„ჩვენთვის აუცილებელი იყო ასეთი ნავსაყუდელი“ - მამუკა ცეცხლაძის სახლი-სახელოსნო საგურამოში

ხატავს იმ ქვეყნებსა და ქალაქებს, სადაც მოგზაურობს, თუმცა წარმოსახვითაც არაერთი ტილოა შექნილი. ერთნაირად იზიდავს როგორც წლების წინ აგებული, ისე თანამედროვე არქიტექტურა. ძველი და ახალი თბილისის სერიებიც აქვს და ფუნჯით გამოსახავს იმ ხიდებსა და შენობებს, რომელიც აღარ არის. პირიქითაც ხშირად ხდება - ცდილობს, დედაქალაქის ახალი არქიტექტურული ნაგებობები და მინის შენობები ყოველთვის მოხვდეს მხატვრის „ობიექტივში“.

მხატვრის შთაგონების წყაროა მსოფლიოში მიმდინარე სხვადასხვა სახის პროცესი თუ სიახლე. ახლაც ასეა, ამერიკაში არ ყოფილა, მაგრამ ბოლო დროს იქ განვითარებულმა მოვლენებმა უბიძგა, ფუნჯით „სწვეო
და“ თეთრ სახლს, კაპიტოლიუმის შენობას და ასე შეიქმნა ამერიკის სერიის რამდენიმე დიდი ზომის პეიზაჟი. მართალია, ადამიანებს მის შემოქმედებაში ნაკლებად „შეხვდებით“, მაგრამ ახლახან პოკერის მოთამაშეთა სერია დახატა. თავად ბანქოს ეს სახეობა არასოდეს უთამაშია, თუმცა მრგვალი მაგიდის გარშემო შემომსხდარი აზარტული თამაშების მოყვარული ან უბრალოდ გასართობად შეკრებილი ტიპაჟების სახეები, ნამდვილად გადმოსცემს იმ დაძაბულ განწყობას, რომელიც პოკერის თამაშს ახლავს თან.


გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან, ჯერ კიდევ სამხატვრო აკადემიაში სწავლის დროიდან, ეძლევა მნახველს მამუკა ცეცხლაძის ნახატების ხილვის სიამოვნება ჯერ ჯგუფურ, შემდეგ კი პერსონალურ გამოფენებზე. საკმაოდ პროდუქტიულ მხატვრად ითვლება და პერსონალური გამოფენები ჰქონდა, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს არაერთ ქალაქში.


- ბატონო მამუკა, გამოფენებს ითვლით ხოლმე?

- არა. პირველი გამოფენა 1980 წელს მქონდა, გამოდის 41 წელი გავიდა.

- სტუდენტობის დროინდელი ნამუშევრები თუ გაქვთ შემორჩენილი? ან თუნდაც სადიპლომო „სულხან-საბას მოგზაურობა ევროპაში?“

- „სულხან-საბას მოგზაურობა ევროპაში“ 5 ნამუშევრისგან შედგებოდა, აქედან სამი ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმშია, ორი კერძო კოლექციებში – არჩილ დარჩიასა და გივი ბარათაშვილთან. გარდა ამისა, ჯოხთაბერიძესთანაც არის ჩემი ნამუშევრები, მხოლოდ დარბაზებში არაა გამოფენილი.

სამი წლის წინ საგურამოში ნაკვეთი შეიძინა და დაახლოებით ორი წელია ასევე მხატვარ მეუღლესა და ერთ-ერთ შვილთან ერთად სახლი-სახელოსნო მოიწყო. სამი ხელოვანი განსხვავებულ სტილში მუშაობს და თითოეულს თავისი კუთხე აქვს. მათ ვერაზე პატარა სივრცე ჰქონდათ, თბილისიდან საგურამოში გადასვლის მიზეზიც ქალაქს მოშორება, მეტ სიწყნარეში, თავისუფლებასა და დიდ სივრცეში ხატვის სურვილი იყო. ეზო მოსაწყობია, მცენარეებით გასამწვანებელია, აუზიც დასასრულებელია, მაგრამ ნელ-ნელა ამ ყველაფერს მოევლება. სახლის წინა შესასვლელთან რამდენიმე ძირი პავლონია დარგო, რომელიც მალე გაიზრდება და ზაფხულში კარგი ჩრდილი ექნება.




მეუღლის კუთხე


მამუკა ცეცხლაძე:

- ამ სახლში სამი მხატვარი ვცხოვრობთ: ჩემი მეუღლე ლია შველიძე და შვილი ლუკა. ერთდროულად ეს არის სახელოსნოც და ჩვენი საგამოფენო სივრცეც. თბილისთან ახლოს, ერთსართულიანი სახლი გვინდოდა, რომლის ნახევარი სამუშაოდ იქნებოდა განკუთვნილი, ხოლო დანარჩენი - სამზარეულო, სასადილო-მისაღები და საძინებლები. ჩვენთვის აუცილებელი იყო ასეთი ნავსაყუდელი. პანდემია რომ დასრულდება და სიტუაცია დაწყნარდება, აქ გამოფენის გამართვასაც ვგეგმავთ, როგორც ჩვენი, ისე მეგობრების. გეგმაში გვაქვს სიმპოზიუმებისა და ვორკშოპების ჩატარებაც. სახლის ტერასაზე კი შეიძლება დიდი ზომის ნამუშევრები დახატო. ეს იქნება სივრცე, არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ სხვა მხატვრებისთვის...



შვილის კუთხე

საგურამოში რაც გადმოვედით, არაფერი შეცვლილა. იმას ვაკეთებ, რასაც მანამდე ვაკეთებდი. ვმუშაობ ისევე, როგორც ადრე. შემოქმედება ისეთი რამაა, განრიგი არ აქვს. შეიძლება ვხატო ღამე ან დღე, ან საერთოდ არა და წიგნი წავიკითხო. როცა მინდა, მაშინ ვმუშაობ, ან ვისვენებ, ან სასეირნოდ დავდივარ მთებში.საერთოდ, ადამიანები ნაკლებად არიან ჩემს ნახატებზე, უფრო სიუჟეტურად, მაგრამ ამ წლის დასაწყისიდან პოკერის თემაზე ვიმუშავე, რაც ჩემთვის სიახლე იყო. ბოლო დროს ასევე ვიმუშავე ამერიკის სერიაზე - ტრამპისა და ბაიდენის არჩევნები, თეთრ სახლში ხალხის შეჭრა, - და ეს თემები ჩემთვის კომპოზიციურად საინტერესო გამოდგა. მაინტერესებს არა როგორც პოლიტიკა, არამედ სიუჟეტები.
აქედან გამომდინარე, კაპიტოლიუმისა და თეთრი სახლის შენობის რამდენიმე ნამუშევარი შევქმენი. დღეს ინტერნეტის ეპოქაა და იცი, რა ხდება დედამიწის ნებისმიერ წერტილში. მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენები ჩემთვის ინსპირაციაა. წელს ამერიკაა, შარშან რომის თემა იყო. 14 ნამუშევარი გავაკეთე და ეს სერია, ორბელიანების სახახლეში მქონდა გამოფენილი. ამ შემთხვევაში, კორონავირუსის პანდემიის გამო, ვატიკანის ცარიელ მოედანზე რომის პაპის მიერ აღვლენილი ლოცვა გახდა რომის სერიის შექმნის წინაპირობა. შარშანდელი მეორე გამოფენა ქართული ხელოვნების მუზეუმში, უფრო რეტროსპექტული გახლდათ და იქ 1987 წლიდან მოყოლებული 2020 წლამდე შექმნილი ნამუშევრები იყო გაერთიანებული, მათ შორის რამდენიმე რომის სერიიდანაც. გარდა იმისა, რომ ვირუსი საშინელებაა, ხალხზე ფსიქოლოგიურადაც მოქმედებს. ადამიანებისთვის სიახლე და მოგზაურობა ისევე აუცილებელია, როგორც ჰაერი. პანდემიის პერიოდში გამართული ჩემი გამოფენები დამთვალიერებლისათვის იმითაც იყო საინტერესო, რომ ჩემი ნახატების მეშვეობით ქალაქებში მოგზაურობდნენ.


აქვე იმასაც ვიტყვი, რომ პირადად მხატვრებისთვის არაფერი შეცვლილა, ჩვენ ისედაც სახელოსნოებში ვისხედით და ვხატავდით. უბრალოდ წასვლა მინდა სადღაც და ვერ ვმოგზაურობ. სხვა დროს კი, მხატვარი რომც არ ხატავდეს, მაშინაც კი ხატავს, მხოლოდ - გონებაში და აანალიზებს ყველაფერს. რასაკვირველია, მეც ასე ვარ. ამიტომ გამოვექეცი მანქანებს, საცობებს, ხმაურს. სიმშვიდეში მუშაობა მიყვარს, როცა მესმის ტილოზე გასმული ფანქრის ან ფუნჯის ხმები...

ანა კალანდაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები