვარულის ახსნაა.
პლეხანოვზე გავიზარდე. თავიდან, როცა ფილმის გადაღება დავაპირე, რა თქმა უნდა, თანხები არ მქონდა. „მსახიობებს“ უბანში ვიყვანდი. ტიპაჟი რომ მომეწონებოდა, ფილმში მონაწილეობაზე ვუთანხმდებოდი და ასე ხათრით, მთელი უბანი მყავს გადაღებული. საერთოდ, ეს ყველაფერი კინოსცენარების წერით დაიწყო, მაგრამ მათი ფილმებად განხორციელება საქართველოში ძალიან ძნელია. თუმცა, ერთ-ორ კონკურსში გამარჯვებამ იმის სტიმული მომცა, რომ ამ საქმისთვის თავი არ დამენებებინა.

- თქვენი ფილმებით რა სათქმელს გადმოსცემთ?
- მთავარი კითხვა ასეთია: ის ჩვენი, ძველი თბილისი სამუდამოდ წავიდა თუ არა? ფილმის დასასრულისთვის ვინახავ ხოლმე ამ შეკითხვას გმირისთვის. ალბათ, თითოეული ჩვენგანი მისტირის იმ სითბოსა და სილამაზეს, რაც თბილისს გააჩნდა. რესტავრაციის შედეგად ქალაქს სილამაზე ნაწილობრივ უბრუნდება, თუმცა ადამიანები და ის ურთიერთობები, სამწუხაროდ, არ ბრუნდებიან. თბილისის თემით იმ სიმს ვეხები, რაც ყველა მგრძნობიარე და ქალაქის სიყვარულით სავსე ადამიანის გულში გადის.

- ვინ იყო მნიშვნელოვანი პერსონა თქვენთვის?
- ჩემი მეზობელი რეზო კვესელავა. ის გახლავთ მრავალი ფილმის სცენარის ავტორი, მათ შორის არის „ვედრება“, „მონანიება“, „ჭერი“. მასთან ისეთი ახლობლობა მქონდა, რომ ზოგჯერ მათრახით დამდევდა, კლასიკური ლიტერატურის წაკითხვას მავალდებულებდა. კინოს სიყვარულიც მან გადმომდო. ამ ადამიანში ყველაზე ძალიან წიგნების მიმართ და ზოგადად, განათლებისადმი მისი დამოკიდებულება მომწონდა. იმ ოთახში, სადაც რეზოს საწოლი იდგა, წიგნების უთვალავი რაოდენობა იყო. ვეხუმრებოდი ხოლმე, ერთხელაც ეს წიგნები ჩამოიყრება და „დაიმარხები“-მეთქი (იცინის). ერთი საათით მივიდოდი და მარტო საუბრითაც კი, მისი ცოდნის ნაწილი ჩემთან გადმოდიოდა. ასეთი მნიშვნელოვანი ადამიანი ყველაფერს გაერიდა და ახლა სამეგრელოში ცხოვრობს. არადა, დღეს როგორი საჭირო იქნებოდა მისი ლექციები სტუდენტებისთვის.

- ფილმების პრემიერებს აწყობთ ხოლმე?
- როგორ არა. ამასწინათ თბილისის მეგობრობის სახლში ორი ფილმი წარვადგინე: „სერგო ფარაჯანოვი - სილამაზის მაესტრო“ და „სახლი მთაწმინდაზე“ - ამ სახლში ცნობილი კომპოზიტორი მიქაელ ტარივერდიევი ცხოვრობდა. ფილმში მეგზურობას გვიწევს, იქაური მობინადრე გია აბაზაძე. მისი დახმარებით საოცარ გარემოში ვიმოგზაურეთ ჩვენ და მაყურებელმაც. ფილმში გამოყენებულია მოგონებები თბილისზე ტარივერდიევის წიგნიდან, სადაც იმხელა სიყვარულს ამჟღავნებს, რომ გამიკვირდა კიდეც. მიქაელის ბავშვობისდროინდელი ჩართვებისთვის, მინდოდა ფილმში პატარა ბავშვი ამეყვანა. ჩემ ნათესავს, 9 წლის გუგა ალავიძეს დავაკვირდი, რომელიც მივამსგავსე კომპოზიტორს და გადასაღებად წავიყვანე. სხვათა შორის, გადაღების დროს ვიღაც გამოვიდა ეზოში, შეხედა ამ ბავშვს და გაკვირვებულმა ჩაილაპარაკა: როგორ ჰგავს ტარივერდიევსო (იცინის). „კოპიო“ აღმოჩნდა... ფილმის რუსული ვარიანტი მოსკოვში, ვერა ტარივერდიევას (ქვრივს) გავუგზავნე, რომელიც კომპოზიტორის ფონდის ხელმძღვანელია. მას ფილმი მოეწონა, ვიტირეო, მითხრა და დაამატა, რომ ფილმს აუცილებლად გაიტანს ფესტივალზე.

- თბილისის სხვა უბნებს რატომ არ სწყალობთ?
- არ ვიცი, სოლოლაკის მიმართ ისეთი უზომო სიყვარული მაქვს, რომ ზოგჯერ ცოცხალი არსება მგონია. დავდივარ და ყველგან სილამაზეს ვხედავ, მოხიბლული ვარ არქიტექტურით... სხვათა შორის, კავკასიური სახლის საკვირაო სკოლაში ვასწავლი და მოსწავლეები მიმყავს ხოლმე გადაღებებზე. ერთხელ, ერთმა გოგონამ მითხრა: ხოსე, აქამდე, რომ დავდიოდი, ზემოთ არც ვიყურებოდი, ახლა კი, შენობებს ვათვალიერებ და ყველაფერს ვაკვირდებიო. ძალიან კარგია და სასიამოვნო, როცა ადამიანს მაღლა აახედებ! ბავშვების მიერ გადაღებული ფილმი "ფრთამოტეხილი ჩვამა" საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე „ოქროს პეპელა“ ერთ-ერთ ნომინაციაში გამარჯვებული გახდა. 

- ზოგჯერ, შეგიხედავთ კარგად ნაცნობი ადგილისთვის და რაღაც ახალი აღმოგიჩენიათ?
- თბილისი იმდენად ამოუწურავი თემაა, რომ ფაქტიურად ყოველ დღე, ახლიდან ვსწავლობ შენობებს, ადამიანებს... რაც ყველაზე მთავარია - შევამჩნიე, რომ თითოეულ სახლს თავისი სული აქვს. მინდა ასეთი ფილმი გავაკეთო: სახლი თავად „დაგველაპარაკოს“, გვითხრას, რა აწუხებს და რა უხარია?

- ფილმების გმირებს, გადაღების მერეც შეხვედრიხართ?
- ერთ-ერთმა გმირმა, ქალბატონმა ლულუ ბოგდანიანმა მითხრა: ამერიკაში ჩემს ახლობლებს გავუგზავნე ფილმი „ლადო ასათიანის 23“. იმათ მთხოვეს, ფილმს რუსული თარგმანი რომ ჰქონდეს, კარგი იქნებაო. ლულუ იმდენად მიყვარს, მისი ხათრით გავაკეთე. ისედაც საჭიროა, რუსულენოვანი ტურისტები ნახავენ და უფრო მეტს გაიგებენ თბილისზე, ჩაწვდებიან მის სილამაზეს. ფილმი ეხება ასათიანის ქუჩის №23-ში მდებარე მარქაროვების სახლს, ადრე ასე ეძახდნენ. ისინი რევოლუციამდე ნავთობმაგნატები იყვნენ. ფილმში ორი გმირის, ამ სახლში მცხოვრები სომეხი ლულუსა და ქართველი შორენას (მცხობელად მუშაობს) მეგობრობაა ასახული. ხელოვნებათმცოდნე გია ჭანიშვილი არის ჩვენი მეგზური, ამან ფილმი უფრო საინტერესო გახადა.

- ფილმების გარდა, სიახლე ხომ არა გაქვთ?
- იური მეჩითოვთან მომიწია რამდენჯერმე სახელოსნოში მისვლა. მან მითხრა, შენ პორტრეტს გავაკეთებო. პირველივე ცდაზე კარგი ფოტო გამოვიდა. ვიფიქრე, კარგად იღებს, მოდი, დონ კიხოტის ფორმით მივალ-მეთქი. გავამზადე დონ კიხოტის ტანსაცმელი, თავისი შუბით, ქუდით და ფოტოგრაფთან მივედი. ასე მოვირგე სხვადასხვა როლი. იურიმ და მისმა მოწაფეებმა გადამიღეს მხატვრული ფოტოები, სადაც ვარ კოვბოი, ივანე მრისხანე, მოსე, ფიროსმანი. ახლა, ვაპირებ რასპუტინის სახის გაკეთებას.

- რა სურვილი გაქვთ თბილისთან დაკავშირებით?
- ერთი პროექტი მოვიფიქრე: ავიღოთ ძველ უბანში ერთი შენობა და „გადავიტანოთ“ მე-19 საუკუნეში. რა იგულისხმება? მცხოვრებლებს ჩავაცვათ იმ დროის ტანსაცმელი, ეზოში სამჭედლო და პურის საცხობი მოვაწყოთ... მოკლედ, ყველაფერი იმ პერიოდის შესატყვისად უნდა გაკეთდეს, რაც ტურისტებისთვის იქნება ძალიან მიმზიდველი. მათთვის წარმოდგენა დაიდგმება - ერთი ნარდს ითამაშებს ეზოში, მეორე სარეცხს გაფენს აივანზე, მეზობლები „იჩხუბებენ“, თოკით ჩამოეშვება კალათი და მემაწვნე შიგ მაწვნის ქილას ჩადებს და ა.შ. იმ სახლის მობინადრენი მსახიობის პროფესიასაც შეისწავლიან და თან, ანაზღაურებასაც მიიღებენ, ტურისტები ხომ თანხას გადაიხდიან. ვფიქრობ, ეს იდეა ქალაქს კარგ შემოსავალს მოუტანს. პროექტი მერიაში შევიტანე, ვნახოთ...
ნანული ზოტიკიშვილი

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები